"საწვავი ასე ძვირი არ უნდა ღირდეს!" - კვირის პალიტრა

"საწვავი ასე ძვირი არ უნდა ღირდეს!"

ბოლო 4 თვის განმავლობაში 1 ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 40-60 თეთრით გაძვირდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ საწვავის ბაზარი მიმოიხილა და მათი გათვლებით საქართველოში ხელოვნურად დაჭერილი ფასები და არაჯანსაღი გარემოა. "აფბას" ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის განცხადებით, ნავთობიმპორტიორი კომპანიები დღეს საქართველოში საშუალოდ 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ.

შენიშვნებს არ იზიარებენ საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიები. "ლუკოილში" აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული მაღალი კონკურენცია არც ერთ ბიზნესმენს ფასების ხელოვნურად დაჭერის შესაძლებლობას არ მისცემს, რადგან ქვეყანაში 950-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური მუშაობს და აქედან მსხვილ ბრენდებს მხოლოდ 50% ეკუთვნის. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ლარის გამყარება საწვავის ფასის კლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აცხადებენ, რომ ვალუტის კურსის გარდა, საწვავის ღირებულებას სხვა ბევრი ფაქტორიც განსაზღვრავს.

პაატა ბაირახტარი: "საწვავის ბაზარს ფასების ზრდის ტალღამ პირველად 2016 წლის დეკემბერში გადაუარა და 2016 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე საწვავის ფასი ზრდის მიმართულებით არაერთხელ შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის დეკემბრის მიწურულიდან კომპანიებმა დაიწყეს საწვავზე ფასების ზრდა, ამ ფასების განმაპირობებელი ყველა ფუნდამენტური ფაქტორის უცვლელობის დროს. ამით კი მათ წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში აქციზის მოსალოდნელი გაძვირება და შესაბამისად, საწვავი წინასწარ გააძვირეს.

ერთ თვეში, 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე, კომპანიებმა საწვავის ფასი 5-ჯერ გაზარდეს.

კომპანიებს აქციზის გადასახადის ზრდამ 1 ლიტრი საწვავი 15%-ით გაუძვირა, მაგრამ ამ მომენტისთვის კომპანიებს საწვავი უკვე 18,35%-ით ჰქონდათ გაძვირებული. ამას დაემატა იმ პერიოდისთვის (2017 წლის იანვრის მიწურულისთვის) 10%-ით გაიაფებული ნავთობის ფასი და მნიშვნელოვნად გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ პროცესებიდან მოყოლებული დღემდე, კომპანიებმა კიდევ ორჯერ გააძვირეს ყველა ტიპის საწვავი და 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2,35 ლარს ასცდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა უფრო გამყარდა და მსოფლიო ბაზარზეც 1 ბარელი ნავთობის ფასი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა.

თებერვალ-მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ 2-ჯერ დააკორექტირეს და დღეს 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2,49 ლარს აღწევს. ამ მომენტისთვის

კომპანიების ქმედება უფრო ბევრ ეჭვს აჩენს, რადგან იანვრის ბოლოდან დღემდე ეროვნული ვალუტა თითქმის 11%-ით გამყარდა. თუ იანვრის მიწურულს 1 დოლარის შეძენა 2,71 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2,51 ლარს არ აღემატება. ისიც საგულისხმოა, რომ ამ 2-თვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ბარელის ღირებულება 52 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კომპანიების მთავარი არგუმენტიც ის არის, რომ ისინი დამოკიდებული არიან "პლატსის" ფასზე (Platts - აშშ საინფორმაციო სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კოტირებებს აქვეყნებს) და არა ნედლი ნავთობის ფასზე. ეს მართლაც ასეა და შესაძლებელია ნედლი ნავთობის 1 ბარელის ღირებულება არ შეესაბამებოდეს "პლატსის" ფასს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთშია შესაძლებელი. ვინაიდან "პლატსის" ფასი სწორედ ბარელის ფასისგან წარმოდგება და შეუძლებელია, დროის 2-თვიან მონაკვეთში ბარელის ღირებულების ცვლილება "პლატსის" ფასზე არ აისახოს. შესაბამისად, ნავთობკომპანიების მესვეურთა და ლობისტთა ეს არგუმენტიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, სუსტია.

ეკონომიკური ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არ იძლევა არანაირ ობიექტურ საფუძველს, რომ საწვავს ასეთი მაღალი ფასები ედოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ნავთობის ფასების სტაბილურობასა და ლარის გამყარებას გავლენა უნდა მოეხდინა საწვავის ფასებზე იმ ქვეყანაში, რომელიც, როგორც ვამბობთ, მყისიერად რეაგირებს საერთაშორისო ფაქტორებზე და 100%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე. როცა ყველა ეს გარემოება ფასზე არ აისახება, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომ ფასები ხელოვნურად დაჭერილია. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას აქვს თავისი საოპერაციო ხარჯები და ძნელია თქმა, ვინ რა მოგებაზე გადის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გათვლებით, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი კომპანიებს დღეს 1,70 ლარი უჯდებათ. ეს არის თვითღირებულება და ამას უნდა დავამატოთ ის მცირე ხარჯი, რომელიც საცალო ქსელში ოპერირებას სჭირდება. შედეგად მივიღებთ, რომ კომპანიები დღეს 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ".

ემა ტუხიაშვილი