კონტრაქტი გაკოტრებასთან! - კვირის პალიტრა

კონტრაქტი გაკოტრებასთან!

ერთი ქართულ-ბელიზური ფინანსური პირამიდის "კუდი" ნიკარაგუასაც კი სწვდება

მეანაბრეები კიდევ ერთი საფინანსო კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ამჯერად, კომპანია "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მეანაბრეები ჩივიან, რომ უკვე 2 თვეა, კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ. კომპანიის თბილისის ოფისის შენობა დაკეტილია, დაზარალებულების ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელმა ქვეყანა დატოვა. საფინანსო კომპანიაში 300-ზე მეტ ადამიანს 5-დან 100 ათას დოლარზე მეტი თანხა აქვს შეტანილი. ბოლო დროს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა და ათასობით ადამიანი დააზარალა.

რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე სამართალდამცავებმა საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორი, თამაზ ლობჟანიძე და ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მეანაბრეების კუთვნილი 76 მილიონი ლარის მითვისება, რისთვისაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ შემთხვევაშიც, კომპანია კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებდა და მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით იზიდავდა თანხებს. საპროცენტო სარგებელი იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგჯერ ადამიანები კომერციულ ბანკებში იღებდნენ სესხებს და თანხა საფინანსო კომპანიაში შეჰქონდათ. მიღებული სარგებელი შესაძლებლობას აძლევდათ, ბანკის სესხსაც მომსახურებოდნენ და სარგებელიც ენახათ. თუმცა, როგორც ყველა ფინანსური პირამიდის შემთხვევაში, ერთ დღესაც ჩამოიშალა და 2 648 მეანაბრე დააზარალა. ამ მოვლენების შემდეგ საფინანსო კომპანია "საქართველოს" 5 დაზარალებული გარდაიცვალა, რასაც მეანაბრეები მომხდარს უკავშირებენ...

არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთებით იზიდავდა მეანაბრეებს "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიაც". კომპანია მოქალაქეებს შეტანილი თანხების სანაცვლოდ წლიურ 35%, 45% და ზოგჯერ 92%-იან სარგებელსაც კი სთავაზობდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, მამუკა კაპანაძის თქმით, ორი თვეა კუთვნილი თანხები არ მიუღიათ.

კომპანიის წარმომადგენლები მეანაბრეებს ჯერ დაჰპირდნენ, რომ სიები შედგებოდა და თანხის გადასაცემად შეეხმიანებოდნენ, მოგვიანებით კი გამოუცხადეს, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ნიკარაგუაში სხვა კომპანიამ შეიძინა, შესაბამისად, მათაც ხელშეკრულებები ახალი კომპანიისთვის უნდა გადაეგზავნათ.

დაზარალებულები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი დროის გასაყვანად არის მოფიქრებული, ამიტომ პროკურატურასა და საფინანსო პოლიციას მიმართეს.

კახა მაღრაძე, "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მიერ დაზარალებულების ადვოკატი: - კომპანია ავრცელებდა ინფორმაციას, ე.წ. ინვესტორებისგან თანხებს იზიდავდა და სანაცვლოდ, მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა. ეს ინვესტორები კი რიგითი მოქალაქეები იყვნენ, ვისაც ან დანაზოგი ჰქონდა, ან ქონება გაყიდეს და ფული მაღალი მოგების მიღების იმედით კომპანიას ანდვეს. ჩვენი მონაცემებით, საფინანსო კომპანიის შეთავაზებას 300-მდე მოქალაქე დათანხმდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს ფირმა პრესტიჟულ საოფისე ფართობს ქირაობდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ისე, როგორც ხშირად გვჩვევია, კონტრაქტი დეტალურად არ წაიკითხა, მერე კი აღმოჩნდა, რომ რეალურად ხელშეკრულებას სხვა კომპანიასთან დებდნენ, რომელიც სამართლებრივადაც სხვა პროფილისაა და ცენტრალურ ამერიკაში, ოფშორულ ზონაში, ბელიზშია რეგისტრირებული. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიაში ე.წ. ინვესტორებს უნდა შეეტანათ თანხები, რომელსაც ინვესტიციას უწოდებდნენ, რადგან ანაბრის დასარქმევად შესაბამისი ლიცენზია იყო საჭირო. როგორც ფინანსური პირამიდისგან არის მოსალოდნელი, მოქალაქეების მიერ თანხების შეტანა შეწყდა, პრობლემები დაიწყო და საპროცენტო სარგებელს აღარ გასცემენ. არადა, თავის დროზე კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელს არწმუნებდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია მუშაობს, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე და მაღალი სანდოობით სარგებლობს. კარგი იქნება, თუ ჩვენი მოქალაქეები სამომავლოდ დაფიქრდებიან და კარგად შეისწავლიან, სად დებენ და ვის ანდობენ თავიანთ ფულს, ან თანხის უკან დაბრუნების რა გარანტია აქვთ. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს ეს არ შეუსწავლიათ. თავად კომპანიასაც არ განუმარტავს, რას წარმოადგენდნენ რეალურად, არც ხელშეკრულებაში მიუთითებია, რომ შუამავალი იყო "ინვესტორსა" და ოფშორულ კომპანიას შორის.

რატომ დაბრუნდა ფინანსური პირამიდები

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი: - ბევრს გაახსენდა გასული საუკუნის 90-იანი წლები, როცა იმდროინდელმა ბანკებმა, მათ შორის "აჩიმ", "ოქროს საწმისმა" და სხვებმა (რუსეთში კი "ემემემმა" და სხვებმა), ფინანსური პირამიდის პრინციპით უამრავი ადამიანი დააზარალა.

ფინანსური პირამიდა მასობრივი მარკეტინგის მეთოდია. მოგყავს ადამიანი და უფრო მაღალ პროცენტს სთავაზობ ე.წ. ანაბარზე, ვიდრე ბაზარზეა. ცხადია, ის ინტერესდება და მოჰყავს სხვებიც. წაგებული რჩებიან ისინი, ვინც პირამიდას ბოლოს უერთდება... შესაძლოა პირამიდა საკმაოდ დიდხანსაც არსებობდეს და ამის მაგალითია ბერნარდ მედოფის ფინანსური პირამიდა, საინვესტიციო ფონდად შენიღბული, რომელშიც 170-მა მილიარდმა დოლარმა გაიარა. მედოფს 150-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის წლების განმავლობაში ფარავდა ადრე მოზიდულ სახსრებს შემდგომ მოზიდულით და რომ არა კრიზისი, მისი მაქინაციები ალბათ კიდევ დიდხანს არ გამომჟღავნდებოდა.

კლასიკურ ფინანსურ პირამიდაში მისი განმახორციელებელი რეალურად არ საქმიანობს. თუმცა ზოგჯერ საფინანსო კომპანია "ინვესტორს" ეუბნება, რომ მის ფულს განსაზღვრულ ბიზნესში აბანდებს. ჯერ ერთი, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ბიზნესი, რომელმაც შესაძლოა ინვესტიციის ასეთი მაღალი საპროცენტო მომსახურება დაფაროს და მოგებაც მოიტანოს. გარდა ამისა, ადამიანს უნდა გაუჩნდეს შეკითხვა - რატომ სესხულობს მისგან საფინანსო კომპანია ფულს ასე ძვირად, როცა შეუძლია, გაცილებით უფრო დაბალი პროცენტით სესხი კომერციულ ბანკში აიღოს?

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ფინანსური პირამიდით აწყობილი ბიზნესის გაკოტრების რამდენიმე მაგალითი გვქონდა, მათ შორის იყო ე.წ. ქსელური მარკეტინგის შემთხვევებიც. საგულისხმოა, რომ ასეთი კომპანიების მოზღვავება იმ დროს ხდება, როცა ბაზარზე არსებული ვითარება მოსახლეობას ადეკვატური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას არ სთავაზობს. 90-იანი წლების ნგრევის, ანაბრების დაკარგვის შემდეგ, როცა 1 დოლარის ღირებულება 1.000 კუპონიდან უცბად 5 მილიონ კუპონამდე ავარდა, საშუამავლო საფინანსო კომპანიები მომრავლდა. 90-იან წლებში იყო საერთო ვარდნის ფონზე გამეფებული ანარქია, როცა მოსახლეობამ, მაღალი სარგებლის მოლოდინით, დანაზოგები მოზღვავებულ შუამავლებს ანდო. შედეგად კი ყველაფერი დაკარგეს.

შეჩვეული სარგებლის ძიებაში

ახლა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, კვლავ რატომ გამოჩნდნენ მსგავსი კომპანიები. დღევანდელ ვითარებაში ეს პრობლემა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. ჯერ ერთი, რომ გლობალური კრიზისის შემდეგ, ფინანსურ რესურსზე წვდომა გაძნელდა. ამას დაემატა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს დოლარის გამყარების ტენდენცია. დღეს დოლარს არა მარტო როგორც ვალუტას, არამედ როგორც საქონელს, ისეც უნდა შევხედოთ. იგი შენახვის მიმზიდველი საშუალება გახდა, ამჟამად ოქროზე უკეთესიც კი. დოლარმა შეიძინა დამატებითი ფუნქციები და მისმა ღირებულებამაც მოიმატა. ასეთ პირობებში კომპანიებს, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ან შუამავლებს, რომლებსაც მიღებული აქვთ საკრედიტო ხაზები, განსაკუთრებით გაუჭირდათ. რა პასუხი ჰქონდათ ბაზრის რეგულატორებს?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გადაწყვიტა, ლიბერალური პოლიტიკა გამკაცრებულით შეცვალოს. პირველი, ჩვენ გვჭირდება დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რათა ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ. რეგულაციების, რეფინანსირების სესხებისა და სარეზერვო პოლიტიკის ამოქმედებით, სებ-მა შეძლო, კომერციულ ბანკებში სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს დაეკლო. იმავდროულად, ბანკებმა შეამცირეს დეპოზიტებზე თანხების დარიცხვა. და მოსახლეობა, რომელიც მიჩვეული იყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 18-24%-იანი და ბანკებში 10-15%-იანი სარგებელი (სხვადასხვა ვალუტაში) მიეღო, უცბად იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომ საბანკო სექტორში სარგებელი უცხოურ ვალუტაში 2-3%-მდე დავიდა, ლარში შედარებით მაღალია, რიგ ბანკებში 10%-ს აღწევს. სარგებელი შემცირდა 5-7-ჯერ. შესაბამისად, უფრო დიდ შემოსავალს შეჩვეული მოსახლეობა იმ კომპანიებისკენ დაიძრა, რომლებმაც მაღალი სარგებელი შესთავაზეს. კომერციული ბანკებიდან სახსრებმა, პირველ რიგში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გადაინაცვლა - მაღალი პროცენტის მიღებისთვის "პატარა რისკის" გაწევა ღირდა. მართლაც, მიკროსაფინანსოებმა კომერციულ ბანკებს დიდი კონკურენცია გაუწიეს. რა გადაწყვიტა ამ დროს სებ-მა? მან მიკროსაფინანსო კომპანიების მიმართ მოთხოვნები იმ დონეზე გაამკაცრა, რომ დღეს, მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უკვე აკრძალულია თამასუქების მიღება.

მეანაბრეები "უთვალავი" რისკით

გამკაცრებულ მოთხოვნებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ნელ-ნელა ვეღარ გაუძლეს და სარგებლის პროცენტის დაკლება დაიწყეს, რათა ეროვნული ბანკის კვალიფიციური სუბიექტისა და ლიცენზიის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, სხვა შემთხვევაში მათ ლიცენზია ჩამოერთმეოდათ. ამით მოსახლეობას, რომელიც კომერციული ბანკიდან მიკროსაფინანსოებში სწორედ მაღალი პროცენტის იმედად გადავიდა, ეს საშუალებაც წაერთვა. ეს გამოდევნილი მასა მესამე ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც სებ-ის რეგულირების მიღმა მყოფი სხვადასხვა კომპანია ჰქვია. ამ კომპანიებმაც დაინახეს, რომ ბაზარზე არსებობს ნიშა და სახსრების მოზიდვა შესაძლებელია; ამავე დროს, მათზე არ ვრცელდება რეგულაცია, რადგან ისინი არ არიან არც კომერციული ბანკები, არც მიკროსაფინანსოები და არც სხვა, რეგულირებას დაქვემდებარებული ობიექტები, რომელთაც შესაძლოა სებ-ის რეგულაცია შეეხოს. მათ მოსახლეობას სხვადასხვა ფორმით უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი შესთავაზეს და დანაზოგიც მათკენ დაიძრა.

ცხადია, საფუძვლიანია შეკითხვა, რატომ ვერ დათვალეს მოქალაქეებმა რისკები, როცა ფულს ასეთ კომპანიებს ანდობდნენ? ამ შპს-ებმა არაერთ წელიწადს გაძლეს, შესაბამისად, არსებობდა კონკრეტული მაგალითები, რომ ვიღაც სარგებელს წლების განმავლობაში იღებდა. სწორედ ამან უბიძგა სხვებს, რომ თავადაც გაერისკათ.

გარდა ამისა, ამ კომპანიების რეკლამა საკმაოდ ფართო იყო. ვრცელდებოდა პრესით, რადიოთი, ტელევიზიით და ამაზე ხმას არავინ იღებდა. ევროპა-ამერიკაში საფინანსო პირამიდის ცნება კანონით რეგულირებულია და დასჯადი, საქართველოში კი კანონი ფინანსური პირამიდის შესახებ არ არსებობს. მოსახლეობა უცქერს, რომ კომპანია 9 წელიწადს ჩვეულებრივად მუშაობს, რიცხავს 24-36% წლიურ სარგებელს და მას რეკლამას ბევრი ცნობილი სახეც უწევს. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის საკმარისია.

ლიბერალურმა გარემომ და ამ ფირმების საქმიანობის სრულმა დერეგულირებამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა მათი მოქმედებისთვის. ალბათ გახსოვთ, სებ-ი რამდენჯერმე უსუსური განცხადებით შემოიფარგლა, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელმძღვანელის პირობებში და მომხმარებელი გააფრთხილა, რომ არ ანდონ ფული კომპანიებს, რომლებიც კანონმდებლობით არ კონტროლდება. კარგად მახსოვს ქადაგიძის პერიოდი, როცა საჭირო ხდებოდა, პირდაპირ შედიოდა ორგანიზაციებში. გვახსოვს გაკოტრებული "სტანდარტ ბანკი", რა დღეში ჩააგდეს "ქართუ ბანკი", "პროგრეს ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". ამ შემთხვევაში კი მეტად რბილი დამოკიდებულება გამოიჩინეს და შედეგად მივიღეთ ათასობით დაზარალებული, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

კანონიც საჭიროა

ფაქტია, რომ სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით. რეკლამირების თვალსაზრისით რეგულირება ცოტა რთულია, რადგან ესეც ჩვეულებრივი ბიზნესია, თუმცა წარწერაც უნდა იყოს, რომ ეს არის სახიფათო. რეკლამის გარეშე ბიზნესი ვერ იარსებებს და რისკიც სადღაც უნდა იყოს მითითებული. ხოლო როცა რისკის შესახებ სახელმწიფო დუმს, აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, რაკი თუნდაც საფინანსო კომპანია "საქართველოს" შემთხვევაში სახელმწიფომ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა, არ განსაზღვრა რისკები და თავის დროზე მოსახლეობა ამის შესახებ არ გააფრთხილა, ახლა განსაზღვრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზეც უნდა აიღოს. კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა და სახელმწიფო ამაზე ხმას არ იღებდა. ამიტომ ახლა ვალდებულია, ჩაერიოს და ხალხს დაეხმაროს. თუ ერთხელ შესაძლებელია ამ ნაბიჯის გადადგმა, რატომ არ უნდა გადაიდგას მეორედ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სესხების გალარების პროგრამა, გარკვეულწილად, ვალუტის კურსით დაზარალებულებზე კი არის გათვლილი, მაგრამ კომერციული ბანკების დახმარების პროგრამა უფროა, რადგან ე.წ. მკვდარი სესხების გაცოცხლებაში დაეხმარება მათ.

ხელისუფლებამ ახლა მაინც სასწრაფოდ უნდა შეისწავლოს საფინანსო კომპანიების საქმიანობა, შექმნას კანონი ფინანსური პირამიდების შესახებ და მოხდეს ასე მომუშავე კომპანიების კრიმინალიზება.

"პონცის სქემა"

ფინანსური პირამიდის სქემა პირველად ამერიკაში იტალიელი ემიგრანტის, ჩარლზ პონცის მიერ გავრცელდა, რომელმაც თამასუქების მეშვეობით მარტივი აფერა მოიფიქრა - ევროპიდან გადმოგზავნილი თამასუქის განაღდებამდე პერიოდში, შესთავაზა საკმაოდ მაღალპროცენტიანი შემოსავლიანი ბიზნესი აშშ-ში არსებულ ინვესტორებს, რომელიც ბაზარზე არსებულ საპროცენტო შემოსავალს ბევრად აღემატებოდა. პონცი, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდა, ის მხოლოდ შუამავლობდა და ამ გზით მოიზიდა ფინანსური რესურსი. მას შემდეგ, რაც გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, რომ მსოფლიოში თამასუქი სულ 27 ათასი ცალია, ხოლო პონცის მიერ გამოშვებული თამასუქები 160 მილიონ ცალსაც კი აღემატება, პირამიდა გასკდა. თუმცა "პონცის სქემას" დღესაც იყენებენ.

ემა ტუხიაშვილი