ოკუპაცია "სტაიანშჩიკურად"
26-09-2016
ოკუპაცია "სტაიანშჩიკურად"
მილიონიანი ჩრდილოვანი ბიზნესი მთელ თბილისს არის ოდებული

დღეს თითქმის წარმოუდგენელია თბილისში ავტომობილის პარკირების ადგილის ნახვა, რომელიც "სტაიანშჩიკების" კონტროლის მიღმა იქნება დარჩენილი. მართალია, მძღოლებს ოფიციალურად პარკირების საფასური უკვე გადახდილი აქვთ, მაგრამ "არაოფიციალური მარეგულირებლის" გარეშე ავტომობილის გაჩერება, თუნდაც პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას, დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვინ არიან "სტაიანშჩიკები"? - სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვთ, რომლით დაინტერესებასაც სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:
"ერთ
დროს უწყინარი "სტაიანშჩიკები" ორგანიზებულ და დანაშაულებრივ, აგრესიულ დაჯგუფებად გადაიქცნენ. სრულიად უკანონოდ მიტაცებული აქვთ პარკირების ადგილები დედაქალაქში და მათი ნებართვის გარეშე მანქანის პარკინგი, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მძღოლები იძულებული არიან გადა­იხადონ პარკირების ორმაგი გადასა­ხადი - ოფიციალური, წელიწადში­ 50 ლარი და არაოფიციალურიც - "სტაიანშჩიკებს", რაც წლის განმავლ­ობაში საკმაოდ დიდი
ხარჯია და რაც მთავარია, სრულიად უსამართლო.

შესაბამისად, რაც უფრო დიდია მძღოლების ხარჯი, მით მეტი ფული შესდით "სტაიანშჩიკებს" მათი ჯიბიდან, თუმცა ეს ფული მხოლოდ მათ როდი რჩებათ, არამედ ე.წ. კრიშაზე ნაწილდება. ისინი ოფიციალურად არ წარმოადგენენ არც ერთ იურიდიულ კომპანიას, მაგრამ
თუ ვინმემ მოისურვა საკუთარი ინი­ციატივით, "კრიშასთან" შეუთანხმებლად, "სტაიანშჩიკობა", შესაძლოა, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
გახსოვთ, ალბათ, 2010 წელს შპს "ავტოპარკინგის" დამფუძნებლები ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 11 პირი იყო დაკავებული იმის გამო, რომ "სტაიანშჩიკებს" სისტემატურად სძალავდნენ ფულს, დღეში 20-30 ლარს. დღესაც დაახლოებით იგივე ხდება. "სტაიანშჩიკების" საქმიანობამ ქალაქში უკვე ორგანიზებული დანაშაულის სახე მიიღო. მათ უკან, ჩვენი ინფორმაციით, განსაზღვრული პირები დგანან, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალაუფლების მპყრობელთა მხარდაჭერით სარგებლობენ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, თანამდებობის პირებიდან ვინ მფარველობთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეჭვი მეპარება, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქსელის ისე აგება იყოს შესაძლებელი, რომ ვინმე არ იყოს საქმის კურსში.

ჩვენი მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 3000 "სტაიანშჩიკია". თითოეულის შემოსავალი დღის განმავლობაში დაახლოებით 30-40 ლარია. ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ იმ დანაშაულებრივ ჯგუფს­ მიაქვს, რომელიც ამ ქსელს უდგას სათავეში. ეს ბიზნესი წლის განმავლობაში მილიონებს კრებს, რაც საბოლოოდ ვიღაცის ჯიბეში ილექება. რეალურად, ეს არის შავი, უკონტროლო ფული. ალბათ, შენიშნავდით, "სტაიანშჩიკების" რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ლამის სახლების ეზოებში შემოვიდნენ უკვე. მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცდება, თუმცა ამასაც "ზემდგომის" მითითებით აკეთებენ, რადგან თავად ტერორისა და გამოძალვის მსხვერპლი არიან. "სითი პარკის" დახაზულ ადგილასაც რკინის კონსტრუქციები აქვთ აღმართული. უნდა შეუთანხმდე, რამდენი ხნის განმავლობაში აჩერებ მანქანას და ფულსაც ამის მიხედვით გართმევენ - 0,50-დან 2 ლარამდე.

პირად საუბრებში "სტაიანშჩიკები" ამ დანაშაულებრივ სქემაზე დეტალურად საუბრობენ, თუმცა დაშინებული არიან და საჯაროდ ვერ ათქმევინებ, ვინ დგას მათ უკან. "სტაიანშჩიკების" სქემა ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 90-იან წლებში "ჯიხურების" ტერორს, როცა თანხას გაურკვეველ პირებს­ მხოლოდ იმაში უხდიდი, რომ მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა გქონოდა".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით