"ნატურალური პრობლემა" რძის მწარმოებლებისთვის - კვირის პალიტრა

"ნატურალური პრობლემა" რძის მწარმოებლებისთვის

ნაწარმზე წარწერის გაკეთება ადვილი არ აღმოჩნდა

სურსათის უვნებლობის სამსახური მალე რძის იმ კომპანიების დაჯარიმებას დაიწყებს, რომლებმაც ეტიკეტზე დღემდე სათანადოდ არ მიუთითეს, პროდუქტი ნატურალური რძისგან დაამზადეს თუ რძის ფხვნილისგან. სამსახური ითხოვს, მწარმოებლებმა წარწერა ეტიკეტზე მკაფიო, კონტრასტული, ადვილად წასაკითხი შრიფტით დაიტანონ. ჯარიმა ჯერჯერობით დიდი არ იქნება, უფრო სიმბოლური -3 ათასი ლარი. თუ კომპანიები მაკონტროლებლის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, ჯარიმას გაუორმაგებენ.

სურსათის უვნებლობის სამსახურის მოწოდების მიუხედავად, რძის კომპანიების უმრავლესობას ეტიკეტზე არ დაუწერია, პროდუქცია ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ რძის ფხვნილისგან. რძის შემცველობის შესახებ მისათითებლად მათ მარტამდე ჰქონდათ ვადა.

ექვსი კომპანიის შემოწმებით გაირკვა, რომ შესაბამისი წარწერა მხოლოდ ორს, "ვიმ-ბილ-დან ჯორჯიისა" და "ქობულეთურის" პროდუქტს ჰქონდა. სამსახურში ისიც თქვეს, რომ ერთ-ერთი კომპანია, რძის ფხვნილთან ერთად, სოიოს მინარევსაც იყენებს, რაც კანონით აკრძალულია. კანონდამრღვევი კომპანია არ დასახელებულა.

რძის კომპანიების უმრავლესობა სამსახურის დასკვნას უარყოფითად შეხვდა. დასკვნა გააპროტესტა "ნიკორამ", რომელიც ბაზარზე რძის პროდუქტებს "ჩვენი ფერმერის" სახელით უშვებს. "ნიკორას" ხელმძღვანელობის თქმით, ნაწარმზე შემადგენლობის შესახებ წარწერა კანონის შესაბამისად არის მითითებული.

სამსახურის განცხადება კი ადგილობრივ წარმოებას დარტყმას აყენებს. "ინფორმაცია, რომ შიგთავსი ეტიკეტზე მითითებულ წარწერას არ შეესაბამება, მომხმარებელს ადგილობრივი ნაწარმისადმი ნდობას უკარგავს და ისიც უპირატესობას უცხოურს ანიჭებს", -მიიჩნევენ "ნიკორაში". ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილი კომპანიების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ წარმოებისთვის ნატურალურ რძესაც იყენებს და ფხვნილსაც, წინასწარ არ იციან, რომელს რა მოცულობით გამოიყენებენ, ამიტომ შესაფუთ მასალას ორივე წარწერით უკვეთავენ.

მაია მეტრეველი (სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი): "თითქმის ყველა რძის კომპანიას რძის ფხვნილი შემოაქვს. ქვეყანაში არც ერთი რძის მიმღები პუნქტი არ მუშაობს, ყველა დაიკეტა და კომპანიები ნატურალურ რძეს საიდან ყიდულობენ? ბელორუსიას ფხვნილს ვუსაღებთ, რომელიც ხშირად უხარისხოა. იყო შემთხვევები, როცა ბელორუსიიდან შემოტანილ ფხვნილში სოიოს ზედმეტი ოდენობა აღმოჩნდა. შარშან ზაფხულში ბელორუსიიდან შემოტანილი 120 ტონა რძის ფხვნილი იმიტომ გავანადგურეთ, რომ უხარისხო იყო და საკვებად უვარგისი. პრეტენზია გვქონდა, "ეკო-ფუდსა" და "სანტესთან". რამდენი ხანია გვპირდებიან, ეტიკეტზე დავწერთო, მაგრამ არ ასრულებენ. თუ დროულად არ გააკეთებენ წარწერას, სანქციებს გამოვიყენებთ და დამრღვევებს დავაჯარიმებთ".

რძის პროდუქტების ბაზარზე 15-მდე კომპანია მუშაობს. ბაზრის ლიდერები "ეკო-ფუდი" და "სანტე" ამბობენ, რომ ბაზრის დაახლოებით 45-45% უჭირავთ. დანარჩენს "სანდო", ქობულეთის რძის ქარხანა, "ვიმ-ბილ-დანი" და სხვები ინაწილებენ. თუმცა კომპანია "სანდო" აცხადებს, რომ ბაზრის დაახლოებით 10-15%-იანი წილი უკავია. ადგილობრივ ბაზარზე ნატურალური რძის დეფიციტი განსაკუთრებით ზამთრობით მწვავდება.

გლეხებს რომ რძის გაყიდვა გაადვილებოდათ და კომპანიებსაც ნატურალური ნედლეული ეშოვათ, რეგიონებში რძის ჩამბარებელი პუნქტები გაიხსნა. თუმცა პუნქტებმა ვერ იმუშავა და კომპანიებმა არჩევანი მაინც იმპორტული რძის ფხვნილის სასარგებლოდ გააკეთეს. მიზეზად, სეზონურ დეფიციტთან ერთად, ადგილობრივი ძროხის რძის დაბალი ხარისხი დაასახელეს. რძის ფხვნილი ძირითადად ბელორუსიიდან და უკრაინიდან შემოდის. ფხვნილით წარმოება კომპანიას იაფიც უჯდება და ტექნოლოგიურადაც უფრო მოსახერხებელია.

ნაყინის მწარმოებელ კომპანია "თოლიაში" ამბობენ, რომ ნატურალურ, ე.წ. საღ რძეზე რომ იმუშაონ, წარმოებას საკუთარი რძის მიმღები პუნქტი და სპეციალური რძის გამაცივებელი დანადგარი უნდა ჰქონდეს, რძე რომ არ აუმჟავდეთ. თუ რძე მაინც აუმჟავდათ, ის ხაჭოდ უნდა აქციონ.

როცა ხაჭოს წარმოება არ აქვს, საწარმოსთვის რძეზე მუშაობა ძნელია. როგორც "თოლიაში" ამბობენ, ნაყინს მთლიანად შეუცვალეს შეფუთვა და შემადგენლობაც დააწერეს. "ეკო-ფუდში", რომლის მიმართ სურსათის უვნებლობის სამსახურს პრეტენზიები აქვს, აცხადებენ, რომ ახალი შესაფუთი მასალა უკვე შეუკვეთეს და თბილისში მომავალ კვირაში ჩამოვა. პროდუქტის ნაწილზე წარწერები შეცვალეს და საღი რძით დამზადდა თუ ფხვნილით, ამას დანარჩენ პროდუქციასაც მაისამდე დააწერენ.

სურსათის უვნებლობის სამსახური რძის პროდუქტების ხელახალ შემოწმებას მაისში აპირებს.

რძის წარმოება შემცირდა

-საქართველოში ხორცისა და რძის წარმოება 2009 წლის IV კვარტალში, ერთი წლით ადრინდელთან შედარებით, ჯამში 6,8%-ით შემცირდა.

-18,9%-ით შემცირდა რძის წარმოება, 124 ათასი ტონიდან (2008/IV კვარტ.) 100,6 ათას ტონამდე (2009/IV კვარტ.).

-მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის გაზრდამ შარშან ფურების სულადობა 6%-ით შეამცირა, თუმცა დაიკლო მოთხოვნამაც ადგილობრივი წარმოების რძეზე და გაიზარდა რძის ფხვნილის იმპორტი.

ნონა ქვლივიძე