სოფლის მეურნეობა - ბიზნესის "ღარიბი ნათესავი" - კვირის პალიტრა

სოფლის მეურნეობა - ბიზნესის "ღარიბი ნათესავი"

ბაღებისა და სავარგულების დიდ ნაწილს გლეხობა კვლავ დაუმუშავებელს ტოვებს

უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში რეფორმები გამალებით მიმდინარეობს, მათ შორის, სოფლის მეურნეობაშიც. თუმცა გლეხისთვის რეალურად ბევრი არაფერი შეცვლილა: ანაზღაურება "პრეზიდენტის" ტრაქტორსაც ისევე სჭირდება, როგორც ძველს; მოსავლის გასაღება კვლავაც ჭირს; სავარგულების დასამუშავებლად ფული კვლავაც ბევრ მეურნეს არ ჰყოფნის, ხოლო თუ ზამთარი მკაცრი არ გამოდგა, გამრავლებული მინდვრის მღრღნელები დიდ ზარალს აყენებენ ფერმერებს. წლეულს მათ დედოფლისყაროში საკმაო ფართობზე დააზიანეს ნათესები.

ამ რაიონში ყველაზე მეტია სავარგულების ფართობი და შესაბამისად, მღრღნელების გავრცელებასთან ბრძოლაც გაძნელებულია... გლეხობას თითო "კანისტრა" საწვავი ჯერ რას შველოდა და ახლა ისიც აღარ რიგდება.

ჯემალ ღუდუმიძე (კახეთის რეგიონის მკვიდრი): "შემიძლია გითხრათ, რომ კახეთში მარწყვის კარგ მოსავალს ველოდებით. წლეულს ატამიც კარგად მოისხამს, მიუხედავად იმისა, რომ ატმის ბაღების ნაწილი დაავადებამ გააფუჭა, როგორც ადგილობრივები ვეძახით, ატმის ფოთოლს "ხუჭუჭა" გაუჩნდა. დაავადებამ მოსავალი მას დაუზიანა, ვისაც შემოდგომით ან გაზაფხულის პირზე ატმის ბაღი არ შეუწამლავს.

სხვათა შორის, წვიმიანი გაზაფხული მოუხდა კიდეც ნათესებს, მათ შორის ლობიოს, სიმინდს, მაგრამ კახეთის რაიონის რამდენიმე სოფელში უხვი ნალექის გამო ხევი მოდიდდა და ნათესების ნაწილი დაიტბორა. ზოგს მარწყვის ნარგავები დაეტბორა, ზოგს ატამი, მაგრამ არა ისეთი მოცულობით, რომ მთლიან მოსავალზე აისახოს. რა თქმა უნდა, ხალხმა იზარალა, მაგრამ ბუნებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ახლა დატბორილი მინდვრების გაწმენდა მიმდინარეობს.  ჯერჯერობით ვენახსაც კარგი პირი უჩანს, კარტოფილის ნათესებიც კარგია. რა თქმა უნდა, კახეთში დასამუშავებელი სავარგულებიც დარჩა. ზოგმა მიწის დამუშავება დიზელის საწავავის სიძვირის გამო ვერ შეძლო, ზოგსაც სიზარმაცემ აჯობა: მთელი დღე სოფლის ბირჟაზე დგომა ურჩევნიათ მინდორში მუშაობას. თოხნასაც ტრაქტორი ხომ არ სჭირდება, მაგრამ ზოგს ეგეც ეზარება.

ვისაც სოფლის მეურნეობა უყვარს და აინტერესებს, მათთვის მუდმივი ძიების პროცესია. მაგალითად, ჩვენთან ძირითადად მცირემიწიანი სოფლებია. თითოეულ ოჯახს 1-1,25 ჰექტარი თუ ექნება, ცოტაა ისეთი, 3-4 ჰექტარს ფლობდეს. ვისაც დიდი ფართობის სავარგული აქვს, იმისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია ხორბლის, ქერის მოყვანა.

ვისაც პატარა ნაკვეთები აქვს, მარწყვი მოჰყავთ, რადგან ეს კენკრა მომგებიანია. 10-15 მეასედზე 3-4 ათასი ლარის შემოსავალი მოაქვს. ჩემმა კარის მეზობელმა შარშან 15 მეასედზე მარწყვი მოიყვანა და სულ რაღაც თვე-ნახევარში 15 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო. გლეხები შენაცვლებით სიმინდსა და მზესუმზირასაც თესავენ. ნიადაგს უხდება ასეთი ცვლილებები. ახლა კახელებმა რატომღაც თხილის გაშენება გადაწყვიტეს.

მიზეზად ის მოჰყავთ, რომ ამ კულტურას წამლობა, გათოხნა არ სჭირდება. ზოგი კარალიოკის გაშენებას ფიქრობს, რადგან შარშან კილოგრამს 30 თეთრად ბითუმად იბარებდნენ. დაკვირვებული გლეხი ყოველ წელს თვალს ადევნებს ბაზარს, რომელ პროდუქტზეა მეტი მოთხოვნა და შესაბამისად, უკეთაც იყიდება. შარშან, მაგალითად, ვაშლატამამ გაამართლა და მისი მოყვანა ბევრმა გადაწყვიტა".

ზაქარია მაზმიშვილი (გორის რაიონის მკვიდრი): "კურკოვან ხეხილს ყვავილობის პერიოდში კარგი ამინდები დაემთხვა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ წლეულს გორში ქლიავისა და ატმის კარგი მოსავალი გვექნება. რაც შეეხება ვაშლისა და მსხლის მოსავალს, ეს უკანასკნელი ჯერ ყვავილობს, ვაშლი კი აპრილის ბოლოს გაყვავდება და მოსავლის პროგნოზებზე საუბარს მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ.

თუმცა ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ვაშლის მოსავალი მცირე იქნება. საზოგადოდ, როცა ერთ წელს კარგი მოსავალი მოდის, მეორე წელს მოსავალი შედარებით მცირეა. ამბობენ ხოლმე: ხეხილი ისვენებსო. სხვათა შორის, ბევრმა მოუვლელი დატოვა წლეულს ბაღები. მიზეზი კი, პირველ რიგში, უფულობაა. ვაშლის შარშანდელი მოსავალი ხალხს გასაყიდი დარჩა. მოგეხსენებათ, რუსეთის ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის ჩაკეტილია.

ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მოსავალს უკრაინის ბაზარზე გაიტანდა და აღმოჩნდა, რომ ეს ნიშა პოლონეთში მოყვანილ ვაშლს ეკავა. არადა, ვაშლს დიდი ხნის განმავლობაში და ისიც სახლის პირობებში ვერ შეინახავ. მართალია, აქა-იქ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები გაიხსნა და ვაშლსაც იბარებენ, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობით და მეტისმეტად დაბალ ფასად. წარმოიდგინეთ, კილოგრამ ვაშლს 3,5 თეთრად იბარებენ. თანაც საუბარია სუფრის ვაშლზე და არა საწარმოო ვაშლზე, რომელიც ბაზარში კილოგრამი ერთ ლარად და მეტად იყიდება. საწარმომდე მიტანის ხარჯიც გლეხმა უნდა გაიღოს და რეალურად კილოგრამში სამ თეთრს იღებს.

ძირითადად ხალხმა მარცვლეული კულტურები დათესა და ჯერჯერობით აღმოცენდა. მართალია, შედარებით მოკლე ზამთარი იყო და მინდვრებში მღრღნელი მომრავლდა, მაგრამ მათი საწინააღმდეგო წამალი ვინც შეიტანა ნიადაგში, მოსავალიც გადაარჩინა.

თქვენი გაზეთის საშუალებით გვინდა ერთი პრობლემის შესახებ გავავრცელოთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს გლეხობას ძალიან აწუხებს: მდინარე ლიახვი აზვირთებული მოდის, სარწყავი არხი კი დამშრალია, რადგან იქ წყალს არ უშვებენ. ჯერ იყო და, არხის რეაბილიტაციას იმიზეზებდნენ, ახლა ამბობენ, გადასახადი უნდა დაწესდესო. ითქვა, რომ სარწყავი არხით სარგებლობისთვის გადასახდი 2010 წლამდე გაუქმებული იყო.

ჯეჯილის მორწყვის საშუალება არ გვაქვს. თუ მინდვრების, ერთწლიანი კულტურებისა და ბაღების მორწყვის შესაძლებლობას არ მოგვცემენ, ყველაფერი გაფუჭდება".

გია ლომიძე (ვანის რაიონის მკვიდრი): "არ ვიცი, რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში, მაგრამ იმერეთში წლეულს ხალხმა იმის ნახევარი სავარგულებიც კი ვერ დაამუშავა, რაც შარშან იყო ათვისებული. მიზეზი კი უფულობაა. ჯერ ერთი, რომ საწვავი ძვირია. ადრე თითო ოჯახს 20 ლიტრ დიზელის საწვავს მაინც გვირიგებდნენ, წლეულს კი ესეც არ გვაღირსეს. რომ იძახიან: ახალი ტრაქტორები შემოვიყვანეთო, რა შეღავათია ეს ჩვენთვის? პრეზიდენტის ტრაქტორიც 40 ლარად ხნავს 1000 მეტრ მიწის ფართობს და კერძო ტრაქტორისტიც ამ ფასად გემსახურება.

შარშანდელთან შედარებით ეს მომსახურებაც გაზრდილია მთელი 10 ლარით ყოველ 1000 მეტრზე. ასე რომ, ხალხმა მხოლოდ იმდენი მოხნა და დათესა, რაც საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად ეყოფა. მაგალითად, ვისაც 4-5 ათასი მეტრი ფართობის სავარგული აქვს, მეათედი აითვისა მხოლოდ. რა აზრი აქვს ამხელა ფართობის დამუშავებას, როცა მოსავალს ჩალის ფასი აქვს, მისი მოყვანა კი ოქროს ფასად გიჯდება?"

ციფრების ენით

- 2009 წლისთვის საგაზაფხულო ნათესებმა 203 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 31 ათასით ნაკლებია წინა წლის მონაცემებზე (234,3 ათასი ჰექტარი).

- შარშან საგაზაფხულო ხორბალი დაითესა 3,8 ათასი ჰექტარით მეტზე, ვიდრე 2008 წელს, სამაგიეროდ შემცირდა საგაზაფხულო ქერის ნათესები. მაგალითად, 2008 წელს ქერი 15,9 ათას ჰექტარზე დათესეს, 2009 წელს კი მხოლოდ 11,1 ათას ჰექტარზე.

- სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს იკლო სიმინდის, ლობიოს, მზესუმზირის, კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის ნათესებმაც.