"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ" - კვირის პალიტრა

"მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ"

"ბუნებრივი აირის ქსელის ნორმები და რეგულაციები სააკაშვილმა გააუქმა და არც ამ ხელისუფლებას უფიქრია მათი აღდგენა"

თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გაზის მკვეთრი სუნი ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ხოლო, მეორე მხრივ, "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას ამშვიდებდნენ: აირში ოდორანტის (ნივთიერება, რომელსაც გაზში ურევენ სპეციფიკური სუნის მისაცემად) ცოტა მეტი კონცენტრაცია მოგვივიდა, საშიში არაფერია და სუნი დღის ბოლომდე გაიწოვებაო, 112-ში გაზის სუნის გამო 3000-მდე ზარი შევიდა და ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 11 კაცის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მართალია, გაზის სუნიც გაიწოვა, ის 11 კაციც უვნებლად დაბრუნდა შინ და ოდორანტის ზედოზირების მოკვლევაც მიმდინარეობს, მაგრამ არავის დაუსვამს შეკითხვა - საიდან გაჟონა და ახლაც ჟონავს თუ არა გაზი თბილისში, რომლის სუნსაც თბილისში ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო, სხვა შემთხვევაში ვერ ვგრძნობთ?

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "გაზის მილების სისტემა უნდა გავყოთ სამ ნაწილად: ცენტრალური მილსადენით ბუნებრივი აირი მაღალი წნევით მოგვეწოდება, საშუალო წნევისა და დაბალი წნევის გაზის მილებით კი გაზი მოსახლეობას მიეწოდება. "მილენიუმის" პროგრამის შეფასებით, როგორც მაღალი, ისე საშუალო წნევის მილსადენები კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ პრობლემატურია დაბალი წნევის მილსადენები, რომლის საშუალებით ჩვენ, ანუ მოსახლეობა, ვიღებთ გაზს. მაგალითად, სეწმეკ-ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) "ყაზტრანსგაზისთვის" ტექნიკური დანაკარგების ნორმად 7-8% აქვს დაწესებული, რაც მოწესრიგებული, ნორმალური ქსელებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, გაზის ტექნიკური დანაკარგი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ნორმალურ პირობებში ეს მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

ცხადია, დანაკარგი ოდორანტის ჭარბად გამოყენებამდეც არსებობდა, მაგრამ ოდორანტის კონცენტრაცია აირში იმდენად დაბალი იყო, რომ სუნს ნაკლებად ვგრძნობდით. ცალკე ოდორანტიც არ გამოსულა მილსადენიდან, არამედ გამოვიდა გაზი, რომელსაც ოდორანტის წყალობით ჰქონდა დამახასიათებელი სუნი.

ბუნებრივი აირის დაბალი წნევის მილსადენების შეცვლას საკმაოდ დიდი ხარჯები სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გაზგაყვანილობა მოსაწესრიგებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ოდორანტთან დაკავშირებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ეკისრება, ხოლო ყველა კუთხე-კუნჭულიდან გაზის სუნი რომ გამოვიდა, ეს უკვე "ყაზტრანსგაზს" უნდა მოვკითხოთ.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სეწმეკ-ში ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და მალე გაზის გამანაწილებელ კომპანიას მარეგულირებელი კომისია ტექნიკური დანაკარგების მოცულობას საგრძნობლად შეუმცირებს. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ ჯიბეში უნდა ჩაიყოს ხელი და გაზგამანაწილებელი ქსელი სასწრაფოდ მოაწესრიგოს. რა თქმა უნდა, წინანდელთან შედარებით ვითარება საკმაოდ გაუმჯობესებულია და თბილისში გაზის ისეთი გაპარვებიც მახსოვს, ზოგან ქუჩაში მიწიდან ამოდიოდა ცეცხლი. მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, ძველი, დაფხავებული მილები შეიცვალა, მაგრამ ეს იყო პირველი ეტაპი და ახლა კიდევ ერთი ძალისხმევაა საჭირო, კვლავ უნდა დაიხარჯოს სახსრები, უფრო უნდა შემცირდეს გაზის ტექნიკური დანაკარგები და ამის აუცილებლობა ოდორანტის შემთხვევამ ნათლად დაგვანახა".

სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე:

"თბილისში გაზგაყვანილობის მილები იმდენად მოძველებულია, რომ უკვე ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის.

ასეთი მდგომარეობა კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ცუდია, როცა მთელი სფერო ერთი, მონოპოლისტი კომპანიის ხელშია და სულ არ ანაღვლებს, რას ფიქრობს მისი მომსახურების ხარისხის შესახებ მომხმარებელი. საინტერესოა, რამდენჯერ უნდა ვთქვათ, რომ ბუნებრივი აირის ქსელი საშინლად მოძველებული, დაზიანებულია, მსოფლიოში არსებულ ყველა ნორმასა და მოთხოვნას სცდება. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს არანაირი ნორმები და რეგულაციები ამ თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი გააუქმა სააკაშვილმა და არც ამ ხელისუფლებას უფიქრია მათი აღდგენა. ასეთი დაზიანებული და ძველი ქსელის მოქმედება დაუშვებელია საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე. სუნი მთელ ქალაქს რომ მოედო, ადასტურებს, რომ ძალიან ბევრ ადგილას ჟონავს გაზი თბილისში. მანამდეც ჟონავდა და ახლაც ჟონავს, თუმცა ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო ვერ ვგრძნობთ. თავად კომპანიისთვის, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს შემთხვევა იყო გამაფრთხილებელი, რომ აუცილებელია მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამა. თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, როცა გაზგამანაწილებელ კომპანიაში დღესაც არ არის მასობრივად დანერგილი გაზის გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორები და დღესაც ბრიგადა რომ გამოიძახოთ, სავარაუდო გაჟონვის წერტილს ისევ ძველებურად, საუკუნის წინანდელი მეთოდებით, ქაფით ეძებენ. ამ გზით გაჟონვის წერტილების აღმოფხვრა წარმოუდგენელია.

ახლა რაც შეეხება იმას, არის თუ არა ოდორანტი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რა კონცენტრაციითაც ოდორანტი ბუნებრივ გაზს უნდა ერეოდეს, მომწამლავი არ არის. თუმცა მეტად მცირე კონცენტრაციით არც დარიშხანია მომწამლავი, მაგრამ შეუძლებელია თქმა, რომ დარიშხანი შხამი არ არის. ოდორანტი სხვა არაფერია, თუ არა გოგირდწყალბადი, რომელიც დიდი კონცენტრაციით მომწამლავი გაზია. თუმცა ახლანდელი ვითარება საშიშია არა იმდენად მოწამვლის, არამედ აფეთქების თვალსაზრისით. წლის განმავლობაში თბილისში რამდენიმე აფეთქება ხდება გაზის გაჟონვის მიზეზით. ეს ხდება მუდმივად, ყოველ წელს, სხვადასხვა ადგილას. ამის გამო იღუპებიან ადამიანები, ინგრევა სახლები, მთელი შენობები...

სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში მისვლა მთხოვეს, სადაც პროკურორმა გამოსავლის შესახებ მკითხა.

ვუპასუხე, რომ 2008 წლის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ სფეროში კანონები ისე გადააწყო, მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ. ასე რომ, კომპლექსურად სჭირდება ამ პრობლემას მიდგომა. გაზგამანაწილებელ კომპანიას კანონმა განსაზღვრული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა დააკისროს. სხვა შემთხვევაში მას სულ არ ანაღვლებს მოსახლეობის უსაფრთხოება და სერვისის გაუმჯობესება.

- გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ამბობენ, რომ ოდორიზაცია მექანიკურად ხორციელდება ოპერატორის მიერ, თუმცა გვპირდებიან, რომ მალე საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგურები ეტაპობრივად აღიჭურვება ოდორიზაციის ავტომატიზებული სისტემით, რაც ბუნებრივ გაზში ოდორანტის ჭარბი რაოდენობით მოხვედრას გამორიცხავს...

- 2004 წელს, როცა "ყაზტრანსგაზში" ვმუშაობდი, მაშინაც იმავეს ამბობდა გაზის ტრანსპორტირების კომპანია ოდორანტის შემრევზე, მაგრამ როგორც ხედავთ, დღემდე "ხელით" მუშაობენ. ამაშიც ჩანს მათი დამოკიდებულება თბილისის მოსახლეობის მიმართ".

სალომე ვარდიაშვილი, ენერგოომბუდსმენი: "ცხადია, მომხმარებლის უფლებები იმ თვალსაზრისით დაირღვა, რომ კონკრეტულმა კომპანიამ, ამ შემთხვევაში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ტექნიკური სამუშაოები იმგვარად წარმართა, რომ ეს შესამჩნევი გახდა მომხმარებლისთვის და მას დიდი დისკომფორტი შეუქმნა. ადამიანები იქამდეც მივიდნენ, რომ ზოგმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შესაბამისად, ჩემი, როგორც ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციაა, ყველა კომპანიამ ტექნიკური სამუშაოები იმგვარად შეასრულოს, რომ ეს მომხმარებელზე არ აისახოს. რა თქმა უნდა, ჩვენი აპარატიც დაინტერესდა მომხდარით და ვიკვლევთ, ოდორანტის ჭარბი დოზირება ვინმეს დაუდევრობით მოხდა, შეცდომა იყო თუ სამუშაოების განხორციელებისას ტექნიკური პრობლემა შეიქმნა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს".