რამდენით გაძვირდება 1 ლიტრი საწვავი 2017 წელს - კვირის პალიტრა

რამდენით გაძვირდება 1 ლიტრი საწვავი 2017 წელს

"საწვავის მკვეთრი გაძვირების შემთხვევაში საწვავის მოხმარება, შესაძლოა, შემცირდეს და სულ უფრო მეტი ავტომობილი გადაიყვანონ მფლობელებმა ავტოგაზზე"

ბოლო ორი თვის განმავლობაში საცალო ქსელში საწვავი უკვე ორჯერ გაძვირდა და საერთო ჯამში, 1 ლიტრის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა. ნავთობიმპორტიორები ბოლო გაძვირების მიზეზად ლარის კურსსა და საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდას ასახელებენ. გაძვირების კიდევ ერთი ტალღა ახალი წლიდან არის მოსალოდნელი - ცხადია, თუ ამოქმედდება მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, მკვეთრად იზრდება აქციზის გადასახადი საწვავზე.

ვანო მთვრალაშვილი, "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე: - საწვავზე ფასის მატების საფუძველი გახდა საერთაშორისო ფასების ზრდა საინფორმაციო სააგენტო Platts-ის მიხედვით და ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ. ამ ორი ფაქტორის მიზეზით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პერიოდულად იმატებდა საწვავის ფასები და საერთო ჯამში, 1 ლიტრის ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა. ფასმა მოიმატა მთლიანად სექტორში, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ავტოგასამართ ქსელში.

საერთაშორისო ფასები ეს ორი თვე არაერთგვაროვნად იცვლებოდა, მატებას თან სდევდა მცირე ხნით კლება, შემდეგ ბოლოს კვლავ მატება აღინიშნა. ფასების ცვლილება მთლიანობაში დაკავშირებული იყო OPEC-ს წევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების პოლიტიკასთან. ამ პერიოდში ისინი ორჯერ შეხვდნენ და მსჯელობდნენ ფუნდამენტალურ გადაწყვეტილებაზე - ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარზე ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ნავთობის ფასი მთელი წლის განმავლობაში იყო დაბალი. შესაბამისად, OPEC-ის წევრი ქვეყნების მიზანია, შეამცირონ ნავთობის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბალანსის აღდგენას ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის ყოველდღიურ მოპოვებას 1,2 მილიონი ბარელით ამცირებენ, აგრეთვე, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ამ ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიც ამცირებენ მოპოვებას დამატებით 600 ათასი ბარელით. აქედან მოყოლებული, ნავთობის ფასებმა თვალში საცემად დაიწყო მატება და თუ დაახლოებით ორი თვის წინ 1 ბარელი ნავთობი 44-46 დოლარის ფარგლებში ღირდა, დღეს უკვე მისი ფასი 54-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. ეს არის მიმდინარე წლის მაქსიმალური მაჩვენებელი.

ნავთობის ფასი განსაზღვრავს საწვავის საერთაშორისო ფასს და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ შემოგვაქვს საქართველოში იმპორტით ნავთობი, არამედ უკვე მზა პროდუქტები. მათი განფასების ინდიკატორი კი Platts-ის ფასია. ბენზინის საერთაშორისო ფასი თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 1 ტონაზე 70-მდე დოლარით არის მომატებული.

საწვავის ფასი დამოკიდებულია ლარის გაცვლით კურსზეც და ვფიქრობ, მკითხველს შეხსენება არ სჭირდება, რამდენით გაუფასურდა ლარი დოლართან მიმართებაში.

- თუ აქვთ დათვლილი ნავთობიმპორტიორებს, რამდენით გააძვირებს აქციზის ზრდა საწვავს საცალო ქსელში?

- თუ ვიმსჯელებთ იმ პროექტით, რაც ხელთ გვაქვს, აქციზის მოსალოდნელი ზრდა გამოიწვევს 1 ლიტრ საწვავზე ფასების მატებას 20-25 თეთრით. თუმცა, ალბათ გვახსოვს პერიოდი, როცა ნავთობზე მაღალი საერთაშორისო ფასების გამო საქართველოში საწვავი იმაზე ძვირი იყო, ვიდრე ახლა თუნდაც აქციზის ზრდის შემთხვევაშია მოსალოდნელი. მაგალითად, სუპერის კატეგორიის ბენზინი საქართველოში 2,40-2,45 ლარი ღირდა, რეგულარისა კი 2,15-2,20 ლარის ფარგლებში მერყეობდა. აქციზის ახალი ფასების ამოქმედების შემთხვევაშიც ფასების ასეთ ზრდას არ განვიხილვათ.

გასათვალისწინებელია, ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება აქციზის გაზრდის დროისთვის საწვავის საერთაშორისო ფასი და არც ის ვიცით, როგორი იქნება ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი. თუ ლარმა გამყარება დაიწყო, საწვავის ფასზე ესეც იმოქმედებს და ქვემოთ წამოვა.

P.S. საწვავის მკვეთრი გაძვირების შემთხვევაში ნავთობიმპორტიორები არ გამორიცხავენ, რომ საწვავის მოხმარება შესაძლოა შემცირდეს და სულ უფრო მეტი ავტომობილი გადაიყვანონ მფლობელებმა ავტოგაზზე, რადგან ის ბენზინთან შედარებით მაინც უფრო ეკონომიური იქნება - მიუხედავად იმისა, რომ აქციზის ზრდა ავტოგაზზეც არის მოსალოდნელი, რაც 1 კუბმ-ს დაახლოებით 14 თეთრით გააძვირებს.

ემა ტუხიაშვილი