ბანკების რეფინანსირების პირამიდა ეკონომიკას ძირავს?!
ბანკების რეფინანსირების  პირამიდა ეკონომიკას ძირავს?!
"ბანკებს გირაოში დარჩათ ასობით მილიონის ქონება, რომელიც გაიაფდა, ფაქტობრივად, რესურსი აორთქლდა"

"ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასე მაღალ, სანიმუშო დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულებულა"


ბოლო ერთი თვეა, ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდება. ეკონომიკის ექსპერტები კი გაზაფხულისთვის საკმაოდ მძიმე ვითარებას წინასწარმეტყველებდნენ და მიზეზად, სეზონური ფაქტორის გარდა, გაზრდილ აქციზსა და ფასების მოსალოდნელ ზრდას ასახელებდნენ.
რამ განაპირობა ლარის გამყარება, რამდენად საიმედოა მისი გამყარების საფუძვლები
და ვართ თუ არა დაზღვეული ეროვნული ვალუტის გაუფასურების შოკებისგან, ამ და სხვა საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, დავით ასლანიშვილს ვესაუბრეთ:

- ლარის გამყარება მოულოდნელობა იყო, რადგან ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ასე მაღალ, სანიმუშო დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტი არ შესრულებულა. შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ მეტი თანხის მობილიზება მოხდა ბიუჯეტში ნაშთის სახით - ვგულისხმობ სახაზინო ანგარიშზე არსებულ თანხას, სადაც თავს იყრის
სხვა­ობა გასაწევ ხარჯებსა და შემოსულობებს შორის. თუ აქამდე ხაზინაში ნაშთი 200-300 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა, შემოსავლების მობილიზებით ბოლო დროს არნახულ შედეგს - 1,45 მილიარდ ლარს მიაღწია.

- ხარჯები შეამცირა ფინანსთა სამინისტრომ თუ გადასახადი ამოიღო მეტი?

- ეს გადასახადების ამოღებ­ით მოხდა. პირველ რიგში, ეს იყო აქციზის მიზანმიმართული და სწორი ზრდა ნავთობპროდუ­ქტებსა და ალკოჰოლურ სასმელე­ბზე. ტურისტული სეზონიც არ იყო ურიგო - 750 ათასამდე უცხოელი ესტუმრა საქართველოს იანვარ-თებერვალში, თან გაიზარდა იმათი წილი, ვინც მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში და შესაბამისად, ვალუტაც მეტი შემოვიდა. მთავრობამ ხარჯები გეგმის მიხედვით გასწია, მაგრამ შემოსავლები შემოვიდა დაახლოებით 4-5-ჯერ მეტი.

საქართველო, ფაქტობრივად, არის სეზონური ეკონომიკის ნიშნის მქონე ქვეყანა. აპრილის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე კარგი სეზონი გვაქვს, არის ზღვის ტურიზმის პერიოდი და ა.შ. პრობლემური სეზონი დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გრძელდება მარტის ჩათვლით. უბრალოდ, ბოლო ორ თვეში ეს სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა, რომ ფინანსთა სამინისტომ გეგმას გადააჭარბა და ბიუჯეტი სანიმუშოდ შეასრულა.

- მაგრამ აქციზის ზრდა განა მომხმარებლის ჯიბეს არ დააწვა ფასების მომატებით?

- ერთჯერადად დააწვებოდა, თუმცა ინფლაციაზე თუ ვილა­პარაკებთ, რაც ფასების ზრდით გამოიხატა, ამას აქციზს ვერ დავაბრალებთ. გადასახადი სა­ყოველთაოდ რომ გაზრდილიყო ყველა საქონელზე, ვიტყოდით, რომ ბიუჯეტში თანხის მობილიზება ჩვენი ჯიბის ხარჯზე მოხდა, მაგრამ აქციზი გაიზარდა მხოლოდ რამდენიმე საქონელზე, მათ შორის, ფუფუნების საგნებზე.

სტაბილურ ტენდენციას ხელს უშლის კომერციულ ბანკებზე უზარმაზარი ოდენობით გაცემული რეფინანსირების სესხი. მარტივად რომ ავხსნა, 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსთა სამინისტრომ გააჩერა ნაშთის სახით ანგარიშზე და შესაბამისად, პროფიციტული ბიუჯეტი გვქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ), სხვადასხვა მიზეზით, იძულებულია, ალბათ, ან თვითონ უწყობს ხელს, რომ კომერციულ ბანკებს ფული გააქვთ.

მაგალითად, 13 აპრილს კიდევ 120 მილიონი ლარით გაიზარდა რეფინანსირების სესხი. 1,77 მილიარდი ლარია გაცემული კომერციულ ბანკებზე, მაშინ როცა სხვადასხვა ანარიცხის სახით (სადეპოზიტო, მოზიდული სახსრები, რეზერვები) ეროვნულ ბანკში 300-350 მილიონი აქვთ მობილიზებული. მოკლედ, მიმოქცევაში დღეს 2,5-ჯერ ნაკლები თანხაა, ვიდრე ვთქვათ, შარშან ოქტომბერ-დეკემბერში - ფულის მასა არსებობს, მაგრამ ბაზარზე და ბიზნესში არ ხვდება.

სად მიდის ფული?


- თუ ფულის მასა მიმოქცევაში არ იზრდება იმით, რომ კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხების სახით გააქვთ ეს ფული ეროვნული ბანკიდან, მაშინ სად მიდის ეს თანხა?

- აი, ეს კითხვა არსებობს სწორედ. ეროვნული ბანკი თავს არიდებს კონკრეტიკას და რეფინანსირების სესხების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველ მიზეზად მთავრობა მიაჩნია, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მთავრობა, პირიქით, აქეთ ეხმარება - ლარი რომ გამყარდა, ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის დამსახურებაა და არა ეროვნული ბანკის.

მეორე მიზეზად ის ითქვა, რომ ეს რესურსი ბანკებს მსხვილი სავაჭრო ტრანზაქციების, ანუ შეძენა-შერწყმის პროცესში დასჭირდათ.
მესამე მიზეზი ბანკების ნაღდი ფულით უზრუნველყოფაა. ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა ვიმარჩიელოთ, რადგან სებ-ი არ ამბობს, რომელ კომერციულ ბანკზე და რატომ გასცემს ამ რესურსს. 1-დან 7 დღემდე ვადით 1,37 მილიარდი ლარია გაცემული და ეს თანხა ხან იზრდება, ხან მცირდება. გარდა ამისა, ჩვენი ბანკები დოლარიზებულია, ანუ, პირობითად, 80% უცხოური ვალუტა აქვთ; ანუ ლარის პრობლემაა - სესხები ლარში აქვთ გასაცემი, რადგან 100 ათასამდე სესხების დოლარში გაცემა აიკრძალა. რა ქნას კომერციულმა ბანკმა? რჩება რამდენიმე გამოსავალი - ეს არის მის ხელთ არსებული აქტივების გაყიდვა. გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე ფასების დავარდნამ მათ დარტყმა მიაყენა. ბანკებს გირაოში დარჩათ ასობით მილიონის ქონება, რომელიც გაიაფდა, ფაქტობრივად, რესურსი აორთქლდა.

გარდა ამისა, შესაძლოა, მსხვილმა აქციონერებმა გაყიდონ აქციები, მაგრამ ესეც პრობლემაა, გლობალურ ბაზარს საერთაშორისო ბირჟებიდან სახსრების მოზიდვა უჭირს. კომერციულ ბანკებსაც ერთადერთი გზა რჩებათ - მიმართონ ეროვნულ ბანკს და რეფინანსირების სესხი აიღონ.

"წარუმატებელი ბიზნესსაქმიანობის შედეგს ჩვენი ჯიბიდან ვისტუმრებთ"


- თუმცა ბანკებს აქვთ ამის უფლება. თუ ვამბობთ, რომ ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში გაჯანსაღებულია, მაშინ რა პრობლემაა, თუ კომერციულმა ბანკებმა სებ-ისგან მეტი ლარი მოითხოვეს? ამაში რამე საფრთხეს ხედავთ?

- გააჩნია, რისთვის იხარჯება ეს რესურსი. ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის ვერ გადააჭარბებს ბიუჯეტს, მას მოუწევს ხარჯების გაწევა, ხაზინის ნაშთი შემცირდება და უნდა შემცირდეს კიდეც, რადგან სხვაგვარად გამოვა, რომ ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა; ანუ ბიუჯეტი ყოველთვის პროფიციტული ვერ იქნება. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ლარის სტაბილურობაზე. ეკონომიკის ზრდა 4%-ია და ლარის მასა ერთ წელიწადში 20-22%-ით არის გაზრდილი. ეს არის მიზეზი, რომ ლარის კურსი, თუ გახსოვთ, შარშანაც გამყარდა 2,1-მდე, შემდეგ სებ-მა გადაწყვიტა, რომ რეფინანსირების სესხი შეუზღუდავად გაეცა. წლეულს დაგეგმილია მისი ზრდა 2 მილიარდამდეც კი.
დაუსაქონლებელი ლარის მასის მიმოქცევაში გაზრდით დიდია შანსი, რომ ნაწილი ამ თანხისა სავალუტო ბაზარზე მოხვდეს და ლარის კურსს კვლავ დაარტყამს.

ეს რისკი რჩება და ამიტომ, თუ გაგრძელდა ბიუჯეტის სანიმუშო შესრულება, ფინანსთა სამინისტრო ამით ერთგვარად გაანეიტრალებს გაზრდილ რეფინანსირების სესხს, მაშინ რაღაც დროის განმავლობაში ლარის სტაბილურობის ტენდენცია შენარჩუნდება. მაგრამ, თუ სამინისტრომ დაიწყო ხარჯების გაწევა და მოუწევს კიდეც ამის გაკეთება, მაშინ ხაზინის ნაშთი შემცირდება გონივრულ ნიშნულამდე - 300-400 მილიონამდე. დანარჩენი 500-600 მილიონი დაემატება ბაზარს და ეროვნული ბანკი თუ გააგრძელებს ლარის მასის ზრდას, ეს ლარის კურსს დაარტყამს.
ფაქტობრივად, ჩვენი ჯიბის ხარჯზე ვისტუმრებთ რიგი კომერციული ბანკების წარუმატებელი ბიზნესსაქმიანობის შედეგს. თუ გვაწყობს, ასე გავაგრძელოთ!

ეროვნულმა ბანკმა ეს რეფინანსირების პირამიდა უნდა შეწყვიტოს. 1,77 მილიარდამდე ასული ეს ციფრი 250-300 მილიონის ფარგლებში უნდა იყოს. დანარჩენი, რეალურად, არის ფულის დე ფაქტო ემისია, ჩვენს ჯიბეებში ხელის ჩაყოფა. ახლანდელი კურსი 2 ლარზე მეტი რამდენითაც არის, ფაქტობრივად, სწორედ ამ რეფინანსირების სესხებით ბანკებისთვის ლიკვიდობის პრობლემის მოხსნის დამსახურებაა. რეფინანსირების პირამიდის შექმნაში ლომის წილი უძევს ერთ-ერთ კომერციულ ბანკსა და ეროვნულ ბანკს. თუ ასე გაგრძელდა, ლარის გაუფასურების შოკებისგან არც მომავალში ვიქნებით დაზღვეული.

- ანუ რეალურად საბანკო სექტორის პრობლემა გვარდება ყველა ჩვენგანის, მათ შორის კერძო სექტორის ჯიბიდან ამოღებული ფულით?

- ასეა. ნაცვლად იმისა, ლიკვიდობის პრობლემა ცივილიზებული მეთოდით მოაგვარონ, საამისოდ კი ყველაზე კარგი წამალი დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზარი, ფასიანი ქაღალდების კომისია, ბირჟა და სხვა საშუალებებია, სებ-მა ეს ფული კომერციულ ბანკებს, უბრალოდ, აჩუქა. ამ პრობლემას ყველა ბანკზე ნუ განვავრცობთ, რადგან რეფინანსირების აუქციონებში ყველა ბანკი არ მონაწილეობს და ეროვნული ბანკი არ შიფრავს, რომელ ბანკს და რატომ აძლევს ფულს. ჩვენ გვჭირდება სტაბილური, გრძელვადიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. არავინ სთხოვს ეროვნულ ბანკს, გინდა თუ არა, გაამყარე ლარი ან დაეცეს კურსიო. სებ-ი აცხადებს, რომ საერთოდ არა ვართ ლარის კურსზე პასუხისმგებელი, იმიტომ, რომ ინფლაციის დონე არის შესანარჩუნებელი, ეს არის ჩემი მანდატიო. მართლაც ასეა, თუმცა ინფლაციამაც გადააჭარბა მიზნობრივ ნიშნულს.

- გალარების პროცესმა თუ მოახდინა გავლენა ლარის სტაბილურობაზე უკეთესობის თვალსაზრისით? გათვლა 27 ათას კაცზე იყო და მხოლოდ 8 ათასმა გაალარა...

- ეს ჩავარდნა ეროვნული ბანკის ბრალია, იმიტომ, რომ გალარების კალკულატორიც კი არ გააკეთა თავის დროზე და ხალხმა ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. შემდეგ კი მხოლოდ 2 კომერციულ ბანკს მისცა რეფინანსირების სესხი. ეს არის სამთავრობო პროგრამა, 400 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, 400 გამოიყო, მაგრამ მხოლოდ 200 დასჭირდა.

- ანუ სხვა ბანკებს ფიზიკურად არ ჰქონდათ რესურსი, რომ კლიენტებისთვის სესხის გალარება შეეთავაზებინათ?

- სხვებს შეეძლოთ ამ ორი გამარჯვებული ბანკისგან ნასესხები რესურსის უფრო მაღალ პროცენტში წამოღება. აბსურდია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ბლუმბერგის მონაცემებიც ამას ადასტურებს. ახლა, ამ მომენტში, ეს 400 მილიონი კიდევ ერთხელ არის წრეზე გაშვებული და ახლა სამი ბანკი სარგებლობს ამ 400 მილიონი ლარით. არადა, საქართველოში 16 თუ 17 კომერციული ბანკია.

- როგორც თქვენ ამბობთ, რომ არა ეროვნული ბანკის ეს პოლიტიკა, რომელმაც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მხოლოდ ორი ბანკი, გალარების პროგრამით მეტი მოქალაქე ისარგებლებდა?

- რა თქმა უნდა. ხუთი ბანკი ითხოვდა, მოთხოვნა იყო 758 მილიონი და მარტო ორ ბანკს მისცეს 400 მილიონი 6,93%-ში, რატომ? თუ თქვენ აუქციონში ფული ვერ მიიღეთ, გააპიარებდით თქვენს კლიენტებში გალარების პროგრამას? მაშინ ეს ტოლფასი იქნებოდა იმ ორ ბანკში კლიენტის გაგდებისა, რომელიც არ აიღებდა 15-16%-ში სესხს და მიმართავდა იმათ, ვინც თანხა მიიღო და სესხებს 7-8-9-10%-ში გასცემდა.

"ეროვნული ბანკი ოლიგოპოლიის მძევალია"


- ანუ რა გამოდის, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სწორი პოლიტიკით მიდის და ეროვნული ბანკის პოლიტიკა ფეხის დადებაა?

- ის თავიდან ბოლომდე საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია. ყველაფერში ასე მჟღავნდება. ვერ უმკლავდება ან არ უმკლავდება.

- რატომ? თუკი სწორ პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, ის იქნება, რომ პრობლემები შეექმნას ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს და არა მთელ ქვეყანას. თუ, შესაძლოა, ერთი ბანკისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ისეთი დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ფინანსურ სექტორზე, რომ ამას უფრთხოდნენ?

- როგორც ჩანს, ესეც ნაფიქრია და ამიტომ ეროვნულ ბანკს ამ ვითარებაში, შესაძლოა, ძალა არ ჰყოფნის. ნუ აღვიქვამთ ეროვნულ ბანკს ისე ძლიერად, როგორც, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას. ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, არ არის თავის სიმაღლეზე, ან ვერ არის, ან ვერ ახერხებს. არ ვიცით ვითარება, ამიტომ ამას გალიაში გამომწყვდეულ მდგო­მარეობას ვუწოდებ.

რატომ არ დასწია ფასები ლარის გამყარებამ?!


- რატომ არ აისახა ლარის გამყარება გაზრდილ ფასებზე, რომლებიც თავის დროზე სწორედ ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა?

- ბიზნესმენი ვერ იხელმძღვანელებს 1-2 დღით გამყარება-დაცემით. მან უკვე ჭამა შიში 2014-15-16 წლებში, ამიტომ საქონელი საკმაოდ გაზრდილი ფასნამატით შემოაქვს და ფასსაც არ დააკლებს, რადგან წლის განმავლობაში უნდა გაყიდოს პროდუქცია. ის ვერ დადებს კონტრაქტს 1 დღით, 2 თვით, ის დებს გრძელვადიან კონტრაქტს და აფიქსირებს ფასს ერთხელ, როგორც წესი, წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში. გასულ ნოემბერ-დეკემბერში, თუ გახსოვთ, კურსი 2,82 იყო, ამ ფასებში აქვთ შემოტანილი და უბრალოდ ეშინიათ.
რეფინანსირების პირამიდა რომ არ ყოფილიყო ასეთი მასშტაბით, მშვიდად შეგვეძლო თქმა, რომ ლარის კურსის გამყარება მართლაც გრძელვადიანი ტენდენციაა. მაგრამ გვაქვს ეროვნული ბანკის ეს რეფინანსირების სესხები. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ 10 მილიონი დოლარი იყიდა. კარგი იქნებოდა, ეს 1-2 მარტს გაეკეთებინა DAდა დოლარი მაშინ შეეძინა, როცა კურსი 2,5 იყო. ამ შემთხვევაში, აღარ მოხდებოდა მკვეთრი ცვლილებები - კურსის 2,6-დან 2,4-მდე ჩამოვარდნა და შემდეგ 2,55-ზე დაბრუნება. იმედია, ახლა ეს გაითვალისწინეს. რომ არ ეყიდათ ეს 10 მილიონი, კურსი დავარდებოდა 2,3-მდე და მერე უკან დაბრუნდებოდა 2,38-მდე - ამ პრობლემას აარიდეს თავი. მაგრამ ჭკუის სწავლებას ხომ არ დავუწყებთ, იქ მენეჯმენტია, პროფესიონალები არიან და თუ ესმით საკითხი, არ შეიძლება, ისინი საბანკო ოლიგოპოლიის ჭკუაზე დადიოდნენ.

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები