ლარის "ანემია" - მკურნალობა დედოლარიზაციით - კვირის პალიტრა

ლარის "ანემია" - მკურნალობა დედოლარიზაციით

ლართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უფრო ერთმანეთისთვის გადაბრალებას ჰგავს, სადაც ზოგი ხელს მთავრობისკენ იშვერს, ზოგი ბანკებისკენ, ზოგიც ყველაფერს პანიკასა და აჟიოტაჟს აბრალებს. ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ პასუხისმგებლობა ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებებისთვის ორ ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკს დააკისრა: "რცხვენოდეს თიბისისა და "საქართველოს ბანკს". რაც მოხდა, ეს იყო საბანკო სექტორის სირცხვილი. ამ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს, გაითამაშეს და მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. არ შეიძლება, კურსი 2,70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2,58 გახდეს იმავე სავალუტო ჯიხურებში".

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი: "ეკონომიკის ლარიზაცია ნიშნავს მომხმარებელთა დანაზოგების ლარში განთავსებას როგორც ანაბრებში, ისე ფასიან ქაღალდებში. არადა, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, ოქტომბერში კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების ანაბრების მხოლოდ 19% იყო ლარში, 81% კი დოლარში, ევროში და სხვ. იურიდიულ პირებს კი ლარში სახსრების 28-29% აქვთ განთავსებული, დანარჩენი სხვა ვალუტაშია; ანუ კომერციულ ბანკებს მასშტაბური ლარიზაციისთვის საკმარისი რესურსი არა აქვთ.

ჩემი აზრით, მთავრობა ე.წ. 4-მილიარდიან პროგრამას უმიზნებს. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაზრდაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები გაიზიარეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა და მათი განხორციელების შემდეგ, საერთაშორისო ფონდებიდან დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის საშუალება გაგვიჩნდება. ანუ ჩვენ ეს ცვლილებები გვჭირდება 3-4 მილიარდის მისაღებად, რათა ახლანდელი მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მოკლედ, არის ორი გზა: ან მოვიზიდოთ ეს ვალუტა და წარვმართოთ ლიბერტარიანული პოლიტიკა, რამაც თავისი უშედეგობა გვაჩვენა, მეორე გზა კი ადგილობრივი წარმოების წახალისებაა.

საქართველოს ფულის მთლიან მასაში 15-20% ლარი იყო. ახლა ვამბობთ, რომ ჩვენ მიმოქცევაში ლარის მასას ვზრდით. ამას მოჰყვება ინფლაცია და თუ იგი ეროვნული ბანკის 5%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადასცდა, როგორც პასუხისმგებელი პირი, ის ვალდებული იქნება, ჩაერიოს. როგორ უნდა შეებრძოლოს ეროვნული ბანკი ინფლაციას? პირველ რიგში, ეს იქნება რეფინანსირების განაკვეთის აწევა. ამის მერე გაჩნდება შეკითხვა - მიღირს კი საერთოდ დოლარიდან ლარში გადასვლა? ვფიქრობ, კომერციული საბანკო სისტემა კარგად მომზადებული არ არის".

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "დღეს ჩვენს ეკონომიკაში ეროვნული ფულის ერთეულის ნაკლებობა, ანუ ლარის ე.წ. ანემიაა. თუმცა მიმოქცევაში ფულის მასის მექანიკური გაზრდა ინფლაციას გამოიწვევს. ამიტომ მიმოქცევის სფერო უნდა გაჯერდეს სამომხმარებლო საქონლით, რათა ფულის მასის გაზრდა დაბალანსდეს. ეკონომიკის სტიმულირება ლარის მასის თანდათანობით გაზრდით უნდა შევძლოთ და მერე ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებზე ვიფიქროთ. ინფლაციის დღევანდელი, თითქმის ნულოვანი მაჩვენებლის პირობებში კი განწირული ვიქნებით ეკონომიკური სტაგნაციისთვის; ანუ, მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის მიმოქცევაში გვჭირდება ლარის დამატებითი მასა და ამას დიდი ალბათობით მოჰყვება შედარებით მაღალი ინფლაცია. მაგრამ რა გვირჩევნია, ვიცხოვროთ რეალური ეკონომიკური ზრდისა და შედარებით მაღალი ინფლაციის პირობებში თუ ინფლაცია გვქონდეს დაბალი და ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ გვქონდეს? ვფიქრობ, პირველი უმჯობესია".