საბანკო გიგანტების ბრძოლა
12-09-2016
საბანკო გიგანტების ბრძოლა
"ცუდია, რომ HSBC-ის შემდეგ, საქართველოდან მეორე საერთაშორისო საბანკო გიგანტიც, "სოსიეტე ჟენერალიც" გადის"

"თუ ეს გარიგება დაიდება, გამოდის, საქართველოში რეალურად ორი ბანკი იქნება, დანარჩენების ბაზარზე ყოფნა ფორმალობას დაემსგავსება"


საბანკო სექტორში დიდი ცვლილებები იგეგმება - ჩინური უმსხვილესი ბიზნესჯგუფ "ჰუალინგის" ნაცვლად, "ბანკი რესპუბლიკის" ყიდვას "თიბისი ბანკი" აპირებს. თუ ეს გარიგება დაიდება, "თიბისის" აქტივების მოცულობა 1,67 მილიარდი ლარით გაიზრდება და 8,2 მილიარდს მიაღწევს, რითაც ბაზრის ლიდერის, "საქართველოს ბანკის" პოზიციებს გაუთანაბრდება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, "თიბისიმ"
უკვე იყიდა "პროგრესბანკიც". საბანკო და ექსპერტულ წრეებში ამ გარიგებების დეტალებს განიხილავენ და ამბობენ, რომ სიახლეების შედეგად ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთება, რაც საფინანსო სექტორზე უარყოფითად აისახება.

დავით კიკვიძე, საბანკო პროდუქტების ექსპერტი: "ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამგვარი ვითარება იხატება: "თიბისი ბანკმა" შეიძინა "კალაკაპიტალის"
ყოფილი კუთვნილი "პროგრესბანკი", რომელიც ცოტა ხნის წინ მიჰყიდეს ებრაელებს და ახლა მას ხელახლა ყიდიან. როგორც ვიცი, ამ გარიგების მოცულობა 200 მილიონამდე დოლარს შეადგენს, რაც "პროგრესბანკისთვის" არარეალურად მაღალია. თუმცა ამ გარიგების პარალელურად, "თიბისი" ყიდულობს "ბანკ რესპუბლიკას", რაც მისთვის მნიშვნელოვანი აქტივის შეძენაა. ყოველივე ეს ეჭვის საფუძველს აჩენს - როცა რამე პროდუქტი 1 ლარი ღირს და 4 ლარად ყიდულობ, ეს თავისთავად საეჭვოა. "თიბისის" აუდიტორებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ აქტივების შეფასება, შესაბამისად, მიჩნდება ეჭვი, რომ გარიგების საფუძველი სულ სხვა რამ გახდა - თუ "თიბისი" ამ ფასად იყიდდა "პროგრესბანკს", მას "ბანკ რესპუბლიკის" შეძენას დაანებებდნენ. ვის შორის მოხდა გარიგება, უცნობია, ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) დუმს.
ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ ეს გარიგება, "თიბისისა" და "ბანკ რესპუბლიკის" შერწყმა, ადრეც იგეგმებოდა, თუმცა ამას სებ-მა შეუშალა ხელი. ახლა კი, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებს.

როცა ქვეყანაში სიდიდით მეორე და მესამე ბანკი ერთიანდებიან, ბუნებრივია, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს საბანკო სექტორზე, ფინანსურ სტაბილურობაზე. ამასთან, როგორც შევიტყვე, გარიგება აუქციონის გარეშე, დაფარულად მიმდინარეობდა. წონიანი პრეტენზია ამ საკითხზე "საქართველოს ბანკმაც" გამოთქვა და რამდენადაც ვიცი, საჩივრითაც მიმართა ეროვნულ ბანკს, სადაც გარიგებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს.

თუ ეს გარიგება დაიდება, გამოდის, საქართველოში რეალურად ორი ბანკი იქნება, დანარჩენების ბაზარზე ყოფნა ფორმალობას დაემსგავსება. ორი უმსხვილესი მოთამაშის აქტივები დაახლოებით ერთნაირი - 8,5 მილიარდი იქნება. ნებისმიერ ბაზარზე კონკურენციის ზრდა დადებითი მოვლენაა მომხმარებლისთვის. ამ შემთხვევაში კი, თუ "თიბისიმ" იყიდა როგორც "პროგრესბანკი", ისე "ბანკი რესპუბლიკა", ცხადია, კონკურენცია შემცირდება. ეს კი საპროცენტო განაკვეთებზე უარყოფითად აისახება. უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე ბანკმა 0,5%-ით გაზარდა. თუ ბაზარზე მხოლოდ ორი მსხვილი მოთამაშე დარჩება, მათ შეუძლიათ შეთანხმებაზე წასვლა და სასურველი საპროცენტო განაკვეთის დაწესება, რაც მომხმარებელს ალტერნატივას შეუზღუდავს. ბაზარზე აღარ დარჩება სხვა ძლიერი ბანკი, რომელსაც რესურსი ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იაფი სესხის მოსაზიდად. საქართველოში მომხმარებლები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, დამოკიდებული იქნებიან ამ ორ ბანკზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, პროცესები და საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად მართონ.

ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენაა "ბანკ რესპუბლიკის" მფლობელის, ფრანგული საბანკო გიგანტ "სოსიეტე ჟენერალის" საქართველოს ბაზრიდან გასვლაც. ეს მიანიშნებს უმსხვილეს კორპორაციებში საქართველოს ბაზრის მიმართ დაინტერესების შემცირებაზე, რაც საქართველოს ეკონომიკაზე არასახარბიელოდ აისახება".

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი:
"მოგეხსენებათ, "ჰუალინგ ჯგუფმა" ცოტა ხნის წინ "ბაზისბანკი" შეიძინა. თუ "ბანკი რესპუბლიკა" და "ბაზისბანკი" გააერთიანებდნენ აქტივებს, ბაზარზე მესამე მსხვილი მოთამაშე გაჩნდებოდა და ბანკებს შორის კონკურენცია მოიმატებდა. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ "თიბისი", რომელიც საქართველოს საბანკო სექტორის დაახლოებით 24%-ს აკონტროლებს, "ბანკ რესპუბლიკის" შეძენით წილს დაახლოებით 31%-მდე გაზრდის. ეს ნიშნავს, რომ ჯამში "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" იქნება საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 63-65%, რაც ოლიგოპოლიურ საფრთხეებს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სექტორში არც ოლიგოპოლიური და არც კარტელური გარიგებები არ იდებოდა, ამის რისკი მოიმატებს. 3 და 4 მსხვილი მოთამაშე ჯობია მხოლოდ 2-ს. კონკურენციის შემცირება მომხმარებლის უფრო დაზარალების საფრთხეს შეიცავს".

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:
"საქართველოში ბანკებს შორის კონკურენციის ნიშები და გარემო განსხვავებულია. ჩვენ გვყავს ორი წამყვანი ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი", შესაბამისად, 8,5 მილიარდისა და 6 მილიარდი ლარის აქტივებით. დანარჩენებთან ამ ორი ბანკის შედარებაც არ შეიძლება, რადგან მათი აქტივები დაახლოებით 7-8-ჯერ აღემატება "ბანკ რესპუბლიკის", "ბანკ ქართუსა" თუ "ლიბერთის" აქტივებს. ორ ნაწილად უნდა გავყოთ საბანკო მომხმარებლები - საერთაშორისო მსხვილი ინვესტორები და ადგილობრივი კლიენტები. პირველთა ქვეყანაში შემოსვლა და მათ მიერ ფულის დაბანდება ამყარებს საქართველოს ბრენდს, განაპირობებს გახსნილობას, საინვესტიციო მიმზიდველობას, რაც შემდეგ მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში უნდა აისახოს. ამ თვალსაზრისით პრობლემა დიდია, რადგან უცხოელი ინვესტორი აუცილებლად ინტერესდება, მათ შორის ფინანსურ სექტორში, რომელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია წარმოდგენილი. რამდენიმე წლის წინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვაქვს კარგი საბანკო სისტემა, აქ იმყოფებოდა ორი მსოფლიო გიგანტი - HSBC-ი და "სოსიეტე ჟენერალი". პირველმა დატოვა ბაზარი და ახლა მეორეც ტოვებს, რაც უარყოფითი გზავნილია. ახლა რა ვითარებაა შიგნით, გვაქვს ორი სისტემური ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი", რომლებიც ამ ოლიგოპოლიურ ბაზარზეც კი ერთმანეთთან საკმაოდ მკაცრად კონკურირებენ. მათ შორის შეჯიბრება მიდის წმინდა ეგოისტურ დონეზე, თუ ვინ იქნება პირველი.

თუ "თიბისი" დაუშვებდა, რომ "ჰუალინგს" ეყიდა "რესპუბლიკა", ის, ფაქტობრივად, კარგავდა თეორიულ შანსსაც კი, გაუტოლდეს და დაეწიოს "საქართველოს ბანკს", მაგრამ, თუ "თიბისი" შეიძენს "რესპუბლიკას", მაშინ მისი აქტივები 8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და აქვს რეალური შანსი, კვლავ გაიმეოროს თავისი წარმატება, როცა "საქართველოს ბანკს" უსწრებდა და კვლავ გახდეს პირველი ბანკი საქართველოში.

ცოტა უცნაურად, ამ ყველაფერს დროში დაემთხვა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის ცვლილება (გავრცელებული ცნობით, საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი სწორედ იმას "შეეწირა", რომ ეს გარიგება გაუშვა ხელიდან. - ავტ.). მოკლედ, თუ "თიბისი" "ბანკ რესპუბლიკას" შეიძენს, "საქართველოს ბანკს" საკუთარი პოზიციებისა და საბაზრო წილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს, ეს წილი კი ბანკისთვის ჩვენ, მომხმარებელი, ვართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაწყობს, რადგან მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერიოდში გამოცხადდება მრავალი აქცია, მათ შორის პროცენტების შემცირების, ლარში სესხების გახანგრძლივების თვალსაზრისით, რათა მეტი კლიენტი გადაიბირონ თავის მხარეს. თუ ასეთი პროცესები დაიწყო, ეს უკვე ღია ნიშანი იქნება, რომ საბანკო სექტორში პირველობისთვის ბრძოლა გამძაფრდა".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით