ტრამპი ეკონომიკის "მოხვეულში"
14-11-2016
ტრამპი ეკონომიკის "მოხვეულში"
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ცვლილებები მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში

რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკაში ახალი პრეზიდენტის პირობებში და როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე? მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების დღეს დოლარის კურსი დაეცა და საფონდო ბაზრების ინდექსებმა ვარდნა დაიწყოს, გაჩნდა მოლოდინი, რომ ტრამპი, აწ უკვე პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ გლობალურ ეკონომიკურ რეალობას შეცვლის.

ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 5-6% უკავია. ამერიკული
ფულით, გრანტებისა და კრედიტების სახით, საქართველოში არაერთი პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამერიკაში 100 ათასამდე ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის ნაწილი არალეგალურად და თუ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირებებს აასრულებს, შედეგები შესაძლოა ჩვენც მოგვწვდეს.

პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს" პრეზიდენტი: "ამერიკული დოლარის გაუფასურება
ევროს მიმართ დროებითი მოვლენა იყო, ისევე როგორც საფონდო ბაზრების მაჩვენებლების ვარდნა, ის მალევე დასტაბილურდა, შემდეგ გაიზარდა და რეკორდულ პიკსაც მიაღწია.
ლარის ვარდნა კი არ არის დამოკიდებული უშუალოდ ამერიკულ პროცესებზე, ეს ადგილობრივი პოლიტიკის ხარვეზების ბრალია, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ამერიკაში განვითარებულმა მოვლენებმა - ერთ მომენტში დოლარის გაუფასურების მიუხედავად, ლარმა დაცემა განაგრძო.

დონალდ ტრამპი არჩევნების წინ ამომრჩევლებს დაჰპირდა ვითარების ამერიკელების სასარგებლოდ შემოტრიალებას. დაპირებები ხშირად არ სრულდება, თუმცა ტრამპი პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, სადაც ტყუილი დაპირებები არ სჩვევიათ. ცხადია, დაპირებების შესრულება მხოლოდ მასზე არ იქნება დამოკიდებული, თუმცა ნამდვილად ღირს, განვიხილოთ იმ ადამიანის დანაპირები, ვისი გაპრეზიდენტების ბევრს არ სჯეროდა.

ტრამპი დაჰპირდა ხალხს, რომ ბიუროკრატიას შეამცირებს და გამოთავისუფლებულ ფულს სამუშაო ადგილების შექმნას მოახმარს. გადაწყვეტილი აქვს, შეზღუდოს აშშ-ში ლობისტური კომპანიების საქმიანობა და მათ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აუკრძალოს. ტრამპი ამბობს, რომ გადასახედია სავაჭრო ურთიერთობები სხვა­დასხვა ქვეყანასთან, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს შიდა ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნას. მას უნდა, გააუქმოს შეზღუდვები აშშ-ში ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, არ სურს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსება და უფრო მომთხოვნი იქნება უცხოელი პარტნიორების მიმართ. ტრამპს არ უნდა, რომ ამერიკაში თავისუფლად შემოდიოდნენ იმ ქვეყნების მცხოვრებლები, სადაც კონფლიქტური ვითარებაა და სურს, ქვეყანა დაატოვებინოს არალეგალურ კრიმინალებს (და არა ყველა არალეგალს, როგორც ადრე იყო გაცხადებული). ყველაზე რეალისტური გადაწყვეტილება, რომელსაც, ვფიქრობ, არ შეეწინააღმდეგება არც კონგრესი და არც სენატი, ის იქნება, რომ ხალხი, ვინც ამერიკაში მუშაობს და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას შეძლებს, განსაზღვრულ სტატუსს მიიღებს. რა თქმა უნდა, არა მოქალაქისას, არამედ მუშაობის უფლებას და შესაბამისად, ამერიკაში მუშაობას განაგრძობენ.

პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ტრამპი აპირებს, მოგების გადასახადი 35%-დან 15%-მდე შეამციროს. მისი აზრით, ეს ამერიკაში დააბრუნებს ინვესტორებს, მათ შორის ამერიკელებსაც. ძნელია თქმა, გადასახადის შემცირების გამო გადაიტანენ თუ არა ქარხნებსა და წარმოებებს ინვესტორები ჩინეთიდან ამერიკაში, მაგრამ ახალ საწარმოებს რომ ამერიკაში გახსნიან და ამისთვის ჩინეთს აღარ მიაშურებენ, ამის ალბათობა უფრო დიდია.

გარდა ამისა, ტრამპის სურვილია, განათლებასა და ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა არ დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. შეეცდება კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომ ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვასა და მოვლაზე დასაქმებულებმა საშემოსავლო შეღავათით ისარგებლონ".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ბოლო ათწლეულებში ამერიკაში ფულის დიდი საპნის ბუშტი კეთდებოდა, რეალური სექტორი კი სხვა ქვეყნებში ინაცვლებდა. ამან დასაქმების პრობლემები გამოიწვია, გაჩნდა დეპრესიული რეგიონები. ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ჩინურ პროდუქციაზე 45%-იანი გადასახადის დაწესებაა.

დღეს, როცა ეკონომიკა გლობალიზებულია, ასეთი დიდი ბაზრის შეცვლა და ნაციონალური ეკონომიკის სექტორზე ორიენტაციის აღება, მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურასაც შეცვლის.

საქართველოზე ეს პროცესები დიდ გავლენას ალბათ არ მოახდენს. თუმცა, მოსალოდნელი დივიდენდები ევროკავშირში ინტეგრაციისგან, შესაძლოა აღარ იყოს იმდენად საინტერესო. ამერიკის ბაზარი თუ ჩაკეტვისკენ წავა, ეს ძლიერად დაარტყამს ევროპას, გამოიწვევს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების მეტად დაძაბვას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უძლიერესი რყევები იმ ეკონომიკურ სისტემაში, რომელშიც ბოლო ათწლეულებია ვცხოვრობთ.

ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, ეს ყველაფერი ჩვენზე ბევრად ნაკლებ გავლენას მოახდენს, ვიდრე ევროპაზე, თუმცა ბუნებრივია, რყევებს უნდა ველოდოთ".

ტრამპის "ფასი"

დონალდ ტრამპმა ბიზნესმენის კარიერა 1968 წელს ნიუ-იორკში დაიწყო მამის, ფრედ ტრამპის კომპანიაში. რამდენიმე წლის შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობისგან 40-წლიანი საგადასახადო შეღავათი მიიღო ინვესტიციების დაბანდების სანაცვლოდ. 1989 წლისთვის ტრამპს კრიზისი შეექმნა კაზინო "ტაჯ-მაჰალის" გამო, რასაც პირველი ბანკროტობა მოჰყვა. სიძნელეები 1996 წლამდე გაგრძელდა და ტრამპმა არაერთ თავის კომპანიაში დაკარგა პოზიციები. 1997-2007 წლები ბიზნესისთვის წარმატებული გამოდგა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ტრამპი პრაიმერიზშიც მონაწილეობდა. 2008 წლის კრიზისს კვლავ ბანკროტობა მოჰყვა. ტრამპის სხვადასხვა ბიზნესი სულ ექვსჯერ გამოცხადდა გაკოტრებულად 1991-2009 წლებში, თუმცა პირად ბანკროტობაზე განაცხადი არასოდეს შეუტანია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ავტორიტეტული საქმიანი გამოცემა "ფორბსი" ადგენს, დონალდ ტრამპი 324-ე ადგილს იკავებს. 2016 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, დონალდ ტრამპის ქონება (ე.წ. წმინდა აქტივები) 3,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით