"განხეთქილების წიგნი" - კვირის პალიტრა

"განხეთქილების წიგნი"

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გამომცემლებს კერძო საკუთრებას კვლავ ართმევს?!

გამომცემლები და განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ თანხმდებიან. გამომცემლების თქმით, მეორდება გიორგი მარგველაშვილის დროინდელი პრაქტიკა, როცა გამომცემლებს სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ჩამოართვეს და ბავშვებს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგეს. თუმცა "უფასო სახელმძღვანელოების" პროექტმა სახე ძალიან მალე იცვალა და ყოველ წელს სკოლის მოსწავლეებს მერხებზე, ხშირ შემთხვევაში, ძველი და სწავლისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები ხვდებოდათ, რის გამოც მათი შეძენა "შავ ბაზარზე" მშობლებს უწევდათ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამინისტრო წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლებ სახელმძღვანელოს ბეჭდავდა, თუმცა ჯიუტად არც იმას აღიარებდა, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს დაქსეროქსებული წიგნებით უწევდა სწავლა.

მოქმედი მინისტრის ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასა და წონის შემსუბუქებას ეხებოდა. თუმცა გამომცემლებთან გამართული 28 შეხვედრის შემდეგაც კი ვერ ხერხდება შეთანხმება მთავარზე - გრიფირების წესზე. გამომცემლების განმარტებით, სამინისტრო მათგან ისევ მხოლოდ ე.წ. კონტენტს ითხოვს, ხოლო წიგნების ბეჭდვის უფლებას თავად იტოვებს. ეს კი გამომცემლების შეფასებით, სახელმძღვანელოების "შავ ბაზარს" წაახალისებს, ხელს შეუწყობს კორუფციულ გარემოსა და ხელოვნური მონოპოლიების შექმნას.

ვიდრე გამომცემლები და სამინისტრო შეხვედრებს უშედეგოდ მართავენ, ცნობილი ხდება, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭდვა I-VI კლასებისთვის, ამიტომ მოსწავლეებს ისევ ძველი და ზოგჯერ, ალბათ, დაქსეროქსებული სახელმძღვანელოებით სწავლა მოუწევთ.

"წარმატებული გრიფირების შემთხვევაშიც, არ ვიცით, შეიძენს თუ არა სამინისტრო ჩვენგან სახელმძღვანელოებს"

თინათინ მამულაშვილი, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი: "1996 წლიდან დაიწყო სახელმძღვანელოების რეფორმა და თავისუფალი ბაზრის გახსნა. მანამდე ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა ყველა სკოლაში. ვითარება თანდათან შეიცვალა. ჯერ დაუშვეს ორი ალტერნატიული სახელმძღვანელო, ხოლო შემდეგ - რამდენიმე. ამას მოჰყვა ქართველი ავტორებისა და გამომცემლების კვალიფიკაციის ამაღლება, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, კონკურენტული გარემოს შექმნა. ნებისმიერ სკოლას შეეძლო არჩევა რამდენიმე სახელმძღვანელოს შორის. ყველა ამ ეტაპზე ქართველი გამომცემლები აქტიურად იყვნენ ჩართული და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ განათლების სამინისტროსთან. საბოლოო მიზანი ის იყო, რომ მოსწავლეებს მიეღოთ თანამედროვე ხარისხიანი სახელმძღვანელო, დაფუძნებული თანამედროვე სტანდარტებზე და შექმნილი ქართველი ავტორების მიერ. მთელი ეს ოცწლიანი გამოცდილება წყალში ჩაიყრება, თუ გამომცემლობები სახელმძღვანელოების შექმნის პროცესს ჩამოშორდებიან.

ბოლო 6 თვის განმავლობაში მინისტრთან ინტენსიური შეხვედრებისას განიხილებოდა და იურიდიულად მუშავდებოდა გრიფირების ისეთი წესი, რომლის თანახმადაც, გრიფირების კონკურსში მონაწილე გამომცემლები შექმნიდნენ სახელმძღვანელოებს, ბეჭდავდნენ და წინასწარ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ გადასცემდნენ სამინისტროს. ახალგამოქვეყნებული წესის თანახმად კი, ჩვენი ხარჯებით უნდა შევქმნათ სახელმძღვანელო, რაც ურთულესი, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, დავაბანდოთ ინვესტიცია, მაგრამ თუნდაც წარმატებული გრიფირების შემთხვევაში, არ ვართ დარწმუნებული, შეიძენს თუ არა სამინისტრო ჩვენგან სახელმძღვანელოებს.

ამ ხნის განმავლობაში მტკივნეული იყო დისკრიმინაციის საკითხიც. მაშინ, როცა ჩვენი უფლებები ირღვეოდა, უცხოური გამომცემლობა პირდაპირი მიყიდვის წესით აწვდიდა ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს განათლების სამინისტროს. ვშიშობთ, მიუხედავად ახალი გრიფირების წესისა, სამინისტრო დისკრიმინაციულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.

თუკი სამინისტრო მზად არის, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იყიდოს უცხოური კომპანიისგან, რატომ არის ეს შეუძლებელი ქართველი გამომცემლების შემთხვევაში?

საბოლოოდ, თუკი გამომცემლები ამ პროცესებს გამოეთიშებიან, კიდევ უფრო დაზარალდება საგამომცემლო სექტორი და ვერ შეძლებენ 2018 წელს საქართველოს ღირსეულად წარდგენას ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ექნება".

"სახელმძღვანელოების შესყიდვის წესი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას"

ლია შალვაშვილი, ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების ავტორი, გამომცემლობა "შემეცნების" დირექტორი: "სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ შემოთავაზებული გრიფირების პირობები და სახელმძღვანელოების შესყიდვის წესი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და ინტელექტუალური შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას. გამომცემლობა "შემეცნებას" დიდი სურვილი აქვს, საგანმანათლებლო მასალებში - სახელმძღვანელოს შინაარსსა და სწავლების მეთოდიკაში შეიტანოს ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აქტივობები, რასაც დაწყებითი საფეხურის თანამედროვე სწავლების მეთოდიკა აუცილებლად მოითხოვს, მაგალითად, სხვადასხვა მოდელს (მათ შორის ვირტუალურს), სამაგიდო თამაშებს, აუდიო-ვიდეომასალებს და ა.შ. თითოეული ეს კომპონენტი კი საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.ხაზგასმით ვამბობთ, რომ სახელმძღვანელოების შემოთავაზებული შესყიდვის წესი არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასტამბო ტირაჟირების ღირებულებას და ტენდერით არ უნდა შეირჩეს ყველაზე იაფი და შესაბამისად, თანამედროვე მოთხოვნების უგულებელყოფით შედგენილი სახელმძღვანელოები. ასე საგანმანათლებლო სექტორი დაზარალდება".

"უნდა მოგვეცეს საშუალება, თავისუფლად განვკარგოთ ჩვენი საკუთრება"

ირინა რუხაძე, მათემატიკის სახელმძღვანელოების ავტორი, გამომცემლობა "პედაგოგიკის" ხელმძღვანელი: "27 წელია სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი ვარ, 24 წელია მათ გამოვცემ. გამომცემლები მთელი ეს დრო ვახერხებდით და ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროსთან. ინტელექტუალური საკუთრების უფლებაც დაცული იყო. 2012 წლიდან კი საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები უხეშად ირღვევა.

განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის ურთიერთობას სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი არეგულირებს.

განათლების სამინისტრო გვთავაზობს, შექმენით სახელმძღვანელო, მაგრამ არ გექნებათ მისი განკარგვის უფლებაო. ეს ნიშნავს, რომ სახელმძღვანელოს შექმნისა და ბეჭდვის კომპონენტები იქნება გამიჯნული. ავტორი და გამომცემელი შექმნის, მოამზადებს სახელმძღვანელოს, გაურკვეველი საფასურის ნაცვლად გადასცემს განათლების სამინისტროს და ამით მისი უფლებებიც და მოვალეობებიც ამოწურული იქნება. ჩვენ კი გვსურს, დაცული იყოს საკუთრების უფლება და საშუალება გვქონდეს, თავისუფლად განვკარგოთ ჩვენი საკუთრება".

"მიმდინარეობს დიდი ზეწოლა"

კახმეგ კუდავა, გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი: "როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი თანამდებობრივი დაწინაურების კარგი საშუალებაა ზოგიერთი მინისტრისთვის. გამომცემლობების დაყაჩაღების შემდეგ, მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა. ამჟამინდელ მინისტრთან ოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა კონსტრუქციულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ საბოლოოდ პიარისთვის გათვლილი კამპანია გამოდგა - ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად მოგვევლინა.

ამ დანიშვნის შემდეგ ჯეჯელავამ ჩვენთვის "ვეღარ მოიცალა" და "მოლაპარაკების პულტი" მოადგილე თეიმურაზ მურღულიას გადააბარა. იმავდროულად, ცხადდება გრიფირების ახალი წესი, სადაც გამომცემლებისა და ავტორების ინტერესი და მოტივაცია სრულიად იგნორირებულია. იქმნება აშკარა წინა პირობა საავტორო უფლებების შეზღუდვისა და ინტელექტუალური საკუთრების წასართმევად.

ადრე თუ სამინისტროს ნებისმიერ დროს შეეძლო, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების" საბაბით წაერთმია კერძო საკუთრება, გრიფირების ახალი წესით ეს უკვე დაკანონდება, თუკი გამომცემელი/ავტორი ამ კაბალურ, უკანონო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. მიმდინარეობს დიდი ზეწოლა.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით "უფასო სახელმძღვანელოების" პროექტს, მაგრამ სამინისტრომ უშუალოდ ამ სახელმძღვანელოების შემქმნელებისა და მფლობელებისგან უნდა შეიძინოს მზა პროდუქცია, როგორც ამას აკეთებს უცხოურ გამომცემლობებთან თანამშრომლობის დროს. მინისტრის მოადგილის მიერ შემოთავაზებული არაკომპეტენტური ეკონომიკური მოდელით კვლავაც გაგრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის პოლიტიკა.

გამომცემლობის სახსრებით მომზადებული და დაბეჭდილი სახელმძღვანელოების შესყიდვა სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდებოდა.

2013 წლიდან, ამ სფეროში განათლების სამინისტროს უხეში ჩარევის შედეგად, უგულებელყოფილია თავისუფალი ბაზრის ცნება, რის გამართლებასაც პოლიტიკური სპეკულაციებით ცდილობენ.

რატომ უნდა დაურიგდეთ უფასო სახელმძღვანელოები მინისტრების შვილებს ან ზოგადად მაღალანაზღაურებად ოჯახებს, მაშინ როცა შესაძლებელია მეტი ყურადღება მივაქციოთ მატერიალურად შეჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.

ვხედავთ რეალურ საშიშროებას, რომ გრიფირების შემოთავაზებული წესი კვლავაც ხელს შეუწყობს კორუფციულ გარემოს, "შავი ბაზრის" შენარჩუნებასა და გააქტიურებას, ხელოვნური მონოპოლიების შექმნას საგამომცემლო და პოლიგრაფიულ სფეროებში.

ყველაფერი ეს ხდება იმ დროს, როცა ქართველი გამომცემლობების საწყობებში დევს 1 მილიონამდე ეგზემპლარი მოქმედი სახელმძღვანელო და სტრასბურგის სასამართლომ უკვე წარმოებაში მიიღო ქართველი გამომცემლების სარჩელი".

"გამომცემლებს უნდათ ის ფასი, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მართებულად"

თემურ მურღულია, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე: "სამწუხაროდ, თავად გამომცემლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. მათთან რამდენიმე შეხვედრა შედგა ისე, რომ კონსენსუსი არ არის მიღწეული თავად გამომცემლებში. ჩვენი პრიორიტეტები უცვლელი რჩება: ხარისხი და შეჯიბრებითობა.

უნდა გაიმართოს ტენდერი ხარისხის პირობის დაცვით. სამწუხაროდ, გამომცემლებს არ უნდათ ტენდერი, მათ უნდათ ის ფასი, რომელსაც ისინი მიიჩნევენ მართებულად. ამ რეალობაში ტენდერის გარეშე შესყიდვებს ვერ განვახორციელებთ.

რაც შეეხება იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც გამომცემლობებს უკვე დასაწყობებული აქვთ, თუ სახელმძღვანელო გრიფირებულია, სასწავლო გეგმას შეესაბამება და მისი ფასი სატენდერო ფასზე დაბალი იქნება, შევიძენთ.

რაც შეეხება I-VI კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებას, ჩვენ უკვე შევთავაზეთ გამომცემლებს, დაიწყონ მომავალი წლისთვის მუშაობა და მაღალი ხარისხის წიგნები მოამზადონ, რაზეც უკვე შეთანხმებული ვართ და ვიცით, რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, კიდევ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება სწავლა ძველი მოდელის სახელმძღვანელოებით, ხოლო ის რაოდენობა, რაც გაფუჭების ან დაზიანების გამო დაგვაკლდება, დაიბეჭდება და ამ გზით შეივსება საჭირო რაოდენობამდე.

მომავალი წლიდან კი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მას ახალი, გაცილებით მაღალი ხარისხის წიგნები დასჭირდება და, ბუნებრივია, რომ ჩვენ შევთავაზეთ გამომცემლებს, ამისთვის მოემზადონ".

"მინისტრის მოადგილემ იცრუა, როცა თქვა, მოლაპარაკება შედგაო"

მაია ლორთქიფანიძე, რუსული ენის სახელმძღვანელოების ავტორი: "უფასო სახელმძღვანელოების" პროექტმა იმთავითვე არასწორი სახე მიიღო: წავართვათ წიგნები მათ პატრონებს და შემქმნელებს და გადავცეთ ბავშვებს უსასყიდლოდ! ეს იგივეა, სახლი რომ წაართვა მის მფლობელს და სხვას აჩუქო, ან პური წაართვა მცხობელს, არაფერი გადაუხადო და სხვებს დაურიგო, თანაც ამის შემდეგ იამაყო შენი კეთილშობილური საქციელით. მერე რა, რომ წართმეული სახლის პატრონები ქუჩაში გამოყარე, ან მეპურის ოჯახი მშიერი დატოვე!

უფასო წიგნების მოსწავლეებისთვის დარიგება ზოგიერთ ცივილიზებულ ქვეყანაშიც გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ იქ სახელმწიფო სახელმძღვანელოების შემქმნელებისგან ამ უკანასკნელთა მიერ დადგენილ ფასად ყიდულობს და შემდეგ ურიგებს მოსწავლეებს. საქართველოს ხელისუფლებამ კი არცთუ შორეულ საბჭოთა მეთოდებს მიმართა, რადგან მავანთათვის უფრო "მშობლიური" და მარტივი გამოდგა პრინციპი: მჭირდება და გართმევ.

ახლა კი, როცა ახალი სახელმძღვანელოების დაწერის დრო დადგა, რადგან არსებულების მოქმედების ვადა ამოიწურა, განათლების სამინისტრომ მორიგი უსამართლობის აქცია დაიწყო თავისი წინა უსინდისობის გასამყარებლად. მან თვეების განმავლობაში თვალებში ნაცარი გვაყარა გამომცემლებს და ავტორებს, თითქოს მოლაპარაკების გზით ცდილობდა საკითხის მოგვარებას. არჩევნებამდე ბატონი ჯეჯელავა ისე იქცეოდა, თითქოს მართლაც ყველა მხარისთვის მისაღები პოზიციების შეჯერება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე გადაწყვეტილი პოზიცია გაგვაცნო ჩვენს საქმეზე და თავზარი დაგვცა: კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს შორის სამინისტრო შემქმნელებისგან შეიძენს და დაბეჭდავს იმას, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ექნება. მას ვკითხეთ, ვთქვათ, ერთმა წიგნმა მიიღო 100 ქულა (მაქსიმალური), ხოლო მეორემ 85 და ეს უკანასკნელი უფრო იაფია, თქვენ მეორეს იყიდით? პასუხი იყო - დიახ. ეს ნიშნავს, რომ სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, მის გაუარესებას ვიღებთ.

უკანასკნელ შეხვედრებზე მინისტრის მოადგილემ, ბატონმა მურღულიამ, ყველა რეკორდი მოხსნა. მისმა უტიფრობამ ისე აღაშფოთა წიგნიერი საზოგადოება, რომ ყველამ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა, ხოლო შემდეგ ტელევიზიით ვნახეთ, როგორ იცრუა, მოლაპარაკება შედგაო. მოლაპარაკება ვერაფრით შედგებოდა, რადგან მან ასეთი რამ "ბრძანა": თქვენ შექმენით პროდუქტი, იმუშავეთ და შემოიტანეთ გრიფირებაზე. თუ გრიფს მიიღებს თქვენი წიგნები, მერე ვიფიქრებთ, რომელს დავბეჭდავთო. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლის შექმნაზეც ბევრი ადამიანი თავდაუზოგავად მუშაობდა, და კონკურსში გავიდა, შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომ, ავტორთა დამოკიდებულება განათლების სამინისტროს პოზიციის მიმართ ცალსახაა, - მათ მიერ დადგენილი პრინციპების მიღება წარმოუდგენელია".

ემა ტუხიაშვილი