დიმიტრი ქუმსიშვილი: "მზად ვარ, თავდასხმები ავიტანო"
30-01-2017
დიმიტრი ქუმსიშვილი: "მზად ვარ, თავდასხმები ავიტანო"
"ბინძური თამაშებისა და შურისძიების მცდელობა იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი ერთიანია"

"თუ ჩვენ პირს ვაძლევთ პრემიას, ანუ ვაძ­ლევთ ჯილდოს, ამას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს"


ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომ­იკურ სექტორში მიმდინარე მოვლენებია - ლარის კურსით დაწყებული თუ ამა თუ იმ პროდუქტის გაძვირება-გაიაფებით დამთავრებული. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრთან ბევრი კითხვა დაგროვდა. შევეცადეთ, დიმიტრი ქუმსიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მაქსიმალურად მიგვეღო პასუხები ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აღელვებს.

- თქვენი ინფორმაციით, როგორ მიმდინარეობს
მთავრობაში ოპტიმიზაცია როგორც ხარჯების, ისე კადრების შემცირების კუთხით?­ როგორ კონტროლდება, რომ შესამცირებელი თანამშრომლები არ დაიყონ "პატრონიან-უპატ­რონოებად" და "უპატრონოები" გაათავისუფლონ სამსახურებიდან?

- ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვ­ნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო და თავის 4-წლიანი განვითარების გეგმაში გაითვალისწინა, არის მთავრობის მიმდინარე ხარჯების შემცირება­ მთლიან შიდა პროდუქტთან
მიმართებაში. თუ დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ია, დროთა განმავლობაში 21%-მდე უნდა შემცირდეს.
ეს ჯამურად ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდი ლარი არ დაიხარჯება მთავრობის მიმდინარე ხარჯებზე და შესაბამისად, კაპიტალურ ხარჯებს მოხმარდება.

ეს ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო გაზრდის და შესაბამისად, უფრო მეტ სტიმულს მისცემს კერძო სექტორს განვითარებისთვის. მეორე - ჩვენ საკანონმდებლო დონეზე განვსაზღვრეთ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ფაქტობრივი დანახარჯები 10%-ით უნდა შეამცირონ. ეს ეხება როგორც მიმდინარე ხარჯებს, ასევე ხელფასს, დანამატსა და პრემიას. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე ამას ვერ განვავრცობდით, მაგალითად, ძალოვან უწყებებზე - პოლიციელს, რომელიც ემსახურება ქვეყანას და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ხელფასის შემცირება, ალბათ, არ უნდა შეეხოს. ხარჯები რომ შემცირდება, ეს ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული. ეს ყველაფერი არის იმის გარანტია, რომ თანხები ნამდვილად დაიზოგება. რაც შეეხება იმას, რომ ვისაც არა ჰყავს "პატრონი", დაიჩაგრება და ვისაც ჰყავს, დარჩება სამსახურში, ამაზე პრემიერმაც განაცხადა და მეც ვთქვი, რომ ამ საკითხისადმი ძალიან მკაცრი დამოკიდებულება იქნება მთავრობაში. პროფესიონალები სამსახურში უნდა დარჩნენ და ამას მკაცრად გავაკონტროლებთ.
ყველა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყოს და ძალიან გეგმაზომიერად, გააზრებულად მიიღოს ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებები. იქნებიან მენეჯერები, რომლებიც შეამცირებენ კადრებს და ხელფასს გადაანაწილებენ სხვებზე, მაგრამ ასევე იქნებიან მენეჯერები, რომლებიც კადრებს არ შეამცირებენ, მაგრამ შეამცირებენ სახელფასო ფონდს. ოპტიმიზაციის რა ფორმას აირჩევენ, მათი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ გვექნება და გვაქვს კონტროლის მექანიზმები.

- რომელიმე უწყებაში არის მასშტაბური შემცირებები მოსალოდნელი?

- დღეს არც ერთი მენეჯერი არ ლაპარაკობს მასობრივ დათხოვნაზე. ლაპარაკია იმაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი­ იყოს მთავრობა, ანუ იმდენი მოხელე უნდა ჰყავდეს, რამდენიც სჭირდება. თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ოპტიმიზაციაზეა ლაპარაკი, მისი განხორციელება მიმდინარეობს არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.

- ოპტიმიზაციის ფონზე, ხომ არ არის საჭირო რეგულაციების დახვეწა პრემია-დანამატების შესახებ? მაგალითად, ის, რომ ჩინოსანმა მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებისთვის აიღოს პრემია?

- თუ კონკრეტულ ორგანიზაციას განესაზღვრა სახელფასო ფონდი, რომელშიც უნდა შევიდეს ხელფასიც, დანამატიც და პრემიაც და ეს ფონდი წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლები უნდა იყოს, მაშინ იმ კონკრეტული უწყების მენეჯერმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გასცემს დანამატს, პრემიას და შემდგომში ანგარიშვალდებული იყოს როგორც მთავრობასთან, ისე საზოგადოებასთან, თუ როგორ და რატომ გასცა ეს თანხა. თუმცა ერთ რამეში გეთანხმებით - თუ ჩვენ პირს ვაძლევთ პრემიას, ანუ ვაძ­ლევთ ჯილდოს, ამას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს.

- არცთუ იშვიათად გაგვიგონია ბიზნესმენებისგან, რომ საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობისას ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის დაძლევა უწევთ, რაც კონკრეტული­ პროექტის განხორციელებას აფერხებს. თუ გაქვთ გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზ­ნესის წარმოება უფრო გამარტივდეს? თუ იგეგმება ღონისძიებები იმისთვის, რომ ბიზნესს ნაკლები დრო ეხარჯებოდეს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში?

- ჩემს უწყებაზე შემიძლია ვისაუბრო. ალბათ, გადასახადის გადამხდელის წუხილი იწყება მაშინ, როცა შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჩვენი შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სამსახური, ფაქტობრივად, სრულ ელექტრონულ ურთიერთობაზე გადავიდა გადასახადის გადამხდელთან. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, კანონმორჩილების გაზრდა, რათა ადამიანებს ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა. გარდა ამისა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ გადასახადები. ამასთან, საგადასახადო კოდექსი მუდმივად უნდა დაიხვეწოს. როცა გასულ წელს ბიზნესის კეთების რეიტინგში 23-ე პოზიციიდან მე-16 პოზიციაზე დავწინაურდით, ეს სწორედ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სწორი რეფორმის დამსახურება იყო. ზოგჯერ სამართლიანი პრეტენზიებიც აქვთ ჩვენს გადამხდელებს, მაგალითად, როცა გადასახადების დარიცხვა ხდება და გადასახადის გადამხდელი ამას არ ეთანხმება ან დიდხანს გრძელდება მისი შემოწმება. ისეც ხდება, რომ გადასახადის გადამხდელს გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რათა გაასაჩივროს ის, რასაც არ ეთანხმება. თუმცა ერთი პრინციპული საკითხია: ბოლო კვლევების მიხედვით, გადასახადების გადამხდელთა 90%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ აუდიტი შემოსავლების სამსახურში ძალიან მეგობრული და ბიზნესის დამხმარეა. დარჩენილი 10% ჩვენი საზრუნავია. აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე - როცა გადამხდელთან შევა აუდიტის დეპარტამენტი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა პროცესები და პროცედურები მიმდინარეობს და შესაბამისად, ყველა ამ პროცესსა და პროცედურაში უნდა ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა.

მეორე მიმართულება, რაზეც ასევე აქტიურად ვმუშაობთ - აუდიტის თან­ამშრომელმა აბსოლუტურად სწორად და სამართლიანად უნდა დაარიცხოს ბიზნესს თანხა. როდესაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ დარიცხული თანხა სამართლიანი და ზუსტია, რა თქმა უნდა, ბიზნესი დაზოგავს იმ დროს, რაც მას გასაჩივრებაში ეხარჯება.

- თუმცა სხვადასხვა უწყებაში არის სხვა ბიუროკრატიული ბარიერები - ე. წ. ქაღ­ალდომანია, კონკრეტულ საკითხზე ამა თუ იმ უწყებისთვის მიმართვის შემთხვევაში პასუხებს თუ შენიშვნებს ნაწილ-ნაწილ იძლევიან, ცდილობენ პასუხისმგებლობა ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე არ აიღონ, რაც აფერხებს საქმეს...

- ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. უკვე შევქმენით ბიზნესსახლის კონცეფცია. მასში 600-ზე მეტი სერვისი იქნება თავმოყრილი და პირველ რიგში კერძო სექტორს გაუმარტივდება სახელმწიფოსთან ურთიერთობა, დაზოგავს ფულს. ამავე დროს იქნება ძალიან ბევრი საკონტროლო მექანიზმი, რომ კერძო სექტორმა ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ვადებში მიიღოს პასუხი.

- გალარების პროგრამის დაწყებიდან ერთ კვირაში 220 სესხი გალარდა. საწყის ეტაპზე არის ეს ის შედეგი, რასაც გეგმავდით?

- 2000-მა კაცმა მიმართა ბანკებს და 220-მა დაასრულა სესხის გალარება. 2 000 კაცი არის დაახლოებით 8% იმ სეგმენტისა, რომელსაც ჩვენ ერთჯერადი დახმარება შევთავაზეთ. შესაბამისად, ვფიქრობ, პირველ ექვს სამუშაო დღეში ეს არ არის ცუდი შედეგი. ეს ხომ ერთჯერადი აქციაა და სისტემამ მუშაობა დაიწყო.

- ეკონომიკის "ამოსაქოქად" მთავრობამ გადაწყვიტა რეინვესტირებული მოგების დატოვება ბიზნესისთვის და ამის საკომპენსაციოდ აქციზების გაზრდა ბიუჯეტის შესავსებად. აქციზის ზრდამ ფასები დაუყოვნებლივ გაზარდა.­ როდის უნდა ველოდოთ ეკონომიკის ზრდის დასაწყისს?

- ყველაფერს კომპლექსურად უნდა შევხედოთ, რომ დამახინჯებული სურათი­ არ მივიღოთ. მთავრობის ოთხპუნქტიანი­ გეგმის ამოცანა სწორედ ეკონომიკური­ ზრდაა და ერთ-ერთი მიმართულება მთავრობის ხარჯების შემცირებაა. კიდევ­ ერთი მიმართულება ის არის, რომ დამა­ტებით დაახლოებით 14 მილიარდ ლარს დავხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს. ამავე დროს, მოგების გადასახადის რეფორმა ინვესტიციების წახალისებას ხელს შეუწყობს. ეს წელს დამატებით 500 მილიონის ლიკვიდურ აქტივებს კერძო სექტორში გვაძლევს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1.3%-ია, რაც კერძო სექტორში დავტოვეთ, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა განვითარდება. რაც შეეხება გადასახადების ზრდას - თამბაქოზე არ შევჩერდები, რადგან აქციზების ზრდის ვალდებულება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გვქონდა, არც ავტომობილებზე ვილაპარაკებ ბევრს, რადგან ახალ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათები დაწესდა, ხოლო ელექტროავტომობილები საერთოდ ყველაფრისგან არის გათავისუფლებული... რაც შეეხება საწვავზე აქციზის გაზრდას, ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმთავითვე გვქონდა გათვლები, რომ ამას 1%-იანი ინფლაცია უნდა გამოეწვია, ანუ 1%-იანი ფასების ზრდა, მაგრამ თუ ჩვენ ამას ყველაფერს ჯამურად შევხედავთ, ეს ეკონომიკური ზრდაა.

- გასაგებია, მაგრამ, მოდი, ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით შევხედოთ ყველაფერს - ის როდის იგრძნობს საკუთარ ჯიბეზე, რომ ეკონომიკა გაიზარდა?

- სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავლები უმცირდებოდათ და არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ მათი შემოსავალი იზრდებოდა. 2010 წელს მოქალაქის განკარგვადი შემოსავლიდან სადღაც 10-11% მიდიოდა სესხის მომსახურებაზე, დღეს კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ია. აქედან გამომდინარე, უდიდესი პრობლემაა სწორედ სესხის მომსახურება და მისი გადაჭრა არის ლარიზაციის ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმებით მოვახერხებთ იმას, რომ ადამიანების განკარგვადი შემოსავალი აღარც მცირდებოდეს და აღარც იზრდებოდეს ვალუტის კურსის მერყეობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად, ადამიანებს ხელფასი რომ გაეზრდებათ, ის გაზრდილი ხელფასი არ უნდა შეუჭამოს სესხის მომსახურებამ.

- ბოლო კვირაში უკვე ორჯერ დაფიქსირდა საქართველოში კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანის ფაქტი. გაქვთ იმედი, რომ აქციზის ზრდასთან ერთად კონტრაბანდის ბუნებრივად გაზრდილ ნაკადებს გააკონტროლებთ?

- საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილი არიან უთანამედროვესი ტექნიკით, მაღალი სიზუსტის სკანერებს შეუძლიათ სატვირთო ავტომანქანაში ძალიან მცირე ზომის ნივთიც კი აღმოაჩინონ. ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისიდან ჩვენ გვაქვს მუდმივი თათბირები, რათა კონტრაბანდის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ვიცით, სად არის რისკის ზონა, საიდან შეიძლება შეეცადონ კონტრაბანდის შემოტანას. ყველა შემთხვევას გავახმაურებთ, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი კონტრაბანდის შემოტანისა.

- თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ინიციატივით ამოქმედდა მაქსიმალური პროცენტის შეზღუდვა სესხებზე - წლიური საპროცენტო განაკვეთი - 100%-ს, სანქცია­ 150%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სხვათა შორის, თავად ონლაინ­სესხების ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეზღუდვების პირობებში მათი ბიზნესმოდელი ვეღარ იმუშავებს და წლიური საპროცენტო განაკვეთი­ 250-300% მაინც უნდა იყოს. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო შემოსავლებს დაკარგავს.

- სახელმწიფო არაფერს კარგავს. ზოგადად, ეს მომთაბარე ბიზნესია. ასეთი ტიპის ბიზნესები საქმიანობას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში იწყებენ და სანამ რეგულაციები დაუწესდებათ, აფართოებენ საქმიანობის არეალს და ხსნიან მაქსიმალურ მოგებას.
ონლაინსესხების კომპანიებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან რეგულაციები დაუწესდებოდათ. ამ ბიზნესს პლუსები ალბათ მხოლოდ მისი მფლობელებისთვის აქვს, მინუსი კი ძალიან ბევრია.
თქვენ, მოქალაქემ, სპონტანურად შეიძლება მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში უზომოდ ხარჯიანი იქნება. ბიზნესმოდელი, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის რამდენიმე ათასი პროცენტი, ჩვენთვის მიუღებელია და მომხმარებელთა დასაცავად ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით.

- რეფორმები და ცვლილებები, როგორც წესი, იწვევს უკმაყოფილებას როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესმენთა გარკვეულ ნაწილში (როგორც, მაგალითად, სასმლის, თამბაქოს ან ონლაინსესხების ბიზნესის წარმომადგენლებში). ალბათ, ისინი შეეცდებიან, არ დაუშვან შემოსავლების შემცირება ან მით უმეტეს დაკარგონ ზემოგებები. საინტერესოა, ხართ თუ არა მზად თავდასხმებისთვის თუნდაც იმ მიმართულებით, რომ შეეცადონ მთავრობის ან თუნდაც კონკრეტულად თქვენი საქმიანობის კომპრომეტირებას ან თავად მთავრობაში შეეცადონ ლობისტების პოვნას, რათა შეაფერხონ თქვენ მიერ დასახელებული რეფორმები?

- ბინძური თამაშებისა და, ალბათ, შურისძიების მცდელობა იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი ერთიანი და ურყევია. ამ ერთიანობას ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნებთ და, შესაძლოა, მავანი ბევრს ეცადოს, მაგრამ ხელისუფლებაში მფარველებს ვერ იპოვის. საზოგადოებაც დაინახავს, სად არის სიმართლე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეფორმები სასიკეთოა ქვეყნისთვის და მომავალში ამას ყველა იგრძნობს. ამისთვის მზად ვარ, განაწყენებულების თავდასხმები ავიტანო. თუმცა არ მინდა, ყველა ერთ ჭრილში განვიხილო. მაგალითად, ნავთობიმპორტიორებთან გვაქვს ძალიან კარგი და აქტიური თანამშრომლობა. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ თამბაქოს იმპორტიორებთან. მეტსაც გეტყვით, დიდი იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორ თვეში ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შევიტყობთ საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი თამბაქოს იმპორტიორი კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ.

- პრემიერმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დააანონსა, რომ ონლაინკაზინოებს შემზღუდველი რეგულაციები დაუწესდებოდა. თქვენც თქვით, გასული წლის ნოემბერში "პალიტრანიუსის" ეთერში, რომ რამდენიმე თვეში მზად იქნებოდა რეგულაციების პროექტი. ხომ არ გაჭიანურდა ეს პროცესი და აქვს თუ არა მთავრობას მონახაზი, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს სფერო? ფაქტია, ამ სფეროში ძალიან დიდი ფული ტრიალებს. ლობისტები ხომ არ გამოუჩნდნენ ამ ბიზნესს და ეს ხომ არ იწვევს პროცესის გახანგრძლივებას? ეს, მით უმეტეს, გაუგებარია, როცა დღითი დღე უამრავი ადამიანი უბედურდება ამ თამაშებით.

- სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და ჩვენი ლოკალური ცოდნით ეფექტიანი რეგულაციების დაწესება ძნელია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინკაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის, და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა - წარმოიდგინეთ, რომ ყველა ონლაინკაზინოს სერვერი პირდაპირ არის მიერთებული შემოსავლების სამსახურის სერვერზე, სადაც ხდება ყველა ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ასევე, შექმნილია შესაბამისი ფილტრები და რეგულაციები მოთამაშის სწორი იდენტიფიკაციისთვის.
ეს მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ახალგაზრდა თაობა და ყველა ის მოქალაქე, ვინც არ უნდა ითამაშოს. თქვენ შეგიძლიათ თამაშისგან დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. იმავდროულად, გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს.

- კონკრეტულად როდის დაიძრება ყინული და როდის შეარჩევთ ასეთ კომპანიას?

- არა მგონია, ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდეს...

- მთავრობა მუდმივად პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს ლარის კურსზე. ლარის კურსი ახლა მართლაც შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ კვლავაც მაღალი რჩება დოლართან მიმართებაში. თქვენი პროგნოზით, კურსი მეტად აღარ დაიკლებს?

- რაც უფრო სწრაფად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მეტი იქნება მისი ზრდა სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებთან შედარებით, მით უფრო სტაბილური იქნება ლარი. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე იზრდება რეგიონში საშუალოდ და მსოფლიოში.

- ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე კომპანიას მსხვილი საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა. ერთი მხრივ, ეს შესაძლოა, ჰუმანური ნაბიჯი იყოს, მაგრამ დროდადრო გადასახადების ჩამოწერა უსამართლობის განცდას ხომ არ უჩენს იმ ბიზნესს, რომელიც პატიოსნად იხდის გადასახადებს? ეს ხომ არ უბიძგებს მავანთ, რომ არ გადაიხადონ გადასახადები მათი ჩამოწერის იმედით?

- საგადასახადო კანონმდებლობაში­ განხორციელებული ცვლილებების შედ­ეგად გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ, როგორც 2011 წლის 1-ლ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებები, ასევე 2013 წლის 1-ლ იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით. აღნიშნული ცვლილებების შედეგად 50 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა, ჩამოეწერათ 2 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება. შედეგად, კომპანიებს რომლებსაც დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდათ სამუშაოები, შესაძლებლობა აქვთ განაახლონ საქმიანობა. ასევე, ფიზიკურ პირებს, რომელთაც საგადასახადო დავალიანების გამო შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობის განხორციელება, მათ შორის დაქირავებით მუშაობა (საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის და საინკასო დავალების გამო), შესაძლებლობა აქვთ განაახლონ საქმიანობა. დღეის მდგომარეობით 1000-მდე პირმა განაახლა საქმიანობა... ზოგადად, გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ, თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. სამართლიანი გადასახადების გადახდის საქმეში უკომპრომისოები ვიქნებით. ჩვენ ძალიან კარგი ადმინისტრირება გვაქვს, ანუ შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 25,5%, მათ შორის გადასახადების ნაწილში 24,6%. თუმცა ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ შემოსავლები გაზარდო. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულის ცნობიერების ამაღლება, რომ მათ გადაიხადონ გადასახადები. ისე არავინ გამიგოს, რომ ფინანსთა მინისტრი პირველი, რასაც გააკეთებს, გაიქცევა და ძიძას, ტაქსისტს ან რეპეტიტორს ეტყვის, რომ გადასახადი გადაიხადოს. თუმცა ჯამურად ამ ბიზნესში 200-დან 300 მილიონ ლარამდე ტრიალებს, რომელიც არანაირად არ რეგულირდება.

- სახელმწიფო სამსახურში თქვენ ბიზნესიდან მოხვედით, მათ შორის "პალიტრამედიის" ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იყავით. სახელმწიფო სექტორში ყოფნისას გამოგდით, რომ კონკრეტული საკითხებისადმი პრობიზნესური დამოკიდებულება გქონდეთ?

- ეკონომიკის მინისტრად მუშაობისას ჩემი ყველა გადაწყვეტილება ბიზნესისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ფინანსთა მინისტრი სულ ორი თვეა, რაც ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება იყოს კიდევ უფრო მარტივი და მიმზიდველი. თუმცა, რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შევურიგდები.

ემა ტუხიაშვილი
giorgi
20 თებერვალი 2017 09:23
მართაც ვისაც პატრონი არ ყავს იმას შეხება ოპტიმიზაცია
ქმრების შემოჭერა თქვენით დაიწყეთ ასიათასობით პრემიებს რომ იწერთ

რედაქტორის რჩევით