ვის ინტერესებშია ტაქსების ბაზრის რეგულირება - კვირის პალიტრა

ვის ინტერესებშია ტაქსების ბაზრის რეგულირება

"მსხვილი კომპანიების შემოსავალი გაიზრდება, ათიათასობით თვითდასაქმებული კი უმუშევარი დარჩება"

რუსულ პრესაში გავრცელდა "ტრანსსოფტის" პრეზიდენტის როდიონ ოტლეტოვის განცხადება, რომ საერთაშორისო აპლიკაციის, ე.წ. "იუბერის" გამოყენებით, საქართველოში საავტომობილო გადაყვანის მომსახურების დანერგვას გეგმავს. ეს სერვისი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კლიენტთან ყველაზე ახლოს მყოფ მძღოლს გზავნის. აპლიკაციის გამოყენებით საქართველოში უკვე ოპერირებს რუსული კომპანია "იანდექს ტაქსი". ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტების შეფასებით, რუსული კომპანიები საქართველოს ტაქსების მომსახურების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ.

ვასო ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: "ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, უხეში გათვლებით, მხოლოდ თბილისში 40 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. ეს მილიონობით ლარის შემოსავალია, რომელიც ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება და არც იბეგრება. თბილისის მერიამ დაიწყო ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობა, სამოქმედო დოკუმენტში, სავარაუდოდ, მოიყვანენ სტატისტიკასა და კვლევების შედეგებს, თუმცა საჯაროდ ამ ცნობებს არ ახმაურებენ. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგრამ ჩვენ მათ შორის არ ვართ, ალბათ, მიიჩნიეს, რომ უჩვენოდ უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ თავს. ჩვენი ამოცანაა სატრანსპორტო დარგისა და სფეროს განვითარება, ოღონდ მოსახლეობის, მომხმარებლისა და სფეროში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით.

ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ გუნდს, რომელიც დღეს თბილისის მერიას მართავს, ქალაქში ტრანსპორტის სისტემის განვითარების არც კომპეტენცია გააჩნია, არც შესაძლებლობა.

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ტაქსების სფეროს რეგულირების ინიციატივა განსაზღვრულ ბიზნესინტერესებს ემსახურება, მგზავრთა უსაფრთხოება კი შირმაა. თბილისის მერიას, რომლის მუნიციპალური ტრანსპორტი ამორტიზებული და ზოგჯერ მგზავრობისთვის საშიშიც კი არის, სურს მოსახლეობის დარწმუნება, რომ სატაქსო ლიცენზიებზე მუშაობა მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით იწყება. ეს ცინიკურად ჟღერს, შესაბამისად, ვეჭვობთ, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ბიზნესინტერესები დგას.

შექმნილი ბიუროკრატიული მექანიზმების დაძლევა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს გაუჭირდებათ. კომპანიების შემოსავალი გაიზრდება, ათიათასობით თვითდასაქმებული კი უმუშევარი დარჩება.

დიდ ქალაქებში, სადაც ყველაზე მკაცრი რეგულაციები (ავტომობილის ყვითელი ფერი, მძღოლის ჩაცმულობა, ავტომობილის ტიპი და სხვა) და მაღალი გადასახადები მოქმედებდა, ერთმა მობილურმა აპლიკაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მძღოლი რეგისტრირდება, მაგალითად, ამერიკაში შექმნილ აპლიკაცია UBER-ში, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ყველაზე ახლოს მყოფ სატრანსპორტო საშუალებას იძახებს. ეს მთავარია, ის არ არის იდენტიფიცირებული, როგორც ტაქსი. მძღოლი ხშირად ერთჯერადად ემსახურება კლიენტს. ამ აპლიკაციით მომუშავე მძღოლები არ იხდიან არანაირ გადასახადს, გარდა აპლიკაციის მომსახურებისა, თუმცა სხვა ტაქსებს რეალურ კონკურენციას უწევენ.

რუსეთშიც შეიქმნა მსგავსი აპლიკაცია და Yandex TAXI-მ დაიპყრო ჯერ რუსეთის, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების ბაზრები. ეს აპლიკაციები იქ მუშაობს წარმატებულად, სადაც სატაქსო ლიცენზიები და რეგულაციები მოქმედებს. რადგან საქართველოში სატაქსო სფერო დერეგულირებულია, მსგავსი აპლიკაციებით მომსახურება ვერ ვითარდებოდა. მას შემდეგ კი, რაც თბილისის მერიამ სატაქსო ლიცენზირების შემოღება დააანონსა, თბილისის ბაზარი მაშინვე საინტერესო გახდა Yandex TAXI-სთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე მონოპოლიზებას ახდენს. კომპანიას იმედი აქვს, რომ თბილისის მერია აუცილებლად შემოიღებს ტაქსებზე ლიცენზიებს და Yandex TAXI ქართულ ბაზარზე ყველაზე მსხვილ მოთამაშედ დარჩება".