"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები" - კვირის პალიტრა

"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

"ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხის ნაცვლად სამ ძირითად მოთამაშეს მივიღებთ"

როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს. ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" შეძენას გეგმავს. ამ გარიგების შედეგად გაერთიანდება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელები და შეიქმნება ახალი კომპანია Georgian Pharmacy. ექსპერტების განმარტებით, კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბაზარზე არსებულ ისედაც სუსტ კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს და წამლებზე ფასების გაზრდის რისკებს შექმნის. მათი ვარაუდით, ფარმაცევტული ბაზრის დიდი მოთამაშეების გაძლიერებას ბაზრიდან წვრილი ფარმაცევტული ობიექტების გაქრობა მოჰყვება.

ორი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის გაერთიანება ბაზარზე ერთი კონკურენტით ნაკლებს ნიშნავს. გარდა ამისა, "ფარმადეპოს" 120 და "ჯიპისის" 91 აფთიაქის გაერთიანებით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ქსელის სიდიდით მეორე მოთამაშე შეიქმნება. აფთიაქების რაოდენობით პირველობა კვლავ დარჩება "ავერსს", რომელსაც საქართველოს მასშტაბით 232 აფთიაქი აქვს, ხოლო პსპ-ს 183 აფთიაქით მესამე პოზიციაზე გადანაცვლება მოუწევს.

როგორც პსპ-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, "ფარმადეპო" და "ევექსი" (რომელიც "ჯანდაცვის ჯგუფის" საკუთრებაა) ბოლო წლებში დაუფარავად თანამშრომლობდნენ, რაც იმას ცხადყოფს, რომ ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა, რის შედეგადაც კომპანიები კოტრდებიან და ბანკის მფლობელობაში გადადიან. თავის მხრივ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ეკუთვნის "ბიჯეო ჯგუფს", რომელიც აერთიანებს "საქართველოს ბანკს", საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს", სამშენებლო კომპანია "მ2"-ს, "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსა" და ღვინის კომპანიას "თელიანი ველი". "ჯანდაცვის ჯგუფი" მართავს სამედიცინო კორპორაცია "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. რამდენიმე თვის წინ "ჯანდაცვის ჯგუფმა" სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" 100%-იანი წილი იყიდა და ახლა "ფარმადეპოს" ყიდულობს. თუმცა მანამდე, ისევე როგორც "ჯიპისის" ყიდვის შემთხვევაში, ამ გარიგების კონკურენციის პრინციპებთან თავსებადობა კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს.

კახა ოქრიაშვილი, პსპ-ს დამფუძნებელი: "პსპ-ს ყოველთვის სხვებზე ნაკლები აფთიაქები ჰქონდა, მაგრამ ბრუნვა გვაქვს მაღალი - მეტი, ვიდრე "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" ერთად. თუ "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს, "საქართველოს ბანკსა" და ფარმაცევტულ კომპანიას შორის საბაზრო პრინციპები იქნება დაცული, არა მგონია, ამ გარიგებამ სააფთიაქო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს".

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: "ამ გარიგების შედეგად იქმნება კონგლომერატი, რომლის ხელშია ჰოსპიტალური სექტორი, სადაზღვევო სისტემა და ახლა უკვე ფარმაცევტული ბიზნესიც, ხოლო ყველაფერ ამას აერთიანებს ბანკი. შედეგად, მივიღეთ მონსტრი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დიდ ნაწილს განაგებს. შესაბამისად, კონკურენციის გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, პირიქით, გაუარესებასაც უნდა ველოდოთ, რადგან ოთხის ნაცვლად მივიღებთ სამ ძირითად მოთამაშეს იმ ბაზარზე, სადაც კონკურენტული და ჯანსაღი გარემო არც აქამდე იყო.

