"ჩრდილოვანი ბიზნესი" - კვირის პალიტრა

"ჩრდილოვანი ბიზნესი"

ტაქსაობა საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს

დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით

ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი - საქართველოში ამ და სხვა საქმიანობით მილიონზე მეტი კაცი ირჩენს თავს. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ჯამურად ამ ბიზნესებში წელიწადში 200-300 მილიონი ლარი ბრუნავს და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას აკისრებს, ბიუჯეტში შენატანს, ფაქტობრივად, არავინ აკეთებს. ხელისუფლება წვრილ "ჩრდილოვან ბიზნესს", სადაც ჯამში მილიონები ბრუნავს, არ არეგულირებს, რადგან მას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, 2 021 000-კაციანია. "საქსტატის" ბოლო მონაცემებით, აქედან დასაქმებულია 1 779 900, საიდანაც 753 400 დაქირავებულია, ხოლო 1 018 100 - თვითდასაქმებული. 2015 წელს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 2,05 მილიარდი ლარი მიიღო, 2016 წლის სამ კვარტალში კი - 1,49 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადს, ძირითადად, დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი სწორედ მათ ხარჯზე ივსება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაურეგულირებელ სფეროში წელიწადში დაახლოებით 200-300 მილიონი ლარი ტრიალებს, გამოდის, თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით.

"ტაქსაობა" საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების სქემაზე, რის შემდეგაც ამ საქმიანობით დაკავებულ პირთ განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, არ არის გამორიცხული, მოსაკრებელიც დაუწესდეთ.

სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს ტაქსების ზუსტი აღრიცხვა, სტანდარტული ტარიფი ან დადგენილი სამუშაო საათები, ძნელია თქმა, საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ერთი ტაქსის მძღოლი, მაგრამ სრული დატვირთვის პირობებში ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ყოველდღიური მინიმალური მოგება, საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, 20-30 ლარია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ამ ბიზნესის "ჩრდილში" წელიწადში ასეულ მილიონ დოლარზე მეტი ტრიალებს.

რეპეტიტორობა, მასობრივი უმუშევრობის პირობებში, ბევრისთვის იქცა შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. აქაც რთულია დათვლა, რამდენი ადამიანი ირჩენს თავს ამ საქმიანობით, ზოგისთვისაც ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა. მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი არასამუშაო საათებში მოსწავლეებს ამზადებს და ამაში დამატებით შემოსავალს იღებს. რეპეტიტორების აღრიცხვის მსგავსად, ძნელია მათი საშუალო შემოსავლების დათვლა, რადგან ეს დამოკიდებულია საგანზე, რომელშიც ამზადებენ მოსწავლეს, პედაგოგის ავტორიტეტსა და მის კვალიფიკაციაზე და იმაზეც კი, თბილისის რომელ უბანში ამზადებს მოსწავლეებს რეპეტიტორი. ბევრისთვის ეს საქმიანობა იმდენად სარფიანი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების მისაღებად ცალკე ფართობიც იქირავეს და მიღებული შემოსავლით იჯარასაც იხდიან და მოგებაც სოლიდური რჩებათ.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული საქმიანობა საქართველოში ძიძად ან ოჯახში მომვლელად მუშაობაა. კარგ ძიძაზე იმდენად დიდია მოთხოვნა, წინასწარ უნდა შეუთანხმდე, რომ ბავშვების გაზრდის შემდეგ შენთანაც გადმოვიდეს სამუშაოდ და ამაში სოლიდური გასამრჯელოც გადაუხადო.

დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით.

ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თვითდასაქმების ყველაზე გავრცელებული სახეებია საქართველოში, თუმცა დღეს ადამიანები თავს ასევე ირჩენენ სახლების დალაგებით, მზარეულობით, ძაღლების გასეირნებით, ხელსაქმით, მიწის დამუშავებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით. რა თქმა უნდა, კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ყველა მათგანს არ აკისრებს და ამ ტვირთისგან გათავისუფლებულია, მაგალითად, ის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 3.000 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, აქაც გასათვალისწინებელია, თვითდასაქმებასთან გვაქვს საქმე თუ შენიღბულ უმუშევრობასთან. ამისთვის კი დეტალური და სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რათა შეფასდეს თვითდასაქმებულის შემოსავლები, ცხოვრების დონე და ა.შ.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ეს პრობლემა ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლია. თვითდასაქმებულების ფისკალური ეფექტი საკმაოდ მცირეა, მაგრამ მათ აქვთ სხვა, მეორე ფუნქცია, უფრო მნიშვნელოვანიც კი. ეს გახლავთ ოჯახების კეთილდღეობის მიღწევა. იქ, სადაც სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი ვერ ახერხებს დასაქმებას, ადამიანები საკუთარი რისკისა და ენერგიის ფასად ცდილობენ, მონახონ თავიანთი ნიშა საბაზრო ეკონომიკაში, მიიღონ შემოსავალი და ამ სახსრებით ოჯახები არჩინონ.

მოდი, შევაბრუნოთ პრობლემა და საკითხი სხვაგვარად დავსვათ. ეს ადამიანები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად რომ ყოფილიყვნენ აქამდე და ხელი არ გაენძრიათ, მაშინ ეს მილიონზე მეტი, რომელთა უკან ასეულათასობით ოჯახი დგას, უზარმაზარი თავის ტკივილი და ტვირთი იქნებოდა, რასაც ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებდა. შესაბამისად, ამ საკითხს მხოლოდ ფისკალური კუთხით ნუ შევხედავთ, არამედ შევხედოთ სოციალური დატვირთვისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ ადამიანებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა ჩვენ, როგორც მატერიალისტები, ეკონომისტები და საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცხოვრებნი, ვალდებული ვართ, ამ საკითხს სახელმწიფოს ინტერესებიდანაც შევხედოთ. ჯერჯერობით, თვითონ ამ თვითდასაქმებულების კონტინგენტი საკმაოდ არაორგანიზებულია, ხოლო მათი წვლილი ბიუჯეტის ფორმირებაში - მოკრძალებული. მეორე მხრივ, სახელმწიფო ვერ იღებს, ან ბოლომდე არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა მათ დასაქმებაზე, მაგრამ სახელმწიფოს არც უარუყვია, რომ აქვს ამ კონტინგენტისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ განსაზღვრული სოციალური პასუხისმგებლობა, მათი განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და რიგი სხვა ასპექტების გამო. ფაქტობრივად, რა გამოდის? - მათი წვლილი საზოგადოებრივი დოვლათის ფორმირებაში მინიმალურია, ხოლო მოხმარების მხრივ ისინი ძალიან აქტიური და შეიძლება ითქვას, საშუალოზე უფრო მაღალი დონის მომხმარებლები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ თვითდასაქმებულთა კონტინგენტის ერთი ნაწილის ასაკი საკმაოდ მაღალია. აი, ამგვარ პარადოქსს ვაწყდებით.

ქართველები კი გამოვირჩევით იმით, რომ გადასახადების გადახდის დიდი მოყვარული და სანიმუშო არა ვართ, მაგრამ არც გამონაკლისს წარმოვადგენთ. სხვათა შორის, ათენში ყველა, ვისაც სახლში აუზი აქვს, ვალდებულია, დამატებითი გადასახადი გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტს. გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ დეკლარირებული იყო აუზის მქონე 200-მდე კაცი, აეროგადაღებით კი აღმოჩნდა, რომ ათენში თითქმის 60 ათასამდე ოჯახს ჰქონდა აუზი. იმავე საკითხზე ვესაუბრე აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს და მისი მონაცემებით, ამერიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს უმალავენ მთლიანი შიდა პროდუქტის 4-5%-ს. შესაბამისად, როცა ასეთ საკითხებს ვეხებით, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ სასწორის ერთ პინაზე დევს ფისკალური ეფექტი ბიუჯეტში და მეორეზე - სოციალური სტაბილურობა. სახელმწიფო კი უპირატესობას იმას ანიჭებს, რაც უფრო ძვირად უღირს მოცემულ მომენტში".