რა შემთხვევაში გაიზრდებაგაზის ტარიფი სოფლად და ქალაქად
24-10-2016
რა შემთხვევაში გაიზრდებაგაზის ტარიფი სოფლად და ქალაქად
შესაძლოა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნა "სოკარ ჯორჯია გაზმა" დააყენოს, რაც რეგიონების მოსახლეობისთვის გაზის გადასახადის ზრდას გამოიწვევს

მას შემდეგ, რაც ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,4 ნიშნულს მიუახლოვდა, სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა - ხომ არ მოითხოვენ ენერგოკომპანიები სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას, როგორც ეს გასული წლის ზაფხულში მოხდა?

ენერგეტიკოსების შეფასებით, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის გადახედვის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,5-ლარიან ნიშნულს მიაღწევს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ტარიფები
მხოლოდ წლეულს 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს და წლის ბოლოს სემეკ-ს მათი გადახედვა მოუწევს. სწორედ ამ დროისთვის არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ტარიფის გაზრდის მოთხოვნა "სოკარ ჯორჯია გაზმა" დააყენოს, რაც რეგიონების მოსახლეობისთვის გაზის გადასახადის ზრდას გამოიწვევს.

საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რომელიც საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროგრამის გაგრძელებას
ითვალისწინებს, კომპანია "სოკარმა" გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში 2017 წლის ბოლომდე კიდევ 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირება უნდა მოახდინოს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს შესაძლებლობა ექნება, ბუნებრივი აირით ისარგებლოს. გაზიფიცირება მნიშვნელოვან მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს. ენერგეტიკოსების პროგნოზით, სწორედ გაზიფიცირების ქსელის მოწყობისთვის გაღებული ინვესტიცია შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ "სოკარ გაზმა" ტარიფის გაზრდა მოითხოვოს.

როგორც "სოკარ ჯორჯია გაზში" ამბობენ, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხს კომპანიაში ამ ეტაპზე არ განიხილავენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საინვესტიციო გეგმის მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე კომპანიამ 250 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ "ყაზტრანსგაზ თბილისს" "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ყიდულობს. ასეთ შემთხვევაში, კომპანიის ახალ მფლობელსაც მოუწევს ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის გაღება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში, შესაძლოა, თბილისის აბონენტებისთვისაც დადგეს.

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "კომპანიამ თუ ინვესტიცია ჩადო, გაზმომარაგების ქსელი განავითარა, მომსახურების ხარისხი გაზარდა და მოსახლეობის გაზმომარაგება უწყვეტია, რასაკვირველია, მოითხოვს მისი დანახარჯების ტარიფში ასახვას. ეს ყველაფერი ნამდვილად არის საფუძველი, რომ სემეკ-მა ამ საკითხზე იმსჯელოს. თუმცა გათვალისწინებული იქნება ბევრი დეტალი, მაგალითად, რამდენად დიდია ჩადებული ინვესტიცია იმ მოგებასთან შედარებით, რომელსაც კომპანია ახალი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლისგან მიიღებს.
რაც შეეხება "ყაზტრანსგაზს", მისი მფლობელის შეცვლა ჯერჯერობით საჯარო რეესტრში არ ასახულა, მაგრამ ამაზე ლაპარაკია არა მხოლოდ კულუარულად, არამედ სამთავრობო წრეებშიც, რომ მისი მფლობელი, ფაქტობრივად, უკვე არის "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი". თუმცა ოფიციალური დოკუმენტი, რომ კომპანიის მფლობელი შეიცვალა, ჯერ არა გვაქვს. "ყაზტრანსგაზის" ახალ მფლობელსაც მოუწევს თბილისის მასშტაბით გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის გამართვა. ქსელი მოსაწესრიგებელია. გახსოვთ, ალბათ, ოდორანტთან დაკავშირებული ამბავი, როცა ქალაქში დატრიალებულმა "გაზის სუნმა" აშკარად დაგვანახა ამის საჭიროება. ბუნებრივი აირის დანაკარგების შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია. დღეს თუ არა ხვალ, სემეკი მოსთხოვს კომპანიას დღეს არსებული დანაკარგების 9%-დან 6%-მდე შემცირებას, ამას კი ინვესტიციების ჩადება სჭირდება. შესაბამისად,
არ არის გამორიცხული, ტარიფის გადახედვის საკითხი "ყაზტრანსგაზმაც" წამოჭრას. სხვა საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე მარეგულირებელი კომისია, რამდენად მართებულად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კომპანიების მიერ ჩადებული ინვესტიცია ტარიფში ასახოს".
29 ოქტომბერი 2016 12:32
ვაი თქვენს პატრონს ,საცოდავი ხალხის კისერზე რომ ცდილობთ ყველანაირი ხარჯის გადაფარვას,უნამუსოები,არ შეგრჩებათ...

რედაქტორის რჩევით