"რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი"
02-12-2016
"რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 1 დეკემბერს ლარის კურსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, "იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი, შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან".

მისივე თქმით, მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა და ამავე დროს მოხდა გაუფასურება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტების, რამაც "ყველაფერმა ერთად თავისი როლი ითამაშა".

"სამწუხაროდ, ბაზრებს ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია "ოვერ
შუთინგი", ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა გარკვეულ და მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი, ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. ამიტომ გუშინ განვითარებული მოვლენების შემყურე ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შემობრუნებულიყო", - განაცხადა
კობა გვენეტაძემ.

კითხვაზე, გამოიწვია თუ არა ეს მოლოდინები მთავრობის მიერ დაანონსებულმა ცვლილებებმა და ე.წ. ლარიზაციის გეგმამ, კობა გვენეტაძის თქმით, მოლოდინებში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია რომელიმეს გამოყოფა.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ის მოცემულობა, რაც ხდება", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ბაზარზე არიან მყიდველები და გამყიდველები და გარკვეულწილად დროის მოკლე განაკვეთში შეიქმნა განსხვავება დისპროპორცია მათ შორის.

"ის ფაქტორები, რომელიც არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად გამყარებული დოლარი სახეზე გვაქვს, მაინც არაფრით მიანიშნებდა იმას, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა ისევ, რაც მოხდა კიდეც", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, რადგან საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, ეროვნული ბანკი არ აკეთებს პროგნოზს კურსთან დაკავშირებით. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, მცურავი კურსის რეჟიმის შემთხვევაში შეუძლებელია სავალუტო კურსის პროგნოზის გაკეთება.

კითხვაზე, განახორციელებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციებს, გვენეტაძის თქმით, ინტერვენციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ყოველთვის აკეთებდა მკაფიო განმარტებას.

"ინტერვენციებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც მიმდინარეობდა, დაწყებული იქედან, როდესაც ვყიდულობდით ვალუტას ,რატომღაც ეს ყველას ავიწყდება და როდესაც გავყიდეთ ვალუტა, ჩვენ მკაფიო განცხადება გავაკეთეთ, არსებობს ეროვნული ბანკის სტრატეგია, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული და ყველა ინტერვენციას, რომელიც გაკეთდა ჰქონდა მიზეზი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთეთ", - განაცხადა გვენეტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ლულუ
03 დეკემბერი 2016 14:58
როგორ არ გრცხვენიათ, არ მოგწყინდათ რობოტებო თამაში?რა ახალ-ახალ სახელებს არქმევთ თქვენს გაუმაძღრობას, უშუბლობას, უსინდისობას, ფეხქვეშ მიწა რატომ არ გეცლებათ,ნეტავ თქვენი თავი არ მანახა არსად, ხმა არ გამაგონა,როგორ გააჩანაგეთ ქვეყანა, რას ჭამთ ამდენს, გველებით გაგევსოთ მუცლები, ასე ერთნაირი კაციჭამიები რომელ უნივერსიტეტში გამოიზარდეთ დაიწვა იქაურობა, დედამიწის გამყიდველებო, არ მანახა თქვენი თავი ის მინდა მეტი არაფერი.

რედაქტორის რჩევით