"გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ"

"მოვაჭრეებს ქონება დაზღვეული რომ ჰქონოდათ, დღეს აქციებზე ყოფნა კი არ მოუწევდათ, არამედ მზღვეველისგან გარანტირებულად აინაზღაურებდნენ ზარალს"

ბოლო 3-4 წელიწადში საქართველოში 12-13 ბაზრობა დაიწვა. ხანძრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 1000-მდე მოვაჭრე დააზარალა. ზარალი ჯერ ზუსტად არ დაუთვლიათ, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ის მილიონობით ლარს აღწევს. სავაჭრო ცენტრისგან განსხვავებით, მოვაჭრეების დიდ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონია და ზარალის კომპენსირებას სახელმწიფო უწყებებისგან ახლა აქციებით ითხოვენ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შეუძლია, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა და კომერციულ ბანკებთან სესხების გადავადებაზე შუამდგომლობაა.

დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: "მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ დაზღვევის ტრადიცია არა გვაქვს. ჩვენს მამებს, ბაბუებს, არ უსწავლებიათ, რომ შენი ცხოვრება თუ საქმიანობა ბევრად დაცული და მშვიდია, როდესაც დაზღვეული ხარ.

მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით არის დამოკიდებული მფლობელებზე და იქცევა ისე, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა. დიდმა ბიზნესმა, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან, განვითარებულ მსოფლიოსთან და სხვა წესები აქვს, დაზღვევის სიკეთე იცის. ხშირად მსხვილ ბიზნესში პარტნიორები ითხოვენ საქმიანობის აუცილებლად დაზღვევას.

ბიზნესში შეიძლება ყველაფრის დაზღვევა: ქონების, მანქანა-დანადგარების, მარაგნაწილების, ფიქსირებული თანხების და სხვა. ამ შემთხვევაში, როცა მოვაჭრეებზეა ლაპარაკი, შესაძლებელი იყო ქონების დაზღვევა, რაც ძვირი არ არის და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება შეადგენდეს ქონების ღირებულების 0,1-0,3%-ს. მოვაჭრეებს უნდა დაეზღვიათ ქონება, მარაგები, რომელიც "ბავშვთა სამყაროში" ინახებოდა.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეა - როცა მეიჯარე კომერციულ ფართობს აქირავებს, იჯარის ღირებულებაში დაზღვევის თანხა ავტომატურად შედის. შემდეგ მეწარმემ თავად უნდა შეაფასოს, ჰყოფნის თუ არა დაზღვევის სტანდარტული პაკეტი.

რაც შეეხება "ბავშვთა სამყაროს", დაზღვეული იყო თავად შენობა და როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე საწყობი.

როგორ უნდა დაინერგოს სადაზღვევო ურთიერთობები ქვეყანაში, სადაც ამის ტრადიცია არ არის? ამის პასუხი ყველგან და ყოველთვის არის ერთმნიშვნელოვანი - მთავრობის აქტიური ჩარევით. რამდენიმე სადაზღვევო პროდუქტი სავალდებულო უნდა გახდეს. როგორ განვითარდა ჩვენთან ჯანმრთელობის დაზღვევა? სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით, სადაც თითქმის 1,6 მილიონი კაცი იყო ჩაბმული, ვიღაცები მიხვდნენ ამის სიკეთეს და სამსახურებში უკვე კორპორაციულ დაზღვევას ითხოვენ. ასე უნდა მოხდეს დაზღვევის სხვა პროდუქტების მიმართულებითაც.

გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს, რომ აქ მიწისძვრა ოდესმე აუცილებლად მოხდება. კარგია, რომ რაჭის მიწისძვრა მჭიდროდ დასახლებულ ზონაში არ მოხდა. იმავე სიმძლავრის მიწისძვრა ქუთაისში რომ მომხდარიყო, ჩათვალეთ, რომ ქვეყანა დაზარალდებოდა ისე, რომ ჩვენი მშპ წლების განმავლობაში ვერ წამოდგებოდა ფეხზე. 2002 წლის თბილისის მიწისძვრა ხომ გახსოვთ? ნახეთ, როგორი იარები ატყვია მას შემდეგ ქალაქს, განსაკუთრებით სოლოლაკს, ჩუღურეთს, სადაც სახლები დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია. სხვათა შორის, იმ დროს მოქმედებდა ქონების სავალდებულო დაზღვევა ორგანიზაციებისთვის. სწორედ ამ სავალდებულო დაზღვევის წყალობით, 2-2 მილიონი დოლარით აუნაზღაურდა ეროვნული ბანკისა და თავისუფლების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკის" შენობებს მიწისძვრით მიყენებული ზარალი. სტამბოლის მიწისძვრის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ შენობების მხოლოდ 5% იყო დაზღვეული, სავალდებულო დაზღვევა შემოიღეს, რადგან ამხელა ქვეყანასაც კი გაუჭირდა ზარალთან გამკლავება.

თვალსაჩინოებისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 1,6 მილიონი ავტომობილიდან ჩვენთან დაზღვეულია მხოლოდ 50 ათასი, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს 550 ათას კაცს და, ძირითადად, კორპორაციული, დაზღვეულია ქონების ძალიან მცირე ნაწილი და ისიც უმეტესად მსხვილი ორგანიზაციების წილად მოდის. არადა, ჩვენთან თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტი არსებობს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მზღვეველმა "სუხიშვილების" ფეხები დააზღვია 1 მილიონ ლარად. იზღვევა მშენებლობის დასრულება და უმუშევრობის ტიპის დაზღვევაც კი გამოჩნდა, როცა შეგიძლია თადარიგი დაიჭირო და თუ სამსახურს დაკარგავ, დაზღვევა განსაზღვრული დროის განმავლობაში ხელფასის თანხას აგინაზღაურებს. მთავრობის ჩარევისა და ინიციატივების გარეშეც სექტორი თანდათან ვითარდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ციფრებს თუ გადავხედავთ, სადაზღვევო ბაზარზე, ფაქტობრივად, სტაგნაციაა. თანხობრივად შემოსავლები იზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ ლარის კურსის თამაშის "დამსახურებაა".

კვლავ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების თემას რომ დავუბრუნდეთ, მოვაჭრეებს ქონება დაზღვეული რომ ჰქონოდათ, დღეს აქციებზე ყოფნა კი არ მოუწევდათ, არამედ მზღვეველისგან გარანტირებულად აინაზღაურებდნენ ზარალს.

სხვა შემთხვევაში, ყველა დაზარალებული, მათ შორის, წინა ხანძრების გამო დაზარალებული მოვაჭრეებიც რომ სახელმწიფოს მიადგნენ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ამას რომელი ბიუჯეტი გასწვდება".

P.S. საინტერესოა, რომ 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზრის მთლიანი წილის 46,42% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, მეორე ადგილზე, 16,68%-ით, ქონების დაზღვევაა, მესამეზეა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 14,50%-ით, მხოლოდ 6,63% მოდის სიცოცხლის დაზღვევის წილად და 1,57% სამოგზაურო დაზღვევას უჭირავს.