რას ურჩევენ ექსპერტები მთავრობას ლარის გამყარებისთვის - კვირის პალიტრა

რას ურჩევენ ექსპერტები მთავრობას ლარის გამყარებისთვის

"თუ დროულად არ მიიღებენ საჭირო ზომებს, ის შესაძლოა საბანკო კრიზისში გადაიზარდოს, საიდანაც ეკონომიკურ კრიზისამდე ერთი ნაბიჯია"

ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ისევ 2,50 ლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აღარ ცდილობს ლარის გამყარებას ბაზარზე დოლარის გაყიდვით, მთავრობაშიც აღარ ამბობენ, რომ ლარი წონასწორული კურსის ძიებაშია. პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთავრობა ლარის დასტაბილურების გეგმაზე ალაპარაკდა, ოღონდ მას მხოლოდ მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ გაამხელს.

ლარის კურსმა, ხალხის შემდეგ, მთავრობაც შეაშფოთა. ამაზე მიანიშნებს განცხადება, სადაც ლარის გაუფასურების მიზეზებთან ერთად, მთავრობა სამოქმედო გეგმასაც ახსენებს, რომელიც "უახლოეს დღეებში" გაცხადდება. პრემიერი კი აანონსებს, რომ კურსის დასტაბილურებისთვის რეგულაციებს შეიმუშავებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ლარიზაცია-დედოლარიზაციის სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია გაწერილი. რა რეგულაციები შეიძლება დააწესოს მთავრობამ და როგორ შეიძლება ეს აისახოს ეკონომიკაზე, ისე მოქალაქეების ჯიბეზე - ამ შეკითხვით სპეციალისტებს მივმართეთ.

ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი: "ლარის მცურავი გაცვლითი კურსისთვის გამყარება-გაუფასურება ბუნებრივია, თუმცა ამ მასშტაბით გაუფასურება, რაც ბოლო დროს ხდება, უკვე სავალუტო კრიზისია და ის აუცილებლად მოითხოვს დარეგულირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიიღებენ საჭირო ზომებს, ის შესაძლოა საბანკო კრიზისში გადაიზარდოს, საიდანაც ეკონომიკურ კრიზისამდე ერთი ნაბიჯია.

ეკონომიკურ თეორიაში დამტკიცებულია, რომ თუ მოსახლეობაში არსებობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინი, ამას ნამდვილი გაუფასურება და ინფლაცია აუცილებლად მოჰყვება. მეორე მხრივ, არც ის არის სწორი, როცა მთავრობა განუწყვეტლივ აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს და მას შემდეგ, რაც ვითარება ხდება მწვავე, კრიზისულიც კი, ლართან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვითარება იმდენად მწვავეა, ხოლო საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ განცხადება მთავრობის, ფაქტობრივად, ტექნიკური სამსახურისგან მეტ დაბნეულობასა და შეკითხვებს გააჩენს. ვფიქრობ, მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის არარსებობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის სასარგებლოდ არ მუშაობს.

მოზომილი, კვალიფიციური კომენტარი ლარის გაუფასურების მიზეზებისა და აუცილებელი ღონისძიებების შესახებ უნდა კეთდებოდეს როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან - მოკლევადიანი, საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი პერიოდისთვის.

აუცილებელია სებ-ისა და მთავრობის ფუნქციების გამიჯვნა. მაგალითად, მთავრობას არ აქვს ბერკეტი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ვითარების დასტაბილურებისკენ იქნება მიმართული. როგორც წესი, მთავრობის საქმიანობა ორიენტირებულია უფრო სისტემური, გრძელვადიანი მიზეზების აღმოფხვრაზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ანტიკრიზისული გეგმა. თუმცა, მთავრობის საუკეთესო ანტიკრიზისული გეგმა სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი უმსხვილესი რეზერვი დღეს ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. მთავრობამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს და ბიუჯეტის ხარჯები საგრძნობლად შეკვეცოს.

მოკლევადიან პერიოდში ვითარების დასტაბილურება არის სებ-ის ფუნქცია. პირველ რიგში, უნდა გადაიხედოს რეფინანსირების საკითხი. ეს გახლავთ ბანკებისა და შესაბამისად, ეკონომიკის ფულით შევსების წყარო. ეკონომიკისთვის ფული ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც სისხლი - ცოცხალი ორგანიზმისთვის. განვითარებულ ქვეყნებში რეფინანსირება გამოიყენება ეკონომიკის ფულით მოსამარაგებლად, როგორც წესი, ხანგრძლივი გამოყენების პერიოდით - რეალური სექტორის განვითარებისთვის. საქართველოში კი სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს - ჩვენთან რეფინანსირება მოკლევადიანია და ბანკები ამ ფულს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად იყენებენ. ამით გამოდის, რომ სებ-ი არაპირდაპირ, მაგრამ კომერციული ბანკების გავლით ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყარო ხდება. რეფინანსირების სესხების მეორე ნაწილი კი სამომხმარებლო კრედიტების გაცემას ხმარდება, რომლებითაც მომხმარებლები ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას ყიდულობენ. ანუ, ეს ფული ისევ დოლარში კონვერტირდება და ქვეყნიდან გადის. შესაბამისად, რეფინანსირების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. არ ვამბობ, რომ სებ-მა რეფინანსირება არ უნდა მოახდინოს, არამედ სელექციური პოლიტიკა უნდა წარმართოს. უნდა გაიხსნას დაფინანსების ის არხები, რომელიც მიმართული იქნება წარმოების განვითარებისკენ, სამუშაო ადგილების შექმნისაკენ. ეროვნული ვალუტის სიმყარის საფუძველი მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა შეიძლება იყოს.

არსებითია მთავრობისა და სებ-ის ერთად გასაკეთებელი ამოცანებიც. საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ფაქტობრივად, რამდენიმე კომერციული ბანკია გაბატონებული. ყველა ოპერაციას ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით 3-4 კომერციული ბანკი ახორციელებს. მონოპოლიის არსებობაში ბანკებს ვერ დაადანაშაულებ, რადგან ისინი კომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც მოგებაზე მუშაობენ და ზოგჯერ ლარის გაუფასურებას მოგების გასაზრდელად იყენებენ. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ სრულფასოვანი ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბებას. თუ საქართველოში საფინანსო ბაზარი შეიქმნება, ის ვითარებას დააბალანსებს და გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებების წყარო გახდება. ფული რეალურ ეკონომიკაში წარიმართება და შედეგს მოიტანს. საბოლოოდ, ლარი ქვეყნის სიმდიდრემ უნდა გაამყაროს, რომლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია სრულფასოვანი საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბება".

მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ეროვნული ბანკის გადასვლა "ბაზელი III"-ის მოდელზე, რასაც 2017 წლიდან მოველი, მეწარმეებისთვის ბიზნესსესხებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის, რაც დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ლარის გრძელვადიან გამყარებას.

დღეს ბიზნესისთვის, თეორიულად, საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, პრაქტიკულად კი სესხების გაცემა ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მეტად შეზღუდულია. ერთ-ერთი მიზეზი ბიზნესსესხების გაცემის კონსერვატიულობაა. ბიზნესს ბევრ შემზღუდველ მოთხოვნას უწესებენ ბანკები, რაც უკიდურესად ართულებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სესხების მიღებას. სესხები სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი (130-180%-ით); განიხილება მხოლოდ ისეთი ქონებრივი გარანტია, რომლის ბაზარზე გაყიდვაც 2 თვეშია შესაძლებელი. ეს ეხება უძრავ ქონებას თბილისში, მაგრამ ნაკლებად ეხება უძრავ ქონებას რეგიონებში ან მოძრავ აქტივებს, რომლებზეც ბანკი დიდ ფასდაკლებას ადგენს. სესხის დაბრუნების შესაძლებლობას გამოითვლიან მხოლოდ მიმდინარე შემოსავალზე დაყრდნობით; არ ითვალისწინებენ ინვესტიციებიდან მომავალში მიღებულ შემოსავლებს; მოითხოვება მაღალი საწესდებო კაპიტალი - პროექტების ღირებულების 20-50%; არ არის დაგეგმილი რეფინანსირება; არ ფინანსდება ახლად შექმნილი კომპანიები (სტარტაპები), ბიზნესი უნდა მუშაობდეს სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში...

უძრავ ქონებაზე, როგორც უზრუნველყოფაზე, ბანკების მზარდი დამოკიდებულება აშკარა მტკიცებულებაა, რომ მათ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, გასცენ მეწარმეების საჭიროებებს მორგებული კრედიტები.

განვითარებულ ქვეყნებში ბანკები უფრო მეტად არიან დამოკიდებული მოძრავ აქტივებსა და მომავალ ფულად ნაკადებზე, ვიდრე უძრავ აქტივებზე. საქართველოში კი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი 2008-2014 წლებში გაორმაგდა.

2014 წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისია ეწვია საქართველოს. უკეთესი იქნებოდა, სებ-ს ამ მისიის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, მაგალითად, შეეზღუდა უცხოური ვალუტის სესხება სავალუტო რისკისგან დაუცველი მსესხებლებისთვის, რითაც შეიკვეცება ჭარბი სამომხმარებლო დაკრედიტება და იმატებს საინვესტიციო სესხები; ჩამოეყალიბებინა დეპოზიტების დაზღვევის სქემა, გაეძლიერებინა ბანკებს შორის კონკურენცია... სებ-მა უნდა გადახედოს შემოსავალთან სესხის მომსახურების მიმართების ლიმიტებსაც, თორემ დღეს საცალო მსესხებელთა 1/3 შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისთვის ხარჯავს, მსესხებელთა 20% ხარჯავს შემოსავლის 60%-ზე მეტს, 6% კი - 90%-ზე მეტს...

სსფ-ის რეკომენდაციების გარდა, სხვა დამატებითმა ზომებმაც შესაძლოა გააუმჯობესოს საფინანსო ინსტიტუტების არქიტექტურა: არასაქალაქო ტიპის დასახლებებში სესხებთან წვდომის გასაუმჯობესებლად, გადაიხედოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, რათა მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ფონდირების წყაროები, რეფინანსირების სესხები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები; წახალისდეს ლიზინგი, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებს წაახალისებს; განვითარდეს ფონდირებული საპენსიო სისტემა, ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიან ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესების მიზნით.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას მოაქვს გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების თვალსაზრისით".