34-მილიონიანი პრემია-დანამატები! - კვირის პალიტრა

34-მილიონიანი პრემია-დანამატები!

დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რისთვისაც მთავრობას მოსახლეობისთვის მტკივნეული ცვლილებების მიღებაც კი მოუხდა, ბიუჯეტის ხარჯზე კოლოსალური პრემია-დანამატების გაცემის პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების გარდა, პრემია-დანამატებზე მადას არც სამინისტროების სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით) უჩივიან.

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ანალიტიკოსი: - გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია.

მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია - 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.

ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ ამ უწყების ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია - 1.216.038 ლარს (სამწუხაროდ, სამინისტროს ერთ-ერთმა სსიპ-მა, "საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ" არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა გვაცნობა - 1.353.812 ლარი). აქედან მხოლოდ ოთხი სსიპ-ის ხელფასმა 11 თვეში 26.604.201 ლარი შეადგინა. სამინისტროს სსიპ-ებმა არც უშტატო თანამშრომლებისთვის დაიშურეს თანხა და 11 თვეში ხელფასის სახით 662.136 ლარი გასცეს, ხოლო პრემიად - 711.711 ლარი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია - 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ნამდვილად არ უჭირთ. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას.

გარდა პრემია-დანამატების გაცემის მავნებლური პრაქტიკისა, ზოგი სამინისტროს ფუნქციები აღრეულია მისსავე დაფუძნებულ სსიპ-ებთან.

რა საჭიროა იმავე ფუნქცია-მოვალეობებით დატვირთული სსიპ-ი, თუკი სამინისტრო და მას დაქვემდებარებული სამმართველო თუ განყოფილება ამ ფუნქციას ისედაც ასრულებს? მაგალითად, განათლების სამინისტროს დამატებით შექმნილი აქვს ორი სსიპ-ი - "განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი" და "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი", რომლებზე დაკისრებული ფუნქციები თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ერთმა ორგანიზაციამ. თუ გავიხსენებთ 2016 წლის იანვარში გამართულ პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგებს, სადაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა, ამ სსიპ-ების ეფექტიანობა საფუძვლიან ეჭვს ჰბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარებისთვის გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი: - დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ. თითოეული პრემია თუ დანამატი გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სამუშაოს შესრულებისთვის და არა დიდმოხელის სურვილისამებრ. აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე გაწერა, რა სახელფასო დანამატს უნდა ელოდეს თანამშრომელი განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შემდეგ.

უნდა მივიღოთ კანონი, რათა სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებს უფლება აღარ ჰქონდეთ, პრემია-დანამატები საკუთარ თავს გამოუწერონ.

წლის დასაწყისში გაიწეროს, განსაზღვრული სამუშაოს კარგად შესრულებისთვის ვის რამდენი პრემიის მიღების შესაძლებლობა ექნება და ამას უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი. საზოგადოებას უფლება აქვს, მონიტორინგი გაუწიოს თითოეულ პრემია-დანამატს და მოითხოვოს ის რეგულაციები, რაც დანამატების არამიზნობრივად გაცემას აკრძალავს.

დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "ანაზღაურება დაყოფილია ხელფასად, პრემიად და დანამატად, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ ანაზღაურებას წარმოადგენს. შესაბამისად, მეტი საჯაროობაა საჭირო, რათა გავარკვიოთ, რატომ არის ასე. განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ თარიღს, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებისა და მედიისთვის, არამედ პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება სსიპ-ების თემას, ოპტიმიზაციის ფარგლებში ეს თემაც განიხილება და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თუ შესაძლებელია კანონიერების პრინციპების გათვალისწინებით კონკრეტული ქმედების განხორციელება, მთავრობა უკან არ დაიხევს".

მოამზადა ემა ტუხიაშვილმა