გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა?! - კვირის პალიტრა

გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა?!

როგორ შეუძლია სახელმწიფოს დაეხმაროს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ლარის კურსის ვარდნის გამო კრედიტები გაუძვირდათ

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარებში გამოსახული დოლარის ღირებულება დაახლოებით 15 თეთრით გაიზარდა. როცა ლარის კურსი ეცემა, მოსახლეობას, ძირითადად, ორი საკითხი აწუხებს: ფასების ზრდა და დოლარში აღებული ვალის გასტუმრება. რაც შეეხება პირველს, სტატისტიკა გვეუბნება, რომ, მაგალითად, ოქტომბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფასების საერთო დონე არათუ არ გაზრდილა, პირიქით, 0,2%-ით შემცირდა. რაც შეეხება დოლარში აღებული საბანკო კრედიტების მომსახურებას, ამ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა არ სჭირდება იმის გამოთვლას, რომ თუ ორიოდე წლის წინ 100 დოლარის შესაძენად 177 ლარი გვჭირდებოდა, დღეს იმავე 100 დოლარისთვის (ოფიციალური გაცვლითი კურსით) 244 ლარია საჭირო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) და მთავრობა თავს არიდებენ ფულის მასის შეკვეცასა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ეკონომიკის ზრდის ტემპზე იმოქმედებს უარყოფითად. თუმცა მოქმედებს სხვა ფაქტორებიც.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "პარლამენტის მიერ დამტკიცებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, საქართველოში წლიურ მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული. წლის ბოლომდე ორიოდე თვე რჩება და ფასების საერთო დონის ზრდა, წლიურ ჭრილში, ჯერ მხოლოდ 0,5%-ის დონეზეა. გამოდის, ეროვნულ ბანკს არა აქვს ინსტიტუციური ინტერესი, რომ ფასების ზრდას ხელი შეუშალოს და შესაბამისად, ამისთვის ვერც პასუხს მოვთხოვთ... ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ასევე პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,40 ლარის ფარგლებშია გათვალისწინებული. მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ბიუჯეტში გათვალისწინებულზე გაცილებით დაბალი იყო - 2,30 ლარის ფარგლებში, ამიტომ ხელისუფლებასაც ინსტიტუციურად აწყობს ლარის ერთგვარი გაუფასურება, რადგან ბიუჯეტის სახსრების მობილიზება უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება და აღებული ვალდებულებების გასტუმრებისთვის უფრო მეტი დამატებითი რესურსი იქმნება. ასე რომ, გამოდის, ქვეყანაში გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა გვაქვს.

მოსახლეობას აქვს ერთგვარი სინდრომი და ისტორიულად ქცეული მეხსიერება იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას თან მოჰყვება მაღალი ინფლაცია. ეს არის 90-იანი წლების სინდრომი, რომლისგანაც ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა და ამ მიზეზითაც არის, რომ ასე მტკივნეულად განიცდის ლარის ვარდნას. ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ საქართველოს შიდასამომხმარებლო ბაზრის დაახლოებით 70% იმპორტზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში ლარის დევალვაცია დოლარის მიმართ ქმნის ფასების შემდგომი გაზრდისთვის ნოყიერ ნიადაგს, რაც პირდაპირ დაარტყამს მოსახლეობის ინტერესებს. მაგრამ არის კიდევ მთავარი და მუდამ მოქმედი "დამრტყმელი" ძალა ამ შემთხვევაში და ეს გახლავთ დოლარში აღებული კრედიტების გაძვირება.

მოგეხსენებათ, დოლარში კრედიტების დიდი ნაწილია გაცემული, ხოლო შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოსახლეობას ლარში აქვს. უცვლელი საკრედიტო განაკვეთის პირობებშიც კი, ლარის კურსის ვარდნის გამო, დოლარში აღებული კრედიტის მომსახურება სულ უფრო ძვირდება. მაგრამ გაძვირება ინფლაციის მაჩვენებელში არ აისახება.

ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ფასები არ იზრდება, მაგრამ არ იზრდება იმიტომაც, რომ მოსახლეობის შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი იხარჯება არა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის შესაძენად, არამედ საბანკო სესხების მომსახურებისთვის, რის გამოც სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების შესაძენად ადამიანებს სულ უფრო ნაკლები თანხა რჩებათ. ეკონომიკის კანონია, რომ თუ ბაზარზე მოთხოვნა მცირდება, ეს ხელს უწყობს ფასების სტაბილურობას ან, შესაძლოა, ფასების საერთო დონე შემცირდეს კიდეც... ეს ძალიან ჰგავს იმ მდგომარეობას, როცა ადამიანის ორგანიზმს დაავადებასთან გამკლავების უნარი აღარ აქვს და ცხადია, რომ კრიზისის ელემენტები გაჩნდა არა მხოლოდ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, არამედ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის, კეთილდღეობაზეც აისახა. ასეთ პირობებში იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვთ, ყოფის შემსუბუქება, შესაბამისი ხელშემწყობი რეჟიმისა და ბერკეტის ამოქმედება მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი რესურსი კი დოლარში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტურია. ასეთ პირობებში რამე მანევრების შესაძლებლობა სახელმწიფოს, პრაქტიკულად, არა აქვს, თუმცა შეუძლია ეროვნულ ბანკთან ერთობლივი ძალისხმევით განსაზღვრული სამუშაოს ჩატარება. მაგალითად, შეუზღუდოს ბანკებს არაპროფილური საქმიანობა, შეღავათები დაუწესოს იმ ბიზნესს, ვინც მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. პირდაპირი ბერკეტების გამოყენება საბანკო საქმიანობაში აკრძალვების, დირექტივების სახით, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგულ სახელმწიფოს არ შეშვენის და არც ამის უფლება და შესაძლებლობა აქვს, თუმცა არაპირდაპირ შესაძლებელია სხვადასხვა მექანიზმის გამოყენება. ამ შემთხვევაში იზრდება ეროვნული ბანკის როლი, მათ შორის, განმარტებითი მუშაობით, მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მან, ფაქტობრივად, მეხანძრის როლი უნდა შეასრულოს და მოსახლეობაში მღელვარება ჩააქროს... ძველი ისტორიაა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის კარგი მაგალითი იქნება: 1970 წელს, როცა ქოლერის ეპიდემია იყო მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის, საქართველოში, მოსახლეობის დამშვიდებაში, მათთვის სწორი ინფორმაციისა და რჩევების მიწოდებაში დიდი როლი შეასრულა ვახტანგ ბოჭორიშვილმა - დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა მასმედიის საშუალებებით და ახსნა-განმარტებებს, რჩევებს აძლევდა ხალხს. ამან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვა და შედარებით ნაკლები მსხვერპლითა და დანაკარგით გამოვედით იმ მდგომარეობიდან.

სხვა მაგალითიც, ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით და მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდონ დეპოზიტებზე ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაპირებებს. ამგვარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით საფინანსო-საბანკო სფეროში, ეროვნულმა ბანკმა სისტემატურად უნდა გამოავლინოს. ასეთ პირობებში შესაძლებელი იქნება უფრო პროგნოზირებად კალაპოტში პროცესების წარმართვა".