"პარლამენტი და მთავრობა ლარს არ აღიარებს"(?!) - კვირის პალიტრა

"პარლამენტი და მთავრობა ლარს არ აღიარებს"(?!)

"კურსი უკვე მყარდება, რაც, ჩემი აზრით, შეუქცევადი პროცესია და წლის ბოლომდე უფრო მეტ გამყარებას უნდა ველოდოთ"

მას შემდეგ, რაც ლარმა გამყარება დაიწყო და 1 დოლარის ღირებულებამ 2,3398 ლარიდან რამდენიმე დღეში 2,2788 ლარამდე დაიკლო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბრუნვიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღო, რის შემდეგაც ლარი მცირედით კვლავ გაუფასურდა. სებ-მა კი 22 აგვისტოს ნაყიდი 20 მილიონი დოლარი 25 აგვისტოს ისევ გაყიდა. ზოგს ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯმა სავალუტო ჯიხურების ტაქტიკა გაახსენა, როცა ვალუტას უფრო დაბალი კურსით ყიდულობ და მაღალ ფასად ყიდი. თუმცა ამ შემთხვევაში კურსთა სხვაობით მიღებული რამდენიმე-ათასიანი მოგება სებ-ის ინტერესი არ იქნებოდა. ახლა მთავარი მიზანი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება უფროა, თუნდაც ლარის გამყარების რეალური გარემოებები არსებობდეს.

"ეროვნული ბანკი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა. ფაქტობრივად, საარჩევნო კორიდორულ კურსს ქმნის, რომლის ზედა და ქვედა ზღვარი აქვს მონიშნული. მან ლარის მცირედი გაუფასურებაც კი არ დაუშვა... ეს სიგნალია ბაზრისთვის, რომ ითამაშონ ლარის გამყარებაზე. მერე, როცა "ზედმეტად" გამყარდება, სებ-ი ამას "არ დაუშვებს". ფაქტობრივად, ამ ერთ თვეში სასურველ, პროგნოზირებად, მშვიდ სავალუტო გარემოს ქმნის. ფაქტია, ეროვნული ბანკი გადავიდა მართვადი კურსის რეჟიმზე, რაც ეწინააღმდეგება მის ოფიციალურ პოლიტიკას. ყოველი ასეთი მანიპულაცია, საბოლოო ჯამში, იწვევს არასტაბილურობას სავალუტო ბაზარზე და ეროვნული ბანკისადმი ნდობის დაკარგვას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივები ამოძრავებდა მას", - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ქმედებებს ამ ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. ლარის კურსის ცვლილების სხვა მიზეზებზე საუბრობს "20/30"-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა და წლის ბოლომდე ლარის გამყარებას პროგნოზირებს.

"უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა"

მიხეილ დუნდუა: "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ისევე როგორც ამ ინვესტიციების სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები. ასეთი მაღალი მაჩვენებლები არასოდეს აღრიცხულა.

ბოლო 3 წელიწადსა და 3 თვეში - წლევანდელი პირველი კვარტალის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 455 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალი შეიქმნა, ვიდრე 2004-2008 წლების ხუთწლედში, და 463 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე 2008-2012 წლების ხუთწლედში. შესაბამისად, 649 და 186 მილიონით არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი ამ ხუთწლიან პერიოდებთან შედარებით.

სარეკორდოდ მაღალია 2016 წლის პირველ კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელმაც 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად - 430 მილიონი დოლარით შეგვიმცირდა საგარეო ვალი.

2016 წლის ბოლო სამ კვარტალში საბანკო სექტორს დასაფარი აქვს 1,29 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი, აქედან მხოლოდ 15%-ია გრძელვადიანი სესხი. წლეულს 16 ივნისიდან სებ-ის გადაწყვეტილება ამოქმედდა: უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან სესხებზე დარეზერვების ნორმა კომერციულ ბანკებს 20%-მდე გაეზარდათ, ხოლო ლარში მოზიდულ სახსრებზე - 7%-მდე შეუმცირდათ. ეს სწორი გადაწყვეტილება სავალუტო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად მიიღეს და მიზნად ისახავს ე.წ. ცხელი ფულის, ანუ უცხოურ ვალუტაში მოზიდული მოკლევადიანი საგარეო ვალის შეზღუდვას.

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ მოკლევადიანი ვალის აღება-გადაფარვა ყოველდღიურად მიმდინარეობდა და საბოლოოდ საბანკო სექტორს ძალიან დიდი და ძვირი, მაღალპროცენტიანი ვალი, ანუ "ცხელი ფული" დაუგროვდა, რაც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა. 16 ივნისს დარეზერვების ნორმის გაზრდამ კი დამატებითი "ცხელი ფულის" მოზიდვის სურვილი და ტემპი მკვეთრად დააგდო. ბანკებმა მოკლევადიანი ვალდებულებები გაისტუმრეს და იმავე ოდენობით ახალი მოკლევადიანი სესხები უცხოურ ვალუტაში აღარ აიღეს. ლარის კურსმა "ბლუმბერგსა" და სავალუტო ბაზარზე მკვეთრი გაუფასურება სწორედ 17 ივნისიდან დაიწყო. ამ დღიდან დაიწყო პროცესი, როცა კომერციულმა ბანკებმა "ცხელი ფულის" ჩანაცვლება გრძელვადიანი სესხების მოძიებით განიზრახეს. ამ პროცესმა 2 თვეს გასტანა. როგორც ჩანს, ბანკებმა გრძელვადიანი ფინანსები წარმატებით მოიძიეს. გრძელვადიანი სესხით მოკლევადიანი ვალის ჩანაცვლება კი ლარის გამყარებისა და დასტაბილურების გარანტიაა. კურსი უკვე მყარდება, რაც ჩემი აზრით, შეუქცევადი პროცესია და წლის ბოლომდე უფრო მეტ გამყარებას უნდა ველოდოთ".

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "საეჭვო მოვლენასთან გვაქვს საქმე - ერთი და იმავე მოცულობის თანხის ყიდვა-გაყიდვა ორი დღის ვადაში სებ-ის მხრიდან უცნაურია. შესაძლოა, რაღაც შეცდომაა ან განსაზღვრული უწონასწორობა შეიქმნა ბაზარზე. ვინაიდან სისტემა, რომელშიც მსხვილი კომერციული ბანკები ვაჭრობენ, დახურულია, გაგვიჭირდება გარკვევა, რა მოხდა სინამდვილეში. ასეა თუ ისე, კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ვალუტის გაყიდვა დაიწყო. თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკა არ იზრდება - 3%-იანი ზრდა გინდ ყოფილა და გინდა არა. ლარის სტაბილური კურსი სტაბილური ეკონომიკური ზრდით უნდა შეინარჩუნო და არა ასეთი უხეში ჩარევებითა და იოლად გამოძრომის გზებით.

ახლა გამოაცხადეს ლარიზაციის პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარზე უნდა გადავიდეს ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის, ავტომობილების, უძრავი ქონების და სხვ. ამას სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვა. მაგალითად, მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო ბარიერით შეზღუდულია წვდომა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, რომ, მაგალითად, ამაში დააბანდონ ლარი და ეროვნული ვალუტის მიმართ ამით ნდობა გაიზარდოს, მაგრამ ჩვენთვის ეს კვლავ აკრძალული ხილია და ამით მხოლოდ კომერციული ბანკები მდიდრდებიან. 2016 წელს კომერციული ბანკების შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისგან იანვარ-ივნისში 102,3 მილიონ ლარს აღწევს. შარშან კი ბანკებმა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან 173 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტმა ეს თანხა კომერციულ ბანკებს გადაუხადა.

"მოსახლეობას კი მოუწოდებენ, დოლარს ნუ შეიძენთო..."

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, ლარს ნდობა გამოუცხადეთო, გავაანალიზე პარლამენტისა და მთავრობის წევრთა დეკლარაციები, რათა გამეგო, თავად რა ვალუტებს ენდობიან. უმეტესობა ლარს ლამის არც აღიარებს(?!), როგორც ვალუტას (შედარებით დაბალანსებული აქვთ ვალუტების თანაფარდობა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს).

პარლამენტარებს დეპოზიტების დიდი ნაწილი დოლარში აქვთ და ჯამში 2,4 მილიონი დოლარი დავითვალე. კანონმდებლებს ასევე აქვთ დეპოზიტები ევროში - 700 ათასი, სტერლინგში - 166 ათასი და 5 მილიონი ლარი. რაც შეეხება პარლამენტარების სესხებს, დაახლოებით 14 მილიონი დოლარში აქვთ, 400 ათასამდე ევროში და მხოლოდ 1,4 მილიონი - ლარში.

მთავრობაში ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა. მის წევრთა უმეტესობას ლარში დეპოზიტები აქვთ მხოლოდ 380 ათასი, ევროში - 5 მილიონ ევრომდე და დოლარში - 5 მილიონ დოლარზე მეტი. 4 მილიონამდე სესხი აქვთ დოლარში, 460 ათასი - ევროში და ლარში - მხოლოდ 450 ათასი. გამოდის, ჩვენი მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების უმეტესობა კომერციული ბანკების კაბალაშია. მეორეც, ამ მონაცემებით ჩანს, რომ ლარს, ფაქტობრივად, თვითონ არ აღიარებენ გადახდის, დაგროვებისა და გაცვლით საშუალებად, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, დოლარს ნუ შეიძენთო. დეკლარაციების უმეტესობით ირკვევა, რომ მათ ლარი დოლარზე სწორედ 2014-2015 წლებში, ლარისთვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში დაახურდავეს....

პრობლემას ისიც ქმნის, რომ დოლარის მასა გაზრდილია 100 მილიონით, ლარის მასა მიმოქცევაში 500 მილიონით, ხოლო დეპოზიტებსა და ანგარიშებზე - 838 მილიონით. სწორედ ამან შეუშალა ხელი ლარის გამყარებას, რომ ბაზარს მიაწოდეს 500 მილიონი ლარი მხოლოდ 100 მილიონი დოლარით. ამას დაემატა კიდევ 800 მილიონი დეპოზიტებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ზრდით და სხვ.

ამიტომაც იყო, რომ ლარის გამყარება 2,5-დან დაიწყო და შემდეგ ისევ უკუპროცესი და მისი გაუფასურება მივიღეთ. რომ არა დოლარის შესუსტება სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, უფრო უარესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვიდრე ქადაგიძის დროს. ალბათ, კურსი იქნებოდა 2,40 - როგორც ბიუჯეტში აქვთ გაწერილი. ბიუჯეტის კორექტირება არ მომხდარა და ვეჭვობ, არც მოხდება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კურსი 2,40 არის იდეაფიქსი და ამოცანა, რისკენაც საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის. თუმცა გარკვეულწილად ამ ანალიზმაც აზრი დაკარგა, რადგან თავად მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსს 2,2-2,25 დიაპაზონში ელოდებიან; ისიც თქვა სებ-მა (არაპირდაპირ, მაგრამ აზრი ასეთი იყო), თუ ძალიან გამყარდა ლარი, ანუ 2,12-2,11-ზე ჩამოვიდა, ინტერვენციებს დავიწყებთ და თუ 2,5-მდე გაუფასურდა, მაშინ პირიქით მოვიქცევითო. შესაბამისად, უკვე წინასწარ არის ცნობილი ლარის კურსის დიაპაზონიცა და მიზნობრივი მაჩვენებელიც.

გასათვალისწინებელია, რომ ცოტა ხანში რთველის სუბსიდირების პროგრამა დაიწყება და ეს ბიუჯეტიდან ლარის დამატებით ხარჯვას გამოიწვევს, რაც ასევე გაზრდის მიმოქცევაში ფულის მასას. თავის როლს თამაშობს საარჩევნო ფაქტორიც. მოკლედ, საკმაოდ მძიმე მუშაობა მოუწევთ ერთდროულად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს, რომ ასეთ ვითარებაში ლარის კურსი ისე შეინარჩუნონ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. არჩევნებამდე ერთგვარი ნევროზულობა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებით, ხოლო დაახლოებით 20 ოქტომბრიდან მძიმე სეზონი იწყება და ქმედითი ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ლარის კურსის სტაბილურობისთვის".