საკრედიტო თავსატეხი - კვირის პალიტრა

საკრედიტო თავსატეხი

ბანკები კარგ მსესხებელს უკვე სანთლით ეძებენ. ბაზარზე ისევ გამოჩნდნენ საკრედიტო აგენტები, რომლებიც მომხმარებლებს სესხებს სთავაზობენ, მაგრამ აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, ბანკების საკრედიტო პორტფელები უმნიშვნელოდ იზრდება. ბანკების ნაწილმა კლიენტების მისაზიდად სესხები 1-2%-ით გააიაფა, თუმცა მომხმარებლები კრედიტის აღებისგან მაინც თავს იკავებენ.

ბევრს კრიზისამდე აღებული სესხი დღემდე გასასტუმრებელი აქვს, ზოგი კრიზისის დროს "შავ სიაში" ჩაწერეს, ზოგსაც სესხის პროცენტები აფრთხობს, რომელიც კვლავაც მაღალია. სესხების რაც შეიძლება დიდი ნაწილის ლარში გაცემის გამოცხადებული პოლიტიკა კი ჯერჯერობით მხოლოდ კეთილ სურვილად რჩება.

კრედიტების აღებაში კვლავაც პასიურია ბიზნესი. კრიზისის დროს ბევრმა მეწარმემ გაფართოების გეგმა გადადო, შესაბამისად, დამატებითი სახსრები აღარ სჭირდება. ვისაც შემოსავლები შეუმცირდა, მას არც კრედიტის გასტუმრების იმედი აქვს და ფულის სესხებასაც ვეღარ რისკავს.

ფინანსური კრიზისის დაწყებაში ბანკებს დიდი ღვაწლი რომ მიუძღვით, ამას ბიზნესმენებიც ამბობენ და ექსპერტებიც. ფინანსური პირამიდები, რომლებიც მსოფლიო ფინანსური ბაზრის ლიდერებმა ააგეს, ბოლოს ჩამოიშალა და ქვეშ თავად ბანკებიც მოიყოლა და სხვა ბიზნესებიც.

როგორც კი საშიშროება იგრძნეს, ბანკებმა ჯიბეს ხელი მოუჭირეს და ფულის გასესხება მაქსიმალურად შეზღუდეს. ისე გამოვიდა, რომ კარგ მსესხებელსაც ხელცარიელს ისტუმრებდნენ. ამან ეკონომიკაც აზარალა და ბანკებიც ცუდ დღეში ჩაცვივდნენ -გასესხებული ფულიდან სარგებელი ვეღარ მიიღეს და ზარალში აღმოჩნდნენ. ბოლოს იძულებული გახდნენ, შეზღუდვები ოდნავ მოეხსნათ და ბანკში ფულის სასესხებლად მისული კლიენტებისთვის უარი ხელაღებით აღარ ეთქვათ.

დამატებითი დაბრკოლებაა სესხის ტექნიკური მხარე.

მაგალითად, კრედიტის ნაადრევი დაბრუნებისთვის დაჯარიმება თანხის 5%-ით; ბანკები უფლებას იტოვებენ, უკვე მოქმედ ხელშეკრულებაში პირობების შეცვლა მოითხოვონ და თუ კლიენტთან ვერ შეთანხმდნენ, ხელშეკრულება უქმდება, თანხაც ბრუნდება და ზედ 5%-იანი ჯარიმაც ემატება...

დაკრედიტების გაზრდისკენ კომერციულ ბანკებს ეროვნულმა ბანკმაც მოუწოდა, პროცენტების 12-13%-მდე შემცირებაც "უბრძანა" და სანაცვლოდ წამახალისებელ ღონისძიებებს დაჰპირდა. ცენტრალურ ბანკს ბანკებისთვის დაპირებული შეღავათები ჯერ არ გაუკეთებია და ბანკებმაც კრედიტებს სულ რაღაც 1-2% დააკლეს -ისიც, ანაბრებზე განაკვეთების შემცირების ხარჯზე. კრედიტების გაიაფების სანაცვლოდ, ბანკებმა ანაბრებზე წლიური სარგებელი 0,5%-3%-ით შეამცირეს.

კრედიტების გაცემის წასახალისებლად აქტიური კამპანია მხოლოდ ლიდერმა ბანკებმა "გაბედეს" -"თიბისიმ", რომელმაც სესხების კამპანიას "8 ნაბიჯი სურვილების ასრულებისკენ" დაარქვა, და "საქართველოს ბანკმა" -აქტიური სარეკლამო კამპანიით. "თიბისიმ" კრედიტებზე 1%-იანი "სეილი" გამოაცხადა, განაკვეთები იპოთეკურ, ავტო და სამომხმარებლო სესხებზე "საქართველოს ბანკმაც" დაწია და ლარში სესხების გაცემა გაააქტიურა. ბანკები ამბობენ, რომ მათ სხვა მოთხოვნებიც შეამსუბუქეს.

ირაკლი გილაური ("საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი): "პირველ კვარტალში სესხებზე მოთხოვნა თითქმის 6%-ით გაიზარდა. ეს ეკონომიკური აქტივობის ზრდამ და კრედიტებზე განაკვეთის კლებამ გამოიწვია. გამარტივდა სხვა პროცედურებიც.

გირაოს მოთხოვნა შევამსუბუქეთ. ვითხოვდით, შემოსავლების 30-35% სესხის დაფარვისკენ ყოფილიყო მიმართული, ახლა შემოსავლებზე ასეთი მკაცრი მოთხოვნა აღარ გვაქვს. კლიენტი ჩვენი ბანკის სახელფასო პროგრამაში უნდა ყოფილიყო ჩართული, ეს მოთხოვნაც აღარ არის. მოთხოვნები განსაკუთრებით ლარში გასაცემ კრედიტებზე შევამსუბუქეთ. სესხების გაიაფების კიდევ ერთი ტალღა იქნება, თუმცა მცირე, და ეს ანაბრებზე პროცენტის შემცირების ხარჯზე მოხდება. დოლარის ერთწლიან დეპოზიტზე განაკვეთი 11,75%-დან 9%-მდე დავწიეთ და ის ალბათ 8%-მდე ჩამოვა".

ბანკების მიერ საკრედიტო შეზღუდვების მოხსნისა ბევრ მეწარმეს არ სჯერა, რადგან ბანკებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვთ.

ნათელა სამადაშვილი (ინდ.მეწარმე, ტირძნისი): "მაღაზია სოფელ ტირძნისის ცენტრში მაქვს. სამი წლის წინ ბანკ "კონსტანტადან" 14 ათასი დოლარის კრედიტი ავიღე ბიზნესის გასაფართოებლად. 600-600 დოლარს ვიხდიდით თვეში. აგვისტოს ომის დროს მაღაზია დაიწვა, სახლიც დაგვენგრა. მივედი ბანკში და ვთხოვე, შეღავათი გაეწიათ და კრედიტი 60 თვეზე გადაენაწილებინათ, მაგრამ უარი მივიღე. თანხის დაგვიანების გამო ურჩ გადამხდელებად გამოგვაცხადეს, სასამართლოს გადაგვცეს, გვაიძულეს, ომის დროს შემთხვევით გადარჩენილი ავტომანქანა ლომბარდში კაპიკებად დაგვეგირავებინა და თანხა შეგვეტანა.

ბანკმა სასამართლოს ხარჯი, ათასი დოლარიც ჩვენ გადაგვახდევინა. გაუგებარი გრაფიკი შეგვიდგინეს: 3 ათასი დოლარი ერთბაშად შევიტანეთ და თვეში 200-200 დოლარს ვიხდით. 2011 წლის იანვარში კიდევ 3 ათასი დოლარი ერთბაშად უნდა შევიტანოთ, თებერვალშიც ასევე 3 ათასი დოლარის გადახდა გვიწევს და შემდეგ 200-200 დოლარი ყოველთვიურად. გამოვიდა, რომ თითქმის ორჯერ მეტი თანხის გადახდა გვიწევს.

სესხმა ისეთ დღეში ჩაგვყარა, ჩემს მეუღლეს ინფარქტი დამართა, ჩემს შვილს გული დაუავადმყოფდა. ამის შემდეგ ბანკს აღარ გავეკარები. თავიდან ერთს გპირდებიან, მაგრამ მერე მეორეს გთხოვენ. საქონელს, ნაკვეთებს ვუვლით, გავყიდით და ისევ ჩვენით ვიშოვით რამეს. რაღაცას მოვახერხებთ და ბანკში აღარ მივალთ".

ბანკები განსაკუთრებით რისკიანად სესხების სოფლის მეურნეობისთვის გაცემას მიიჩნევენ. აგროსესხები იმდენად ხელმიუწვდომელია, რომ ფერმერთა უმრავლესობას ბანკში მისვლა აზრადაც არ მოსდის. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ფერმერთა სუბსიდირებას მთავრობა ახდენს, ჩვენთან გლეხები საკუთარი სახსრების იმედად არიან დარჩენილი. ახალი ტექნიკის შესაძენად თუ ნაკვეთებში სასუქის შესატანად ფულის მოძიება თავად უწევთ. და თუ ბანკები მაინც ენდნენ ფერმერს, კრედიტი ძვირი ღირს. წლიური პროცენტი კიდევ უფრო მაღალია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

ასოციაცია "ელკანას" მოწყობილმა კვლევამ აჩვენა, რომ ფერმერთა 60%-ს კრედიტის ასაღებად ბანკისთვის არასდროს მიუმართავს. 30%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ კრედიტები ძალიან ძვირია. როგორც გლეხები ამბობენ, ბანკები ოფიციალურად ამბობენ, რომ წლიური განაკვეთი 16%-დან იწყება, რეალურად კი 48%-ს სცდება.

იოსებ გელიტაშვილი (ფერმერი): "შარშან, როცა მთავრობამ "იაფი სესხის" პროგრამა გამოაცხადა და ითქვა, რომ მასში ბანკებსაც ჩართავდა, იმედი გაგვიჩნდა, რომ კრედიტს დაბალ პროცენტში მოგვცემდნენ. 30 ათასამდე დოლარის სესხი წალკაში კარტოფილის საწყობის ასაშენებლად გვჭირდებოდა. მაგრამ მერე შეცვალეს გეგმები და ბანკები პროგრამიდან გამოთიშეს. ამასობაში ბანკებმა კრედიტები კიდევ უფრო გააძვირეს, პროცენტი იმდენად მაღალი გამოვიდა, რომ ვიანგარიშეთ, იმდენად დიდი თანხის გადახდა გვიწევდა, ბანკის კრედიტზე უარი ვთქვით. ისევ ჩვენ გამოვნახეთ შესაძლებლობა და საწყობს საკუთარი სახსრებით ვაშენებთ".

თამაზ ჰუსეინოვი (მემწვანილე): "ბანკებს ისეთი მაღალი პროცენტები აქვთ, კრედიტის აღებას ვერ ვრისკავთ. ფულს რომ აიღებ ბანკიდან, იმედი უნდა გქონდეს, რომ მოსავალს გაყიდი, სესხსაც გაისტუმრებ და მოგებასაც ნახავ. ჩვენ კი დაზღვეული არაფრისგან ვართ. რაც რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა, მწვანილის გაყიდვა გაძნელდა. ამინდმაც შეიძლება გვიღალატოს".

თემურ ბერიძე (მეწარმე, ქობულეთი, სოფ. დაგვა): "მეფრინველეობის ფერმა მქონდა ქობულეთში, მაგრამ ქათმის გრიპის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფრინველი დამაკვლევინეს. მერე აღმოჩნდა, რომ შეცდომით. ქათმის ხორცი არც სამაცივრეებმა მიიღეს შესანახად. ასე ვიზარალე და ბანკის სესხის გადახდა დამიგვიანდა. 90 დღის ვადაგადაცილება გამომივიდა. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და ვალი ასე დავფარე, მაგრამ მაინც ე.წ.

"შავ სიაში" აღმოვჩნდი. ამის გამო ყველა ბანკმა კრედიტზე უარი მითხრა. ახლა ფერმის ხელახლა გაკეთება მინდა და თანხა ამისთვის მჭირდება. "პროკრედიტბანკმა" ცივი უარი მითხრა, "თიბისიში" მითხრეს, ჩვენ "შავ სიას" ყურადღებას აღარ ვაქცევთ, მაგრამ სოფლის მეურნეობას არ ვაფინანსებთო".

მსესხებლებს კრედიტის გასტუმრების პრობლემა დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების გამოც შეექმნათ. ფიზიკურ პირებსაც და ბიზნესსაც სესხი უმეტესად დოლარში აქვთ გამოტანილი და მათ ყოველთვიურად მეტის გადახდა უწევთ. ბიზნესი, რომელსაც პროდუქციის რეალიზაცია ლარში უწევს, კრედიტის გადასახდელად ლარს დოლარში ცვლის, რაც ხარჯებს ზრდის.

ამიტომ სებ-მა ბანკებს ლარში სესხების გაცემისკენ მოუწოდა, თუმცა ბანკების უმრავლესობას ეს დიდად არ ეხალისება. ლარის რესურსი უმეტესად ლიდერ ბანკებს აქვთ. შედარებით მომცრო ბანკებში კი ლარის ანაბრები ჭირს, რადგან კლიენტების უმრავლესობა დანაზოგის უცხოურ ვალუტაში შენახვას ამჯობინებს.

ბანკების რეგულირება ინდივიდუალური გახდება

ეროვნული ბანკი (სებ) საბანკო სექტორის რეგულირების წესებს ცვლის. კრიზისის პერიოდში შედარებით შესუსტებული ნორმები შესაძლოა ისევ გამკაცრდეს. კონკრეტული კომერციული ბანკებისთვის განსხვავებული მოთხოვნები დაწესდება. მათთვის რისკები იქიდან გამომდინარე დაითვლება, თუ როგორი აქტივები ექნებათ ბანკებს.

საფრთხე ამერიკული ბანკებისთვის

ახალი „ბუშტი" იბერება აშშ-ის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე. კონგრესის კომისიის შეფასებით, ამერიკელებმა შესაძლოა აღებული კრედიტების ნახევარი – $700 მილიარდი ვერ დააბრუნონ. ასეთ შემთხვევაში ამერიკული ბანკების 40%-ს გაკოტრების საფრთხე დაემუქრება. ნონა ქვლივიძე