მილიონი დაზღვეულის ტენდერი ჩაიშალა - კვირის პალიტრა

მილიონი დაზღვეულის ტენდერი ჩაიშალა

ჯანდაცვის პრობლემები სახიფათოა მთავრობის "ჯანმრთელობისთვის"

ვინ დააზღვევს მილიონამდე სოციალურად დაუცველ პირს, დევნილსა და პედაგოგს, ვის ჯანდაცვასაც სახელმწიფო აფინანსებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, როდის და რა პირობებით ჩაატაროს ტენდერი იმ სადაზღვევო კომპანიების შესარჩევად, ვისაც ბიუჯეტიდან ამ პირების სადაზღვევო თანხას გადაურიცხავს.

ტენდერი ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ჩაშალა და სადაზღვევოები კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულა. როგორც მინისტრმა თქვა, "კეთილსინდისიერების მომენტი დაკარგული იყო", კომპანიები გარიგდნენ, ამიტომ შედეგები განულდა. შესაბამისად, უცნობია, რომელ კლინიკებში მიიღებენ ეს მოქალაქეები უფასო სამედიცინო მომსახურებას.

სადაზღვევოებმა ქვეყნის რეგიონები საკუთარი სურვილისამებრ გადაინაწილეს, იმის მიხედვით, ვისაც სად მეტი დაზღვეული ჰყავდა და საავადმყოფოს აშენებას სად აპირებდა. "ავერსის" ახალშექმნილმა სადაზღვევო კომპანია "ალფამ", მაგალითად, თბილისის ლოტი მოიგო, სადაც დაზღვეულების 22%-ი ცხოვრობს, "ალდაგი ბისიაიმ" – იმერეთის ნაწილი 85 ათასი ადამიანით, "ჯიპიაიმ" -სამცხე-ჯავახეთი და კახეთი, "აისი ჯგუფმა" რაჭა-ლეჩხუმი და სხვ.

"ავერსის" მფლობელმა ტენდერის შემდეგ განაცხადა, რომ კომისიამ გამჭვირვალე ტენდერი გამართა და გული იმაზე დასწყდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას თითო დაზღვეულზე ყველაზე ნაკლების -146 ლარის გადახდაზე დაეთანხმა, ტენდერი ჩაიშალა. პაატა კურტანიძის თქმით, აქამდე, როცა ტენდერი არ ეწყობოდა, სადაზღვევო კომპანიები კლიენტებზე, მათ გადასაბირებლად, ზეწოლას ახდენდნენ. მომხმარებელიც დაბნეული იყო, ვისთან დაზღვეულიყო არ იცოდა. ასეთ ტენდერს კი მეტი პლუსი აქვს -მზღვეველს მას სახელმწიფო შეურჩევს. კმაყოფილი იყვნენ სხვა სადაზღვევოებიც. მაგრამ მათი იმედები სკანდალურად ჩაიფუშა.

სანდრო კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრი): "სადაზღვევო კომპანიები ერთმანეთთან ძალიან დიდი ხანია შეხმატკბილებულად მუშაობენ. საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, როგორ მუშაობს დიდი ინდუსტრია. ტენდერის წინ ველოდებოდით, რომ რომელიმე კომპანია ფასს დააგდებდა და ვშიშობდით, რომ მათ შორის რაღაც მოლაპარაკება იქნებოდა, მაგრამ ცხრავე კომპანია ასე არაკეთილსინდისიერად თუ მოიქცეოდა, არ მეგონა".

სამაგიეროდ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს სადაზღვევოების გარიგება არ გაჰკვირვებიათ. მათი შეფასებით, ნათელი იყო, რომ კომპანიები გარიგდებოდნენ. ამის საფუძვლად ისინი სადაზღვევო ბაზარზე მანამდე არსებულ გარიგებებს ასახელებენ.

ვახტანგ მეგრელიშვილი (ექსპერტი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე): "სადაზღვევო კომპანიები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია ემსახურებიან და რეგიონების მიხედვით საკუთარი ბენეფიციარები ჰყავთ. ამიტომ არ არის გამორიცხული, კომპანიებს რეგიონები გადაენაწილებინათ. მთავრობა შეცდა, როცა სადაზღვევოს შერჩევის ძირითად კრიტერიუმად სამედიცინო დაზღვევის მომსახურების დაბალი ტარიფი აირჩია.

ფასის შემცირებაზე აქცენტის გაკეთება თავიდანვე შეცდომა იყო. მთავრობას კონკურსი ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობებზე უნდა გამოეცხადებინა და არა წლიური პრემიის დაბალი ფასის მისაღწევად. დაბალი ტარიფის შემთხვევაში სამედიცინო სერვისის ხარისხი შემცირდება. ხელისუფლებამ ხელახალი კონკურსის გამოცხადებისას კომპანიებს უნდა განუსაზღვროს პირობები, კერძოდ, რომელ რეგიონში რა ტიპის ჰოსპიტალი სჭირდება".

უკვე ცნობილია, რომ მთავრობა ხელახალი კონკურსის პირობებში ამ ტიპის ცვლილებებს არ შეიტანს. თუმცა, კონკურენციის გასაზრდელად, კონკურსის პირობებს გაამკაცრებს.

კონკურსში მონაწილე ყველა კომპანიას ჰოსპიტალურ ბიზნესში შესვლაც სურს. სადაზღვევოებმა ქვეყნის რეგიონებში 45 ახალი კლინიკის აშენება ან უკვე არსებულის რეაბილიტაცია ივალდებულეს. სადაზღვევო კომპანია კლინიკას იმ რეგიონში მოაწყობს, სადაც დაზღვეულები ეყოლება, შესაბამისად, მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობა ესპობა. იგი იძულებული იქნება იმ კომპანიაში დაეზღვიოს, რომელიც მის რაიონში გაიმარჯვებს (ისინი დღემდე თვითონ ირჩევდნენ სადაზღვევო კომპანიას). შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ამავე კომპანიის კლინიკას უნდა მიმართოს.

ჰოსპიტალურ სექტორში სადაზღვევო კომპანიები ნაწილობრივ ჩაანაცვლებენ კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას", რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული საავადმყოფო საკუთრებაში 2007 წელს გადასცა. კომპანიას 100 საავადმყოფოს მშენებლობა 2011 წლისთვის უნდა დაესრულებინა. მოგვიანებით, ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრომ "ბლოკ-ჯორჯიას" ვალდებულებების შესრულება ერთი წლით გადაუვადა.

მაგრამ ქართულ-ჩეხურ კომპანიას არც ამ შეღავათმა უშველა და მთავრობამ მისთვის ჰოსპიტალების 80%-მდე ჩამორთმევისა და საინვესტიციო ხელშეკრულების დარღვევისთვის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. "ბლოკ-ჯორჯიას" ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ "100 ახალი საავადმყოფოსთვის" 120 მილიონის ინვესტიცია ნაშოვნი ჰქონდა და საავადმყოფოების მშენებლობას ზაფხულში დაიწყებდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბლოკ-ჯორჯიასთვის" დატოვებული მთლიანი ვალდებულებების 20%-ს ისრაელის კომპანია "აიჰოპი" გადაიბარებს.

მან ჰოსპიტალური სექტორის პროექტში კომპანია "ახალი სტილის" ვალდებულებები შეისყიდა, რომელსაც მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. "აიჰოპთან" ხელშეკრულება ამ დღეებში უნდა გაფორმდეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელშეკრულების გაფორმებისას გაირკვევა პროექტის განხორციელების ვადები და შესასრულებელი ვალდებულებები. მთავრობაში ამბობენ, რომ სკანდალური "ბლოკ-ჯორჯია" ებრაული კომპანიით ჩაანაცვლეს, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "აიჰოპს" იგივე ხალხი მართავს, რომელიც "ახალ სტილს" ხელმძღვანელობდა...

სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ საკონკურსო პირობებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ გადაწყვეტენ ტენდერში მონაწილეობას. გამარჯვებულ კომპანიებთან მთავრობამ 3-წლიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. სამედიცინო სერვისის ახალი პირობები სახელმწიფო სუბსიდირებული პირებისთვის 2011 წლის 1-ელი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

P.S. სამთავრობო კომისიას ტენდერის ახალი პირობები უკვე აქვს, თუმცა არ ახმაურებს. მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გამკაცრებული პირობები ტარიფსაც შეეხება -მთავრობა სამედიცინო მომსახურების ტარიფის ზედა ზღვარს, რომელიც წინა ტენდერის დროს წლიურად 180 ლარი იყო, კიდევ უფრო შეამცირებს. ამასთან, კონკურენციის გაზრდის მიზნით, ტენდერზე სადაზღვევო სფეროში გამოცდილების არმქონე კომპანიებსაც დაუშვებს...

ახალი პირობები სადაზღვევოებს არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ეს სამედიცინო სერვისის ხარისხს გააუარესებს. ამასთან, აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი კომპანია დემპინგურად დაბალი ტარიფით გამარჯვებას მოიპოვებს, შემდეგ კი ვალდებულებებს ვეღარ ან აღარ შესრულებს.

რამდენიმე ფაქტი

-სამედიცინო დაზღვევის კონკურსი მთავრობამ 876.587 სოციალურად დაუცველის, დევნილის, სახალხო არტისტისა და პედაგოგის დასაზღვევად და მათი სამედიცინო მომსახურებისთვის საავადმყოფოების ასაშენებლად გამოაცხადა.

-ქვეყნის ტერიტორია 26 ლოტად დაიყო და თითოეულში განისაზღვრა დასაზღვევ ბენეფიციართა და ასაშენებელ საავადმყოფოთა რაოდენობა.

-ჩაშლილად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კომპანიები სახელმწიფოს ერთ დაზღვეულზე 14,98 ლარის თვიურ პრემიას სთავაზობდნენ. ზედა ზღვარი კი 15,00 ლარით (წელიწადში 180 ლარი) იყო განსაზღვრული.

ნონა ქვლივიძე