ბავშვთა შრომა საქართველოში(!) - საგანგაშო სტატისტიკა - კვირის პალიტრა

ბავშვთა შრომა საქართველოში(!) - საგანგაშო სტატისტიკა

არის შემთხვევები, როცა ასაკისთვის შეუსაბამო სამუშაოს შესრულებისას ბავშვები სხეულის დაზიანებებს იღებენ, კარგავენ კიდურებს, ზოგჯერ კი არსებობისთვის ბრძოლას მათი სიცოცხლეც ეწირება

საქართველოში 24 ათასზე მეტი ბავშვი მუშაობს. მათ უმეტესობას სახიფათო სამუშაოს შესრულება უწევს. ამ მონაცემის მიღმა არაერთი ტრაგიკული ისტორიაა, როცა ბავშვობაწართმეულ პატარებს სარჩოს მოსაპოვებლად უწევთ განათლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დათმობაც კი.

ქუჩაში მოწყალებისთვის გამოსული ბავშვების დანახვისას გვახსენდება, რამდენი არასრულწლოვანია იძულებული, თავი მათხოვრობით, წვრილმანი ნივთების გაყიდვითა და სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებით ირჩინოს, მაგრამ, ალბათ, წარმოდგენაც არა გვაქვს, რამდენად მეტია მათი რიცხვი, ვისაც თავის სარჩენად უმძიმესი, თავისი ასაკისთვის სრულიად შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უწევს. ამ ბავშვების ისტორიები ხშირად საამქროების, ფერმების, საწყობების, მშენებლობებისა და იმ სოფლის საზღვრებს არ სცდება, სადაც მთავრდება მათი ბავშვობა და იწყება არსებობისთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა კი ყოველთვის მათი გამარჯვებით არ სრულდება, არის შემთხვევები, როცა ასაკისთვის შეუსაბამო სამუშაოს შესრულებისას ბავშვები სხეულის დაზიანებებს იღებენ, კარგავენ კიდურებს, ზოგჯერ კი არსებობისთვის ბრძოლას მათი სიცოცხლეც ეწირება.

საქართველოში პირველად მოეწყო მასშტაბური კვლევა, რამდენი ბავშვია ჩართული ბავშვთა შრომაში. სტატისტიკა კონკრეტულ ადამიანურ ისტორიებს არ აღნუსხავს, თუმცა ყოველი იმ ციფრის მიღმა, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, დაკარგული ბავშვობა და რეალური საფრთხეა.

დღეს საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571 ათასი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 24,4 ათასი ბავშვთა შრომაშია ჩართული. მათი დიდი ნაწილი - 84% სოფელში ცხოვრობს. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63,9% ანუ დაახლოებით 15,6 ათასი ბავშვი, სახიფათო სამუშაოს ასრულებს. ცნობისთვის, საქართველოში დასაქმებისთვის დასაშვები მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 16 წელია. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. საქართველოს კანონმდებლობით ისიც დადგენილია, რომ 16-17 წლის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14-15 წლის არასრულწლოვნებისთვის - 24 საათს. კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნის მუშაობას ღამის სამუშაოზე 22 საათიდან დილის 6 საათამდე. მიუხედავად ამისა, ბავშვებს ხშირად უწევთ ღამით მუშაობა, ზოგი იმ დროს მუშაობს, როცა სკოლაში უნდა იყოს, ზოგს კი ამის გაკეთება სკოლამდე და სკოლის შემდეგ უწევს.

გიორგი კალაკაშვილი, "საქსტატის" სოციალური სტატისტიკის სამსახურის სამმართველოს უფროსი: "სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეს კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოაწყო. გამოიკვეთა, რომ ბავშვთა შრომაში განსაკუთრებით ის ბავშვები არიან ჩართული, სადაც ოჯახებში სიღარიბის დონე მაღალია. აქვე მინდა განვმარტო ცნებები "ბავშვთა შრომა" და "მომუშავე ბავშვები". შრომის ზოგიერთი სახე ბავშვისთვის, მისი უნარების განვითარებისთვის, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს, თუმცა განსაზღვრულ დონემდე, ბავშვთა შრომას კი ვუწოდებთ ისეთ მუშაობას, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას, მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების ნახევარზე მეტი ჩართულია სახიფათო შრომაში, უმეტესობა ღამით მუშაობს, მესამედი კი დასაშვებზე მეტს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ თუ ბავშვების საერთო სიმრავლეში სწავლას ტოვებს 1,9%, მომუშავე ბავშვებს შორის სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 10,1%,-ია ხოლო სახიფათო სამუშაოში ჩართულ ბავშვებში - 16%.

საქართველოს კანონმდებლობა არც ბავშვთა სახიფათო სამუშაოს განმარტავს და არც ბავშვთა სახიფათო შრომისთვის დადგენილი დარგებისა და პროფესიების ეროვნული სია არსებობს, ამიტომ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები გამოვიყენეთ. სახიფათოა შრომა, როცა ბავშვს უწევს მუშაობა არაჯანსაღ გარემოში, რომელიც მას ფიზიკური და სულიერი ძალადობის საფრთხეს უქმნის - მუდმივად უყვირიან, ფიზიკურ ზიანს ან შეურაცხყოფას აყენებენ. დაუშვებელია ბავშვის მუშაობა მავნე გარემოში (მტვერი, კვამლი, მაღალი ტემპერატურა, სიცივე და სხვ.). სახიფათოა, როცა ბავშვს უწევს მუშაობა საშიშ ნივთიერებებთან (ქიმიური ან ასაფეთქებელი ნივთიერებები) ან პროცესებთან, რომლებიც საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის. დაუშვებელია მუშაობა საშიშ პირობებშიც (მიწის ქვეშ, სახიფათო სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეში, წყალში და სხვ.). ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება საშიშ აპარატურასთან ან საშიში აღჭურვილობით მუშაობა, ანდა სამუშაო, რომელიც მძიმე ტვირთის ტარებას მოითხოვს".

ქეთევან მელიქაძე, "იუნისეფ საქართველოს" წარმომადგენელი: "ეს კვლევა შინამეურნეობებში, ანუ ოჯახებში მოეწყო და მასში ვერ მოხვდებოდა იმ ბავშვების დიდი ნაწილი, ვინც ქუჩაში ცხოვრობს. თუ მათ რაოდენობასაც მივამატებთ ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების რაოდენობას, კიდევ უფრო შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მივიღებთ.

ბავშვთა შრომა პირდაპირ არის დაკავშირებული ოჯახის შემოსავალთან. როგორც კი გავაუმჯობესებთ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, სოციალური დაცვის პოლიტიკას, ეს დადებითად იმოქმედებს ბავშვთა შრომის მაჩვენებელზეც.

მანამდე კი სოციალური სისტემა უფრო მეტად მგრძნობიარე უნდა გახდეს, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახების მიმართ. ეს კვლევა კიდევ ერთი განგაშის ზარია, რათა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები გადაიდგას".