ელიტ ელექტრონიქსი გაყიდვების ევროპულ სტანდარტებზე გადადის - კვირის პალიტრა

ელიტ ელექტრონიქსი გაყიდვების ევროპულ სტანდარტებზე გადადის

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ურთიერთდაპირისპირება, რომელიც კომპანიის ძველ მენეჯმენტსა და კრედიტორ ბანკებს შორის მიმდინარეობდა, უკანასკნელი თვეების ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.

კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც კრედიტორმა ბანკებმა ძველი მენეჯმენტი ახლით შეცვალეს და კომპანიის სამომავლო განვითარებაც მას მიანდვეს. კრედიტორთა განმარტებით ეს ცვლილება აუცილებელი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ვერ შეძლებდა  ბანკების მიერ დასახული სარეაბილიტაციო გეგმის განხორციელებასა და კრიზისიდან გამოსვლას.

ჩვენ დავინტერესდით, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ელიტ ელექტრონიქსში, რას გვპირდება მისი ხელმძღვანელი და რა გეგმები აქვს დასახული სამომავლოდ.

ამირან შეროზია, ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი: - მე ელიტ ელექტრონიქსის ახალი მენეჯმენტის გუნდს წარმოვადგენ. ეს გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი მენეჯერებით და  მზად არის კომპანია გამოიყვანოს ამ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან.

-  რატომ შეაჩერეს კრედიტორებმა არჩევანი სწორედ თქვენზე?

-  ვფიქრობ, ამის მიზეზი გახდა, როგორც ჩემი კვალიფიკაცია, ასევე 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა ქართულ და უცხოურ კომპანიებში. 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე საქართველოს ბანკში. დავამთავრე  მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესსკოლა, რის შემდეგაც, გავხდი HSBC-ის ბანკის წარმომადგენელი საქართველოში. ელიტ ელექტრონიქსში გადმოსვლამდე, ვმუშაობდი ბანკ რესპუბლიკაში, სადაც მიმიწვიეს, როგორც უმაღლესი მენეჯმენტის კონსულტანტი.

ძალიან ხშირად მიმუშავია კრიზისულ ვითარებაში, დამისახავს პრობლემების გადაჭრის გზები და მომიხდენია მათი განხორციელების უზრუნველყოფა.

- რა სიტუაცია დაგხვდათ ელიტ ელექტრონიქსში?

- დღესდღეობით კომპანია ისევ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ეს კრიზისი ჩემს მოსვლამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. კერძოდ, 2009 წლის სექტემბერში კომპანია აღმოჩნდა იმ დავალიანების გადახდისუუნარო, რომელიც მას დაუგროვდა კრედიტორი ბანკების, სახელმწიფოს, მომწოდებლებისა და კერძო პირების მიმართ. ამიტომ კრედიტორმა ბანკებმა მოახდინეს სესხის რესტრუქტურიზაცია, უპრეცედენტო შეღავათებით და შეიმუშავეს სარეაბილიტაციო გეგმა, რომლის განხორციელებაც ახალ მენეჯმენტს მოგვანდეს.

- რა კეთდება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, შესაძლებელია თუ არა კრიზისის დაძლევა?

- ეს რომ შესაძლებელი არ იყოს, აქ არ ვიქნებოდი. ელიტ ელექტრონიქსს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ეს ნამდვილად მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მე შევისწავლე ყველაფერი, რაც ელიტ ელექტრონიქსს ეხებოდა. ლაპარაკია არა მატერიალურ, არამედ არამატერიალურ აქტივებზე: თანამშრომლებზე, კომპანიის ბრენდზე, მომწოდებლებთან ურთიერთობაზე. ყოველივე ამის შეფასებისას, მიმაჩნია, რომ კომპანია შეძლებს კრიზისის დაძლევას, თუმცა ილუზია არავის აქვს, რომ ეს მარტივი იქნება. დიდი შრომა გვიწევს და კიდევ მოგვიწევს.

განსაკუთრებით მიხარია, რომ კომპანიაში დამხვდნენ კვალიფიციური თანამშრომლები. ჩვენ გვაქვს ერთიანი, გუნდური ხედვა და ყველა გაერთიანებულია იმ ინტერესის ირგვლივ, რომ კომპანია ფეხზე დადგეს. ამიტომ, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ დავძლიოთ ყველა სირთულე, დავუბრუნოთ კომპანიას ძველი პოზიციები და ვიზრუნოთ მის სამომავლო განვითარებაზე.

- თუ განახორციელეთ კომპანიაში რაიმე კონკრეტული ცვლილებები?

- დავიწყეთ გაყიდვების დასავლურ სტანდარტებზე გადასვლა. ამ ეტაპზე უკვე გავხსენით ოთხი სპეციალური მაღაზია, სადაც ვახდენთ დახლზე ნადგომი ან შედარებით მოძველებული მოდელების, ასევე უმნიშვნელო დეფექტის მქონე ტექნიკის რეალიზაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაღაზიებში პროდუქციის შეძენა დაბალშემოსავლიანი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

ასევე, ვიწყებთ 30 წამახალისებელ აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შევთავაზებთ, როგორც ფასდაკლებებს, ასევე სპეციალურ ფასებსა და საჩუქრებს.

უახლოეს თვეებში დაგეგმილი გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება და მათ შესახებ საზოგადოებას მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას.

გვექნება სიახლეებიც: დამატებითი სერვისები, ბენეფიტები. ვიცით, როგორ უნდა გვყავდეს კმაყოფილი მომხმარებელიც, თანამშრომელიც, კრედიტორიცა და მომწოდებელიც. უკვე თვალში საცემია აღმავლობა. მომავალში კიდევ უფრო მაღლა და წინ წავალთ. ჩემი რწმენით, ორ წელიწადში ინვესტორებისათვისაც საინტერესო გავხდებით.

- ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენი მოტივაცია და მიზანი არაა მოკლევადიანი ეფექტი, ჩვენ ორიენტირებულები ვართ, როგორც კომპანიისთვის, ისე მისი მომხმარებლისათვის გრძელვადიანი ღირებულებების შექმნაზე. მომხმარებელი ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ მომსახურების ხარისხსა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაუმჯობესებაზე, ასორტიმენტის გაფართოვებაზე, სტაბილურ განვითარებასა და ბაზრის არსებული წილის ზრდაზე.

R