"ბიუჯეტის თლა" გარდამავალი სენი გამოდგა
10-10-2016
"ბიუჯეტის თლა" გარდამავალი სენი გამოდგა
არჩევნებიდან არჩევნებამდე

კიდევ ერთი 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი დასრულდა. პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქალაქეები ამ პერიოდს ხშირად გაიხსენებენ და შეაფასებენ. მომავალი მთავრობები წინამორბედებს შეედრებიან და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას შეეცდებიან. ბოლო ხელისუფლებაც მუდმივად უსვამდა ხაზს წინა მთავრობასთან შედარებით საკუთარ უკეთესობას, თუმცა გასულ 4 წელიწადში არაერთი კვლევა ვიხილეთ, რომლებითაც მთავრობა თავის წინამორბედს ჰგავდა. თუმცა განსხვავებაც ბევრია, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

კოლოსალური ხელფასები, პრემიები
და დანამატები - საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება არაერთხელ და არაერთი მთავრობის დროს გამხდარა საჯარო განსჯის საგანი. ფაქტია, რომ ამ მხრივ მადას წინა ხელისუფლება არ უჩიოდა და ცდუნებას ვერც ბოლომ გაუძლო. მთავარი აქ ის არის, რომ ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებული ფულით ივსება.

დიდი დანამატი & პატარა პრემია


გაცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის მიუხედავად, მთავრობის
ხელფასებისთვის სულ უფრო მეტი თანხა გამოიყოფოდა. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტში მოხელეთა ხელფასების თანხა 389 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამ 4 წელიწადში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იკვლევდა ჩინოვნიკთა ხელფასების და პრემია-დანამატების ოდენობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ ჩინოსნები ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების მადას ნამდვილად არ უჩივიან. მეტიც, დიდ ვირეშმაკობას აქვს ადგილი - მოხელეებმა პრემიები შეიმცირეს, სამაგიეროდ, დანამატები გაიზარდეს, ჯამში კი ეს ყველაფერი ხელფასს ემატება სოლიდური წანაზარდის სახით.

2013 წლის 15 მარტს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუწესდათ - 4.335 ლარი. საზოგადოებას განუმარტეს, რომ ყოველთვიური პრემიებით მინისტრების დასაჩუქრების პრაქტიკა გაუქმდებოდა, მათი ყოველთვიური შემოსავლები განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სარგოთი და თვეში ჯამში 7.875 ლარი გამოვიდოდა, 2014 წლის 21 იანვარს კი მინისტრის სახელფასო დანამატი 2.710 ლარამდე შემცირდა.

მაგრამ ამ ბრძანებით მხოლოდ მინისტრების შემოსავალი დარეგულირდა. 2014 წელს მინისტრებზე მაღალი შემოსავლები მიიღეს (პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების სახით) სამინისტროების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების წევრებმა და სხვ.

შემდგომი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებით, რომელიც პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესს არეგულირებს. თუმცა რეგულირდება მხოლოდ პრემიის ოდენობა და არა მისი გაცემის პერიოდულობა; დადგენილება ვრცელდება მხოლოდ უშუალოდ მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებზე და არა ყველა საჯარო დაწესებულებაზე. ცხადი იყო, რომ ასე სისტემური პრობლემა ვერ მოგვარდებოდა. მაგალითად, დადგენილება არ ვრცელდებოდა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებზე, ამიტომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ 2014 წლის პირველ 6 თვეში პრემიად 40.710 ლარი მიიღო, ხოლო საკრებულოს სხვა წევრების პრემიები დაახლოებით 30.000 ლარს შეადგენდა.

არაერთ დაწესებულებაში კი ყოველთვიური პრემია სახელფასო დანამატებით ჩაანაცვლეს. 2014 წლის პირველ 6 თვეში მთავრობის კანცელარიის თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები ყოველთვიურად გაიცემოდა. კანცელარიის უფროსს, 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 26.010 ლარი, ხოლო დეპარტამენტების უფროსებს, მაია ბიგვავასა და აკაკი ჩხენკელს, თითოეულს - 30.450 ლარი.

მსგავსი სურათი გამოიკვეთა IDFI-ს მომდევნო წლის კვლევაში, როცა 2015 წლის პირველ 6 თვეში 14 სამინისტროსა და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე გაცემულია 5.477.391 ლარის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემია 945.229 ლარია, დანამატი კი 4.532.162 ლარი.

სახელფასო პოლიტიკა თვალში საცემია სამინისტროებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა თუ აიპ-ებში. ზოგჯერ მინისტრის ანაზღაურება საგრძნობლად ჩამორჩება დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურებას. მაგალითად,
2015 წლის 6 თვეში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 81.301 ლარი, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში განათლების მინისტრის ანაზღაურებას - 37.260 ლარს. ამავე კვლევის თანახმად, მაია მიმინოშვილმა ერთ თვეში 4-ჯერ გამოიწერა დანამატი, ჯამში დაახლოებით 15 ათასი ლარის ოდენობით. მეტიც, ერთ დღეში ორჯერ გასცა საკუთარ თავზე დანამატი.

მინისტრებს შორის 2014 წელს ყველაზე დიდი ანაზღაურება მიიღო თავდაცვის მინისტრმა - 103.184 ლარი (ხელზე 82.547 ლარი). მიზეზი ის არის, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (2.170 ლარი) გარდა, თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1.239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი).
2014 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა - 12.500 ლარი მიღებული აქვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს 10.000 ლარი, ხოლო 6.250-ლარიანი პრემია - ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს.
სხვა მინისტრები 2014 წელს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოსა და პრემიერ-მინისტრის დაწესებულ ყოველთვიურ დანამატის იღებდნენ.
ვისი ზარალი ვის მოგებაშია

ასტრონომიულ ხელფასებს იღებდნენ სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები, მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების უმეტესობა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. მეტიც, წამგებიანი საწარმოების ხელმძღვანელების ხელფასი ზოგჯერ ქვეყნის პრემიერის თუ პრეზიდენტის ხელფასსაც კი აჭარბებს. მაგალითად, სახელმწიფო შპს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის დირექტორს ხელფასის სახით ერთ წელიწადში 84.000 ლარი აქვს აღებული, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორს - 72.922 ლარი, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორს - 87.595 ლარი, ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურ დირექტორს - 80.219 ლარი, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურ დირექტორს - 124.000 ლარი, საქართველოს ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობს, შარშან მხოლოდ ხელფასის სახით 82.784 ლარი მიიღო.

ფართოდ მოშვებული "ქემრები"


ხმაური მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის 67 ბიზნესკლასის "ტოიოტა ქემრის" შეძენას, რაც 4,7 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ასეთი ძვირად ღირებული ავტომობილები? მინისტრის განმარტებით, ჩამოდიოდა 64 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და პროტოკოლის თანახმად, ასეთ პირებს ბიზნესკლასის ავტომობილები უნდა ემსახურებოდეს. მინისტრმა თავი იმართლა, 60 ერთნაირი ბიზნესკლასის სედანი მოვიკითხეთ ქვეყანაში, სამინისტროებსა თუ სხვადასხვა უწყებაში და ვერ ვიპოვეთო. ნოდარ ხადურმა ისიც თქვა, მანქანები მეზობელ ქვეყნებში რომ დაგვექირავებინა, დაახლოებით იგივე თანხა უნდა გადაგვეხადა,­ რაც მათი საქართველოში ყიდვა დაგვიჯდებოდაო. ამიტომ გადაწყვიტეს შეძენა და ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონიც არ დაინანეს, შემდეგ კი ეს მანქანები სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებზე გადაანაწილეს, როგორც თავად ამბობენ, ჯიპების ნაცვლად.

