საგადასახადო შემოწმება, როგორც "მომაკვდინებელი იარაღი" - კვირის პალიტრა

საგადასახადო შემოწმება, როგორც "მომაკვდინებელი იარაღი"

საგადასახადო დავის მოგება სინამდვილეში მოგებას სულაც არ ნიშნავს

სერია ბ, #016130 -ამ ლუქით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია "ფილიპსი" დალუქა. მიზეზი ბანალურია -საგადასახადო შემოწმება, შედეგი კი ალბათ სხვა დახურული ბიზნესებივით სავალალო, რადგან ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეძლებს მაღაზია მუშაობის განახლებას და რაც დრო გავა, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობაც გაიზრდება.

კანონის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება, ინვენტარიზაცია ბიზნესის წარმოებას ხელს არ უნდა უშლიდეს, მაგრამ აშკარაა, რომ კანონის უგულებელყოფა ხშირად ხდება. შემოსავლების სამსახურის მიერ დალუქული და დახურული ბიზნესების რიცხვი იზრდება, ხოლო განსაზღვრული დროის განმავლობაში შეჩერებული კომპანიების ამუშავება სულ უფრო რთული ხდება.

პაატა სალია (ადვოკატი): "ნებისმიერი საგადასახადო შემოწმება ხდება ინვენტარიზაციის საბაბით. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლო ბრძანების გარეშე განახორციელოს ინვენტარიზაცია. ეს არის საგასადახადო კოდექსის 110-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, როცა მოწმდება საწარმოში სარეალიზაციოდ არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საბუღალტრო ნაშთების შესაბამისობა. ამ საბაბით ხდება საწარმოების დალუქვა.

თუმცა რეალურად ეს ისე უნდა კეთდებოდეს, რომ საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას ხელი არ უნდა ეშლებოდეს. ჩვენი საგადასახადო კოდექსის ზოგადი პრინციპია, რომ შემოწმება ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას; რა თქმა უნდა, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ჩადენილი და სხვ.

ინვენტარიზაციის პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ან მოადგილის ბრძანების საფუძველზე. როგორც წესი, ამ იარაღს საგადასახადო ორგანო იმისთვის იყენებს, რომ შემდგომ გადასახადები დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს. უკვე ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ასეთი პრაქტიკა, რამდენიმე ათეული დავაა -საწარმოს ლუქავენ, მიმდინარეობს შემოწმება, წინასწარ გაკეთებულია საკონტროლო შესყიდვები და ფასების ფიქსაცია...

უფრო კონკრეტულად, ატარებენ საკონტროლო შესყიდვას და ადგენენ ფასს, შემდეგ გადასახადის გადამხდელს როცა ინვენტარიზაციას უტარებენ, ეკითხებიან პროდუქციის თვითღირებულებას, გამოჰყავთ მარჟა, თუ რა რჩება გადასახადის გადამხდელს მოგების სახით, ამრავლებენ მათ მიერ უკვე დაანგარიშებულ ზედმეტობაზე ან დანაკლისზე, უთვლიან რეალიზაციაში და შედეგად საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ცოტა ხნის წინ ჩემთან მეწარმეები იყვნენ კონსულტაციისთვის და მითხრეს, რომ საგადასახადო ორგანომ 2004-2008 წლებზე დაარიცხა ახლა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ნაშთები...

გადასახადის გადამხდელი იძულებულია, წავიდეს საგადასახადო ორგანოსთან მორიგების გზით ან დაუსრულებლად იდავოს. სულ ახალ მაგალითს გეტყვით:

გავასაჩივრეთ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, დავების საბჭომ თითქოს დაგვიკმაყოფილა, სწორედ რომ ინვენტარიზაციას ეხებოდა. სტატისტიკას შეემატა დადებითი გადაწყვეტილების გამოტანა, გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დააბრუნეს ხელახლა დასათვლელად, მაგრამ... შემოსავლების სამსახურმა იმავე ოდენობის გადასახადი დაუთვალა.

მსგავსი საქმე მოგებული მქონდა უზენაეს სასამართლოში, მან საგადასახადო ორგანოს დაავალა ახალი აქტის გამოცემა. ადგნენ და ისევ იგივე დათვალეს. ანუ ჩაკეტილი წრეა. მოიგებ სამივე ინსტანციას, მაგრამ სასამართლო არსებითად საკითხს არ წყვეტს და ისევ შემოსავლების სამსახურს ავალებს ხელახალ განხილვას. ისინი კი იმავეს გარიცხავენ...

საგადასახადო შემოწმების ვადები არ უნდა აზარალებდეს გადასახადის გადამხდელს. მაგრამ სინამდვილეში შემოწმება იარაღია შემოსავლების სამსახურის ხელში, რომ გადასახადის გადამხდელს მასთან დათმობებზე წასვლა აიძულოს. როცა ბიზნესს მიხურავენ და მილუქავენ განუსაზღვრელი ვადით, რა თქმა უნდა, მირჩევნია განსაზღვრული თანხა გადავიხადო დღეს და საქმე ავამოქმედო, თუნდაც ვფიქრობდე, რომ უსამართლოდ მარიცხავენ ამ თანხას; ანუ რაღაც ხარკი გავიღო იმისთვის, რომ ვიმუშაო. როცა ობიექტი დალუქულია, მას სხვა ხარჯებიც ხომ აქვს (ქირა, პერსონალის ანაზღაურება). ხარჯი აქვს, შემოსავალი კი -აღარ.

რატომღაც საგადასახდო ორგანოს თავის ვალდებულებად მიაჩნია, ვინმე აუცილებლად დააჯარიმოს. არადა, პირდაპირ უწერიათ საგადასახდო კოდექსში, რომ უნდა დაიცვან როგორც სახელმწიფოს, ასევე გადასახადის გადამხდელის ინტერესები და გადასახადები სწორად აღრიცხონ და არა იმ პრინციპით, რომ ბიუჯეტის შევსება იყოს თვითმიზანი. მომავალშიც ხომ უნდა არსებობდეს ის, ვინც რეალურად ამ ბიუჯეტს შეავსებს. ვიცი რამდენიმე საწარმო, რომლის მეპატრონეებმა ხელი ჩაიქნიეს საქმის წარმოებაზე და ურჩევნიათ, მათი წარმოება დალუქული იყოს მანამ, სანამ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს კი საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე საინვესტიციო გარემოზე".