”აქ დარჩენა აღარ ღირს!” - კვირის პალიტრა

”აქ დარჩენა აღარ ღირს!”

საბერძნეთში დღეს დაახლოებით 200 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი იქ სამუშაოდ არის წასული და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენს. ფინანსური კრიზისის გამო, რომელმაც საბერძნეთი განსაკუთრებით დააზარალა, ბევრი ქართველი უმუშევარი დარჩა. ზოგმა სხვა ქვეყნებს მიაშურა დასაქმების იმედით, ზოგიც იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო.

ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შიშობენ, ევროვალუტის მდგრადობა და მთელი ევროკავშირის მდგომარეობაც არ შეარყიოს.

საბერძნეთის საერთო დავალიანება 300 მილიარდი ევროა, აქედან წლეულს 50 მილიარდი უნდა დაფაროს. აპრილის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და ევროკავშირის ქვეყნები საბერძნეთისთვის 45 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 30 მილიარდი ევროკავშირს უნდა გაეღო, დანარჩენი - სსფ-ს. თუმცა სავალუტო ფონდმა 10 მილიარდის დამატება გადაწყვიტა და სულ 25 მილიარდი მოუწევს. გერმანიის ცენტრალური ბანკის შეფასებით კი, 55 მილიარდი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და საბერძნეთის გადარჩენას დეფოლტისგან 80 მილიარდი დასჭირდეს...

მანანა დვალიშვილი (ემიგრანტი): "უკვე ორი წელია სალონიკში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მოხუცს ვუვლი. ბოლო რამდენიმე თვეა, საბერძნეთში ეკონომიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. იზრდება საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი და მის შესავსებად ყველა ღონეს მიმართავენ. პენსიების შემცირებასაც კი აპირებენ, რასაც, ბუნებრივია, მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვება. ამბობენ, რომ ფულის დასაზოგავად სახელმწიფო მოხელეებს რამდენიმე თვის ხელფასს გაუყინავენ, გაზრდიან გადასახადებს და საწვავიც გაძვირდება. არის საბანკო კრიზისიც, ხალხს ანაბარზე შეტანილი თანხა გააქვს. ვისაც დიდი ფული აქვს, ურჩევნია, რომელიმე უცხოურ ბანკში განათავსოს. შედარებით მცირე ფულის პატრონები კი დანაზოგის შენახვას შინ ამჯობინებენ.

ყველაზე დიდი დარტყმა მაინც მოსახლეობის საშუალო ფენას მიადგა. ყოველდღიურად იკეტება ქარხნები, საწარმოები და უმუშევართა არმია სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, ბევრი ემიგრანტი დარჩა უმუშევარი. დამქირავებლები პირდაპირ გეუბნებიან, თუ გაწყობს, შემცირებულ, თითქმის განახევრებულ ხელფასზე უნდა იმუშაოო. თუ თანახმა არ ხარ, სამსახურიდან გითხოვენ. მხოლოდ ჩემ გარშემო 4-5 ადამიანი უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან და იძულებული იყვნენ, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. ქალები აქ ძირითადად ოჯახებში ვმუშაობთ, მამაკაცები კი მშენებლობაზე, ქარხნებში. ადრე თუ ოსტატად შეეძლო ვინმეს ემუშავა და თავს უფლებას აძლევდა, რამდენიმე მუშა აეყვანა, ახლა დამქირავებელი ისე ცოტას გიხდის, რომ ოსტატს მუშის დასაქირავებლად ფული არ ჰყოფნის და იძულებულია, შავი სამუშაოც თავად შეასრულოს.

ვინც ოჯახებში ვართ დასაქმებული და აქვე ვცხოვრობთ, სხვებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ყველაზე მეტად იმ ემიგრანტებს გაუჭირდათ, ვინც აქ ოჯახებით ცხოვრობს ან ბინას ქირაობს. კომუნალური გადასახადების გადახდა უწევთ, ბინის ქირას იხდიან, კვებაც ძალიან ძვირი ჯდება, რადგან თითქმის ყოველდღე იზრდება პროდუქტების ფასი. ოჯახებით ვინც იყო ჩამოსული საბერძნეთში, ბევრი დაბრუნდა საქართველოში. ბევრიც წამოსვლას აპირებს, რადგან აქ დარჩენა აღარ ღირს. დასაქმების ოფისები თითქმის აღარ მუშაობენ. არადა, რამდენიმე თვის წინ ხალხით იყო სავსე, ისხდნენ და ელოდებოდნენ, როდის გამოჩნდებოდა ვაკანსია. ახლა კი თითქმის ყველა ბიურო დაკეტილია. მაღაზიებიც იკეტება, რადგან ვაჭრობა სულ უფრო მცირდება. ყოველდღე უკან-უკან მიდის ვითარება და ძალიან გამიკვირდება, თუ სასიკეთოდ რამე შეიცვლება. ზოგი ფიქრობს, სხვა ქვეყანაში გადავიდეს სამუშაოდ.

კვირაში ოთხი დღის განმავლობაში გაფიცვები ეწყობა, ხან ტაქსის მძღოლები იფიცებიან, ხან მაღაზიების მფლობელები და ხანაც სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები. ამ დროს ქუჩები ფაქტობრივად პარალიზებულია. ეს კი კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ სურათს".

ანი ებანოიძე (ემიგრანტი): "ახალი წლის შემდეგ საბერძნეთში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ადგილობრივი მოსახლეობაც კი უმუშევარია. აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებზე. თავი იმით გაგვაქვს, რომ ერთჯერად სამუშაოზე ვთანხმდებით: სადღაც სახლია დასალაგებელი, სადღაც ეზო ან რამე დაწესებულება. ძალიან ბევრი ობიექტის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. ზაფხულის დადგომას ელოდებიან, რადგან იმედი აქვთ, რომ უცხოური დახმარების ხარჯზე ვითარება გამოსწორდება, თუმცა ჯერჯერობით ეკონომიკური სურათი სულ უფრო მძიმდება.

მესამე თვეა, აქ დასაქმებული ემიგრანტების უმეტესობას ხელფასი არ მიგვიღია. ეს ხელფასებიც ადრინდელთან შედარებით შემცირებულია. მაგალითად, თუ ადრე მუშას დღეში 60 ევროს უხდიდნენ, ახლა 40 ევროს უხდიან. აქ ბევრი აფრიკელი ემიგრანტია. ისინი უფრო ნაკლებ ჯამაგირზე მუშაობაზეც თანახმა არიან, ამიტომ იაფ მუშახელზე ახლა საბერძნეთში უფრო დიდი მოთხოვნაა. უამრავი ქართველი ბრუნდება საქართველოში. ადგილობრივებსაც აღარ აქვთ იმხელა შემოსავალი, რაც მანამდე ჰქონდათ. ბევრი უფულობის გამო იძულებული გახდა, მოხუცები მოხუცებულთა სახლებში ჩაებარებინა, რადგან იქ გადასახადის ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს".

ციფრების ენით

- საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 2010 წლის მარტში $81,8 მლნ შეადგინა.

- შარშანდელთან შედარებით, გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან ($13,1 მლნ-ით), საბერძნეთიდან ($2,2 მლნ-ით), უკრაინიდან ($1,6 მლნ) და სხვ.

- უცხოეთიდან საქართველოში გზავნილების შვიდი უმსხვილესი დონორი ქვეყნიდან საბერძნეთი მეოთხე ადგილზეა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის შემდეგ.