სატელევიზიო ბიზნეს-უსამართლობა - კვირის პალიტრა

სატელევიზიო ბიზნეს-უსამართლობა

მორჩილ არგადამხდელებს კანონის ძალით წაახალისებენ

როგორც კი ხანმოკლე შესვენების შემდეგ საპარლამენტო მოსმენები განახლდება, კანონმდებლები ტელევიზიებისთვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერის საკითხზე იმსჯელებენ. ნაციონალური და რეგიონული მაუწყებლების დავალიანება სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 35 მილიონი ლარია. საგადასახდო კოდექსის 281-ე მუხლისთვის 21-ე პრიმა ნაწილის დამატების შემდეგ, ტელევიზიებს ვადაგადაცილებულ დავალიანებასა და მასზე დარიცხულ სანქციებს ჩამოაწერენ.

კანონპროექტი პარლამენტში დევს, განმარტებით ბარათში კი არ არის მითითებული, რამდენია თითოეული ტელემაუწყებელის დავალიანება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, ეს ინფორმაცია "საგადასახადო საიდუმლოებაა", თუმცა ის კი ცნობილია, რომ დავალიანების დიდი წილი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელეკომპანიებზე მოდის.

სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არსებობას უარყოფს თბილისში მაუწყებელი კომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელობა. ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტის განცხადებით, ბიუჯეტის ვალი არც მის კომპანიას აქვს.

დავალიანების არსებობას აღიარებს იმერეთის რეგიონში მოქმედი ტელეკომპანია "რიონის" ხელმძღვანელობა (საურავების ჩათვლით 1 მილიონ ლარამდე), თუმცა დასძენს, რომ დავალიანება უსამართლოდ აქვთ დარიცხული და ფინანსური ვალდებულებების წარმოშობაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

უკანონოდ დარიცხულ დავალიანებაზე საუბრობენ შიდა ქართლის რეგიონულ ტელეკომპანია "თრიალეთშიც" და აზუსტებენ, რომ დავალიანების ნაწილი გადახდილი აქვთ, დარჩენილი თანხა კი სულ რაღაც 45 ათასი ლარია. საგადასახადო ორგანოებთან სასამართლო დავის გამო მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხე ემუქრებოდა აჭარაში მოქმედ კერძო ტელეკომპანია "25-ე არხს". მისი დავალიანება 277.547 ლარია.

ნინო ჯანგირაშვილი (ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი): "ჩემი აზრით, რეგიონული ტელევიზიების დავალიანება ჯამში ალბათ ხუთ მილიონს არ გადააჭარბებს, ვალის დანარჩენი ნაწილი კი ე.წ. ნაციონალურ, პირდაპირ რომ ვთქვათ, სახელისუფლებო არხებზე მოდის. ეს წარმოუდგენელი გარიგებაა. გამოდის, ამ ადამიანებს შეუძლიათ, არ გადაუხადონ ბიუჯეტს ფული, დააგროვონ დავალიანება, შემდგომში ხელისუფლება ადგება და ჩამოაწერთ ამ ვალს. ეს, სულ ცოტა, კომპანიების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა.

ზუსტად ვიცი, მე რომ არ გადამეხადა გადასახადები, მაშინვე დამაყადაღებდნენ. გადასახადებს ვიხდიდი პატიოსნად, რადგან, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ზუსტად ვიცი, ერთი თვეც რომ დამიგროვდეს გადასახდელი, ანგარიშებს დამიყადაღებენ და თანხას ჩამომაჭრიან. საინტერესოა, სხვა ტელევიზიებმა როგორ დააგროვეს ამდენი მილიონი ვალი? საგადასახადო კოდექსში ზუსტად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ვადაგადაცილებული გადასახადების ამოღება.

მაინტერესებს, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ჩაატარეს ამოღების ღონისძიებები საგადასახადო სამსახურებმა. ფაქტობრივად, ეს მათი დანაშაულია. თუ შეუძლიათ ნებისმიერ მეწარმეს შეუვარდნენ 1000-ლარიანი დავალიანების გამო და ობიექტი დაულუქონ, რატომ არ შეიძლებოდა ამოეღოთ ე.წ. ნაციონალური არხებიდან არსებული დავალიანებები? ძალიან დიდია ალბათობა, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღოთ, ვინაიდან როგორც კი ეს კითხვა დავსვი, მაშინვე გაასაიდუმლოეს, ვის რამდენი აქვს დავალიანება.

ამნისტია თავისი არსით აბსოლუტურად განსხვავებული აქტია. ამნისტია ნიშნავს დავების შეწყვეტას ე.წ. დაფარულ გადასახადებთან დაკავშირებით. ეს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს და ერთგვარ თანასწორობასაც გულისხმობს. ვიღაც იხდის გადასახადს სანქციების, დაყადაღების შიშით, და ვიღაც სხვა კი არ იხდის იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ამისთვის არავინ შეაწუხებს. ხელისუფლების ტელევიზიები არიან და ვერავინ გაბედავს მათთან შესვლასა და შემოწმებას.

ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვთ, ისინი, ფაქტობრივად, გადასახადებისგან გათავისუფლებული გამოდიან. დააგროვებენ, კიდევ ჩამოაწერენ და ასე უსასრულოდ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს 2004 წელს 10 მილიონი ლარი ჩამოაწერეს. კანონპროექტში ამნისტიის შესახებ წერია, რომ ეს მედისაშუალებების წახალისებაა და რომ ისინი თანხებს ახალ პროექტებზე, ტექნიკის შესაძენად დახარჯავენ.

უკაცრავად და, მე მაშინ ვინ გამოვდივარ? მეც დავხარჯავდი იმ ფულს, რასაც ბიუჯეტში ვიხდიდი, ტექნიკის შეძენასა და ახალი პროექტების დასაწყებად. როგორც ჩანს, ტელევიზიებმა ამის შესახებ იცოდნენ და ეს უკვე კორუფციული გარიგებაა.

მეტსაც გეტყვით, მედიის ერთი ნაწილი ფიქრობდა და მუშაობდა გადასახადებისგან გათავისუფლების საკითხებზე, მაგრამ ამაზე საუბარი შეწყდა. ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ეს ბევრ კითხვას გააჩენდა და ტელევიზიები მომავალში შესაძლოა ფულის გათეთრების წყაროდაც გამოეყენებინათ, ან ვინმეს დაებრალებინა ასეთი რამ. ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ტელევიზიები სწორედ რომ ფულის გათეთრების საშუალება არ არის. ერთია, რომ ეს კანონპროექტი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ერთი და იმავე ბიზნესის წარმომადგენლებს.

ის არის გადაუხდელობის პირდაპირი წახალისებაც. თანასწორობის პრინციპით, ნებისმიერი მედიასაშუალება არათუ უნდა გათავისუფლდეს დავალიანებისგან, არამედ ვისაც ვალი არ აქვს, განსაზღვრული პროპორციით, გადახდილი თანხა ან დაუბრუნონ, ან წინსწრებით გადახდილად ჩაუთვალონ (არ ვგულისხმობ "25-ე არხს", რომელსაც სადავო დავალიანება აქვს და მოდავე მხარე სახელმწიფოა). არავის აქვს უფლება ჩემი ქვეყნის ბიუჯეტის ფული ასე დაარიგოს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ამნისტირებულ ტელევიზიებს შორის საზოგადოებრივი არხიც არის და შესაძლოა, "რეალტივიც". ეს ხომ მათი, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ტელევიზიებია, რომლებიც მეგობრების სახელზე აქვთ გაფორმებული. მაშინ რატომ არის ნახევარი საქართველო დაყადაღებული, რა დააშავეს იმ მეწარმეებმა, ვისაც მცირე დავალიანების გამო დაულუქეს ბიზნესები?"

ამნისტირებული ტელეკომპანიებისა და მათთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ქცევას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც" ითხოვს. მათი განმარტებით, როცა ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 36 მილიონი ლარით მცირდება, ყველა გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება იცოდეს, რა თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს.