გააძვირებს თუ არა სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის ხორცს
გააძვირებს თუ არა სავალდებულო ეტიკეტირება საქონლის ხორცს
ეტიკეტზე უნდა მიეთითოს ინფორმაცია ცხოველის საყურე ნიშნის შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს მოძებნა, რომელი პირუტყვი დაიკლა

პირველი იანვრიდან საქონლის ხორცისა და ხორც­პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდა. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია პირუტყვის დაკვლის ადგილის, თარიღისა და ხორცის შენახვის პირობების შესახებ. მაგალითად, თუ ცხოველის დაბადების, მოშენებისა და დაკვლის ადგილები სხვადასხვაა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თითოეულ მათგანზე. ეტიკეტირების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

ანა გემაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: `საწარმოო
პროცედურის დასრულების შემდეგ სასაკლაოზე­ ან იმ საწარმოში, სადაც ხორცს ჭრიან, ანაწევრებენ, გამოყოფენ ნარჩენებს, არბილებენ ან ფარშს ამზადებენ, ხორცსა თუ ხორცპროდუქტზე ეტიკეტი უნდა განთავსდეს. სავალდებულო ეტიკეტირება მომხმარებლის ინტერესს შეესაბამება, რადგან ის ადასტურებს, რომ გასაყიდი ხორცი ნამდვილად იმ ცხოველისგან არის მიღებული, რომელიც დაიკლა და დამუშავდა სახელმწიფოს ზედამხედველობით.
დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ნამდვილად ჯანმრთელი ცხოველი დაიკლა და მომხმარებელი უსაფრთხო პროდუქტს ყიდულობს.

ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ საწარმოს­ ან სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც პირუტყვი დაიკლა და დამუშავდა. უნდა მიეთითოს ინფორმაცია ცხოველის საყურე­ ნიშნის შესახებაც, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მოძებნა, რომელი პირუტყვი დაიკლა. ასევე უნდა მიეთითოს ხორცის დაკვლის თარიღი, ტემპერატურული რეჟიმი და შენახვის პირობები.

- წარმოების რომელ ეტაპზე უნდა მოხდეს ეტიკეტირება?

- პროდუქციაზე ეტიკეტი საწარმოო პროცესის დასრულების შემდეგ თავსდება.­ ის, შესაძლოა, განთავსდეს შეფუთვაზე ან შეუფუთავი ხორცის ნაჭერზე. როცა დახლზე მოხვდება შეუფუთავი ხორცი, სარეალიზაციო ობიექტი პასუხისმგებელია, რომ მომხმარებლისთვის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს. დახლზე ან ტაბლოზე, ხორცთან ახლოს, უნდა განათავსოს ყველა ზემოხსენებული ინფორმაცია. ამ ობიექტმა ჩანაწერებიც უნდა აწარმოოს, რათა ხორცის ყოველი პარტიის მიკვლევა იყოს შესაძლებელი, თუნდაც უკვე გაყიდულის - რომელი საწარმოდან იყო მიღებული, როდის გაიყიდა და სხვ.

- ეტიკეტირების ვალდებულება ხომ არ გააძვირებს ხორცსა და ხორცპროდუქტებს?

- პირველ იანვარს ამოქმედებული დებულება კონკრეტულად ეხება საქონლის ხორცის ეტიკეტირებას. ჩვენი ბიზნესსექტორისთვის ეტიკეტირება უცხო ხილი არ არის. ერთი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა, რათა სექტორი ამ ვალდებულებისთვის მოგვემზადებინა, მოესინჯათ ბაზარი - რამდენად იმოქმედებდა სიახლე ხორცის ფასზე. მეთოდური მითითებები ერთი წლის წინ გავუგზავნეთ მწარმოებლებს, მათ შორის - ხორცის მწარმოებლებსაც, თუ რა ფორმის ეტიკეტი და რა ინფორმაცია უნდა განთავსებულიყო ხორცის ნაჭრებსა თუ სხვა პროდუქტზე. ეტიკეტირების მოთხოვნა უკვე მოქმედებდა. ის თავსდებოდა­ იმ ხორცსა თუ ხორცპროდუქტებზე, რომლებიც­ სასაკლაოებიდან გამოდიოდა. ბოლო მოთხოვნაში მხოლოდ საყურე ნიშნის ნომერი დაემატა.
ეტიკეტირება ნებაყოფლობით აქამდეც­ ხდებოდა, თუმცა ამას ხორცის გაძვირება­ არ გამოუწვევია. თუ შარშან ნებაყოფლ­ობითმა ეტიკეტირებამ არ გამოიწვია ხორცის­ გაძვირება, არა მგონია, წლევანდელმა ვალდებულებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ხორცის საბაზრო ფასზე.

- თუმცა ზოგჯერ ხორცი არასათანადო პირობებში, სახელდახელოდ მოწყობილ ბაზრებსა თუ ბაზრობებზე იყიდება - ქუჩაში, გზის პირზე, ავტობანებზეც კი...

- ასეთ პირობებში ვაჭრობა უკანონოა. აგრარულ ბაზარსა და მის ტერიტორიაზე­ პროდუქციის გაყიდვას ჩვენ ვაკონტროლებთ. რაც შეეხება არაორგანიზებულ ბაზრობებს, მათი კონტროლი ადგილობრივი­ მუნიციპალური ორგანოების კომპეტენციაა. ეს კანონდარღვევაა და დაჯარიმებას ექვემდებარება, თუმცა სცდება ჩვენს კომპეტენციას.

- ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის რას ითვალისწინებს კანონი?

- ეტიკეტირების წესის დარღვევა პირველ შემთხვევაში 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და თუ ერთი წლის განმავლობაში განმეორდება, 1.000-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

- გახდება თუ არა მომავალში სავალდებულო სხვა პირუტყვის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირებაც?

- ერთი წელია, მეწარმეებს საქონლის ხორცის გარდა, ყველა სხვა სახის ხორცის ეტიკეტირებაზე ველაპარაკებით და ზოგიერთმა უკვე ღორის ხორცის ეტიკეტირებაც დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით ეს სავალდებულო არ გამხდარა.

- იმპორტირებული ხორცისა და ხორც­პროდუქტების შემთხვევაში რა მოთხოვნები აქვს კანონს?

- თუ ხორცი იმპორტირებულია ან მიღებულია საქართველოში იმპორტირებული ცოცხალი ცხოველისგან, მაშინ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს "ცოცხალი ცხოველის იმპორტი და იმპორტიორი ქვეყნის დასახელება. აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ხორცის ეტიკეტზე, თუ ის მიღებულია საქართველოში იმპორტირებული­ ცოცხალი ცხოველისგან ან ცხოველთა ჯგუფისგან, რომელიც დაიკლა იმპორტის განხორციელებიდან 30 დღის შემდეგ.

ემა ტუხიაშვილი
დათო
25 იანვარი 2017 14:10
რა ეტიკეტირება ახლა ნახეთ უკვე 8-10 წელია პირუტყვი იდამღება. ეტყობა ემა ქალაქიდან ახლა გახვედით ,ნეტა ძროხას თუ არჩევ ირმისგან.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები