ავიასაცობის საფრთხე?!
ავიასაცობის საფრთხე?!
"ტავ ურბან ჯორჯიას" აეროპორტის გამტარუნარიანობა ხელშეკრულებაში ჩადებულ რაოდენობამდე კვლავაც არ გაუზრდია

არის თუ არა მზად საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურა მგზავრთა ნაკადის 48-50%-ით გასაზრდელად


ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საავიაციო სფერო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგება. აპრილიდან სპეციალისტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდებიან. ავიაკომპანიების წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით, ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოში ავიაციის ინდუსტრია უკეთესად განვითარდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთა გაზრდილი რაოდენობისთვის მზად არ არის.

იასე ზაუტაშვილი, ავიაც­იის დარგის ექსპერტი: "ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, მთავრობის წარმომადგენ­ლები, ექსპერტები
You must have Flash Player installed in order to see this player.
და არასამთ­ავრობო ორგანიზაციები განვიხილავთ იმ გამოწვევებსა და სიახლეებს, რომელთა წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროცა და აეროპორტების გაერთიანებაც ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 48-50%-ით გაიზრდება.

მხოლოდ სამი რეისი ერთდროულად


შარშან თბილისის საერთა­შორისო
აეროპორტიდან მგზავრთა ტრაფიკმა 2 მილიონს გადააჭარბა, წლეულს კი ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი 3-დან 4 მილიონამდე გაიზრდება. შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც, შესაძლოა, 28 მარტის შემდეგ აღმოვჩნდეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ოპერატორი თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ვერ პასუხობენ დღეს არსებულ სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს და მით უფრო, შესაძლოა, ვერ შეძლონ ეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. მაგალითად, როცა თურქული კომპანია
საქართველოს აეროპორტების მართვაში შემოდიოდა, ქართული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 მგზავრის მომსახურებამდე გაზრდილიყო, მაგრამ ეს არ შესრულებულა. დღეს თბილისის აეროპორტს ერთდროულად მხოლოდ სამი რეისის მომსახურება შეუძლია - როგორც ჩამომსვლელის, ისე გამფრენის. პიკის საათები ევროპაში გამფრენი რეისებისთვის კონცენტრირდება ღამის 5-დან დილის 9 საათამდე. ახლაც კი, დღევანდელი მგზავრთა ნაკადის პირობებში, დღე-ღამის ამ მონაკვეთში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება აეროპორტის ავტოსადგომებზე, რეგისტრაციის დროს ხალხის ტევა არ
არის.

გავიხსენოთ ისიც, რომ ამ აეროპორტს ორჯერ აეხადა სახურავი, სამჯერ წვიმა ჩამოვიდა. აეროპორტში არ არის სატრანზიტო გასასვლელი და დერეფანი.
თუ გვინდა, ქვეყანამ სატრანზიტო ჰაბის სახელი დაიმკვიდროს და პრეტენზია გვაქვს, რომ ადამიანი შეიძლება ამსტერდამიდან ჩამოფრინდეს თბილისში და 3 საათში თბილისიდან მოსკოვში გადაფრინდეს, სად უნდა გაატაროს ეს დრო, რომელსაც ჩვენ ტრანსფერის პერიოდს ვეძახით? აეროპორტში მხოლოდ ორი კაფეა და სველ წერტილებში ანტისანიტარია ბუდობს. სანამ ბარგს ჩააბარებთ, უსაფრთხოების კონტროლი უნდა გაიაროთ და ამისთვის აეროპორტში ერთადერთი შესასვლელია. სანამ საპასპორტო კონტროლს გაივლის ადამიანი, წარმოიდგინეთ, რამხელა რიგში უწევს­ დგომა. ჩვენი ვარაუდით, აუცილებლად შეიქმნება კოლაფსი მგზავრთა მომსახურებაში, უამრავი მგზავრი მეტად უსიამოვნო სიტუაციაში აღმOოჩნდება. ეს კი დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს, ტურისტულ პოტენციალსა და სატრანზიტო შესაძლებლობებს.

"მინდა და ვაძვირებ"


როცა "ტავ ურბან ჯორჯია" საქართველოში შემოვიდა, მაშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს წელიწადში 200 ათასზე მეტი მგზავრის მომსახურება არ უწევდა, თუმცა არსებობდა პროგნოზი, რომ დროთა განმავლობაში მგზავრთა ნაკადი გაიზრდებოდა. სწორედ ამიტომ ჩაიდო თურქულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მოთხოვნა, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 კაცამდე გაეზარდათ და ამ მოთხოვნას დღესაც ვერ აკმაყოფილებენ.

ახლა, როცა მგზავრთა ტრაფიკი 3-4 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, საინტერესოა, როგორ აპირებს თურქული ოპერატორი ასეთ ნაკადთან გამკლავებას არსებული ინფრასტრუქტურით.
გასაოცარია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ მოგვცემია იმ ხელშეკრულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც­ თურქულ­ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო. რა კონფიდენციალური ინფორმაციაა ასეთი ამ დოკუმენტში, რომ ჩვენ, სფეროს წარმომადგენლებსაც, არ გვანებებენ ამ დოკუმენტის დეტალურად შესწავლას და მხოლოდ განსაზღვრული წყაროებისგან მიღებული ინფორმაციით გვიწევს ცალკეულ დეტალებზე მსჯელობა. მაგალითად, მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, "ტავ ჯორჯია" მოსაკრებლის გაზრდის უფლებას იტოვებს, რასაც მე მოსაკრებელს ვერც დავარქმევდი, რადგან ეს, ფაქტობრივად, ბეგარაა, რომელიც ტვირთად აწევს თითოეულ მგზავრს, ვინც თბილისის აეროპორტიდან მიფრინავს. მერწმუნეთ, ამ გადასახადს სხვა ახსნა არა აქვს. აქამდე ის 22 აშშ დოლარი იყო, ახლა 24 დოლარი გახდა. ყველა გამფრენ მგზავრზე, რომლებიც ამ გადასახადს ბილეთის შეძენისას იხდიან, ეს 2-დოლარიანი მატება რაღაცით მაინც ხომ უნდა იყოს განპირობებული. მაგრამთურქულ კომპანიას არც ახალი ტერმინალი გაუხსნია, არც გეიტები და გასასვლელები დაუმატებია, მომსახურების სტანდარტებიც იგივე აქვთ, მაგრამ მოსაკრებელი მაინც გაზარდეს.

განვმარტოთ, რაში უხდიან ამ 24 დოლარს აეროპორტის ოპერატორ კომპანიას. აეროპორტში მგზავრი მომსახურების რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია უსაფრთხოების შემოწმება, რეგისტრაცია, ბარგის მომსახურება, რომელიც თვითმფრინავამდე უნდა მივიდეს, პასპორტის კონტროლი, თვითმფრინავამდე მიყვანა და სხვ. აეროპორტის ამ სერვისებისთვის ავიაკომპანიები ცალკე იხდიან სოლიდურ თანხებს. შემიძლია გითხრათ "ჯორჯიან ეარვეისის" მაგალითზე, სადაც მე ვსაქმიანობდი, რომ კომპანიას ეს მომსახურება წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. შესაბამისად, ყოველი მგზავრისგან აკრეფილი 24 დოლარი, ყოველგვარი დაბეგვრისა და ხარჯის გარეშე, პირდაპირ აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ჯიბეში მიდის.

- თუმცა აღსანიშნავია, რომ თურქული ოპერატორი კომპანია საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში შემოვიდა და ხელშეკრულებაც სააკაშვილის მთავრობის დროს გაფორმდა...

- სანამ მოქმედი მმართველი გუნდი მოვიდოდა ხელისუფლებაში, წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ორი კაბალური ხელშეკრულება არსებობდა - "ტავ ურბანსა" და "სითი პარკთან" გაფორმებული. მომავალი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ შეისწავლიდა ამ ხელშეკრულებებს და თუ საჭირო გახდებოდა, ცალმხრივად გაწყვეტდა კიდეც. მიუხედავად ამისა, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" დადებული ხელშეკრულება კვლავ გასაიდუმლოებულია და კიდევ 10 წლით, 2027 წლამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება მკაცრად გასაიდუმლოებულია, სფეროს წარმომადგენლებისთვის ცნობილია რამდენიმე დეტალი, რომლებიც კაბალური პირობის სახით დევს ხელშეკრულებაში. მაგალითად, ის, რომ აეროპორტის ოპერატორ კომპანიას უფლება აქვს, მოსაკრებელი გაზარდოს ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე.

ხელშეკრულება თუ ბიზნესხარკი


მეორე კაბალური პირობა, რომელიც ხელშეკრულებაშია, ალბათ, ყოველი მოქალაქისთვის იქნება შეურაცხმყოფელი.
ხელშეკრულებაში წერია, რომ სანამ "ტავ ურბან ჯორჯია" არის და იქნება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მფლობელი, საქართველოში ვერც ერთი ადგილობრივი ბიზნესმენი და უცხოელი ინვესტორი ვერ ააშენებს ახალ საერთაშორისო აეროპორტს. გასაგებია, რომ ასეთ პირობას სააკაშვილის ხელისუფლება დათანხმდა, რადგან მას სხვა ინტერესები ჰქონდა, მაგრამ გაუგებარია, როგორ დათანხმდა ასეთ პირობას მოქმედი ხელისუფლება.
ერთი პრეცედენტი მაინც დამისახელოს ვინმემ მსოფლიოში, როცა უცხოური ოპერატორი კომპანია შედის სხვა სახელმწიფოში და ულტიმატუმს უყენებს მთავრობას, სანამ მე ვარ შენს ქვეყანაში, კონკურენტი არ უნდა მყავდესო.

ეს იცით, რას ჰგავს? "კოკა-კოლა" რომ შემოვიდა საქართველოში, მთავრობასთან რომ გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომელშიც ერთ-ერთ პირობად იქნებოდა ჩადებული - სანამ მე ვარ თქვენს ქვეყანაში, მანამდე "ლაღიძის წყლების" წარმოება გექნებათ შეჩერებულიო.
დარწმუნებული ვარ, ხვალვე რომ გამოაცხადოს ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი ან ინტერესთა გამოხატვა, აეროპორტის აშენების ბევრი მსურველი გამოჩნდება როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რადგან ამის საჭიროება რეალურად არის. აეროპორტი დიდი და მომგებიანი ბიზნესია და საქართველოში უამრავი ხელსაყრელი ტერიტორიაა ამისთვის.

აღარაფერს ვამბობ ასაფრენ ბილიკზე, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად გაარემონტეს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ავიაკომპანიას, რომ მეტად განავითაროს თავისი ბიზნესი, რეისები, თვითმფრინავები დაამატოს...
აეროპორტს არა აქვს VIP-გასასვლელი, არა აქვს სატრანზიტო გასასვლელი. ძველი ტერმინალი ისევ ისე დგას, ხელი არ უხლია არავის, უბრალოდ, "ტავ ურბანის" გამგებლობაშია.

"ჯორჯიან ეარვეისში" ჩემი მუშაობის პერიოდში დავსვით საკითხი, გადმოეცა ეკონომიკის სამინისტროს ეს ძველი ტერმინალი, ჩვენ მას გავარემონტებდით და გავაკეთებდით VIP-გასასვლელს, ანდა აქვე ახლოს არის ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტი, ის სახელმწიფოს საკუთრებაშია, შეიძლება იქ ჩაიდოს ინვესტიცია და ახალი აეროპორტი გაკეთდეს... არა, ჩვენ ამის უფლება თურმე ჩვენს ქვეყანაში არა გვაქვს.

- პრობლემებსა და შენიშვნებს, რომლებზეც თქვენ და დარგის სხვა წარმომადგენლები საუბრობენ, არც აეროპორტების გაერთიანებაში იზიარებენ და არც "ტავ ჯორჯიაში" და ამბობენ, რომ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს მომზადებული ხვდებიან. როგორც ცნობილია, 2017 წლის სექტემბერში­ თბილისის აეროპორტში მეორე ტერმინალის მშენებლობა დასრულდება, რაც გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის...

- თუ "ტავ ჯორჯია" პასუ­ხობდა იმ სტანდარტებს, რასაც ხელშეკრულება აკისრებდა, მაშინ­ რატომ ჩამოიყვანა აეროპორტების გაერთიანებამ უცხოეთიდან "იატას" ექსპერტი და გადაუხადა 400 ათას დოლარზე მეტი დასკვნისთვის, რომელიც აეროპორტის მდგომარეობას ასახავს და აბსო­ლუტურად უარყოფითია? ოთხი რეკომენდაციიდან აეროპორტების გაერთიანებამ მხოლოდ ის გაითვალი­სწინა, რაც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო თურქული ოპერატორისთვის. თუმცა ამ დასკვნის შემდეგ, სახელმწიფოს, თავის მხრივ, შეეძლო საკითხის წამოჭრა, თუნდაც ხელშეკრულების ხელახლა გადახედვისა და შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების ვადების შემცირების შესახებ, თუნდაც 2021 წლამდე, მაგრამ მიღებულ იქნა ისეთი ლოიალური გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ "ტავ ურბანს" აკმაყოფილებდა.

ხელშეკრულება კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს და ამით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები­ უნდა დაინტერესდნენ. როგორც მინიმუმ, ამოსაღებია ის დისკრიმინაციული პირობა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. აეროპორტის ოპერატორ კომპანიას უნდა დაუწესდეს მუდმივი მონიტორ­ინგი, რათა თავისი მოვალეობები ჯეროვნად შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ შედეგებამდე მივალთ და ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იჩენს თავს.

ემა ტუხიაშვილი
ლუკა
30 მარტი 2017 07:08
საქართველოს ავიაბაზარი და საჰაერო სივრცე არის თურქეთის ავიაბაზრის და საჰაერო სივრცის ნაწილი. ისე როგორც ქართული ეკონომიკა არის თურქეთის ეკონომიკის ნაწილი. თურქეთი არ დაუშვებს ქართული ავიაბაზარი დამოუკიდებლად განვითარდეს, რადგან ეს კონკურენციას გაზრდის თურქთთან, შეამცირებს ტურისტების და მგზავრების ნაკადს თურქულ აეროპორტებში და შესაბამისად შეეცილება გემრიელ ლუკმაში. ამიტომ არიან ჩაბღაუჭებული ქართულ ავიაბაზარს და არ აძლევენ განვითარების საშუალებას. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ რატომ უწყობს ხელს ამ თურქულ მონოპოლიას ქართული ოცნებისმთავრობა? არის ალბათ კორუფციული გარიგება თურქულ კომპანიასა და ჩვენს სახალხო მთავრობის წარმომადგენელს შორის. თბილისის აეროპორტი რომ ძალიან ჩამორჩება საშუალო დონის ევროპულ აეროპორტს ეს "ექსპერტის" თქმის გარეშეც ნათელია. აღარაფერს ვამბობ ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებზე.
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?