შაქრის იმპორტი აღარ იზღუდება?! - კვირის პალიტრა

შაქრის იმპორტი აღარ იზღუდება?!

შაქრის გასაყიდმა ფასმა ბოლო კვირებში რამდენამდე დაიკლო. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაიაფებას მსოფლიო ბაზარზე ნედლეულზე ფასების შემცირებას უკავშირებენ.

მაგრამ საინტერესოა, რომ I კვარტლის სამი თვის განმავლობაში შაქრის იმპორტი საქართველოში, შარშანდელთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. თავის დროზე ჩვენს ბაზარზე შაქრის გაძვირებას, ნედლეულის ფასთან ერთად, სწორედ იმპორტის ხელოვნურად შეზღუდვას უკავშირებდნენ. ბიზნესმენები ამბობდნენ, რომ შაქრის შემოტანა პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თუნდაც ის მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი...

ბოლო ორი კვირის განმავლობაში აგარის შაქრის ფასი ტომარაზე 3 ლარით (3,5%-ით) შემცირდა და 81 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. გაიაფება საცალო ქსელზეც აისახა და ერთი კილოგრამი შაქარი 1,80-1,90 ლარი ღირს. კომპანია "ქუოლიტი შუგარში", რომელიც აზერბაიჯანული საწარმოა და აგარის ქარხანას ქირაობს, აცხადებენ, რომ ვიდრე შაქარი მომხმარებლამდე მიაღწევდეს, პროდუქტი, სულ მცირე, ორ შუალედურ რგოლს გადის. "ქუოლიტი შუგარი" პროდუქციას ბითუმად ყიდის, ერთი პარტია ერთ ტონას მაინც უნდა შეადგენდეს. ამ მოცულობის შესყიდვას კი ყველა მეწარმე ვერ ახერხებს, შესაბამისი სასაწყობე ფართისა და სახსრების უქონლობის გამო. ამიტომ ფასნამატი შედარებით მაღალია.

შაქრის გაიაფებას აგარის ქარხნის მენეჯმენტი მსოფლიო ბაზარზე ნედლეულზე ფასების შემცირებას უკავშირებს. როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა ისაკაძე ვარაუდობს, პროდუქცია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შაქრის იმპორტი საქართველოში შარშანდელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 14,6 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ბრაზილიიდან და ბელორუსიიდან ხორციელდება. შაქრის ფასი ბოლო ორი წლის განმავლობაში გამუდმებით იზრდებოდა.

ერთი ტომრის ღირებულება 42 ლარიდან დაიწყო და პიკურ 93,10 ლარს იანვარ-თებერვალში მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში უცხოური პროდუქცია თითქმის არ შემოდიოდა და ბაზარი ერთი მწარმოებლის, "ქუოლიტი შუგარის" პროდუქციას ეკავა.

ბელა ნოზაძე