ლარის შავი ხუთშაბათი - 1 აშშ დოლარი - 2.73 ლარი - კვირის პალიტრა

ლარის შავი ხუთშაბათი - 1 აშშ დოლარი - 2.73 ლარი

ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად იცვლება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.71 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.59 ლარად.

„თიბისი ბანკში“ მომხმარებელს ერთ დოლარის შეძენა 2.7090 ლარად შეუძლია, გაყიდვა - 2.5910 ლარად.

„ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.7100 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.5700 ლარად.

„ვითიბი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7350 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი ლარს 2.5750 მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა დავით ასლანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დენის, გაზის და ა.შ. ტარიფები გაიზრდება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

„ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემებია: 1 წლის განმავლობაში როგორ გადაიხდის კერძო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარამდე არსებულ საგარეო ვალებს? კერძოდ, ამ წელს 800 მილონიდან 1 მილიარდ დოლარამდე, მომდევნო წელს კი 3 მილიარდ დოლარამდეა გადასახდელი. მეორე საკითხი - რა მოხდება ტარიფების გაზრდის შემდეგ? რადგან, გარდა აქციზის გადასახადის გაზრდისა, მოგვიწევს დენის, გაზის და ა.შ. ტარიფების აწევა, რაც მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს,“- აღნიშნა ასლანიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ლართან დაკავშირებით აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება. როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.

ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.