ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილება კვლავ აქტუალურია?! - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ცვლილება კვლავ აქტუალურია?!

ახალი მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებული კანდიდატები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთხმად დაამტკიცეს. მათ შორის არის საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური მიმართულების რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე, ვისაც წინამორბედებისგან დაუსრულებელი საქმეების საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა ერგო.

მე-9 მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტს ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება "ქართული ოცნების" ახალი სახე, კახა კუჭავა, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გახდა. პროფესიით ეკონომისტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობის გამოცდილება აქვს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი კოვზანაძე იქნება, რომელიც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა "საპარტნიორო ფონდსა" და ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს, რომლის ფუნქციონირება საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.

ზურაბ ტყემალაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის ყოფილი თავმჯდომარე: "ახალი მოწვევის პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მუშაობა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მთელი რიგი ვალდებულებებისა, რომელიც ჩადებულია ამ ხელშეკრულებაში, სისრულეშია მოსაყვანი და დაახლოებით 70% დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ამოცანაა. ჩვენ, წინა მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა. მე ასევე გახლდით ევროპასთან ასოცირების კომიტეტის წევრი და დადებითად ვაფასებ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას არჩევას, რადგან ის მუშაობდა ევროინტეგრაციის მინისტრის აპარატში და სწორედ ამ მიმართულებებს ხელმძღვანელობდა.

მრავალი მიმდინარე საკითხია განსახილველი აღნიშნული კომიტეტის ფარგლებში, მათ შორის ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით და ფაქტობრივად, მზად არის და მხოლოდ საზოგადოებისთვის გაცნობა და განხილვა სჭირდება. მიმდინარეობდა მუშაობა კანონზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და ეს საკითხიც ბოლომდეა მისაყვანი. წინა მოწვევის პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განვიხილავდით ცვლილებებს საგადასახადო კოდექსშიც".

თამაზ მეჭიაური, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე: "ირაკლი კოვზანაძე არის საკმაოდ კვალიფიციური, გამოცდილი და კომპეტენტური კადრი. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ალბათ, მთავარი საკითხი, რომელთანაც ახალ ამპლუაში შეჭიდება მოუწევს, იქნება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც დღემდე შეჩერებულია. სხვათა შორის, ირაკლი კოვზანაძე თავად იყო იმ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა. იმედი მაქვს, რომ ახლა, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარე, შეძლებს და ბოლომდე მიიყვანს ამ საკითხს.

მმართველ გუნდს ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მას შეუძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე არა მხოლოდ ვეტოს დაძლევა, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილების დაცვა. ამას გარდა, სრულყოფას საჭიროებს კანონმდებლობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და სხვ".