უჩვეულო მოვლენები "შირნჰოფერში" - კვირის პალიტრა

უჩვეულო მოვლენები "შირნჰოფერში"

გასულ კვირას თბილისში,  "შირნჰოფერი-საქართველოს" მთავარ შენობაში, უჩვეულო რამ ხდებოდა: ოფისში თვით კარლ შირნჰოფერი დადიოდა და კომპანიის ყველა თანამშრომელს - დამლაგებლით დაწყებული და დირექტორით დამთავრებული - ფეშენებელურ საპრეზენტაციო დარბაზში ეპატიჟებოდა.

უცნაურობა ამით არ დასრულებულა: მას შემდეგ, რაც ყველა თანამშრომელი დარბაზში განთავსებულ კომფორტულ მაგიდებთან მოეწყო, კარლ შირნჰოფერმა უზარმაზარ მონიტორზე ავსტრიიდან ჩამოტანილი ფილმი გაუშვა და "შირნჰოფერი-საქართველოს" თანამშრომლებს ანგარიში ჩააბარა გასულ წელს კომპანიის განვითარებისთვის გაწეულ მუშაობაზე: 190 მილიონი ევროს ბრუნვა; ექსპორტი მსოფლიოს 23 ქვეყანაში; ულტრათანამედროვე  ძეხვეულის ახალი საამქრო - რაკიღა საწარმო გამჭვირვალედაა შემინული,  გარედან ძეხვის წარმოების სრული პროცესის ნახვა შეიძლება და ავსტრიაში მას უკვე დიდი ტურისტული დატვირთვაც მიეცა.

როდესაც კადრში ფერმა გამოჩნდა, გვერდით მაგიდასთან მჯდომმა მუშისა თუ მძღოლის სპეცფორმიანმა შუახნის კაცმა კახური აქცენტით ჩაილაპარაკა - ამათ დახეთ, გოჭობა მოგინდება კაცსაო... მთლად გოჭების შესანატრად რომ არ იყო საქმე, მალევე გამოჩნდა: კარლ შირნჰოფერმა თანამშრომლებს ახალი ფირმის, "ბლასკოს" შეძენის ამბავი ამცნო, რომელიც ავსტრიაში ნახევარფაბრიკატების ცნობილი მწარმოებელი ყოფილა.

როგორც აღმოჩნდა, ამ ფირმის ნაწარმის შემოტანას შირნჰოფერი საქართველოშიც გეგმავს, მანამდე კი პროდუქციის დაგემოვნება ბატონმა კარლმა ქართველ თანამშრომლებს სთხოვა და დარბაზში მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა. სხვათა შორის, მაგიდებს თავად კარლ შირნჰოფერი ემსახურებოდა და თან თარჯიმნის დახმარებით თითოეულ სტუმარს ეკითხებოდა, რომელი კერძი მოეწონათ და რომელი - არა, რა სჯობდა და რა იყო ზედმეტი.

დრო ვიხელთეთ და შირნჰოფერების ლეგენდარული დინასტიის წარმომადგენელს გავესაუბრეთ:

- ფირმა "ბლასკო" კომპანია "შირნჰოფერმა" ექვსი თვის წინ შეიძინა. ეს არის ავსტრიაში ეკოლოგიურად სუფთა ნახევარფაბრიკატების ყველაზე დიდი მწარმოებელი.

"ბლასკოს" პროდუქცია პოპულარულია ევროპაში, სადაც დრო ძალიან ცოტა აქვთ კერძების მოსამზადებლად. იმისთვის, რომ მიირთვათ "ბლასკოს" პროდუქცია, მისი მხოლოდ გაცხელება გჭირდებათ, რისთვისაც სულ რაღაც 7 წუთს დაკარგავთ. ავსტრიაში ძალიან პოპულარულია ფარშირებული ხორცისგან დამზადებული თქვენებური კატლეტის მსგავსი საჭმელი, ასევე ქაბაბის მსგავსი ჯივა-ჩიჩი (ხორვატული რეცეპტით). ძალიან პოპულარულია ქათმის მკერდისა და ფრთის ნაწილები.

- როგორ მოხდა, რომ აზრი შეიცვალეთ და საქართველოში ინვესტიციის ჩადება კვლავ გადაწყვიტეთ?

- ეს არის საქართველოში ჩვენი ხანგრძლივი მუშაობის ლოგიკური გაგრძელება. ის არ არის გათვლილი ხანმოკლე ვადაზე. მივხვდით, რომ  დღევანდელივით მხოლოდ იმპორტირებული, მზა პროდუქციის შემოტანა არ იქნება გამართლებული. ამასთან, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ქართველ მომხმარებელს დიდი მოთხოვნა აქვს როგორც ხარისხზე, ისე ასორტიმენტზე. ქართველები საუკეთესო და ამასთან, მრავალფეროვან პროდუქციას მოითხოვენ. ჩვენ კი სხვადასხვა გარემოებათა გამო ვერ ვახერხებთ "შირნჰოფერის" პროდუქციის ფართო ასორტიმენტის დიდი რაოდენობით შემოტანას.

ზოგიერთი მათგანის ავსტრიაში დამზადება და შემდეგ მისი შორ მანძილზე გადატანა ძალიან ძვირი ჯდება, შესაძლოა, ზოგმა მათგანმა ხარისხიც დაკარგოს. ეს კი ეწინააღმდეგება ჩვენს კრედოს: "ფერმა, სასაკლაო, ქარხანა, საწყობი, ტრანსპორტირება, მაღაზია, დახლი". წარმოების შვიდივე მთავარ ეტაპზე ყველა სახის კონტროლი და ტექნოლოგიაა ჩართული, რომ პროდუქტი მომხმარებლის სამზარეულომდე უცვლელი გემოთი და ხარისხით მივიდეს. საქართველოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს იმდენს არ სთხოვენ, რამდენსაც ევროკავშირში, მაგრამ ჩვენთვის ეს სფერო წინაპართა ღირსების საკითხია და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ ავსტრიულის აბსოლუტურად იდენტური სასაწყობე-სატრანსპორტო მეურნეობა შექმნა საქართველოში.

დავიწყეთ ზრუნვა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეც. ბაზარზე "შირნჰოფერის" პოპულარობამ ცხადყო, რომ ქართველებს უყვართ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტი. ამიტომაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომხმარებლის ინტერესი სრულად დაკმაყოფილდეს.

- როდის დაიწყებთ ადგილზე პროდუქციის წარმოებას?

- როდესაც ნედლეული გვექნება. მოდი, ასე დავსვათ კითხვა, რას ნიშნავს ადგილობრივი წარმოება? ეს არის აბსოლუტურად განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ უცხოა საქართველოსთვის. აქ რატომღაც მიაჩნიათ, რომ ძეხვეულის წარმოებისთვის საკმარისია შორეული ქვეყნებიდან გაყინული ხორცი ჩამოიტანო და ძეხვად აქციო. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ჯერ ნედლეული უნდა შეიქმნას და შემდეგ უნდა დაიწყოს პროდუქციის წარმოება.

ამისთვის კი საჭიროა ინვესტირება სოფლის მეურნეობაში. უნდა შეიქმნას ფერმები, რასაც ავსტრიაში საგლეხო მეურნეობა ჰქვია. ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში? მოსახლეობის რაოდენობა ისე იზრდება, რომ დაახლოებით 20 წელიწადში, შესაძლოა, სურსათით მომარაგების პრობლემა უაღრესად აქტუალური გახდეს. კარგ მდგომარეობაში იქნებიან მხოლოდ ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნები. თუ საქართველო ნედლეულის შექმნას არ დაიწყებს, მშიერი დარჩება.

- შეიძლება პროდუქციის ხარისხზე ზეგავლენას ახდენდეს ნედლეულის ხარისხი? რა მნიშვნელობა აქვს, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილზე დამზადებული?

- პროდუქტის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რა ხარისხის ხორცი შემოდის საქართველოში, რამხელა გზას და როგორ გადის სასაკლაოდან ძეხვამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ თვით ცხოველების მოვლასა და კვებაზე. შესაბამისად, ხორცპროდუქტის მწარმოებლებს შემოაქვთ ისეთი ხორცი, როგორიც სჭირდებათ პროდუქციის სარფიანად წარმოებისთვის და გაყინულ, იაფ ნედლეულს საქართველომდე ხშირად თვეების განმავლობაში, ათიათასობით კილომეტრზე ტრანსპორტირება უწევს.

ჩვენ ვაპირებთ აქვე ვაწარმოოთ ნედლეული. "შირნჰოფერის" პროდუქციის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ისიც არის, რომ ხორცის ყველა მწარმოებელი, რომლისგანაც ჩვენ ნედლეულს ვიღებთ, განლაგებულია ქარხნიდან 30 კილომეტრის რადიუსში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აბსოლუტურად ახალი ნედლეული გამოვიყენოთ წარმოებაში. ამიტომაც საქართველოში კომპანიის სასაწყობე მეურნეობიდან ათ კილომეტრში შემთხვევით არ შეგვიძენია მიწა ფერმების განსავითარებლად.

ავსტრიაში ჩვენი ქარხნის ნედლეულით მომმარაგებელ გლეხებთან მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, მათი მუშაობის პროცესი კონტროლდება. არ შეიძლება ჩვენს ფერმებში მოხვდეს გენმოდიფიცირებული საკვები.

გამუდმებით ვამოწმებთ, რით კვებავენ გლეხები პირუტყვს, დაცულია თუ არა ჰიგიენა ფერმებში და ა.შ. ყველა ფერმერი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოს ყველა დეტალი შეიტანოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე, რომლის საშუალებითაც "შირნჰოფერის" კომპანია ქსელურ კონტროლს აწარმოებს. ნედლეულის შესყიდვისას გლეხებს იმის მიხედვით ვუხდით საფასურს, როგორი შრომაც აქვთ გაწეული, მნიშვნელობა აქვს, რამდენად ჯანმრთელ ცხოველებს ზრდიან ისინი.

ყველა ღორის ჯანმრთელობა კონტროლდება. თუ დაავადება აღმოჩნდება, ინფორმაცია ფიქსირდება სისტემაში და მომენტალურად აცნობებენ სხვა ფერმერებს, მიუხედავად იმისა, როგორი წვრილმანიც უნდა იყოს ეს პრობლემა. როგორც მოგახსენეთ, პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა იწყება საქონლის გამოზრდის პერიოდიდან. მომდევნო და ასევე უმნიშვნელოვანესი ეტაპია დაკვლის პროცესი. ავსტრიაში აკრძალულია საქონლის დაკვლა არასერტიფიცირებულ სასაკლაოებზე.

იმავე მოთხოვნას დავიცავთ ჩვენი ნედლეულისათვის საქართველოშიც. წარმოების განვითარების სტრუქტურაში ფერმებთან ერთად უნდა იყოს სასაკლაოებიც, სადაც ექიმი-ვეტერინარები დაკვლამდე საქონელს ვიზუალურად შეამოწმებენ, შემდეგ კი ხორცი გაივლის ქიმიურ და ბიოლოგიურ შემოწმებას და სანამ არ გაიცემა ექიმ-მაკონტროლებელთა თანხმობა, ხორცი წარმოებაში არ გადავა.

დაუშვებელია წარმოებაში მოხვდეს ისეთი ნედლეული, რომელიც დაკლულია სასაკლაო მეურნეობის გარეთ. შემდგომ კი ხარისხზე ზრუნვა გრძელდება უკვე წარმოების პროცესში, ყველა ტექნოლოგიურ საფეხურზე.

- საქართველოში ავსტრიული ქარხნისა და ფერმის ანალოგიურის გახსნას გეგმავთ?

- აბსოლუტურად ანალოგიური მოდელი იქნება. ჩვენი პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით აბსოლუტურად ევროპული, უმაღლესი სტანდარტების წარმოების შემოტანას ვაპირებთ საქართველოში.

პრაქტიკულად, შემოგვაქვს ნოუ-ჰაუ, რითაც გვინდა მაგალითი მივცეთ ქართველ გლეხებს, რათა მათ ჩვენსავით დაიცვან ხარისხი მაღალი ეფექტის მისაღებად.

- კომპანია "შირნჰოფერს" ავსტრიიდან სხვა ბრენდების პროდუქციაც შემოაქვს. ჩვენი მომხმარებლისათვის უფრო ცნობილია "ლოიდლის" ძეხვეული. თუ შეიძლება გვითხარით, ამ პროდუქტის წარმოშობისა და მწარმოებლების შესახებაც.

- კომპანია "ლოიდლი" ავსტრიული ბრენდია, ეს საკმაოდ დიდი გაერთიანება-კონცერნია ავსტრიაში. იგი ჩვენი პარტნიორი ფირმაა და საკმაოდაა წარმოდგენილი ავსტრიულ სუპერმარკეტებში. სასიამოვნოა, რომ ფირმამ ქართულ ბაზარზეც აითვისა თავისი სეგმენტი.

ასეთივე წარმატებით ვთანამშრომლობთ კომპანიებთან: "ვაისი", "ლანდჰოფი", "ბლასკო"... ეს გვაძლევს საშუალებას, ქართული ბაზრის ყველა სეგმენტში სრულყოფილად და მრავალფეროვანი ასორტიმენტით ვიყოთ წარმოდგენილი.

R