"სიკვდილიც" და გადასახადებიც - კვირის პალიტრა

"სიკვდილიც" და გადასახადებიც

დახურვის აუცილებლობის წინაშე ბოლო დროს სულ უფრო მეტი მცირე და საშუალო კომპანია დგება

საქართველოში შემოსავლების სამსახურის მიერ ბიზნესის შემოწმება ჯერ მის დალუქვასთან, შემდეგ კი დახურვასთან ასოცირდება. მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის შემოსავლებმა იკლო, ბიზნესისთვის ოფიციალურად "ფულის შეწერის" მექანიზმი შევიდა ძალაში.

ვინც დასაჯარიმებელი იყო, უკვე დაჯარიმებულია, მაგრამ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი ჰქონდა. ბიუჯეტის შევსების საჭიროება მუდმივად დგას, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა იერიში ისეთ ობიექტებზეც მიიტანა, სადაც მანამდე შესვლას გახმაურების გამო ფრთხილობდა.

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ოფიციალურ "რეკეტზე" "ეკოპალიტრა" არაერთხელ წერდა და საზოგადოებას ამის ამსახველი მრავალი ფაქტიც წარუდგინა. ამჯერად შემოსავლების სამსახურის ნაკვალევს გავყევით, რათა გვენახა ის შედეგები, რაც ბიზნესების დაჯარიმების სერიას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ პირველად მიზანში სავაჭრო ობიექტები ამოიღეს, მარტივი მიზეზის გამო - შესადავებელი ბევრი იყო. იქ ვიღაც ორი წუთის დაგვიანებით ამოარტყამდა ჩეკს ან ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას მოიმიზეზებდნენ და შესაბამისი ლუქით "დაამშვენებდნენ" ობიექტის კარს. ვაჭრობის ერთი დღით დაუგეგმავი შეწყვეტა კი რამხელა მატერიალურ დანაკარგს ნიშნავს, ადვილი გამოსაცნობია.

შემოსავლების სამსახურის ნამუშევრის შესაფასებლად თბილისის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქუჩა - ჭავჭავაძის გამზირი შევარჩიეთ. მხოლოდ ამ ქუჩაზე 15-მდე დახურული მაღაზია აღმოჩნდა. სავაჭრო ობიექტების უმეტესობას სარეკლამო აბრაც კი აღარ აქვს შერჩენილი, თუმცა "ზარასა" და "ნაფ-ნაფის" აბრა ჯერ კიდევ გვამცნობს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ იქ ხსენებული სამარკო მაღაზიები იყო განთავსებული.

განსაზღვრული მიზეზების გამო, ბიზნესების მფლობელები პრესასთან ღიად საუბარს თავს არიდებენ და მაღაზიების დახურვის მიზეზად ოფიციალურად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ, მაგრამ პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ფინანსურმა პრობლემებმა შემოსავლების სამსახურის ხშირი სტუმრობის შემდეგ იჩინა თავი.

ბიზნესის საგადასახადო შემოწმება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, შეიცვალა შემოწმების ტაქტიკა და ის უფრო მრავალფეროვანი გახდა. მწარე გამოცდილების შემდეგ, სავაჭრო ობიექტების გამყიდველები უკვე "შინაურსაც" ვეღარ ენდობიან და ჩეკის ამორტყმა გაყიდულ წვრილმანზეც აღარ ავიწყდებათ.

ამიტომ შემოსავლების სამსახურმაც, როგორც ჩანს, განსხვავებული ტაქტიკა შეიმუშავა. ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ცოტა ხნის წინ ავჭალაში, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოწყობილი რეიდის შესახებ გვიამბო. "მაღაზიაში ორსული გოგო შემოვიდა. შეწუხებული ჩანდა და სკამი მთხოვა: თავს შეუძლოდ ვგრძნობ და ჩამოვჯდებიო. ცოტა ხანში ერთი ბოთლი ბორჯომიც მოითხოვა და ფული იქვე დახლზე, სალაროსგან მოშორებით დადო. ჩეკის ამორტყმა არც გამხსენებია, ჭიქის მოსატანად წავედი.

ამასობაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებიც შემოვიდნენ, გაყიდულ ბორჯომზე ჩეკი მომთხოვეს და რადგან არ მქონდა, 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს. გაოგნებული დავრჩი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ორსულს მივუბრუნდი: არ გრცხვენია, ფეხმძიმედ ხარ და რას კადრულობ-მეთქი. გაეღიმა: ვინ გითხრა, რომ ფეხმძიმედ ვარო და კაბის ქვემოდან ბალიში გამოიღო. სახტად დავრჩი, რას აღარ კადრულობენ, რომ ბიზნესს ფული "შეაწერონ". ახლა მთელი თვე უხელფასოდ მომიწევს მუშაობა, რადგან უფროსმა ჯარიმის თანხა ხელფასიდან უნდა დამიქვითოს", - გვითხრა დაჯარიმებულმა გამყიდველმა.

მსგავსი მეთოდით დაჯარიმების სხვა შემთხვევებიც არსებობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ აფთიაქში რამდენიმე ახალგაზრდა შევარდა, ავტოავარია მოხდა და დროზე ბინტი, ბამბა და სხვა პირველადი დახმარების საშუალებები მოგვეცითო.

დაბნეულმა ფარმაცევტმა ყველაფერი გაატანა, მაგრამ სისწრაფეში ჩეკის ამორტყმა დაავიწყდა. ახალგაზრდების კვალდაკვალ კი აფთიაქში შემოსავლების სამსახურის ინსპექტორი შევიდა და სახტად დარჩენილ ფარმაცევტს ჯარიმის ქვითარი დაუტოვა.

რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო შემოწმების მიზნით, სტამბებში შევიდა, რამაც ბუნებრივია, ამ ობიექტების სამუშაო პროცესი შეაფერხა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, საგადასახადოს მიერ დალუქულ სტამბებში სხვადასხვა ოპოზიციური ორგანიზაციის საარჩევნო პლაკატები და ანკეტები იბეჭდებოდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასეს. მაგრამ ბიზნესს თავისი ანგარიში აქვს და მას შემოსავლების სამსახურის სტუმრობა ხეირს ნამდვილად არ აყრის. თუ რამის დაბეჭდვა არ შეიძლება, უნდა აიკრძალოს, თუ არადა, ბიზნესი შეკვეთის მიღების გამო არ უნდა ისჯებოდეს.

ირაკლი ლექვინაძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ეს არ არის თანამშრომლობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ეს ჰგავს ბრძოლას ბიზნესის წინააღმდეგ. ბოლო დროს ბევრი მცირე და საშუალო კომპანია დადგა დახურვის აუცილებლობის წინაშე. მართალია, დღეს ბიზნესის დაჯარიმებით შესაძლებელია მოიზიდო დამატებითი თანხები ბიუჯეტში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს აუცილებლად გამოიწვევს ბიზნესსექტორის შეზღუდვას.

ერთი შეხედვით, საქართველოში გადასახადების განაკვეთები საკმაოდ დაბალია და ამას უცხოელებიც აღნიშნავენ. მაგრამ ამას სწონის მკაცრი, მძიმე საგადასახადო ადმინისტრირება. ეს იმით გამოიხატება, რომ დიდი დრო სჭირდება საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, ხშირია დაჯარიმების შემთხვევა, რაც ბუნებრივია, დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის. ანუ ის ხარჯი, რომელიც ერთი შეხედვით, შემსუბუქებული აქვს ბიზნესს გადასახადების სიმცირით, საგადასახადო ადმინისტრირებით მძიმდება, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ხორციელდება.

სწორი ფორმით ბიზნესთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია. ხშირად ტრენინგი სჭირდება იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ახორციელებს ბიზნესის ინსპექტირებას. მათი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პირდაპირ მოწოდებული არიან დახურონ, დალუქონ თუ ჯარიმა გამოუწერონ. კარგი იქნება, თუ შემოსავლების სამსახური ტრენინგებს ჩაუტარებს თანამშრომლებს, როგორ მოიქცნენ ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობისას.

არის საუბარი, შემოსავლების სამსახურის ერთგვარ თვითდაფინასებაზე გადასვლაზე. ეს კი კიდევ მეტად დააინტერესებს საგადასახადო და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომ ფანტაზიას მოუხმონ ბიზნესის მეტად დასაჯარიმებლად და შეავსონ ის ბიუჯეტი, რომელიც მომავალში მათი ფუნქციობისთვის იქნება საჭირო.

ხელისუფლება ასეთი ქმედებებით ბიზნესს აიძულებს ან გაჩერდეს, ან იმდენად შეზღუდოს წარმოება, რომ ვეღარც სახელმწიფოს მოუტანს შედეგს, ვერც თავად მეწარმეს და არც მომხმარებლისთვის იქნება ხელსაყრელი. მისთვის გაძვირდება პროდუქცია ან შეიზღუდება მისი მიწოდება. დღეს რომ ყველას სალარო აპარატი უდგას კარგია, თუმცა საგადასახადო ორგანოების ბიზნესთან დამოკიდებულების ფორმები გადასახედია".