რატომ ყიდდა მთავრობა ერთ პოლისს 180 ლარად, თუ შეეძლო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უმწეოთათვის 144 ლარად მიეღო?! - კვირის პალიტრა

რატომ ყიდდა მთავრობა ერთ პოლისს 180 ლარად, თუ შეეძლო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უმწეოთათვის 144 ლარად მიეღო?!

სადაზღვევო ტენდერი სამთავრობო კომისიამ ხელახლა გამართა და ის მიიღო, რაც უნდოდა - ბიუჯეტს 140 მილიონი ლარის ეკონომია გაუკეთა. ვის ხარჯზე? რა თქმა უნდა, ისევ ხალხის, თანაც მილიონამდე სოციალურად დაუცველი ადამიანის ხარჯზე.

სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც წინა ტენდერზე თანახმა იყვნენ, სოციალურად დაუცველი თითოეული პირის სამედიცინო მომსახურებაზე წელიწადში 180 ლარი დაეხარჯათ, ახლა უკვე მთავრობამ დაავალდებულა, მათ 144 ლარზე მეტი არ მოახმარონ. შედეგად მილიონამდე უმწეოს, ლტოლვილს, პედაგოგსა და სახალხო არტისტს სადაზღვევო კომპანიები თვეში 12 ლარს ამყოფინებენ.

სადაზღვევოები, რომლებიც ცოტა ხნის წინ უმწეოების სამედიცინო მომსახურებას 150 ლარზე დაბალ ფასად შეუძლებლად მიიჩნევდნენ (ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია "იმედი L"-ის ხელმძღვანელმა ნიკა ჩიხლაძემ პირველი ტენდერის შემდეგ განაცხადა, რომ დაზღვეულზე თვეში 14 ლარის ანაზღაურებას აიტანდნენ, მაგრამ 13 ლარად უკვე ვეღარ მოემსახურებოდნენ), დღეს ამ წინადადებას დათანახმდნენ.

თვის დასაწყისში ჩატარებული პირველი ტენდერი ჯანდაცვის მინისტრმა ჩაშალა და სადაზღვევოები კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულა. მაშინ მინისტრმა კვიტაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიები გარიგდნენ, ქვეყნის რეგიონები საკუთარი სურვილისამებრ გადაინაწილეს, იმის მიხედვით, ვისაც სად ჰყავდა მეტი დაზღვეული და სად აპირებდა საავადმყოფოს აშენებას. ამიტომ შედეგები გაანულა.

როგორც მთავრობაში განაცხადეს, ხელახალი ტენდერი გასულ კვირას გამკაცრებული პირობებით მოაწყვეს. თუმცა იმის გარდა, რომ ვაუჩერის ფასი შემცირდა, რეალურად სხვა პირობა არ გამკაცრებულა. პირიქით, ტენდერზე ის სადაზღვევოც დაუშვეს, რომელსაც სოციალურად დაუცველთა მომსახურებაში გამოცდილება არ ჰქონდა (ხელახალ ტენდერში სულ 10-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა). გამოვიდა რომ, ვაუჩერის ფასის გარდა, არაფერი შეცვლილა. კომპანიებმა რეგიონები თითქმის ისევ ისე გადაინაწილეს, როგორც ჩაშლილი ტენდერის დროს.

"ავერსის" ახალშექმნილმა სადაზღვევო კომპანია "ალფამ" ამჯერად თბილისის ლოტს, სადაც დაზღვეულების 22% ცხოვრობს, გორის ლოტიც მიუმატა და შესაბამისად, ბაზარზე თავისი წილი გაზარდა. "ალდაგი ბისიაიმ" ისევ იმერეთის ნაწილი მოიპოვა, "ჯიპიაიმ" - სამცხე-ჯავახეთი და კახეთი, "აისი ჯგუფმა" რაჭა-ლეჩხუმი და სხვ. განმეორებით ტენდერში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის "ქართუ-ჯგუფის" სადაზღვევო კომპანია "ქართუმაც" მიიღო, რომელიც წინა ტენდერში არ მონაწილეობდა.

კომპანიამ საჩხერის ლოტი დაისაკუთრა და ამ რაიონში 15-საწოლიანი კლინიკის მოწყობის ვალდებულებაც აიღო. "ქართუ-ჯგუფს" ამ რეგიონში უკვე აშენებული აქვს 150-საწოლიანი საავადმყოფო და კიდევ ერთი 200-საწოლიანი კლინიკის მშენებლობასაც ასრულებს. გამეორებით ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღო სადაზღვევო კომპანია "ტაომ", რომელმაც უარი სწორედ ვაუჩერის ღირებულების შემცირების გამო თქვა. დანარჩენ სადაზღვევოებს კვლავაც რჩებათ თბილისსა და რეგიონებში 46 ახალი თანამედროვე კლინიკის მშენებლობის ვალდებულებაც.

საკითხავია, ტენდერის შედეგები თითქმის უცვლელი თუ დარჩა, მაშ პირველი ტენდერი რატომ ჩაშალეს? ბუნებრივად ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რატომ ყიდდა მთავრობა ერთ პოლისს 180 ლარად? თუ შეეძლო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უმწეოთათვის 144 ლარად მიეღო, რატომღა უხდიდა სადაზღვევოებს საკმარისზე მეტს? ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.

მას ჯანდაცვის მინისტრმა უნდა უპასუხოს, რომელიც ტენდერის შედეგებს ამჯერად ალბათ, ვეღარ გააპროტესტებს და სადაზღვევოების გარიგებებში დადანაშაულებაც გაუჭირდება. კონკურსი მის გარეშე მოაწყვეს. მინისტრი ვულკანური ღრუბლებისგან შეფერხებული ფრენების გამო თბილისში ვეღარ ჩამოვიდა და დუბლინში ჩარჩა, სადაც შრომის კოდექსთან დაკავშირებით ევროპელების კონსულტაციებს ისმენდა.

კომისიასა და სადაზღვევოებს შორის ოქმზე ხელი ტენდერიდან სამ დღეში უნდა მოეწერათ. სადაზღვევოებს ვალდებულებების შესრულების გრაფიკი ამის შემდეგ უნდა შეუდგინონ. ტენდერის ჩატარებიდან კვირაზე მეტი გავიდა, ოქმი კი კვლავაც ხელმოუწერელია. ოქმის ხელმოწერამდე ტენდერის შედეგებზე საუბრისგან თავს იკავებენ სადაზღვევოებიც.

ედუარდ ცხოვრებაძე (სადაზღვევო კომპანია "ალფას" დირექტორი): "აქამდე რამდენი ტენდერი გამართულა და ოქმი მზად მეორე ან მესამე დღესვე ყოფილა. ახლა პასუხი ჯერ არ ვიცით. ამ კვირაში უნდა იყოსო, გვეუბნებიან... ბევრი დაზღვეულის ერთწლიან პოლისს კი ვადა სწორედ აპრილის ბოლოს ეწურება. სამედიცინო მომსახურებაში წყვეტა რომ არ ჰქონდეთ, მაისიდან მათი ახალი დაზღვევა უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ტენდერს, ვაჭრობა მაშინაც იყო და მეორეზეც. ყველა სადაზღვევო კომპანია ბოიკოტს გვიცხადებს, ამიტომ ვერ გავურიგდებოდით. ვაუჩერის ფასი შემცირდა, ჩვენთვის 144 ლარზე ნაკლები გამოვიდა, მაგრამ რას ვიზამთ".

ნიკა რამიშვილი (სადაზღვევო კომპანია "არქიმედე გლობალ ჯორჯიას" დირექტორი): "ვაუჩერის ფასი დაბალია, მაგრამ ტენდერში მონაწილეობაზე ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თანახმა ვიყავით. იმ ლოტებზე შევიტანეთ განაცხადი, რაც წინა ტენდერზე გვქონდა და რომლებიც გვაინტერესებდა".

გამარჯვებულ კომპანიებთან მთავრობამ 3-წლიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის ფასის შემცირება უმწეოთა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. ამასთან, მათ შეეზღუდათ მომსახურე სადაზღვევოსა და კლინიკის არჩევის თავისუფლება. იძულებული არიან, საჭიროების შემთხვევაში, მათ რეგიონში გამარჯვებულ სადაზღვევოს მიმართონ.

ვახტანგ მეგრელიშვილი (ექსპერტი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე): "არც ძველი და არც ახალი ფასი ბაზარს არ განუსაზღვრავს. ორივე შემთხვევაში ვაუჩერის ფასი კონკრეტულმა ადამიანმა დათვალა. პირველად სხვაგვარად დაითვალეს, მეორედ - სხვაგვარად. წინა ტენდერის პირობებით, თუ სადაზღვევო 180-დან 100 ლარს სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯავდა და დარჩენილ 80 ლარს კლინიკის აშენებას ახმარდა, ახლა მას 144 ლარი აქვს გასანაწილებელი. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მას იგივე ვალდებულება დარჩა. გამოდის, თანხა უმწეოს უნდა მოაკლოს.

ეს შემცირება სინამდვილეში არც სადაზღვევოს დააკლდება და არც ბიუჯეტს, ეს 900 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირის კისერზე გადაივლის. სადაზღვევო იძულებული იქნება, მათ ნაკლები მომსახურება გაუწიოს. იმ კატეგორიაში, ვისაც სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო უფინანსებს, უმეტესად ის ადამიანები შედიან, რომლებსაც გაუჭირდებათ გაუარესებული მომსახურების გაპროტესტება, ან ალტერნატივის მოძებნა.

იმის გამო, რომ უბრალოდ არაფერი იციან სადაზღვევო პაკეტების შესახებ. იგივე სადაზღვევო პაკეტი ნებისმიერმა ჩვენგანმა რომ იყიდოს, ის ორჯერ ძვირი დაუჯდება. ეს იმიტომ, რომ იმ უმწეომ არ იცის, როგორ მიიღოს და პოლისის შესაბამის მომსახურებას ვერც სადაზღვევოსგან ითხოვს.

ხელშეკრულების პირობა ასეთია - დაზღვეულებს სამი წლის განმავლობაში სხვა სადაზღვევოს არჩევის უფლება შეზღუდული აქვთ. ამ ხნის განმავლობაში ის ვერ აირჩევს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

ამგვარი პირობის ჩადება კომისიამ შემდეგნაირად ახსნა - აქამდე სადაზღვევოები მომხმარებლების გადასაბირებლად იბრძოდნენ და სხვადასხვა შეღავათებს სთავაზობდნენ. ამისთვის მათ დამატებითი ხარჯების გაწევა უწევდათ. ახლა, კომისიის არგუმენტაციით, მათ ამ ხარჯების გაწევა აღარ დასჭირდებათ და თანხას მთლიანად კლინიკებს მოახმარენო. რეალური შედეგი კი ის იქნება, რომ მომხმარებელი სადაზღვევოს ვეღარ ირჩევს და ბაზარზე კონკურენციაც იზღუდება, რადგან რეგიონში სხვა კომპანია ცხვირს ვერ შეყოფს".

კიდევ ერთმა პრობლემამ თბილისსა და გორში არსებული იმ კლინიკებისთვის შეიძლება იჩინოს თავი, რომლებსაც "ალფასთან" კონტრაქტი არ აქვთ. "ავერსის" "ალფას", რომელმაც ეს ლოტები მოიგო, სადაზღვევო პაკეტებზე ფასების დაწევის გამო ყველა დანარჩენმა სადაზღვევო კომპანიამ ბოიკოტი გამოუცხადა და მასთან კონტაქტი გაწყვიტა.

სადაზღვევოები საკუთარ კლინიკებში მისულ პაციენტებს აღარც "ავერსის" წამლებს უწერენ. "ავერსთან" ბევრი სხვა კლინიკაც არ თანამშრომლობს, რადგან "ალფას" საკუთარი კლინიკები აქვს. შესაბამისად, მათ ის კლიენტები მოაკლდებათ, რომლებიც სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში მოხვდნენ.

ნონა ქვლივიძე