4 მილიონი ონლაინსესხი 3,7-მილიონიან ქვეყანაში(!) - კვირის პალიტრა

4 მილიონი ონლაინსესხი 3,7-მილიონიან ქვეყანაში(!)

ზოგ შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 700%-საც კი აღწევს

ბოლო 2 წელიწადში საქართველოში ონლაინსესხების გამცემი კომპანიები თვალში საცემად მომრავლდა. რადგან ამ სფეროს არავინ აკონტროლებს და მათზე არც რამე სახის რეგულაციები მოქმედებს, სესხის გაცემის პირობებსაც თავად აწესებენ და ზოგ შემთხვევაში, მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი 700%-საც კი აღწევს. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, ვისაც საბანკო სესხზე ხელი არ მიუწვდება, სწრაფად და ადვილად ფულის მიღების შესაძლებლობა დიდი ცდუნებაა. ამიტომაც არის, რომ დღეს, "კრედიტინფოს" მონაცემებით, 4 მილიონი ასეთი სესხია გაცემული - ქვეყანაში, სადაც, ბოლო აღწერის თანახმად, 3 720 000 კაცი ცხოვრობს. ცხადია, მათ შორის მხოლოდ ნაწილია ზრდასრული და ისიც გასათვალისწინებელია, რომ 65 წელს ზემოთ მოქალაქეებზე ონლაინსესხს კომპანიების უმეტესობა არ გასცემს...

ანი ალიბეგაშვილი, "საზოგადოება და ბანკების" ფინანსური ანალიტიკოსი: "ბოლო 2 წელიწადია ონლაინსესხების კომპანიები ძალიან გააქტიურდნენ. ძირითადად, სწრაფ სესხებს გასცემენ, რადგან ბაზარზე იყო ასეთი მოთხოვნა და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მათ ლომბარდების ბიზნესი ჩაანაცვლეს. ლომბარდებში თუ სესხის უზრუნველყოფის წარდგენაა აუცილებელი, რომლის შეფასების საფუძველზე გასცემენ მომხმარებელზე თანხას, ონლაინსაკრედიტო კომპანიებმა მცირე თანხების გაცემა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე დაიწყეს და თანაც მოკლე ვადებში.

აქ მთავარი ის არის, რომ, როგორც წესი, მომხმარებელი არ არის სრულად ინფორმირებული, რა პირობებით სთავაზობენ სწრაფ სესხს და შესაბამისად, სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მაგალითად, მომხმარებელთა უმეტესობა მხოლოდ იმ ერთ გარემოებას განიხილავს, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში ისარგებლებს ონლაინსესხით, მას საპროცენტო სარგოს გადახდა არ დაეკისრება, მაგრამ არავინ უფიქრდება, რომ თუ ერთ თვეში სესხს ვერ დაფარავს, ასეთ შემთხვევაში რა ვალდებულებები დაეკისრება. არც ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას მომხმარებელს, რამდენია ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი, სესხის მომსახურების, გადავადების საკომისიო და აშ. შესაბამისად, რაღაც დროის გასვლის შემდეგ მომხმარებელი ფინანსურ ჩიხში მოექცევა.

ონლაინსესხებით, ძირითადად, სარგებლობენ დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, ვინც საკუთარი შემოსავლით ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს. ძნელია მათთვის რჩევის მიცემა, რომ ასეთი სესხებით არ ისარგებლონ, თუმცა უნდა ავუხსნათ, რა რისკები ახლავს ამ ყველაფერს.

პირველ რიგში, მომხმარებელმა უნდა გათვალოს სესხის მიზნობრიობა და აუცილებლად გაითვალისწინოს ყველა ხარჯი, რომლის გადახდაც მოუწევს სესხის აღებისა და მისი დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში. შემდეგ უნდა განსაზღვროს, რამდენად უღირს დღეს კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ფარული ხარჯის სანაცვლოდ, რაც სესხის აღების შემთხვევაში ექნება გასაწევი. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი, რის გათვალისწინებასაც ვურჩევთ მომხმარებელს ახალი ფინანსური ტვირთის დამატებამდე, რადგან

ხშირად ონლაინსასესხო ორგანიზაციებს ისინი მიმართავენ, ვისაც უკვე აქვს ბანკის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი.

ამ შემთხვევაში ონლაინსესხი მათთვის ფულის სესხების დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. თუ მაინც გადავწყვიტეთ ასეთი სესხით სარგებლობა, ყოველთვის ჯობია, დროულად დავფაროთ ვალდებულებები. პრობლემა თუ მაინც შეგვექმნა, საწყის ეტაპზევე მოვაგვაროთ მათთან ურთიერთობა - როცა ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციაში სესხი პრობლემური ხდება, ბანკებისგან განსხვავებით, სესხი არ გადაეცემა რისკების ან პრობლემური სესხების სამსახურს, არამედ საქმეში მესამე პირი ერთვება. ამ საქმისთვის ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები სესხის ამომღებ კომპანიებს ქირაობენ. მინახავს მომხმარებელსა და ონლაინსასესხო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ კომპანიას უფლება აქვს, გადასცეს მესამე პირს ინფორმაცია მათი კლიენტების შესახებ. ანუ, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში გაწერილია და ამიტომაც არის აუცილებელი მისი გაცნობა, სანამ ხელს მოვაწერდეთ.

პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების ერთადერთი ინტერესია, რაც შეიძლება ნაკლებ დროში მეტი თანხა ამოიღონ, რადგან მათი შემოსავალი სწორედ ამოღებული თანხის სანაცვლოდ მიღებული საკომისიოა. ხშირად გვესმის, რომ უკეთესია საქმე სასამართლომდე მივიდეს, რადგან ეს უკანასკნელი გაითვალისწინებს მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას და მას ჯარიმა-საურავებს ჩამოაწერს. თუმცა, თუ ონლაინსესხების გამცემი კომპანია დათმობაზე მიდის და საკმაოდ მაღალ შეღავათებს უკეთებს მსესხებელს, რა თქმა უნდა, უკეთესია, მათ მოველაპარაკოთ და არ დაველოდოთ კიდევ რაღაც პერიოდს, რა დროსაც სესხს, შესაძლოა, კიდევ დაერიცხოს ჯარიმები და თანხა გაიზარდოს, რის შემდეგაც აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს. არავითარ შემთხვევაში მომხმარებელი არ უნდა დაიმალოს და მზად იყოს თანამშრომლობისთვის ონლაინსაკრედიტო თუ მათ მიერ სესხის ამოსაღებად დაქირავებულ კომპანიასთან.

ამ კომპანიების ბიზნესსაქმიანობა არ რეგულირდება, ისინი ჩვეულებრივი შპს-ები არიან და საქმიანობის დასაწყებად არც რამე ლიცენზიის მიღება სჭირდებათ. შესაბამისად, თუ მათ პირობებს ვთანხმდებით, ეს ორი სუბიექტის გარიგებას ჰგავს. მაგალითად, მე შემიძლია 1 000 ლარი გასესხოთ და მოგთხოვოთ, რომ 2 თვეში სანაცვლოდ 2 000 ლარი დამიბრუნოთ. თქვენ არ უნდა იტვირთოთ ასეთი ვალდებულება, რადგან იურიდიულად უპირატეს მდგომარეობაში ყოველთვის გამსესხებელი იქნება და არა მომხმარებელი. შესაბამისად, ეს უფრო სოციალური პრობლემაა, ვიდრე ეკონომიკური.

ეს ბიზნესი რომ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, ამაზე ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რეკომენდაციებიც მოამზადა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების დაცვაც. სამწუხაროდ, მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე იმდენად დაბალია და შესაბამისად, მსესხებელი დაუცველი, რომ განსაზღვრული პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ და რეგულაციები დავაწესოთ. მაგალითად, კომპანიებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ მსესხებლის საკრედიტო ისტორია და გადახდისუნარიანობა, უნდა შეიზღუდოს ერთ პირზე გაცემული პარალელური სესხები შემოსავლის გათვალისწინებით, ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული სესხის შეთავაზებისას, უნდა გაუმჯობესდეს სესხის რესტრუქტურიზაციის პირობები და 22 წლამდე ახალგაზრდას არ უნდა შეეძლოს ამ ტიპის სესხებით სარგებლობა.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები თანამშრომლობენ "კრედიტინფოსთან" და ბოლო მონაცემებით, აქ ონლაინსესხების მოთხოვნის 4 მილიონი ჩანაწერი აღირიცხა. მათ შორის ვადაგადაცილებულია 300-დან 400 ათასამდე. მართალია, კომერციული ბანკები არ აღიარებენ, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, სარგებლობს თუ არა ადამიანი ონლაინსესხებით. ეს ირიბად მიანიშნებს, რომ მას კომერციული ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა არა აქვს. ონლაინსესხით სარგებლობა აღიქმება ერთგვარ გამოუვალ მდგომარეობად და ბანკისთვის მაღალ რისკად. მოკლედ, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციის მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ვალდებულებები "კრედიტინფოში" აღირიცხება და ამან, შესაძლოა, შემდგომში ბანკთან ურთიერთობაშიც პრობლემები შეუქმნას".

ნუ დარეკავ საღამოს

აშშ-ის მხოლოდ 9 შტატში არსებობს ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები, ხოლო 14-ში აკრძალულია. ასეთ ორგანიზაციებს სახელმწიფო ლიცენზირებაც სჭირდებათ. არიზონის შტატში დაწესებულია მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%. თუ დადგინდა მსესხებლის კრედიტუუნარობა, მას ავტომატურად ეძლევა 130-დღიანი დაფარვის გრაფიკი, პროცენტებისა და ჯარიმების დარიცხვის გარეშე. გრაფიკის დაწესების შემდეგ კრედიტორს ეკრძალება მსესხებელთან დაკავშირება საღამოს 8 საათზე გვიან, საუბრის დროს არანორმირებული ლექსიკისა და მცდარი ინფორმაციის გამოყენება, ასევე მუქარა სასამართლოში ჩივილით, თუ ამის გაკეთება ნამდვილად გადაწყვეტილი არა აქვს.