მადას არც მერიაში უჩივიან


თბილისის მთავრობის ხარჯებს ბოლო წლებში მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" იკვლევდა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კვლევა დედაქალაქის მერიაში 2015 წლის დეკემბერში გაცემულ კოლოსალურ პრემია-დანამატებს ეხება, რომელთა მოცულობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმ ფონზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს უამრავი შეკითხვა აქვს მიმდინარე მშენებლობების ნებართვების ლეგიტიმურობაზე, რომლებსაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს, ანაზღაურება ამ სამსახურში შთამბეჭდავია - მხოლოდ 2015 წლის დეკემბერში პრემიად გაიცა 160.479 ლარი, დანამატად - 104.905 ლარი და ჯამში ამ ერთ თვეში "წახალისებამ" 265.000 ლარს გადააჭარბა. სხვათა შორის, ამ სამსახურის ხელმძღვანელი მერიაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, რაც მათ კარგ მუშაობაზე სულაც არ უნდა მეტყველებდეს. იმავე პერიოდში "მსუყე" პრემიები და დანამატები აიღეს მერიის დაფუძნებულ ქონების მართვის სააგენტოში - 599.054 ლარი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდში - 104.000 ლარი, ბაღების მართვის სააგენტოში - 66.000 ლარი.

როგორ "ჩაუდეს" მერს ხელმოწერა


ძნელი სათქმელია, ეყოფოდა თუ არა 5.400 ლარი თბილისში ერთი ორმოს ამოვსებას, თუმცა "სოციალურად დაუცველი" პროკურორის ქალიშვილის საფრანგეთში სწავლა-განათლების დაფინანსებას კი ეყო. დავით ნარმანიას ხელმოწერით დადასტურებული ბრძანების თანახმად, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისან-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. თანხა პროკურორის ქალიშვილისთვის, რომელიც თავად მერიის თანამშრომელი იყო, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყვეს მათი ოჯახის "მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით". მართალია, მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო", თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის, რაც მერს "ჩაუდეს", თბილისელებს ამოაცალეს ჯიბიდან.

"ვასწავლი ჭკუას" ძვირად


ყოველწლიურად უცხოური კომპანიების კვლევებისა და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გაედინებოდა. მთავრობა ამ ფირმებს ხან ქუჩების საცობებისგან განსატვირთავად ქირაობდა, ხანაც მყარი ნარჩენების ეფექტიანად გატანისთვის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოპოვებული ინფორმაციით, შარშან უცხოური საკონსულტაციო კომპანიების მომსახურებით რამდენიმე სამინისტრომ ისარგებლა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია Global Alliance For Health and Social Comact-ს კონსულტაციებისთვის 300.000 დოლარი გადაუხადა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და Cambre Associates-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის მომსახურება თვეში 40.000 ევრო ჯდებოდა... ჩამონათვალი ვრცელია, დიდია უცხოური ფირმებისთვის რჩევა-დარიგებაში გადახდილი თანხაც. მაგალითად, გერმანულ კომპანიას თბილისის მერიამ რამდენიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვის ხუთი იდეისთვის 100.000 ლარი გადაუხადა. მათ შორის ერთ-ერთი სააკაძის მოედანზე დამონტაჟებული შუქნიშნებია, რომლებიც არაერთ მძღოლს მერიის "აუგად მოხსენიებისკენ" უბიძგებს.

"უტენდერო თამაშები"


დედაქალაქის მერიამ მხოლოდ 2014-2015 წლებში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 180 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა, ხშირად, ორი-სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებთან... არაერთი ისეთი შემთხვევაც გამომზეურდა, როცა ასეთი კომპანიების მიერ შესრულებული პროექტები ლამის მეორე დღესვე ფუჭდებოდა. სულ უფრო ხშირად იგებდნენ მერიის გამოცხადებულ ტენდერებს ფირმები, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში საქმიანობის გამოცდილებაც კი არ ჰქონდათ. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის მე-18 კორპუსის გამაგრებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 880.000 ლარი და ეს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელიც 2015 წლის 9 ოქტომბერს დაფუძნდა. ტენდერი კი 18 ოქტომბერს გამოცხადდა... დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ კომპანიას უნდა ჰქონოდა ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ერთი კვირის დაფუძნებულ კომპანიას რა გამოცდილება უნდა ჰქონოდა, ამიტომ საბუთებში მიუთითა, რომ რუსეთში დაფუძნებული ფირმის შვილობილია და გამოცდილებას "დედაკომპანია" ფლობდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "დედაკომპანიასაც" არ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება, ის რძის პროდუქტების მწარმოებელია(?!).

მოქალაქეების სამართლიან წყრომას იწვევდა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი. მაგალითად, ბევრს ახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა "ვარკეთილის" მეტროს ჩასასვლელების რემონტი. რამდენიმე თვე მიმდინარეობდა გზის ნაწილის რემონტი ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთაზე, რის გამოც მოძრაობა გზაზე, რომელიც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, შეფერხებული იყო და ხშირად საცობები იქმნებოდა, მოსახლეობა კი დაუსრულებელი მშენებლობით გამოწვეული მტვრითა და საკანალიზაციო წყლების სუნით იყო შეწუხებული.

ზაჰესის ხიდის მშენებლობა, წესით, წლეულს, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, მერიის მიერ შერჩეულმა კომპანია "ხიდმა" ვალდებულებები ვერ შეასრულა და კომპანიის ხელმძღვანელი დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო დააკავეს. სხვათა შორის, ზაჰესის ხიდის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა...

რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბარათაშვილის ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. სამუშაოები დილის 8 საათზე იწყებოდა და 18:00 საათზე მუშები უკვე შინ მიდიოდნენ. მაინცდამაინც არც ნაშუადღევს იწუხებდნენ თავს და ხის ჩრდილში წამოკოტრიალებული, მტკვრის დუდუნს უსმენდნენ. რეაბილიტაციისას ხიდის ზომები ისე შეიცვალა, რომ მის ქვემოთ სატვირთო ავტომობილი ვერ გაეტია და გაიჭედა. მერიამ ამ ხიდის რეაბილიტაცია კომპანია "ენსისის" მიანდო, რომელიც გიგი უგულავას მეგობარს, გიგი ქელბაქიანს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს შსს-მ გიგი ქელბაქიანი და მისი კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისება ედებოდათ.

ბიუროკრატიის "ბუმი" თბილისში


ბოლო ოთხ წელიწადში თბილისის საკრებულოს საშტატო თანამშრომლების რაოდენობა - 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებისა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა. შტატების ზრდასთან ერთად იზრდებოდა საკრებულოს დაფინანსებაც 6 მილიონიდან და 14 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მაგალითად, 2011 წელს თბილისის საკრებულოს ჰყავდა 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, 2015 წლის მონაცემებით კი საშტატო კადრების რაოდენობა 248, ხოლო შტატგარეშეების - 232-მდე გაიზარდა. გაორმაგებულია მათი შრომის ანაზღაურებაც. მაგალითად, 2011 წელს საკრებულოს შტატიან თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 2.762.712 ლარი, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 6 მილიონს გადააჭარბა, 2015-ში კი 5,5 მილიონი ლარი შეადგინა. სხვათა შორის, აქედან 3,2 მილიონი სახელფასო სარგო იყო, 1,3 პრემია და 1 მილიონზე ცოტა ნაკლები კი დანამატი. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა 2011 წელს მხოლოდ 180 ათასი ლარი იყო. როგორც ირკვევა, შარშან პრემია მათთვისაც გამოუწერიათ - 194.864 ლარი.

ემა ტუხიაშვილი
გავაზელი
14 ოქტომბერი 2016 16:43
არამი იყოს და შხამად შეერგოთ დაუმსახურებელი პრემია-დანამატები!

რედაქტორის რჩევით