”ნაყოფი თითქოს ჯანსაღია, მაგრამ გატეხავ და ხელში დამპალი გული შეგრჩება” - კვირის პალიტრა

”ნაყოფი თითქოს ჯანსაღია, მაგრამ გატეხავ და ხელში დამპალი გული შეგრჩება”

”ხალხი მიჩვეულია, რომ თხილი ”თავისით” უნდა მოვიდეს, ასე მოსულ თხილში კი სიდამპლის ხარისხი შეგრჩება ხელთ”

მეთხილეობა, რომელმაც მსოფლიო ბაზრისკენ გზა სტიქიურად გაიკვალა, დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მოწინავე დარგია. თხილს ქვეყანაში მილიონობით დოლარი შემოაქვს, ამასთან, თხილის მწარმოებელ სოფლებში მოსახლეობის დამაგრებას უწყობს ხელს. ბოლო წლებში დარგს სახელმწიფოც ახალისებს თხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნაწილობრივი დაფინანსებით. თუმცა მეწარმეებისა და ექსპორტიორების განცხადებით, წლეულს ქართული თხილის ხარისხი შემაშფოთებელია და მას მასობრივად აღენიშნება სიდამპლე - ნაყოფი ერთი შეხედვით ჯანსაღია, მაგრამ გატეხის შემდეგ ნაჭუჭში დამპალ გულს აღმოაჩენთ. წლევანდელი თხილის უხარისხობაზე თხილის პლანტაციების მფლობელებიც წუხან, მათ შორის, სამეგრელოსა და გურიაში, ამ რეგიონებზე კი ქართული თხილის წარმოების დაახლოებით 60% მოდის.

კონსტანტინე სარიშვილი, ოზურგეთში სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი: - თხილის ხარისხის გაუარესებას ბევრი მიზეზი აქვს. ძირითადად, უხვნალექიანი წელიწადი, რამაც თხილის დაავადებები განაპირობა. დაავადებების ზრდას ისიც უწყობს ხელს, რომ პლანტაციების სტიქიურად გაშენების გამო, თხილი მონოკულტურად ყალიბდება, გამოცდილება კი გვკარნახობს, რომ ამის გამო დაავადებების რაოდენობა იმატებს.

შედარებით დაბალხარისხოვანია გურიაში ჩაისა და სიმინდის ყანების ფართობებზე მოყვანილი თხილი. ჩაის შემთხვევაში, როგორც ჩანს, მას ნიადაგიდან ვერ მიეწოდება აუცილებელი საკვები, ხოლო რაც შეეხება სიმინდის ყანებს, - გურიაში, ტრადიციულად, მათ ისეთ ადგილას აშენებდნენ, სადაც მიწისქვეშა წყლები გრუნტის ზედაპირთან ახლოს არის. ამდენად, მცენარის ფესვიც, ზრდის კვალობაზე, წყალში ექცევა და სიდამპლის ხარისხიც მატულობს. არის სხვა სარისკო ფაქტორებიც, ამიტომ აუცილებელია თხილის გაშენების სწორად დაგეგმვა.

ამასთან, არანაკლებ ფასეული და, შეიძლება ითქვას, გაცილებით მაღალი შემოსავლის მომცემი პროდუქტია ჩაი, რომლის შეძენას არაერთი უცხოური კომპანია ითხოვს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა მხოლოდ თხილს ამჯობინებს. აუცილებელია მოსახლეობის განათლება აგროდარგში, თხილის ხარისხი მისმა დეფიციტმაც დააქვეითა. სხვათა შორის, თხილი შარშანაც უხარისხო იყო, გამუდმებულმა გვალვებმა გამოაშრო. ჩემი აზრით, ამასაც ნაწილობრივ მოსახლეობის დაუფიქრებლობამ შეუწყო ხელი.

პროექტში ”აწარმოე საქართველოში” შეტანილი იყო ირიგაციაც, თხილის მორწყვა, რისი გამოყენებაც აზრად არავის მოსვლია, ამიტომაც პროგრამიდან ამოვარდა. ამასობაში კი თხილი გვალვამ გაანადგურა.

მოსავალი არც წლეულს იქნებოდა დაბალხარისხოვანი, მოსახლეობას რომ თხილი შეეწამლა, განსაკუთრებით, ნაცარზე. სამწუხაროდ, ხალხი მიჩვეულია, რომ თხილი ”თავისით” უნდა მოვიდეს, ასე მოსულ თხილში კი სიდამპლის ხარისხი შეგრჩება ხელთ.

- ეს ხარისხი რით იზომება?

- ტეხენ თხილის განსაზღვრულ რაოდენობას, მაგალითად, 100 ცალს და თუ 2 ცალია დამპალი, ესე იგი, თხილი ჯერ კიდევ პირველი ხარისხისაა.

წლეულს გურიაში 100 თხილში დაახლოებით 3-4 ან 5 ცალია დამპალი. ამიტომ ფასმაც დაიკლო 5-5,5 ლარამდე, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა. თუმცა უკმაყოფილებით ხარისხს ვერ გავზრდით. წლეულს გურიაში დაახლოებით 13 ათასი ტონა თხილი მოვა. თუ წლევანდელი და შარშანდელი ფასების (შარშან თხილის ფასი 2 ლარზეც დავიდა) საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ბოლო წლებში მოსახლეობა 1 კგ თხილში საშუალოდ 3 ლარს იღებს. ანუ 1 ჰექტარ თხილის პლანტაციაზე, სადაც საშუალოდ 2 ტონა თხილი მოვა, 6 ათას ლარამდე ექნებათ შემოსავალი.

გურიასთან შედარებით, სიდამპლის უფრო მაღალი ხარისხი - 100 თხილში 8-9 ერთეული აღინიშნება სამეგრელოში. აქ 1 კგ-ს ფასი 5 ლარიდან 3-3,3 ლარამდე შემცირდა. მიზეზად მოსახლეობა თურქეთის თხილის პლანტაციებიდან მასობრივად გავრცელებულ დაავადება ნაცარს ასახელებს, რასთან საბრძოლველადაც მზად არ აღმოჩნდნენ.

”თუ ადრე 1 კგ გულის დასამზადებლად 2,7 კგ თხილი გვჭირდებოდა, ახლა უკვე 3,5 კგ თხილი უნდა გავტეხოთ, რომ ნორმალური ხარისხის თხილის გული მივიღოთ. ცხადია, მუშახელიც მეტ ანაზღაურებას გვთხოვს”, - ამბობენ მწარმოებლები სამეგრელოდან და ნაცრის ასე ფართოდ გავრცელებას იმით ხსნიან, რომ ამ დაავადების შესახებ არაფერი იცოდნენ. ირკვევა ისიც, რომ ვინც თხილი გადაარჩინა, 1 ჰექტრის შეწამვლა 300-400 ლარამდე დაუჯდა.

”ფოთოლი რომ ხმებოდა და პატრონობა სჭირდებოდა, ამას ცოდნა რად უნდოდა?! ”

თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია. ის მიიჩნევს, რომ თურქეთში თუ შესაძლებელი იყო, ისე ეპატრონათ თხილისთვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მიეღოთ, ამის გაკეთება საქართველოშიც შეგვეძლო. ეს მხოლოდ კახეთში მოახერხეს, სადაც აგროკულტურა უფრო მაღალია.

