ინვესტიცია მომავალში - კვირის პალიტრა

ინვესტიცია მომავალში

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც 2200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს და სკოლის ნაწილში კი - 450-ზე მეტმა მოსწავლემ

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცედენტო პროექტის გახსნას ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბიზნესმენი თემურ ჭყონია და სხვა მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერმა და განათლების მინისტრმა.

"ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი არის პირველი კერძო ინვესტიცია ასეთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები კერძო სექტორმა ასე აიტაცა. გვახარებს ის კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვს, და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის - სკოლები, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი,IT-მიმართულება, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და სხვ. ამ ცენტრის ბაზაზე იმუშავებს დუალური განათლების, პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლასა და მუშაობას, ეს პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო მართლაც უპრეცედენტო საუკუნის პროექტის - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს გახლავთ 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, დიდ კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემა მთავრობას", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ცენტრით საქართველო გახდება მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა.

"სილიკონ ველი თბილისის" პროექტის ხელმძღვანელის, მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს სწავლის, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა. პროექტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა პირობაა მისი პარტნიორები, მათ შორის არის "მაიკროსოფტი".

"ინვესტიცია ორ ნაწილად არის გაყოფილი და ჯამში 24 მილიონი ლარის მოცულობისაა. პირველი ინვესტიცია 6 მილიონი ლარია, მეორე ეტაპზე დაბანდების მოცულობა 18 მილიონი ლარი იქნება. მწამს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. შევეცდები ამაში მეგობრებიც დავარწმუნო, რომლებიც მომავალში შემომიერთდებიან", - აღნიშნა საბანაძემ.

"სილიკონ ველი თბილისის" კედელში სპეციალური ფირფიტა მოთავსდა. ის გადაეცემა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იმ პირველ წარმატებულ კურსდამთავრებულს, რომელიც მილიონერი გახდება.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი "სილიკონ ველი თბილისი" IT-აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

"სილიკონ ველი თბილისი" ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-შია განთავსებული. ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც 2200-ზე მეტმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს და სკოლის ნაწილში კი - 450-ზე მეტმა მოსწავლემ.