"ბორჯომი" - ბოთლში ჩამოსხმული 120-წლიანი ისტორია - კვირის პალიტრა

"ბორჯომი" - ბოთლში ჩამოსხმული 120-წლიანი ისტორია

KvirisPalitra.Ge"ბორჯომის" ბოთლის ხელში აღებისას ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს წყალი 120 წლის ისტორიას ითვლის, რომ სანამ მის ყელთან შუშის ირემი მოიკალათებდა, მხოლოდ ბოთლის ფორმამ ათჯერ მაინც იცვალა სახე, რომ ამ წყალს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. რა თქმა უნდა, არა.

ბუნებრივია, თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რომ ძალიან გწყურიათ და სანუკვარი სასმლით სავსე ჭურჭელი უკვე ხელთ გაქვთ.

ბორჯომის თაყვანისმცემლები ყველა ბოთლის გახსნის წინ ფიქრს რომ მისცემოდნენ, უამრავი ადამიანი ემსხვერპლებოდა წყურვილს, იმიტომ, რომ გასახსენებელი მართლაც ბევრია.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამ ერთი პაწია ბოთლის სახეცვლილებების მიხდვით საქართველოს 120-წლიანი ისტორიის ამოკითხვაა შესაძლებელი.

ერთადერთი, რაც 1890 წლიდან არ შეცვლილა, (სწორედ ამ თარიღს განეკუთვნება "ბორჯომის" პირველი ბოთლი), ეს მისი შიგთავსია.

მას შემდეგ, რაც 1841 წელს მეფის ნაცვლის, გოლოვინის ქალიშვილი ბორჯომის წყლის მეშვეობით სრულიად განიკურნა, დაიწყო “ბორჯომის” ტრიუმფალური მსვლელობა მეფის რუსეთსა და იმპერიის უსაზღვრო სივრცეებში.

მაშინ თითოეულ მუქი მწვანე ფერის შუშის ბოთლს, რომელიც შამპანურის ბოთლს წააგავს, ხელით ბერავდნენ, საიმედოდ ბეჭდავდნენ, ფუთავდნენ და მოწნულ კალათში ათავსებდნენ. ბუნებრივია დღეს ამას ვერავინ გააკეთებს, მაგრამ სამაგიეროდ შიგთავსის შესახებ ნამდვილად სათუთად ზრუნავენ.

მას შემდეგ, რაც 1995 წელს ქარხნის მოდერნიზაცია განხორციელდა, წყალს, რომელსაც ბოთლში ასხამენ, საათში ერთხელ ამოწმებენ.

ქალაქ ბორჯომის მუზეუმში დაცული 10 ბოთლი “ბორჯომის” ევოლუციის შესახებ მოგვითხრობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანოვების ოჯახის შეკვეთით დამზადებული "ბორჯომის" თეთრი ბროლის ბოთლი, რომელიც თავიდანვე შეზღუდული რაოდენობით დამზადდა. ბოთლზე, ბროლზე თლის ტექნიკითაა ამოტვიფრული რუსეთის მეფის ღერბი და სასმლის სახელწოდება. ეს ბოთლი, საკმაო სიმძიმის მიუხედავად, დახვეწილი სუნამოს ან ჯადოსნური ელექსირის შესანახ ჭურჭელს უფრო ჰგავს. თუმცა გარკვეულ წილად ბორჯომის წყალი ნამდვილად ჯადოსნური ელექსირია, რომელიც საქართველოს უხვმა ბუნებამ საჩუქრად გამოგვიგზავნა.

მას შემდეგ "ბორჯომის" ბოთლს რა ეტიკეტი არ ამშვენებდა, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა - ლათინური, რუსული, თუ ქართული ასოებით იყო შესრულებული წარწერა, ამ წყლის საოცარი თვისებებით გაოგნებული ადამიანების რიცხვი მხოლოდ იზრდებოდა.

საბჭოთა კავშირმა "ბორჯომის" ბოთლის ეტიკეტს ჯერ სამეფო ღერბი ნამგალითა და უროთი შეუცვალა, შემდეგ კი თავად ბოთლის ცვლილებასაც მიჰყო ხელი.

მალე "ბორჯომი", საბჭოთა ადამიანის ერთერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი გახდა და არც არის გასაკვირი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ბოთლის საიუბილეო გამოშვებებს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს უძღვნიდა.

მოსკოვის ოლიმპიადის დროს "ბორჯომი" ოლიმპიურ დათუნიას დაუმეგობრდა. შუშის ბოთლზე ოლიმპიური რგოლები და დათვი გაჩნდა.

კომპანია აეროფლოტი კი მგზავრებს მხოლოდ საკუთარ, საფირმო ბოთლებში ჩამოსხმულ სასმელს სთავაზობდა. არსებობს "ბორჯომის" ბოთლი უკრაინული მოტივებითაც.

მალე "ბორჯომის" ბოთლმა საბოლოოდ მიიღო ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფორმა და ფერი.

ეს ხატება იმდენად ღრმად არის გამჯდარი პოსტსაბჭოთა სივრცის ადამიანის გონებაში, რომ კომპანია შეგნებულად არ ატარებს რადიკალურ ცვლილებებს დიზაინში.

1995 წლიდან ბორჯომის ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. ღია მწვანე შუშის ბოთლი ირმის გამოსახულებამ დაამშვენა.

მძიმე საბჭოთა რეალობა წარსულს ჩაჰბარდა.

1997 წელს ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ფონზე "ბორჯომის" ბოთლმა დაცვის დამატებითი ნიშნები შეიძინა. 1998 წელს კი შუშის კოლექციას პლასტმასის ბოთლებიც შეემატა.

მალე, 2002 წელს, შუშის ბოთლებმა ახალი, მოსახრახნი ”ქუდები” შეიძინეს.

უკანასკნელი ცვლილება "ბორჯომის" ბოთლმა  2006 წელს განიცადა. ირმის ფიგურა უფრო აქცენტირებული გახდა. ბოთლის დიზაინი ჰოლანდიურ კომპანიას, Claessens Product Consultant-ს დაევალა. ამ კომპანიის ავტორიტეტში დასარწმუნებლად მათი მხოლოდ ორი კლიენტის,  Heineken –ისა და  Vichi-is brendebic -ის ბრენდებიც კმარა.

ახალმა ეტიკეტმა ძველი დიზაინის თითქმის ყველა ნიშანი შეინარჩუნა, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე გაცილებით უფრო პრეზენტაბელური გახდა.

ამიერიდან ბორჯომის ტრივიალური ბოთლი, რომელსაც თითქმის ყველა სამზარეულოში აღმოაჩენთ, არც თუ ისე ტრივიალურად მოგეჩვენებათ. მითუმეტეს, რომ მსოფლიოს წელიწადში ათობით მილიონი მინისა და პლასტმასის "ბორჯომის" ბოთლი ემატება.

ყველაფერი იცვლება, ერთის გარდა.

მოწნულ კალათაში მოკალათებული მძიმე შუშის ჭურჭლიდან, პლასტმასის თანამედროვე ბოთლამდე, მათი შიგთავსის, ამ შესანიშნავი წყლის განუმეორებელი თვისებები - არასოდეს შეცვლილა.

R