"საქართველოს ბანკი" პირველი კვარტალის შედეგებითაც ლიდერობს - კვირის პალიტრა

"საქართველოს ბანკი" პირველი კვარტალის შედეგებითაც ლიდერობს

"საქართველოს ბანკმა" მიმდინარე წლის პირველი კვარტალის შედეგები შეაჯამა, სადაც ყველა პარამეტრით ზრდის ტენდენცია აღინიშნა. მაგალითად, 2010 წლის პირველ კვარტალში "საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 335 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბანკის მთლიანი სასესხო პორტფელი კი აღნიშნულ პერიოდში 5,7%-ით გაიზარდა და 1,8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით აღინიშნა დეპოზიტების მოცულობა "საქართველოს ბანკში" და დღევანდელი მდგომარეობით 1,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი დეპოზიტების მოცულობა "საქართველოს ბანკში" 9,2%-ით გაიზარდა.

"საქართველოს ბანკის" მენეჯმენტი ჯერ კიდევ გასული წლის შედეგების შეჯამებისას აცხადებდა, რომ 2010 წლისთვის სასესხო პორტფელის ზრდა ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა. ქმედითი ღონისძიებები ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა გასული წლის მიწურულს დაიწყო, რაც სხვადასხვა სახის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებით აისახა.

მაგალითად, 2009 წლის მეოთხე კვარტალში მიკროსესხების საპროცენტო განაკვეთი "საქართველოს ბანკში" 16%-მდე შემცირდა. დაიწია იპოთეკური სესხის საპროცენტო ნიშნულმა და 14,5% შეადგინა. "საქართველოს ბანკში" 16%-მდე შემცირდა ავტოსესხის განაკვეთი, ხოლო საპროცენტო სარგებელი სამომხმარებლოს სესხზე 18%-მდე დავიდა. საპროცენტო განაკვეთების შემცირების გარდა, ბანკში გამარტივდა სესხის აღების პირობები და კრიზისამდელ პერიოდში არსებულ პირობებზე კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდა.

"საქართველოს ბანკი" პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ წლეულს, თებერვალში მისცა მომხმარებელს შესაძლებლობა, იპოთეკური და ავტოსესხი ლარში მიეღო. ამ შეთავაზებამ კი მომხმარებელი ვალუტებს შორის კურსთა სხვაობით გამოწვეული რისკისგან დააზღვია. მით უფრო აძლევთ ხელს ეს შეთავაზება მათ, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. თავდაპირველად "საქართველოს ბანკის" ამ სასესხო პროდუქტს აქციის სახე ჰქონდა, რასაც მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნა მოჰყვა და მხოლოდ აქციის ფარგლებში, ლარში გაცემული სესხების საერთო მოცულობამ 5,4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მოხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, "საქართველოს ბანკი" დღესაც აძლევს თავის კლიენტებს შესაძლებლობას, ისარგებლონ იპოთეკური სესხით ლარში. მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, მომხრებელს შეუძლია "საქართველოს ბანკში" აიღოს იპოთეკური სესხი ლარში 15%-იანი საპროცენტო განაკვეთით და 10-წლიანი ვადით. გარდა ამისა, ვინც სესხს დროის აღნიშნულ მონაკვეთში აიღებს, სესხის გაცემის საკომისიოს არ გადაიხდის.

პლუს ამას, ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლის ნაცვლად სადაზღვევო პრემიას, ასევე საჯარო რეესტრში საიპოთეკო უძრავი ქონების რეგისტრაციისა და ნოტარიალური ბაჟის ხარჯებს ბანკი აუნაზღაურებს კლიენტს.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე, შემდგომშიც პრიორიტეტული იქნება მომხმარებლის ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინება, საუკეთესო პირობების შეთავაზება სასესხო პროდუქტებზე.

ირაკლი გილაური ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი): "2010 წლისთვის "საქართველოს ბანკის" სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს სასესხო პორტფელი და კრედიტების მოცულობა. მოთხოვნა სესხებზე განპირობებულია როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდით, ასევე საპროცენტო განაკვეთების კლებით "საქართველოს ბანკში".

ამას ემატება აგრეთვე ლარში დაკრედიტების ზრდა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად დაკრედიტების პირობების შემსუბუქება. ახლა უფრო მარტივად გაიცემა კრედიტები, ვიდრე ერთი წლის წინ. ჩვენ ვფიქრობთ, 2010 წლის განმავლობაში დაკრედიტების მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება. შესაბამისად გაიზრდება საკრედიტო პორტფელი. მიმდინარე წლის პირველი კვარტალი იმედისმომცემია და 5,7%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ზრდა აღინიშნა დეპოზიტების თვალსაზრისით. კლიენტების დეპოზიტებმა მკვეთრი, დაახლოებით 9,2%-იანი ზრდა გვიჩვენა პირველ კვარტალშიც. და ეს მას შემდეგ, რაც 2009 წლის მესამე კვარტალში 16%-ზე მეტად გაიზარდა დეპოზიტები, შემდეგ მეოთხე კვარტალში 8%-იანი ზრდა გვქონდა და დეპოზიტების ზრდა ამ წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა. შესაბამისად, მკვეთრად დავწიეთ საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე.

მაგალითად, თუ დაახლოებით ექვსი თვის წინ საპროცენტო განაკვეთები ერთწლიან დოლარში დეპოზიტებზე "საქართველოს ბანკში" 11,75% იყო, ახლა მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ 9%-ს და ეს, ბუნებრივია, საშუალებას გვაძლევს, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები დავწიოთ. მოთხოვნა დეპოზიტებზე კვლავ იზრდება, ჩვენი აზრით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ დაიწევს. 9%-იანი განაკვეთი ალბათ არ არის ის ნიშნული, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების მაჩვენებელს ასახავს და ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა, საბაზრო მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე, 8%-მდე დავა".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "საქართველოს ბანკში" გამარტივდა სესხის გაცემის პირობები. მაგალითად, გირაოს მოთხოვნის ნაწილში, თუ უფრო მკაცრი მოთხოვნა გვქონდა გირაოზე, ახლა შევამსუბუქეთ. ეს განაპირობა იმან, რომ აღარ ველით უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნას. პირიქით, ნელ-ნელა ალბათ ფასების ზრდა იქნება სახეზე. აგრეთვე უფრო მკაცრი მოთხოვნა გვქონდა შემოსავლების, გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით.

მაგალითად, კლიენტისთვის ყოველთვიური სესხის დასაფარი თანხა მისი შემოსავლის 30-35%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ეს მოთხოვნაც შევამსუბუქეთ, განსაკუთრებით კი ლარში გაცემულ სესხებზე. სესხი რომ გაგვეცა, მომხმარებელი აუცილებლად "საქართველოს ბანკის" სახელფასო პროგრამაში უნდა ყოფილიყო ჩართული. ახლა ეგ მოთხოვნა საერთოდ გავაუქმეთ და სულაც არ არის აუცილებელი, მომხმარებელს ჩვენთან ერიცხებოდეს ხელფასი.

გამკაცრებული მოთხოვნების მიზეზი მაღალი რისკების დაზღვევა იყო, მაგრამ ახლა, როცა მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა იზრდება, აშკარაა მოთხოვნის ზრდა როგორც კორპორატიულ, ასევე ფიზიკური პირებისგან სესხებზე.

ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ საკრედიტო პორტფელის მოცულობა. წლის ბოლომდე "საქართველოს ბანკის" საკრედიტო პორტფელი 2 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც ბანკისთვის რეკორდული იქნება.

R