გაძვირდება თუ არა "მარშრუტკები"
28-11-2016
გაძვირდება თუ არა "მარშრუტკები"
ყველაფერი იქით მიდის, რომ მიკროავტობუსების გაძვირება გარდაუვალი გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მგზავრობის გაძვირება პოლიტიკურ პროცესში გადაიზრდება, რაც ვითარებას დაამძიმებს, ამიტომ თბილისის მერი უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდოს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილი ადასტურებს, რომ "თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხზე შეტყობინება გაუგზავნა. მისი თქმით, მსგავსი წერილი მერიაში კომპანიისგან შარშანაც შევიდა,
თუმცა მგზავრობა არ გაძვირებულა. ამიტომ მერიაში მიაჩნიათ, რომ საფასური არც ამჯერად გაიზრდება.

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი მხოლოდ ერთხელ, 2011 წლის ზაფხულში გაიზარდა 50-დან 80 თეთრამდე. მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მგზავრობის 50-თეთრიანი ტარიფი მხოლოდ 5 თვეს შეინარჩუნა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანია ("თბილ
ლაინი", "კაპიტალ გრუპი", "პაბლიკ კარი" და "თბილ კარი") შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდა და თბილისში მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლება 20 წლის ვადით მიიღო.

მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა" ასოციაციის ანალიტიკოსი: "ამ კომპანიისთვის მონოპოლიის გადაცემამდე თბილისის ბაზარზე უამრავი მცირე მეწარმე იყო - ხაზისა და "მარშრუტკის" მფლობელები და მძღოლები. შეუძლებელი იყო, ამდენი ადამიანი შეთანხმებულიყო და ფასზე ემოქმედათ, ამიტომ მგზავრობის ღირებულება დიდხანს არ იზრდებოდა. მაშინდელმა თბილისის მთავრობამ ყველას გაუუქმა ლიცენზია და ახალი ტენდერი გამოაცხადა, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ვინ მოიგებდა ტენდერს და მოიგო ვითომ ოთხმა კომპანიამ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ერთი კომპანია იყო. როგორც კი კონკურენცია გაქრა, მგზავრობის საფასურიც გაიზარდა. მანქანების ფულს რეალურად მძღოლები იხდიან - მათ უნდა გამოისყიდონ მანქანა კომპანიისგან 7-10 წლის ვადაში, რის შემდეგაც ავტომობილს არანაირი ღირებულება აღარ ექნება. კომპანიას კი, ფაქტობრივად, დანახარჯი არა აქვს, არადა, ავტომობილები ისეა გამოსული მწყობრიდან, რომ თუ ჰაერს ვინმე აბინძურებს, პირველ რიგში სამარშრუტო ტაქსები. იყო ლაპარაკი, რომ ფეხზე მდგომი მგზავრები აღარ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ვნახეთ ვიდეოკადრები პალიტრატვ.გე-ს ვებგვერდზე, როგორი მართლაც ღირსების შემლახავი მდგომარეობაა სამარშრუტო ტაქსებში და ამ დროს საფასურის 1 ლარამდე გაზრდაზეა ლაპარაკი... თუ მოინდომებენ, ვერც ვერავინ აღუდგებათ წინ. კომპანიას ერთადერთი ვალდებულება აქვს - თუ ფასის გაზრდას გადაწყვეტს, 1 თვით ადრე აცნობოს თბილისის მერიას და ქალაქის მთავრობის ნებართვაც არ სჭირდება".

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:
"ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით კვლევა ჩავატარეთ და გამოჩნდა, რომ ყვითელი მიკროავტობუსების ასაკის მატების კვალობაზე, ძალიან მაღალია მათი ამორტიზების ხარისხი, მეტი რემონტი სჭირდებათ და, შესაძლოა, ეს ხარჯი მთლიანად მძღოლებს დააწვეთ. "თბილისის მიკროავტობუსში" ყველაფერზე მძღოლები არიან პასუხისმგებელი. ნელ-ნელა ძვირდება საპოხი მასალები თუ საწვავი და ადრე მძღოლებს თუ დღეში 50-60 ლარი რჩებოდათ, დღეს ეს თანხა, ფაქტობრივად, გაუნახევრდათ. ამიტომ აჰყავთ მგზავრები ზენორმირებულად, რათა როგორმე დაფარონ ყოველდღიური შენატანი. სწორედ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო 101 მიკროავტობუსი კუსტარულად გადაიყვანეს გაზზე. ეს ყველაფერი მძღოლებზე ფინანსური ზეწოლის შედეგია და ერთადერთ გამოსავლად მგზავრობის გაძვირება რჩება. არ არის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებიც, რაც მიკროავტობუსს ჩაანაცვლებდა. ყველაფერი იქით მიდის, რომ მიკროავტობუსების გაძვირება გარდაუვალი გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მგზავრობის გაძვირება პოლიტიკურ პროცესში გადაიზრდება, რაც ვითარებას დაამძიმებს, ამიტომ თბილისის მერი უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით