შაქრის ფასს ბაზარს მონოპოლისტი კარნახობს - კვირის პალიტრა

შაქრის ფასს ბაზარს მონოპოლისტი კარნახობს

იმპორტის 41%-ით დაკლებამ შარშან ფასები თითქმის 50%-ით გაიზარდა

შაქრის ფასმა, მკვეთრი გაძვირების შემდეგ, ორიოდე კვირაა, ჩამოიკლო და ახლა კილოგრამი მაღაზიებში 1,80-2 ლარად იყიდება. გაიაფება უცხოეთის ბირჟაზე ფასების დაცემამ განაპირობა, მას შემდეგ, რაც ინდოეთიდან ცნობა მოვიდა შაქრის წარმოების ზრდის შესახებ. თუმცა, 45%-იან საერთაშორისო გაიაფებას ქართულმა ბაზარმა მხოლოდ 20%-იანი კლებით უპასუხა. შაქრის მაღალ ფასს ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლისტის, აზერბაიჯანულ-თურქულ კომპანია "ქუოლითი შუგარის" არსებობით ხსნიან, რომელიც რამდენიმე წელია, ბაზარს საკუთარ ფასს კარნახობს.

უცხოეთის ბირჟაზე ფასების კლებას მომავალშიც ელოდებიან. ექსპერტების პროგნოზით, აპრილის შუა რიცხვებში ფასები კიდევ დაეცემა. დააკლებენ თუ არა ფასს, აზერბაიჯანულ-თურქულ კომპანია "ქუოლითი შუგარში" არ ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მსოფლიო ბირჟის ტარიფებზე არიან დამოკიდებული და გაიაფების შემთხვევაში, შაქრის ფასს ისინიც გადახედავენ.

მანამდე მონოპოლისტის დისტრიბუტორი კომპანია "დაფნა ჰა" მთლიანად ძველ მარაგებზე მუშაობს, რადგან აგარის შაქრის ქარხანა, რომელიც გოჩა ძასოხოვს აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოართვეს და რომელიც ერთადერთია ქვეყანაში, უკვე ერთი თვეა გაჩერებულია. მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ შაქარი მათთან რამდენიმე სხვადასხვა დისტრიბუტორს მიაქვს, უმეტესად თურქულ კომპანიებს, მაგრამ არ იციან, რომ ყველა დისტრიბუტორი შაქარს "დაფნა ჰასგან" იღებს.

შაქარზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, მოთხოვნა ყოველთვის მაღალია. ამის მიუხედავად, შაქრის იმპორტმა 2009 წლის IV კვარტალში, წინა წლის IV კვარტალთან შედარებით, 41%-ით დაიკლო. იმპორტის კლება, კი, "საქსტატის" ინფორმაციით, შაქრის თითქმის 50%-ით გაძვირებაში აისახა. საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ "ქართულ შაქარში".

ლაშა ისაკაძე (კომპანია "ქართული შაქრის" დირექტორის მოადგილე): "თითქმის თვეა გაჩერებული ვართ, მაგრამ ეს ბაზარს არ დატყობია, რადგან დაახლოებით 12 ათასი ტონა შაქრის მარაგი დავტოვეთ. ქარხანას მაისის მეორე ნახევრიდან ავამუშავებთ, ახალ აგრეგატებს ვამონტაჟებთ. უკრაინიდან მოდის თანამედროვე დანადგარები, ნაწილი უკვე დამონტაჟებულია. შაქრის კრისტალიზაციის საშუალება გვექნება, პროდუქციის ხარისხსაც გავზრდით და თვითღირებულების შემცირებასაც შევძლებთ. ვვარაუდობთ, რომ ტონაზე დაახლოებით 1-2 დოლარით შევამცირებთ თვითღირებულებას.

შაქარს დიდწილად მაინც ენერგომატარებლების ფასი აძვირებს. ქარხანა რუსულ გაზზე მუშაობს, რომელსაც პოლიტიკური ფასი ადევს. "ქუოლითი შუგარს" ნედლეული ბრაზილიიდან შემოაქვს, გადასამუშავებლად გვაწვდის და მზა შაქარს ისევ მას ვუბრუნებთ. შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე მთლიანად ის აკეთებს შაქრის დისტრიბუციას.

ბაზარზე მხოლოდ ჩვენ მიერ წარმოებული შაქარი იყიდება. ჩვენი გაჩერების შემდეგ, ერთი თვის წინ, ერთ-ერთმა კომპანიამ დაახლოებით 8 ათასი ტონა ბრაზილიური შაქარი შემოიტანა. რა კომპანიაა, არ ვიცი, პროდუქტი სარეალიზაციოდ სამეგრელოსა და ბათუმში შეიტანეს. იფიქრეს, რომ ჩვენი გაჩერება რეალიზაციაში დაეხმარებოდათ, კონკურენტული ფასი ექნებოდათ, მაგრამ არ გაუმართლათ.

მათ მიერ იმპორტირებული ერთი ტომარა შაქარი ჩვენს პროდუქციაზე 10 ლარით ძვირი აღმოჩნდა. რაც შეეხება იმპორტის შემცირებას, ის შაქრის სიძვირემ განაპირობა. აჟიოტაჟური ფასების გამო, როცა უცხოეთის ბირჟებზე ტონა 750 დოლარამდე გაძვირდა, იმპორტმა აზრი დაკარგა, რადგან ამისთვის დიდი ფული იყო საჭირო და საცალო ფასიც არ იყო რენტაბელური. ახლა ნედლეულის ფასი მცირდება. საერთაშორისო ბაზრის ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ფასები დაიკლებს. მოსალოდნელია, რომ შაქარი ზაფხულში კიდევ უფრო გაიაფდეს".

მანამდე კი შაქრის გაძვირება უკვე აისახა ტკბილეულის ფასებზე, რომელიც საქართველოში იწარმოება. წლეულს დაახლოებით ორი ლარით ძვირი ღირდა ქარხნული პასკა, რაც საცხობებმა შაქრის გაძვირებით ახსნეს. ამავე მიზეზით წლეულს პასკის გამოცხობა გადაიფიქრა კომპანია "ნიკორამ", რომელიც 25-მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. პროდუქტი გააძვირეს საკონდიტროებმაც. სწორედ შაქრის ფასის გამო ნაყინს 5 თეთრით აძვირებს კომპანია "აისიც"...

ნონა ქვლივიძე