ალექსანდრე მოწერელია: - სწორი აგროკულტურის სადემონსტრაციოდ შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ 1 კგ თხილი კახეთში წლეულს 7 ლარი ღირს და ამ ფასიდან არ ჩამოსულა, იმიტომ რომ, როცა მოსახლეობამ თხილზე ნაცარი დაინახა, მაშინვე შეწამლა და მოსავალი გადაარჩინა. რატომ ვერ გააკეთეს ეს დასავლეთ საქართველოში? იმიტომ, რომ არ უნდოდათ! მეტსაც ვიტყვი, - ვინც მიხვდა, რომ დაავადებული თხილი უნდა შეეწამლა და მოსავლის შესანარჩუნებლად იშრომა, მშვენიერი მოსავალი აქვს. მაგალითად, სენაკში ერთმა ახალგაზრდა ფერმერმა პლანტაციის გადასარჩენად ისე იწვალა, რომ 100 ტონა საუკეთესო მოსავალი მიიღო, უმაღლესი ხარისხის! ამის შემდეგ ვიღაც გამოვა და იტყვის, არ ვიცოდი, ნაცარი რა იყო, ამიტომ ვერ ვუპატრონე თხილსო. ფოთოლი რომ ხმებოდა და პატრონობა სჭირდებოდა, ამას ცოდნა რად უნდოდა?! წასულიყო და ეკითხა სახელმწიფო საკონსულტაციო სამსახურებში, რა ხდებოდა, არც კონსულტაციას დაამადლიდნენ და არც შესაწამლავი პროდუქტის შერჩევას. მიახლოებითი გათვლებით, 1 ტონა თხილის გულიდან დაახლოებით 100 კგ, ანუ მეათედი გადასაყრელია. არადა, 1 კგ დატეხილი თხილის საერთაშორისო საბაზრო ფასი 19 ლარამდეა. ქვეყანაში სულ 50 ათას ტონამდე თხილი მოგვყავს, წლევანდელი მოსავალი, ალბათ, მხოლოდ 35-40 ათასი ტონა გვექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის, მომავალი წლისთვის მოსახლეობას თხილის შესაწამლავი პრეპარატები მიაწოდოს, მაგრამ იმასაც კი ეჭვობენ, რომ ზოგიერთი წავა და ამ პრეპარატებს გაყიდის.

- თხილი ჩვენს სიმდიდრედ ითვლება, სოფლის მეურნეობაში შემოსავლის დიდი ნაწილი ამ კულტურიდან შემოდის, რა ელის წლევანდელ თხილს და მის იმედად მყოფ მოსახლეობას?

- თხილში სიდამპლის მაღალი ხარისხი არ ნიშნავს, რომ არ გაიყიდება, გაიყიდება, მაგრამ მაღალი დანაკარგებით და შედარებით დაბალ ფასად. ამჟამად 1 კგ თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე 9 დოლარია, რაც, სავარაუდოდ, დაიკლებს. სხვათა შორის, შარშან, როცა თხილის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 5 დოლარამდე დაიწია, ჩვენი თხილის ხარისხიც შედარებით დაბალი იყო, 1 წლის განმავლობაში, მაისიდან მაისამდე, თხილის გაყიდვით 235 მილიონი დოლარი შემოგვივიდა. ვნახოთ, წლეულს რა იქნება. ცხადია, ყველაზე რთულ ვითარებაში ახლა ექსპორტიორები არიან, არ იციან, რა ელით, როცა თხილს მსოფლიო ბაზარზე გაიტანენ. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს თურქეთი აწესებს. მან თხილს მოუარა, მაღალხარისხოვანი პროდუქცია მიიღო და თხილის საერთაშორისო ფასმაც ბოლო თვეებში 25%-ით მოიმატა. ჩვენი თხილის ფასი კი ამ დროს დაბლა მიდის. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 470 ათას ტონამდე თხილი მოვიდა და შარშანდელი მარაგიდანაც დარჩენილი აქვთ 180 ათასი ტონა. ამ მარაგსაც გაიტანენ ბაზარზე და შედარებით დაბალ ფასად გაყიდიან.

- სხვადასხვა კვლევით, 2020 წლისთვის თხილისგან ჩვენი წლიური შემოსავალი 400 მილიონ დოლარს უნდა ასცდეს, მერე კი უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. ამას როგორ მოვახერხებთ, თუ თხილის მოვლას ვერ შევძლებთ?

- აგროგანათლების გაზრდით. სახელმწიფომ ძალისხმევა მოსახლეობის აგროკულტურის გაუმჯობესებისკენ უნდა წარმართოს!

ეთერ ერაძე