"ბორჯომის" გაყიდვები ყაზახეთშიც იზრდება - კვირის პალიტრა

"ბორჯომის" გაყიდვები ყაზახეთშიც იზრდება

"ბორჯომის" დალევის დროა!" - იუწყება ყაზახური პრესა

მინერალური წყლის, "ბორჯომის" 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტმა ყაზახეთში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში პაატა კალანდაძე, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალია აბდრახმეტოვა, სადისტრიბუციო კომპანია Food Trade House-ის დირექტორი და ყაზახეთის კვების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი იური სინავსკი ესწრებოდნენ.

ყაზახეთში მინერალური წყლის "ბორჯომის" გაყიდვები იზრდება. ამის შესახებ ალმა-ატაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთში პაატა კალანდაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის გარემოება, რომ ქართულ-ყაზახური ურთიერთობები დინამიკურად და პოზიტიურად ვითარდება, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე საქმიან წრეებს შორის.

ალმა-ატაში გამართული შეხვედრის მთავარი თემა "ბორჯომის" ბრენდის 120 წლის იუბილე იყო. ცნობისათვის, მიმდინარე წელი კომპანიისთვის საიუბილეოა, რადგან "ბორჯომის" წარმოების ისტორია ზუსტად 120 წლის წინ, 1890 წელს დაიწყო. შეხვედრაზე, რომელსაც ოფიციალურ პირებთან ერთად საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ "ბორჯომის" ბრენდის განვითარების ყველა ეტაპზე ისაუბრა - როდესაც 1890 წელს, მეფის რუსეთის პერიოდში, პირველად იქნა წარმოებული "ბორჯომი", როგორც მინერალური წყალი, საბჭოთა კავშირის პერიოდზე, როდესაც "ბორჯომის" წყლის ინდუსტრიული განვითარება დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდზე, როდესაც "ბორჯომის" ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი.

ალმა-ატაში გამართულ შეხვედრაზე ბატონმა ზაზა კიკვაძემ "ბორჯომის" ბრენდის სიძლიერის მიზეზებზეც ისაუბრა და მათ შორის წყლის უნიკალური თვისებები, მენეჯმენტის გამართული მუშაობა, წყლის ჩამოსხმაზე ექსკლუზიური ლიცენზიის არსებობა (კომპანია "ბორჯომის" წარმოებაზე 25-წლიან ლიცენზიას ფლობს და დღეისათვის "IDS  ბორჯომი - საქართველო" ბორჯომის მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში) და მძლავრი სადისტრიბუციო ქსელი დაასახელა.

ალმა-ატაში "ბორჯომის" თემაზე გამართულ შეხვედრას 30-მდე ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პრესკონფერენციის შემდეგ ყაზახური გაზეთების ფურცლებზე გამოჩნდა პუბლიკაციები სათაურით - "ბორჯომის" დალევის დროა!"

პრესკონფერენციაში ყაზახეთის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალია აბდრახმეტოვაც მონაწილეობდა. გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე "ბორჯომის" გაყიდვები სულ უფრო იზრდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის პერიოდში, სხვა იმპორტირებული მინერალური წყლების რეალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

შეხვედრაზე "ბორჯომის" თემაზე ისაუბრა ყაზახეთის კვების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა იური სინავსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბორჯომის" მინერალური წყალი შეიცავს იმ სასარგებლო მინერალებსა და მიკროელემენტებს, რომელიც არასაკმარისად არის ყაზახი ხალხის კვების რაციონში.

სადისტრიბუციო კომპანია Food Trade House-ის მენეჯმენტმა კი შეხვედრის მონაწილეებს ყაზახეთის ბაზარზე "ბორჯომის" გაყიდვების კონკრეტული მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2009 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, "ბორჯომის" რეალიზაცია 8%-ით გაიზარდა.

"IDS ბორჯომი საქართველო" მინერალური წყლის ოთხ ბრენდს აერთიანებს - "ბორჯომი", "ლიკანი", "ბორჯომის წყაროები" და "ბაკურიანი". კომპანია მინერალური წყლების ექსპორტს მსოფლიოს 30 ქვეყანაში ახორციელებს.

2004 წლიდან კომპანია GG&MW Co საფუძველზე საერთაშორისო კორპორაცია IDS Borojomi Internationali დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს კომპანიებს "IDS ბორჯომი საქართველოს", IDS borjomi saqarTvelos", IDS Group-Ukraine, IDS Borjomi Russia და IDS Borjomi Europe-ს. თავის მხრივ საერთაშორისო კომპანიის პორტფელში გაერთიანებულია ქართული, უკრაინული და რუსული წარმოების მინერალური წყლის 12 ბრენდი.

საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში მინერალური წყლის 8 ჩამოსასხმელ ქარხანას ფლობს, სადაც იწარმოება ადგილობრივი ცნობილი ბრენდები. ხოლო მისი ოფისები მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში მდებარეობს. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ 2007 წელს კომპანიის პირველ და მეორე ჩამოსასხმელ ქარხნებს  IშO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, პროდუქციის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიენიჭა.

R