თავის გასატეხი პირგასამტეხლო
14-11-2016
თავის გასატეხი პირგასამტეხლო
"სითი პარკი" არის მარტო ჯარიმაზე ორიენტირებული კომპანია. არადა, იდეა იყო პარკინგის სისტემის მოწესრიგება"

რამდენიმე დღეში თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოში შევა. საკრებულოს ორი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი მერიისგან მოითხოვენ, გაწყვიტოს ხელშეკრულება "სითი პარკთან", პირგასამტეხლოს თანხა - 25 მილიონი ლარი აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში და 1 წლის განმავლობაში მერიამ თავად მართოს ქალაქში პარკირების სისტემა. პარადოქსია, რომ კომპანია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები კეზერაშვილის ბიზნესს უწოდებდნენ და მის ლობირებაში თბილისის
ყოფილ მერს, გიგი უგულავას სდებდნენ ბრალს, დღესაც ბაზარზე ოპერირებს, ხოლო თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატების წინადადებას უპასუხისმგებლოსა და გაუაზრებელს უწოდებს.

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი: "გახსოვთ ალბათ, 2014 წლის 22 აგვისტოს, როცა ახალარჩეული მერი იყო ნარმანია, მუშტი უბრახუნა "სითი პარკის" მენეჯმენტს: უპასუხისმგებლოები ხართ, არ იცით,
რამდენი ინვესტიცია ჩადეთ, კაპიკი არ დაგიხარჯავთ და თქვენთან კონტრაქტი უნდა გავწყვიტოო". მისი განცხადებები მთელი დასტა მაქვს, რას ამბობდა "სითი პარკის" წინააღმდეგ. არ ვიცი, რა მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ როცა ვკითხავდით რამეს, ხან გვეუბნებოდა, რომ შეუკვეთეს "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების კვლევა, ხანაც პროკურატურაში გადავგზავნეთ მასალები, "სითი პარკს" წარვუდგინეთ 4 მოთხოვნაო და ა.შ. ამასობაში ეს 2 წელიც გავიდა. ახლა, როცა თბილისის ბიუჯეტის პროექტი დგება, საჭიროა "სითი პარკთან" დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რადგან რამდენიც უნდა ილაპარაკო, გადაწყვეტილებებს თუ აღსრულებისთვის ფული არ ახლავს, არაფერი გამოვა.

გამოვითხოვეთ ინფორმაცია მერიის საფინანსო სამსახურიდან და აღმოჩნდა, რომ 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის 18 ოქტომბრამდე, "სითი პარკმა" თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან, ჯარიმების და პარკირების საფასურის სახით, ჯამში 63 მილიონი ლარი ამოიღო. აქედან 43 მილიონი თვითონ წაიღო, ხოლო თბილისის ბიუჯეტის ანგარიშზე 18 მილიონი ლარი ჩარიცხა. "სითი პარკს" არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულითა და ევაკუატორებისთვის საწვავით.

ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, "სითი პარკთან" გაწყვიტოს კონტრაქტი, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი კი 2017 წლის ბიუჯეტში ასახოს. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას 1 წლის განმავლობაში.
შემდეგ შესაძლოა ეს ვადა გახანგრძლივდეს ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული ფული კი პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას უნდა მოხმარდეს. თუ არ გადავწყვეტთ ამ საკითხს, "სითი პარკს" 2025 წლამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი და დღევანდელი დინამიკით, ხომ წარმოგიდგენიათ, პარკინგის თვალსაზრისით იმ დროისთვის რა ვითარება იქნება.

ამ 2 წელიწადში, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ "სითი პარკის" საქმე ზემოთ გადაწყდა. მიდგა-მოდგა კომპანიის მენეჯმენტი და რაღაც მოძებნეს ეტყობა მაღლა, სადაც ამგვარ გადაწყვეტილებებს­ იღებენ. შესაბამისად, ისევ მოსახლეობა ზარალდება. "სითი პარკი" არის მარტო ჯარიმაზე ორიენტირებული კომპანია. არადა, იდეა იყო პარკინგის სისტემის მოწესრიგება. ერთი ავტომობილის სადგომი მაინც მითხარით, რომელიც შექმნა ან ააშენა "სითი პარკმა" 2007 წლიდან 2016 წლამდე. როცა 1,5-მილიონიან ქალაქში მონოპოლიას აძლევ რომელიმე კომპანიას, პირობა ხომ უნდა იყოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? ახლა კი შედეგად გვაქვს კონტრაქტი, რომელიც სამჯერ შეიცვალა და სადაც წერია, რომ კომპანიას არანაირი ვალდებულება არა აქვს. უბრალოდ, ჯარიმა უნდა ამოიღოს, საიდანაც ნაწილი მერიას უნდა მისცეს, ნაწილი კი დაიტოვოს. სხვათა შორის, უგულავასთვის წარდგენილი ერთ-ერთი ბრალი იყო კორუფციული სქემის აწყობა "სითი პარკთან", რაც შემდეგ პროკურატურამ "მიფარცხა". ამ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე კორუფციულ გარიგებაში იყო ქალაქის მაშინდელ მერთან, "სითი პარკს" უკაპიკოდ გაუშვებდნენ.".

არჩილ კაიკაციშვილი, "ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძნებელი­ და ხელმძღვანელი: "სითი პარკი" უკვე საზოგადოებრივ პრობლემად იქცა.
თითოეულ მოქალაქეს უჩნდება სამართლიანი და საფუძვლიანი განცდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხა ქალაქში პარკირების სისტემის მოწყობას არ ხმარდება, რაც კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გაწერილი.

რაც შეეხება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას, აქ მოცემული მე-12 მუხლის მეორე პუნქტი ნამდვილად კაბალურია და მხოლოდ კომპანიის ინტერესებს არის მორგებული. მოცემული ვარიანტის თანახმად, თუ ხელშეკრულება შეწყდება ამოქმედებიდან 4 წლის შემდგომ (ბუნებრივია, ეს 4 წელი გასულია, რადგან ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა), მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს შეწყვეტის ხარჯები აუნაზღაუროს. ის უდრის ბოლო 12 თვის განმავლობაში მეიჯარის მომსახურებიდან მიღებულ საშუალო თვიურ შემოსავალს, გაყოფილს ორზე და გამრავლებულს ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. ეს თანხა კი 25 მილიონ ლარზე გაცილებით მეტია.

პოლიტიკური ნება მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან პროკურატურაშიც არის გადაგზავნილი "სითი პარკის" საქმე. წარმოუდგენელია, დედაქალაქში პარკირების თვალსაზრისით არსებული ვითარება 2025 წლამდე შენარჩუნდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მერიამ მოგვაწოდა, ცალკეული­ მუხლები ცარიელია, იქ ტექსტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეკითხვა­ გაგვიჩნდა,­ მაგრამ პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ თბილისის მერიას. ჩვენი ვარაუდით, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ე.წ. ჩრდილოვანი ხელშეკრულება, რომელიც შეიცვლებოდა იმ გარემოებების მიხედვით, რომლებიც მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების ინტერესებს იქნებოდა მორგებული".

ლევან ტაბიძე, კომპანია "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: "საკრებულოს დეპუტატების მოყვანილი ციფრები რეალობასთან მიახლოებულიც არ არის. კონტრაქტში დეტალურად არის გაწერილი, შემოსავლის რა ნაწილი ერიცხება თბილისის მერიის ბიუჯეტს და რა კომპანიას. გადახდილი ჯარიმის თანხა ხვდება ხაზინის ანგარიშზე და შემდეგ ნაწილი "სითი პარკს" ერიცხება. შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ვთქვათ, მეტი თანხის დატოვება, ვიდრე "სითი პარკს" ეკუთვნის კონტრაქტით და თბილისის მერიისთვის ნაკლების გადარიცხვა. პარკირების საფასურის შემთხვევაში კი თანხა კომპანიის ანგარიშზე შემოდის, თუმცა მერიას წვდომა აქვს და ზუსტად ხედავს, რა თანხა სად და როდის ირიცხება. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ რატომ გაიმარჯვა თავიდან კომპანია "სითი პარკმა" ტენდერში. მან ორი პირობით აჯობა სხვა კონკურენტებს და თუ არ ვცდები, ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ერთი იყო ყველაზე დიდი გადასახადი თბილისის ბიუჯეტისთვის (60%), დანარჩენები ნაკლებს­ სთავაზობდნენ მერიას, აგრეთვე კომპანიის გამოცდილება.

დღეს პარკირების გადასახადი საათში შეადგენს 0,5 თეთრს, ეს 24 საათში 12 თეთრია. შესაბამისად, ამ გადასახადის პირობებში მერია ვერც ერთ კომპანიას ვერ დაავალდებულებდა და არც რომელიმე კომპანია იკისრებდა ვალდებულებას, მიწისქვეშა ან მიწისზედა პარკირების ადგილები აეშენებინა. კარგი, ვთქვათ, არ აშენებს "სითი პარკი", არ არის მისი ვალდებულება, არ აშენებს მერიაც. რატომ არ გვიჩნდება შეკითხვა - რატომ არავინ ინტერესდება აშენებით? ეს ხომ მომგებიანია, ხომ ყველა გააჩერებს ავტომობილს, თუ იქნება მიწისქვეშა და მიწისზედა ადგილები. რატომ არ შენდება ასეთი პარკირებები? ჩემი დაკვირვებით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თუკი ისინი აშენდება, უნდა აშენდეს იქ, სადაც მჭიდრო ურბანული განაშენიანებაა, მაგალითად ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, სადაც საკმაოდ ძვირია ადგილი და ადგილის შოვნა. და აშენების შემთხვევაშიც პარკირების გადასახადი იქნება საკმაოდ დიდი. ჩემი აზრით, შესაძლოა ბევრმა ვერ შეძლოს ამ თანხის გადახდა და ეს ბიზნესი არ იყოს მომგებიანი.

რაც შეეხება "სტაიანშჩიკებს", მართალია, ჩვენ პარკირების ადგილებზე სპეციალურ ნიშნებს ვამონტაჟებთ და მოხაზვასაც ვახდენთ, თუმცა ეს ადგილები არის არა "სითი პარკის", არამედ თბილისის მერიის საკუთრება. ესეც რომ არა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "სითი პარკს" უბრალოდ ბერკეტი არა აქვს, რომ ამ ადამიანებს დგომა დაუშალოს. "სტაიანშჩიკები" კომპანიისთვისაც პრობლემაა და მეტსაც გეტყვით - თანხა, რომელიც ამ ადამიანების ჯიბეში ილექება, ალბათ ორჯერ მეტია, ვიდრე "სითი პარკის" შემოსავალი.

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით