მცირე მეწარმეებს ფიქსირებულ გადასახადს დაუწესებენ - კვირის პალიტრა

მცირე მეწარმეებს ფიქსირებულ გადასახადს დაუწესებენ

მოვაჭრეების პროტესტმა მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინა

მაისში პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსი შევა, სადაც, სხვა ცვლილებებთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადიც უნდა შევიდეს. გადასახადის განაკვეთისა და ფორმის დადგენაზე ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებსა და უცხოელ ექსპერტებთან მუშაობს.

ფიქსირებული გადასახადი მეწარმეების დიდი ხნის ოცნებაა, მაგრამ მის შემოღებაზე მთავრობა აქამდე უარს იმ მოტივით ამბობდა, რომ მსგავსი ფორმით უცხოეთში ბიზნესს აღარ ბეგრავენ.

გადაწყვეტილება მთავრობას ბაზრობის იმ მოვაჭრეების საპროტესტო გამოსვლებმა შეაცვლევინა, რომლებიც თებერვალში გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა მათგან სასაქონლო ზედნადებები მოითხოვა. ელიავას, ვაგზლისა და სხვა ბაზრობების მოვაჭრეებმა მაღაზიები დაკეტეს, ამის გამო ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და მათთან მოლაპარაკებები ფიქსირებულ გადასახადზე დაეწყო. მეწარმეთა პროტესტის მიუხედავად, საგადასახადო სამსახური სასაქონლო ზედნადებების გაუქმებას არ აპირებს.

არჩილ ბარათაშვილი (მცირე მეწარმე): "მოვაჭრისთვის, ვინც ელიავას ბაზრობაზე დახლთან დგას, ბუღალტერიის წარმოება ძნელია. ხშირად საქონელს უკან აბრუნებენ, ამას კი საგადასახადო ინსპექტორი მეწარმის დასაჯარიმებლად გამოიყენებს. უნებლიე შეცდომა მეწარმეს შეიძლება სახლის, ქონების გაყიდვის ფასად დაუჯდეს. ჯარიმები უზარმაზარია, 100-150 ათასიანი, წლების განმავლობაში რაც რამე დარღვევა ჰქონია, შესაძლოა ამოუქექონ და ჯარიმა დააკისრონ.

მერე საპროცესო გარიგებას უდებენ, 100 ათასს გაუნახევრებენ და მეწარმე ამითაც "კმაყოფილი" რჩება. ინსპექტორი ნადირობს, რომ მეწარმე დაიჭიროს, ზედმეტი საქონელი უპოვოს. ამიტომ მეწარმე შეშინებულია.

ბიუჯეტი მეწარმის განადგურების ხარჯზე ივსება. ასე ჯერ ერთი მეწარმე განადგურდება და დაიქცევა, მერე მეორე და ა.შ. დღგ-ის განაკვეთიც ძალიან დიდია. ფიქსირებულის დროს მეწარმე გათავისუფლდება ზედმეტი ხარჯებისგან, ზედმეტი ნერვიულობისგან, შიშისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლისგან და ეცოდინება, რამდენი უნდა გადაიხადოს. რაც უფრო მეტია გადასახადი, ბიზნესი მით მეტის დამალვას ცდილობს. ისეთი განაკვეთი უნდა დაადგინონ, რომელიც მისაღები იქნება როგორც მეწარმისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც.

ცოტ-ცოტა ყველასგან აიკრიფება და საბოლოოდ მეტი შეგროვდება. ფიქსირებული გადასახადი შეიძლება მიბმული იყოს ბრუნვასთან და მის 1 ან 2%-ს შეადგენდეს ან შეიძლება სხვა ფორმა მოიძებნოს, რადგან ამ შემთხვევაში ცუდ დღეში აღმოჩნდებიან საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც დიდი ბრუნვა, მაგრამ ნაკლები მოგება აქვთ".

გიორგი ხორბალაძე (მცირე მეწარმე, ელიავას ბაზრობა): "ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მცირე მეწარმეობას სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი. ისინი საერთაშორისო ბუღალტერიაში ვერ ერკვევიან და წარმოება უჭირთ. ბაზრობებზე ბუღალტერის დაქირავების საშუალება არ აქვთ და დახლზე ვერც კომპიუტერს დადგამენ. ამიტომ მეწარმე შიშობს, რომ საგადასახადო მივა, საბუღალტრო დოკუმენტებში შეცდომის გამო წლებით ნაშრომსა და ნაკოწიწებს ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაუყრის.

ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში უკვე მკაფიოდ გვეცოდინება, რა უნდა გადავიხადოთ. ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა, გვითხრეს, რომ თუ კლიენტმა არ მოგვთხოვა, სასაქონლო ზედნადების გამოწერა არ არის სავალდებულო. პატარა ჭანჭიკზე აღარ გვავალდებულებენ გამოწერას. გარდა ამისა, საგადასახადო ინსპექტორებს მითითება მისცეს, მსუბუქი დანაშაულის გამო მეწარმეები აღარ დააჯარიმონ".

სამაგიეროდ, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებიც შინ დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს მაღაზიებში აბარებენ.

რუსუდან ზაქარიაძე (ნამცხვრების მცხობელი): "რაც უმუშევრად დავრჩი, მას შემდეგ შინ ნამცხვრებს ვაცხობ და მაღაზიებში ვაბარებ. დაახლოებით ერთი თვეა, მაღაზიის მფლობელებმა გამომიცხადეს, რომ ნამცხვარს სასაქონლო ზედნადების გარეშე ვერ მიიღებდნენ. ამისთვის ინდმეწარმედ უნდა დავრეგისტრირდე და გადასახადებიც უნდა გადავიხადო. ამის საშუალება არ მაქვს, ამიტომ იძულებული გავხდი, კერძო შეკვეთებით ტორტების ცხობა დამეწყო".

თეიმურაზ ლომთაძე (დისტრიბუტორი): "საკუთარი მაცივარ-მანქანა მყავს, ნაყინს ვიღებ ქარხნიდან და შემდეგ მაღაზიებში ვაბარებ. ვთქვათ, 100 ყუთი ნაყინი გამოვიტანე ქარხნიდან, მთლიანად ვერ გავყიდე და 20 ყუთი დამრჩა. ამ ნაშთზე ზედნადები ვინ უნდა მომცეს? გაურკვევლობაში ვარ. არადა, ყოველ საღამოს უნდა გავაკეთო აღწერა. ისეა, რომ მყიდველიც ვარ და გამყიდველიც და აღრიცხვა როგორ მოვახდინო, არ ვიცი.

თითოეულ მაღაზიაში, როცა ნაყინს მივიტან, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოვწერო, ერთი მექანიკური შეცდომა რომ მომივიდეს, შეიძლება მომისწრონ და დამაჯარიმონ. ფიქსირებული გადასახადი, მაგალითად, ბრუნვის 1% თუ იქნება, მეცოდინება, რომ 1000 ლარის ნავაჭრზე 10 ლარი მექნება ყოველდღიურად გადასახდელი. არც მე დავმალავ და არც მაღაზია, პატიოსნად ვმუშაობ და ჯარიმა არ მინდა. ასეთივე მდგომარეობაშია ყველა დისტრიბუტორი. მაღაზიებს გათენების ეშინიათ, რომ საგადასახადო არ მიუვარდეთ, მაგრამ ლაპარაკისაც ეშინია ყველას. ამას რომ ვამბობ, მეც მეშინია, არ გადამეკიდონ და საქმე უფრო არ გამიფუჭონ".

რა სახის ცვლილებები შევა საგადასახადო კოდექსში, ფინანსთა სამინისტრო ჯერ არ ახმაურებს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესს ფიქსირებულ გადასახადს ბრუნვის შესაბამისად განუსაზღვრავენ.

ირაკლი სირაძე (ფინანსთა მინისტრის მოადგილე): "ბევრი საკითხი დაგროვდა, ამიტომ საჭირო გახდა კოდექსის შეცვლა. ფიქსირებული გადასახადის მიზანია, იყოს მარტივად საანგარიშო, არ იყოს მაღალი და არც ადმინისტრირება იყოს რთული".

ნონა ქვლივიძე