პაციენტისთვის ეს ნიშნავს არჩევნის შეზღუდვას - სად წავიდეს სამკურნალოდ, ვისთან დაეზღვიოს და სად შეიძინოს წამალი. მიხვალ კლინიკაში და აღმოჩნდება, რომ კლინიკაც, წამალიც, დაზღვევაც - ყველაფერი ერთ ხელშია. რაც შეეხება წამლის ფასებს, ამ ბაზარზე კონკურენცია ისედაც არ არსებობდა, რადგან ბაზარს, ძირითადად, 3-4 გარიგებული მოთამაშე იყოფდა. სხვა შემთხვევაში როგორ აიხსნება ის გარემოება, რომ სხვადასხვა მომწოდებლისგან მიღებულ მედიკამენტებს მსხვილი სააფთიაქო ქსელები ერთსა და იმავე ფასად ყიდიან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კონკურენციის სააგენტომ არ შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული გარემო, წამლის ფასი და მიზეზად არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა. არადა, დიდი საექსპერტო ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება იმის განსაზღვრას, რომ იქ, სადაც 2-3 კომპანია იყოფს ბაზრის უმეტეს წილს, პროდუქციაზე ფასის შემცირებისა და კონკურენტული ფასის გაჩენის ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. რატომ იტყვის კომპანია უარს კოლოსალურ მოგებაზე, როცა შეუძლია ეს მოგება პაციენტის ჯიბიდან სავსებით უმტკივნეულოდ ამოიღოს?

წლებია, ვლაპარაკობთ ვერტიკალურ მონოპოლიაზე, როცა მზღვეველი თავის კლინიკაში გგზავნით სამკურნალოდ, ექიმი - მათივე კომპანიის აფთიაქში, ხოლო წამალი, რომელსაც ყიდულობთ, ამავე კომპანიის წარმოებულია. პაციენტი ამ დროს, ფაქტობრივად, უფლებააყრილია, არჩევანი არა აქვს და საკუთარი ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე იხდის იმდენს, რამდენსაც დაუდგენენ. ასეთ პირობებში ქვეყანაში წამლის ფასის შემცირების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. მეტიც, გამსხვილება ამ თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ ჩვენს ჯიბეებს დაარტყამს.

მოგეხსენებათ, მოსახლეობის დანახარჯების წილი მედიკამენტებზე მკურნალობის სრული თანხის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. "იუნისეფის" ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიუხედავად, ჯანდაცვაზე ოჯახების გაწეული ხარჯი ბოლო 2 წელიწადში 31%-ით გაიზარდა და უმეტესად მედიკამენტების კომპონენტის ხარჯზე. ეს კი ნიშნავს, რომ წამლის ფასი სულ უფრო იზრდება. საჭიროა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა ამ სფეროში და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა.

ხვალ-ზეგ ბაზრის დომინანტების კიდევ უფრო გაძლიერება გაქრობით დაემუქრება წვრილ საცალო აფთიაქებს, რადგან კონგლომერატს, სადაც მზღვეველს, ექიმსა და ფარმაცევტს პაციენტი, ფაქტობრივად, გამოჭერილი ჰყავთ, ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ".

ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი: "რაც უფრო ცოტაა დიდი მოთამაშე, მით უფრო ნაკლებად კონკურენტულია ბაზარი. უნდა ჩამოვყალიბდეთ, საბაზრო ეკონომიკას ვირჩევთ თუ გეგმურს. ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ ვირჩევთ საბაზრო ეკონომიკას, მაშინ კონკურენციის სააგენტო მთელი კვირის განმავლობაში 24 საათი უნდა მუშაობდეს, ფასწარმოქმნას სწავლობდეს. უნდა ადარებდეს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს საერთაშორისო ფასებს და საქონლისა და მომსახურების ღირებულებაში მოგების წილებს ანგარიშობდეს. მხოლოდ ასეთი სისტემური მუშაობით არის შესაძლებელი ნებისმიერი კარტელური გარიგების, ნებისმიერი მონოპოლიური საქმიანობის იდენტიფიცირება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება მედიკამენტების ბაზარს: როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს, ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ. ცოტა ხნის წინ მცირე კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ გამოწერილი წამლების 95% ორიგინალია და მხოლოდ 5%-ია გენერიკი.

მარტივ მაგალითს გეტყვით: "ასპირინი" უკვე გენერიკია, მაგრამ მის ბაზაზე დამზადებული "ასპირინი ფორთოხლის გემოთი" თუ "ვირთხის გამოხედვით" ორიგინალია და ხუთჯერ ძვირია გენერიკზე. არადა, პაციენტზე გენერიკიც და ორიგინალიც ერთნაირად მოქმედებს.

მოკლედ, ჩვენი უბედური მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები".