რუსული ავტოექსპანსია?!
15-08-2016
რუსული ავტოექსპანსია?!
"ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა იაპონიიდან, ამერიკიდან და ყველა ძირითადი იმპორტიორი ქვეყნიდან. თუმცა გვაქვს გასაოცარი ცვლილებაც - გაიზარდა ავტომობილების იმპორტი რუსეთიდან"

"ამ ფაქტს აუცილებლად გავაპროტესტებთ!"


საქართველოში რომ ავტომობილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს - დღეს საქართველოში 3 ადამიანზე, ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით, 1 ავტომობილი მოდის. შესაბამისად, გამოდის, ჩვენთან ყველა ზრდასრულს, სულ მცირე, 1 ავტომობილი ჰყავს. საავტომობილო პარკის უახლეს კვლევაში, რომელიც შს სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული, დაკვირვებული ადამიანი კიდევ ბევრ
საინტერესო რამეს მიაგნებს.

საქართველოში დღეს 1,1 მილიონამდე­ ავტომობილია. 2012 წელს მათი რაოდენობა­ 800 ათასს მცირედით აჭარბებდა­. მაღალი­ გამავლობის ავტომობილების წილად, რომ­ლებიც ქართველ მძღოლებს ძალიან მოსწონთ, ავტოპარკის მეხუთედი მოდის(!). ათიდან ცხრა მანქანა 2006 წლამდეა გამოშვებული, ხოლო ახალი, 3 წლამდე ასაკის ავტომობილები მთელი ავტოპარკის მხოლოდ 1,4%-ია.

2015
წელს საქართველოში სულ 2 226 ახალი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 22%-ით ნაკლებია და ეს ტენდენცია ბოლო ორი წელია გრძელდება. ამ კლების მიუხედავად, პრემიუმ-ბრენდების მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. მაგალითად, შარშან გაიყიდა 56 "რეინჯ როვერი", 28 ერთეული "მერსედესი" GLA, 22 ცალი "BMW X5" და ათეულობით ძვირად ღირებული სხვა მანქანა, სამი "მაზერატი", ოთხი "იაგუარი", ორი "როლს როისი"...

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტში. თუ 2015 წელს იმპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა, ექსპორტ-რეექსპორტი 59%-ით ჩამოვარდა. გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესისთვის ზარალია, საქართველოდან აღარ გადის ძველი ავტომობილები და ავტოპარკი უფრო "ბერდება". ექსპერტები ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.

ვასილ ურუშაძე, HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: "იმპორტი ყველა ქვეყნიდან შემცირდა. ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ქვეყნად კვლავ იაპონია რჩება, თუმცა, თუ 2014 წელს იაპონიიდან 351 მილიონი დოლარის ავტომობილი შემოვიდა, 2015 წელს იმპორტი 194 მილიონამდე შემცირდა, ხოლო 2016 წლის 6 თვეში - 67 მილიონამდე. ეს განაპირობა სახელმწიფოს არასწორმა პოლიტ­იკამ, როცა დაანონსდა, რომ 2016 წლის 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალებოდა. ამ გაუაზრებელმა განცხადებამ დააზარალა­ ასობით ავტოიმპორტიორი და სადილერო კომპანიები. ასობით მომხმარებელმა, რომელთაც ავტომობილი შეკვეთილი ჰქონდათ იაპონიაში და თანხის 30%-ც გადახდილი, შეკვეთის გაუქმება მოითხოვა, რაც გულისხმობდა თანხის უკან დაბრუნებას. გაკოტრდა ასობით ავტოიმპორტიორი და დილერი, მათ დღემდე სასამართლოში აქვთ დავები მომხმარებლებთან. იაპონიიდან უკვე იმპორტირებული ავტომობილებიც ათასობით დგას რუსთავის ავტობაზრობაზე, რაღაც ნაწილი უკვე საჯარიმოზე, და მათი გაყიდვა ვერ ხერხდება.

ავტომობილების იმპორტი მკვეთრად შემცირდა ამერიკიდანაც და ყველა ძირითადი იმპორტიორი ქვეყნიდან. გვაქვს გასაოცარი ცვლილებები სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, გაიზარდა ავტომობილების იმპორტი რუსეთიდან. ამ ფაქტს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიზეზია ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსეთთან სავაჭრო კავშირის უფრო გაღრმავება, ასახელებენ რუსული რუბლის კურსის შემცირებასაც. თუმცა არის გარემოება, რაზეც რატომღაც არავინ არაფერს ამბობს.

2014 წლის ბოლოს რუსულმა ავტო­მწარმოებელმა კომპანია ГАЗ-ჯგუფმა თბილისში "გაზ"-ის მარკის ავტომობილების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური დანიშნულების ავტომობილები: სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და დასუფთავების ავტოტექნიკა. საყურადღებოა, რომ ავტომობილებზე უკვე დატანილი იყო ქართულენოვანი წარწერები ("სამაშველო 112"; "სახანძრო" და სხვ.).

საქართველოში ГАЗ-ჯგუფს ოფიციალური დილერი კომპანია ჰყავს, რომლის ხელმძღვანელი მაშინ თამამად აცხადებდა, რომ თუ ავტოპარკის განახლების მიზნით ხელისუფლების ნებისმიერი უწყება სპეცავტოტექნიკაზე ტენდერს გამოაცხადებდა, ისინი აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. მაშინ, რამდენიმე მიზეზის გამო, ამ ფაქტმა ჩვენში არასამთავრობო­ ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. ერთი მიზეზი ის იყო, რომ ავტომწარმოებელი არღვევდა საქა­რთველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რადგან ოფიციალურად თანამშრომლობდა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, საქართველოს მთავრობის უნებართვოდ, ანუ ГАЗ-ჯგუფი საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე უნდა ყოფილიყო სანქცირებული. ამის ნაცვლად, ხელისუფლება უკვე მაშინ მზად იყო თანამშრომლობისთვის.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ГАЗ-ჯგუფის წარმოებული ავტომობილების დაბალი კლასი და ხარისხი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

მოკლედ, გაურკვევე­ლი იყო მოტივი, რატომ უნდა შეეძინა საქართველოს ხელისუფლებას ეს ტექნიკა. თუმცა უკვე ქართული წარწერებით­ დიდი რაოდენობით სპეცავტოტექნიკის შემოყვანა გვიქმნიდა საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, კომპანიასა და მთავრობას შორის წინასწარი გარიგება არსებობდა და არც იმას გამოვრიცხავდით, რომ ამგვარი "ლოიალურობის" უკან მონოპოლიური და კორუფციული ინტერესებიც ყოფილიყო.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატირების კამპანიამ მაშინ ნაყოფი გამოიღო, ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ რუსული სპეცტექნიკის შეძენას არც ერთი უწყება არ აპირებდა.

თუმცა დღეს თუ გადავხედავთ თბილისის მუნიციპალური სერვისების ავტოპარკებს (მათ შორის, "თბილსერვის ჯგუფის", "სინათლის ქალაქის", "გაერთიანებული წყალმომარაგების" და სხვ.), ვნახავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძენილია ასობით რუსული წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალება და სპეციალური ტექნიკა - როგორც "გაზის", ასევე "ლადას" მარკის მოდელები. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებშიც. საქართველოში "ლადას" წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ რუსეთიდან ავტომობილების იმპორტის ზრდას განაპირობებს უფრო მეტად სპეციალური ტექნიკის შემოტანა, რომლის ძირითადი შემსყიდველები არიან საქართველოს მთავრობა და თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალური შპს-ები და სსიპ-ები.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ვითარებას შეისწავლის და კვლევის შედეგებს საზოგადოებას მალე გავაცნობთ. ამ ფაქტს აუცილებლად გავაპროტესტებთ. ვფიქრობთ, ეს ნამდვილად არ არის ხალხის დაკვეთა".

ზურაბ ბეჟაშვილი, საავტომობილო ექსპერტი: "რუსული "გაზის" ავტომობილები, რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხის არის. სამწუხაროდ, როცა სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და უპირატესობას დაბალ ფასს ანიჭებს, ხშირად ეს დაბალ ხარისხს ნიშნავს. თუმცა, როგორც ვიცი, რუსული ავტომობილების ფასი კი არ არის მნიშვნელოვნად დაბალი, არამედ მათი ხარისხი. აქედან გამომდინარე,
არავის ვურჩევდი რუსულ ავტომობილებზე არჩევანის გაკეთებას.

მას შემდეგ, რაც სრული ინფორმაცია გვექნება, უფრო დეტალურ კომენტარს გავაკეთებთ ამ საკითხზე. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერი ქვეყნის წარმოებული ავტომობილი, გარდა ჩინურისა, იქნება უფრო უსაფრთხო, გამძლე და საერთო ჯამში მომგებიანი, ვიდრე რუსული წარმოების...

რაც შეეხება ქართველების დამოკიდებულებას ავტომობილების მიმართ, პირადად ვიცნობ რამდენიმეს, ვისაც უთქვამს, რომ 2-3 წელიწადს ვშიმშილობდი, რომ კარგი ავტომობილი შემეძინაო. მათი არ მესმის, თანაც ასეთ ავტომობილს კიდევ ცალკე მოვლა სჭირდება, ბევრ საწვავსაც მოიხმარს და ზოგჯერ მისი რომელიმე დეტალი ეკონომკლასის მანქანაზე ძვირი ღირს.

გარდა ამისა, არ არსებობს საქართველოში ცენტრი, სადაც საჭიროების შემთხვევაში "მაზერატის" ავტოსერვისს გაუწევენ. აქ მივადექით საკითხს, რომლითაც პირველ რიგში უნდა ინტერესდებოდეს ავტომობილის შეძენის მსურველი. ასეთ დროს ყველაზე სწორია, ჰკითხოს პროფესიონალს, რომელი ავტომობილი შეარჩიოს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. ხშირად მხოლოდ შეძენის მერე ხვდებიან, რომ თურმე სხვა მანქანა უნდა ეყიდათ.

თუმცა მთავარი მაინც სხვა პრობლემა გვაქვს - მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წაახალისოს ახალი ავტომობილის მყიდველი.

დღეს უკუღმართი კანონი გვაქვს, რომელიც, პირიქით, ნაკლებს ახდევინებს განბაჟებისას მას, ვისაც ძველი ავტომობილი შემოჰყავს. ავტოპარკი სასწრაფოდ უნდა განახლდეს და მეტი პასუხისმგებლობით გაიცეს მართვის მოწმობებიც. საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600-ზე მეტი კაცი იღუპება, ხოლო ათიათასობით დაზიანებას იღებს. პირდაპირ ვამბობ - დღეს შსს მოწმობას არასწორად გასცემს.
უნდა არსებობდეს ლიცენზირებული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გაცემულ ყოველ ასეთ მოწმობაზე. დამიჯერეთ, ამის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების მეოთხედიც აღარ მოხდება. საჭიროა პატრულების გადამზადებაც.

არც ერთმა პატრულმა, ორი-სამის გარდა, ვინც საკუთარი სურვილით გაიარა ექსტრემალური მართვის სკოლა, არ იცის, რა არის საგზაო უსაფრთხოება და ეს საგზაო მოძრაობის წესები ჰგონიათ. შედეგიც შესაბამისი გვაქვს.

მოკლედ, ბევრი პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ მოგვარებას და ავტოპარკის ზრდის სტატისტიკაც, თავის დაბერების მაჩვენებლებითა და ქართველი კაცის დამოკიდებულებით ძვირი ავტომობილების მიმართ, მიგვანიშნებს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოსთვის უპირველესი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით